შოუბიზნესი

რატომ ტანჯავდა ცხრა თვე საკუთარ თავს ხატია ქვათაძე და რა შიშები გაუქარწყლა მას მეუღლემ

№23

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 13.06, 2022 წელი

ხატია ქვათაძე
დაკოპირებულია

ტელეწამყვანი ხატია ქვათაძე დედა გახდა. კატაი ოქროსცვარიძე 15 მაისს დაიბადა და დედის ცხოვრებაში ბევრი ცვლილება და სიახლე შემოიტანა.

ხატია ქვათაძე: ჩემთვის დედობაზე საუბარი ჯერ კიდევ რთულია. ისევ შოკურ მდგომარეობაში ვარ. ერთდროულად ბევრი დადებითი ემოცია, დიდი პასუხისმგებლობა და შიში ვიგრძენი. უჩვეულო მდგომარეობაა, რომელზედაც აქამდე მხოლოდ თეორიული წარმოდგენა მქონდა. ეს ახლა უკვე ჩემს რეალობად იქცა, მაგრამ ამ უსაზღვრო ემოციებს ჯერ სახელს ვერ ვარქმევ.

– სახელი როგორ შეურჩიეთ პატარას?

– როგორც კი სქესი გავიგეთ, სახელიც მაშინვე შევარჩიეთ, უფრო სწორად, მამამ შეარჩია. კატაი დავარქვით, ისე როგორც დავით აღმაშენებლის შვილს ერქვა. ზუსტად ამ მიზეზის გამო შეურჩია მამამ ეს სახელი. გარდა ამისა, კატაი იაპონურად მაგარს ნიშნავს. დავინახეთ, რომ მაგარი გოგო იქნებოდა და ეს სახელი მოუხდა.

– ახალშობილის მოვლის რუტინა საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, როცა საქმე პირველ შვილს ეხება. როგორ აუღეთ ალღო?

– ნამდვილად რთულია და აქამდეც, ანუ, თეორიულადაც, ძალიან მერთულებოდა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ყველა დედა ქების ღირსია. დღეს უფრო აქტიურად ვხედავ ამ სირთულეს. თუმცა, მგონია, რომ ბოლომდე არცერთი ქალი არ ჰყვება რთული დღეების შესახებ, რადგან შვილის მიმართ სიყვარული ყველა სირთულეს გადაწონის ხოლმე. უფრო პოზიტიურ მხარეზე საუბრობენ და ნაკლებად – შიშებზე, გამოუცდელობაზე, ბრაზზე იმის გამო, რომ მთელი შენი ცხოვრება და წესრიგი უცებ თავდაყირა დადგა, იმაზე, რომ ფაქტობრივად, საკუთარ თავს აღარ ეკუთვნი და არც არავის ამ პატარა არსების გარდა. არ მოვიტყუები და არც გავალამაზებ – საშინლად მიჭირდა პირველი ორი კვირა. ახლა, თითქოს, უფრო გავიცანით და ცოტა გავუგეთ ერთმანეთს. ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ თავიდან მანაც არაფერი იცის ამ სამყაროს შესახებ და შენც არაფერი იცი დედობაზე. ორი გამოუცდელი ადამიანი ხვდება ერთმანეთს და ბუნებრივია, რომ ეს მარტივი არ არის. თუმცა, ყოველდღე ძალიან ვიცვლებით. ორი კვირის წინ ვერ წარმოვიდგენდი იმას, რასაც ახლა ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან მწირი გამოცდილება მაქვს, დროის ამ მოკლე მონაკვეთშიც მიხვდი, რომ დრო და კანონზომიერება ამასაც ისე აწესრიგებს, როგორც სხვა ყველაფერს.

– დღეს ბევრს საუბრობენ მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე. გამოცადეთ ეს საკუთარ თავზე?

– ეს მეც მქონდა და ვფიქრობ, რომ ახლაც მაქვს. მაგრამ არსებობს მშობიარობის შემდეგი დეპრესია და არსებობს მსუბუქი სევდა. მე ეს მესამე-მეოთხე დღეს ვიგრძენი, როცა მარტო დავრჩი. სამშობიაროში მაინც იმედიანად ხარ. ბავშვს რამე რომ გაუჭირდეს, მიხედავენ, მაგრამ სახლში პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე შენზე გადმოდის და ეს საკმაოდ რთულია. მგონია, რომ ამ სტრესზე ყველა ქალმა უნდა ილაპარაკოს, იმიტომ, რომ წარმოუდგენელია ამასთან მარტო გამკლავება. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს შემთხვევაში, ეს დეპრესიაა, რადგან უკეთ ვგრძნობ თავს. როგორც ვიცი, თუ ორი კვირის შემდეგ მდგომარეობა შემსუბუქდა, ესე იგი, ეს არ არის ღრმა დეპრესია, ეს არის სევდიანი განწყობა, რაც მე ამ დრომდე მაქვს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან რთულია და ამის მარტო გამკლავება შეუძლებელი მგონია. ყველა ქალი, ვინც ეს დამოუკიდებლად გადალახა, გმირია. მე ძალიან გამიჭირდებოდა, ჩემი მეუღლე რომ ისეთი არ ყოფილიყო, როგორიც არის. მეორე ადამიანი სრულად ვერასდროს გაიგებს შენს მდგომარეობას, მაგრამ თუ იმასაც ვერ ხვდება, რომ რთულ მდგომარეობაში ხარ და როგორმე არ შეეცადა მის შემსუბუქებას, ეს უკვე წარმოუდგენლად ართულებს ყველაფერს.

– როგორია ამ დროს მეუღლისგან სწორი დამოკიდებულება?

– არ უნდა უარყოს, რომ შენ ცუდად ხარ. „არა უშავს“ დამოკიდებულება, ძალიან გამაღიზიანებელია. როცა ხედავ, რომ მეორე ნახევარს შენი ესმის, ხვდება, რომ ძალიან ცუდად ხარ, რომ ცხოვრება აგერია, აღარ მოგწონს საკუთარი თავი, ვერ წესრიგდები ისე, როგორც გინდა; გეძინება, ყოველთვის არ გაქვს ხასიათი, რომ ბავშვს მიხედო და მას ამ დროს შეუძლია, რაღაც დოზით შეგენაცვლოს, რასაც, საბედნიეროდ, ჩემი მეუღლე ახერხებს და ძალიან დიდი შვებაა.

– აქტიური ორსული იყავით. მაყურებელი, პრაქტიკულად, ბოლომდე გხედავდათ ეკრანზე და როგორც ვიცი, მთელი ფეხმძიმობა ვარჯიშობდით...

– კი, აქტიური ვიყავი. პირველი, შედარებით რთული ეტაპის შემდეგ ჩვეულ რიტმს დავუბრუნდი. ინტენსიურად ვვარჯიშობდი, როგორც მანამდე. პარასკევს მქონდა ბოლო ეთერი, შაბათს ბოლო ვარჯიში, კვირას არ ველოდი მშობიარობას და საღამოს კონცერტზე მივდიოდით, მაგრამ მუცელი ამტკივდა. ბოლო წუთამდე მეგონა, ტკივილი გამივლიდა და კონცერტზე წავიდოდით, მაგრამ არა, კვირას დაიბადა (იცინის).

– ბევრი არ გქონდათ მომატებული?

– მთელი ცხრა თვე, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებდი თავს და დიდი ნამატი არ მქონდა. 12-13 კილოგრამი მოვიმატე, რაც ნორმად ითვლება, მაგრამ ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა. დიდი ნამატით მშობიარობის მეშინოდა და ვცდილობდი, თავი დამეზღვია. მიუხედავად იმისა, რომ ხან მეზარებოდა და ხან მიჭირდა, მაინც ვვარჯიშობდი, საკვებს მხოლოდ იმას და იმდენს ვჭამდი, რაც და რამდენიც რეკომენდებული და აუცილებელი იყო. მოკლედ, ვტანჯე თავი (იცინის).

– ვინ არის კატაის მამა და როგორია თქვენი სიყვარულის ამბავი?

– ჩემი მეუღლე ძალიან კარგი ადამიანია. ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გავიცანით და ურთიერთობა მეგობრობით დავიწყეთ. მერე აღმოჩნდა, რომ ეს მეგობრობაზე მეტი იყო, რაც პირველმა მან დამანახვა და ისე იაქტიურა, მოახერხა, რომ ჩვენ დღეს უკვე აქ ვართ და მე მისი მადლობელი ვარ ამისთვის. დღეს უკვე მშობლები ვართ, რასაც მე, მისგან განსხვავებით, საწყის ეტაპზე ვერ წარმოვიდგენდი. მე უფრო შიშით ვუყურებდი ამ ყველაფერს. მეუღლეს ვეკითხებოდი ხოლმე: როცა ბავშვი გვეყოლება, მერე რა უნდა ვქნათ? ვეღარ ვიმოგზაურებთ, ვეღარსად ვივლით თავისუფლად და ასე შემდეგ-მეთქი. მარწმუნებდა: ამას თუ შეხედავ, როგორც ახალ თავგადასავალს, პირიქით, უფრო საინტერესო იქნება მასთან ერთად მოგზაურობაც და საერთოდ ყველაფერიო. ვხვდები, რომ მართალია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი