შოუბიზნესი

რატომ მალავდა ანი ღონღაძე ექვსი თვე ფეხმძიმობას და რაში დაეხმარა მას რთულ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე

№40

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 11.10, 2021 წელი

ანი ღონღაძე
დაკოპირებულია

მომღერალ ანი ღონღაძისა და ფეხბურთელ გიორგი თექთურმანიძის ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი პერიოდია - ისინი მალე პირველი შვილის მშობლები გახდებიან. წყვილმა გიორგის ავარიის შემდეგ ურთულესი პერიოდი გამოიარა, საბედნიეროდ, გიორგი გადარჩა და რეაბილიტაციის შემდეგ საქმიანობა მწვრთნელის ამპლუაში გააგრძელა.

ანი ღონღაძე: მეექვსე თვეში ვარ. მაისში გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მაგრამ ჩემი სურვილით, ამ ამბავს დიდხანს ვმავალავდით. რატომღაც ასე მინდოდა და ჩემი მდგომარეობაც მაძლევდა საშუალებას, ჯერჯერობით არ გამეხმაურებინა. უპრობლემო ორსულობა მაქვს და გამიადვილდა. ოჯახისა და ახლო მეგობრების გარდა არავინ იცოდა. ეს ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულო და მოულოდნელი ამბავი იყო. ვგეგმავდით, მაგრამ მაინც მოულოდნელი გამოვიდა. ივლისში გავიგეთ, რომ ბიჭი გვეყოლებოდა და ჩემი მეუღლისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა. კი ამბობდა, არ აქვს მნიშვნელობაო, მაგრამ მგონი, მისთვის მაინც ჰქონია (იცინის).

– ექვსი წელია, რაც ერთად ხართ, როგორი იყო პირველი ემოციები, როცა გაიგეთ, რომ მშობლები ხდებოდით და დამალვა რატომ გადაწყვიტეთ?

– კი, მაგრამ ჯერ გიორგის ამბის გამო გადავდეთ ეს ამბავი და მერე გაგვეწელა. თავიდან დავიბენით, გაგვიხარდა და ყველაფერი ერთად განვიცადეთ. გიორგი ყოველდღე მეუბნებოდა, გთხოვ, ვიტყვი, ვეღარ ვითმენო, მაგრამ მაინც ბოლომდე დამეხმარა ამ ამბის საიდუმლოდ შენახვაში (იცინის). ახლა მითხრა, ვეღარ ვითმენ, მინდა, ყველას გავუზიარო ჩვენი სიხარულიო და ასეც მოვიქეცით. სიმართლე რომ გითხრათ, არ მაქვს კონკრეტული მიზეზი და ვერ ვიტყვი, რატომ გადავწყვიტე, საკმაოდ დიდი ხანი საიდუმლოდ შემენახა. ჯერ ვიფიქრე, ბარემ სქესი გავიგოთ და მერე ვთქვათ-მეთქი, მერე კიდევ თავი შევიკავეთ. მუცელს ახლაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შემატყობთ, თუ კარგად დამაკვირდებით (იცინის). ამდენი წლის განმავლობაში, რომ პირველად ვხვდებით მშობლები, უფრო მეტად ვუფრთხილდებოდი და მინდოდა, ეს ამბავი მარტო ჩვენი ყოფილიყო. ალბათ, მიზეზიც ეს იყო.

– ამბობენ, ფეხმძიმე გოგონებს ხასიათი ეცვლებათო და გიორგის აქამდეც უთქვამს, ლამაზი კი არის, მაგრამ ჩასაყლაპი ხასიათი არასდროს ჰქონიაო და ახლა რა ხდება?

– სხვათა შორის, მე და გიორგის ან მის მეგობარ ბიჭებს რომ გვისაუბრია ამ თემაზე, მივმხვდარვარ, რომ რატომღაც ყველას ჰქონდა მოლოდინი, რომ ორსულად რომ ვიქნებოდი განსაკუთრებული მოთხოვნები გამიჩნდებოდა და ხასიათიც შემეცვლებოდა. არაფერი მსგავსი (იცინის). ჯერჯერობით ასეა და იმედია, ბოლომდე ასე გავაგრძელებ. არც განსაკუთრებული მომნდომებია რამე. არაფერი შეცვლილა და თვითონაც ძალიან უკვირს, მეკითხება ხოლმე, არაფერი მოგინდაო? მისი რამდენიმე მეგობარიც ხშირად მისვამს იმავე კითხვას (იცინის). გიორგის უთქვამს ხოლმე, ორსულობაში შენ რა აგიტანსო, მაგრამ მართლა ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად მიდის, დიდად არც ვამახვილებ ყურადღებას ჩემს ორსულობაზე და საერთოდ, არ მიყვარს ორსულობას რომ იფერებენ და გარშემო მყოფებს საკუთარი მდგომარეობით აწუხებენ. ჩვეული რეჟიმით ვმუშაობ და თუ ჩემი მდგომარეობა მომცემს საშუალებას, ასეც ვაპირებ გაგრძელებას. პატარას იანვრის პირველ რიცხვებში ველოდებით. ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით, დავრწმუნდი, რომ ყველა განსაკუთრებულად ელოდებოდა ამ მომენტს. შეიძლება, ბევრს ეგონა, რომ გიორგის მდგომარეობის გამო ან იმის გამო, რაც გადავიტანეთ, თავს ვიკავებდით. ასე არ ყოფილა, ცუდად ჟღერს ახლა, მაგრამ თავიდანვე მინდოდა, თანაცხოვრების დაწყებიდან რაღაც პერიოდი მხოლოდ ჩვენ ვყოფილიყავით და მერე უფრო გააზრებულად გადაგვედგა ეს ნაბიჯი.

– როგორ ემზადებით, რას ფიქრობთ?

– მე ვცდილობ, გეგმები წინასწარ არ დავსახო, მაგრამ გიორგის ყოველი დილა გეგმებით იწყება, ბავშვი უკვე სკოლაში მიჰყავს (იცინის). კი ამბობს ხოლმე, არაფერს დავაძალებო, მაგრამ უკვე ფეხბურთზეც შეიყვანა და მთელი ცხოვრების გეგმები აქვს დაწყობილი (იცინის). ჩემთვის მთავარია, ჯანმრთელი დაიბადოს, მისთვისაც, მაგრამ უფრო შორეული გეგმებიც არ ავიწყდება.

– გიორგის ავარიის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ გამოიარე. პატარა იყავი და დიდი არც ცხოვრებისეული გამოცდილება გქონდა. ახალდაქორწინებულები ყველაფერს რომ ვარდისფერი სათვალით უყურებ, ის პერიოდი გქონდათ და მერე ყველაფერი შეიცვალა. ელოდი საკუთარი თავისგან, რომ ამდენს შეძლებდი?

– მაშინ 23 წლის ვიყავი. ამ გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ნამდვილად რთული იყო. მაშინ ვამბობდი, რომ ამაში არანაირი სირთულე არ იყო და ყველაფერი ასე უნდა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ასეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაშინ ამ სირთულეს ვერ ვიაზრებდი, ასეთ დროს ადამიანი საკუთარ თავში განსხვავებულ ძალას პოულობს. მთავარია, მერე არ ჩავარდე დეპრესიაში, თორემ იმ მომენტში ამაზე ვერც ფიქრობ.

– ოჯახს ხომ იმიტომ ქმნი, რომ შეყვარებული ხარ, მაგრამ ქორწინების მომენტში წარმოიდგენდი, რომ ასეთი სიყვარული შეგეძლო და საყვარელი ადამიანისთვის ამდენის გაკეთება?

– არა. რატომღაც ყველა ცივ ადამიანად მიცნობს და ჩემი თავი მეც უემოციო მეგონა. შეიძლება, ეს ხასიათიც დამეხმარა ბევრ რამესთან გამკლავებაში. გიორგი გონზე რომ მოვიდა, სულ სხვა რეალობა დახვდა. ყველაზე რთული, ალბათ, ეს მომენტი იყო. ვცდილობდი, ძალიან მტკივნეულად არ აღექვა ეს ცვლილებები. თვითონაც ძალიან შემიწყო ხელი. ძალიან ლაღი ხასიათი აქვს, რომ არა ეს, არ ვიცი, რა იქნებოდა. მისი ხასიათის დამსახურებაა, რომ დეპრესიაში არცერთი არ ჩავვარდნილვართ და თვითონაც ამბობს ხოლმე, თავიდანვე ვეცადე, გამეაზრებინა, რომ ცოცხალი გადავრჩი და სიცოცხლის გაგრძელების საშუალება მომეცაო. არ მინდოდა, იმაზე მეფიქრა, რაც მოხდა, რომ ვეღარ ვითამაშებდიო და ასე შემდეგ. ეს მომენტებიც იყო, მაგრამ განსაკუთრებული სიმძიმით არა. მაფრთხილებდნენ, რომ დეპრესია ექნებოდა, მაგრამ მალე გადალახა ეს მომენტები და გააცნობიერა, რომ საკუთარი ცხოვრება სხვა კუთხით უნდა წაეყვანა. ფეხბურთის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოედგინა და ამიტომ ისევ ამ სფეროშია, მაგრამ, როგორც მწვრთნელი. ცხოვრებას ჩვეულებრივად ვაგრძელებთ, მაგრამ ახლა კიდევ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან. ამაზე მეტი რა შეიძლება ადამიანმა გადაიტანოს?!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი