შოუბიზნესი

რა უთხრა პატრიარქმა თამარ ივერის მეუღლეს და რატომ ვერ იგრძნო წყვილმა კრიზისული პერიოდი

№1

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 09.01, 2023 წელი

თამარ ივერი
დაკოპირებულია

როგორია წლევანდელი ახალი წელი თამარ ივერისთვის, როგორ გაუმართლა მას მეუღლეში და როგორ უმკლავდება ოჯახურსა და პროფესიულ საჭიროებებს ერთად, თავად მოგვიყვება.

თამარ ივერი: შარშან მძიმე წელი გვქონდა, იმის წინ კიდევ უფრო მძიმე. წელსაც საშინელი ვირუსებია გავრცელებული, მაგრამ, მადლობა ღმერთს, წინა წლებზე ბევრად უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა, ჩვენს მეგობარ უკრაინაში ძალიან ცუდი რამ ხდება და ვისურვებდი, მალე მათთვისაც დამდგარიყოს ახალი წელი.

სამწუხაროდ, ქალაქგარეთ ვერ გავდივარ ახალ წელს. ყველას უნდა, ამ დღეს საკუთარ სახლში შეხვდეს და დამხმარეა თუ ძიძა, შინ ვერ დავტოვებთ. არადა, ძალიან გვინდოდა ვენაში, ჩემს სახლში შევხვედროდით ამ დღეს, ან ბათუმში, მაგრამ, რადგან სახლში ბევრი ცხოველი მყავს, მარტო ვერ ვტოვებ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მთელი ოჯახი ერთად ვხვდებით ამ დღესასწაულს.

- რადგან ოჯახურ დღესასწაულზე ვსაუბრობთ, თქვენს ოჯახზეც გკითხავთ - „იცი ვინ მოგყავს ცოლად?!“ - პატრიარქს უთქვამს თქვენი მეუღლისთვის ეს სიტყვები. დღემდე ღირსეულად უმკლავდება ამ პასუხისმგებლობას?

- რომ არა ეს, ამდენი ხანი ერთად არც ვიქნებოდით. პატრიარქმა რაულს უთხრა, ხომ იცი, ვის ირთავ ცოლადო?! რასაკვირველია, არ უთქვამს, რომ მან უნდა მიატოვოს თავის მიღწევები, მაგრამ აქ იგულისხმებოდა, ხომ იცი, როგორი ხელშეწყობა უნდა ამ ქალბატონს და მის პროფესიასო. ეს რაულის მხრიდან ძალიან ღრმად გააზრებული ნაბიჯი იყო. მეცამეტე წელია, ერთად ვართ. ალბათ, პატრიარქამდე, ანუ ქორწინებამდეც იმიტომ მივიდა საქმე, რომ მის ხასიათში დავინახე ეს თვისება. შენ ოღონდ რამე გააკეთე და ის აუცილებლად გვერდით დაგიდგება. ეს ძალიან დიდი გამართლებაა, როდესაც საქმე ქართველ კაცს ეხება. ქართველი გოგოებისგან ვიცი, ხელის შეწყობა კი არა, ქმრებს ეხვეწებოდნენ, რომ ხელი არ შეეშალათ. რაული სულ სხვანაირია და ალბათ, ამიტომაც შემოვრჩით ერთად ამდენი წელი.

- შვილებთანაც დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს.

- წრეებზე, ძირითადად, მას დაჰყავს. იცის, რომ მე ძალიან დაკავებული ვარ. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, საოცარი მამაა. მოგეხსენებათ, ბავშვებს რამხელა ყურადღება სჭირდებათ. ქართველი კაცები გადავარდნილები არიან სულ რესტორნებსა და ძმაკაცებში და ამას ვის დაავალებ?! რაული ასეთი არ არის, ძალიან მეოჯახეა.

- დროსთან ერთად როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობა?

- ერთმანეთის მეგობრები გავხდით, ერთმანეთის ცხოვრების ნაწილი ვართ და უსიტყვოდ ვუგებთ ერთმანეთს. ამბობენ, მე-5, მე-7 წელს ურთიერთობაში კრიზისი დგებაო, ჩვენ ეს პერიოდი ისე გავიარეთ, რომ კრიზისი საერთოდ არ გვიგრძნია. ათ წელზე მეტს რომ ატარებ ერთად, ერთმანეთის ნაწილი ხდები. ურთიერთობის პირველ პერიოდში ადამიანი მოგწონს, აკვირდები, როგორ გამოიყურება, ფიქრობ, სად წავიდეთ, გავერთოთო, მაგრამ ამდენი წლის შემდეგ ურთიერთობა უფრო ღრმა ხდება. ახლა პრიორიტეტი ჩვენი შვილები და მათი მომავალია - ეს ყველაზე ფასეულია.

- ცოტა ხნის წინ, დედა გარდაგეცვალათ. ძალიან აქტიური ქალბატონი იყო და ოჯახის წინაშე, ალბათ, ბევრი პასუხისმგებლობა მას ჰქონდა აღებული. მისი წასვლის შემდეგ, ყველაფრის საკუთარ თავზე აღება რთული იქნებოდა თქვენს კარიერასთან ერთად...

-სამწუხაროდ, დედა ბოლო წლებში ძირითადად, მწოლიარე იყო. მას ძალიან ვერაგი დაავადება ჰქონდა. თითქოს არაფერი სჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა დნებოდა. ამას ჰქვია ასაკობრივი დემენცია. ის ნამდვილი „გიჟი დედა“ იყო. სულ მირეკავდა: სად ხარ, რას აკეთებ, სახლში როდის მოხვალ, გაგვიანდება და ასე შემდეგ, ძალიან ყურადღებიანი იყო. უცხოეთში რომ მივდიოდი, ჩავფრინდებოდი თუ არა, უნდა დამერეკა და გამეფრთხილებინა, ჩავედი და დავბინავდი-მეთქი. მერე ნელ-ნელა უკლო რეკვას, გადამავიწყდაო, ამბობდა, მალე საერთოდ შეწყვიტა. დაკარგა ინტერესი იმ ყველაფრისადმი, რის მიმართაც მანამდე დიდ ყურადღებას იჩენდა და ცხოვრების ხალისიც გაუქრა. ყველაფრის მიუხედავად, ვაკის ბინას არ ტოვებდა. ქალაქის ცენტრში მინდა ვიცხოვროო, ამბობდა. არადა, ვწვალობდით, რადგან ჩვენ დიღომში ვცხოვრობდით. მისი მარტო ყოფნა არ შეიძლებოდა, მეშინოდა, რამე არ დამართნოდა და ძალიან გვინდოდა, ჩვენთან წაგვეყვანა, მაგრამ არ მოგვყვებოდა. ერთხელ კლინიკაში წავიყვანე და გადავწყვიტე, ცოტა ხნით მაინც დიღომში მიმეყვანა და ბავშვები მენახვებინა. მივიყვანე და არ გაუპროტესტებია. ცოტა ხანში მეუბნება, დავიღალე და ჩემს ოთახში შემიყვანეო. გავეხუმრე, კარგი, წამო, დაგაწვენ-მეთქი. შევიყვანე ოთახში და წამოწვა, ვერ მიხვდა, რომ სხვა სახლსა და სხვა ოთახში იყო. ერთი მხრივ ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენთან გადმოვიყვანეთ საცხოვრებლად, მაგრამ შოკში ჩავვარდი მისი მდგომარეობით. სიკვდილამდე ასე გაგრძელდა, ვეღარც გაიხსენა, რომ მანამდე სხვაგან ცხოვრობდა. კერძო სახლში ვცხოვრობდით და სულ აივანზე გაყვანას მთხოვდა. თუმცა, მეც მცნობდა და შვილიშვილებსაც, ამ მხრივ გონება არ არევია. ტკივილით არაფერი სტკიოდა, მაგრამ სულ წოლა უნდოდა. წოლისგან კიდევ პრობლემები შეექმნა და ნელ-ნელა დადნა. მეც ასე, ნელ-ნელა მომიწია პასუხისმგებლობების გადმობარება. მომვლელი ქალბატონიც მოვიყვანე, რომელიც საოჯახო საქმეებში მეხმარებოდა, მაგრამ როგორც არ უნდა მოგეხმარონ, მშობელს რომ ამ მდგომარეობაში ხედავ, მისი უკუსვლა შენ თვალწინ ხდება, ძალიან რთულია. მით უმეტეს, როცა ვიცოდი, როგორი „მამალი“ ქალი იყო და ბოლოს უკვე, ბომბი რომ აგეფეთქებინა მის წინ, რეაქცია აღარ ჰქონდა. ადამიანის ასე გამოფიტვა, ძალიან მძიმე საყურებელი ყოფილა.

- დავუბრუნდეთ ახალ წელს - თუ გაქვთ ოჯახში თქვენეული წესები ფულის, ბარაქის, წარმატებისა და ყველაფერი კარგის მოსაზიდად?

- ასეთი განსაკუთრებული - არაფერი. ის კი ვიცი, რომ 12 საათის შესრულებას გარეთ უნდა დაველოდოთ, ეზოში და ვისაც კარგი ფეხი გვაქვს, მეკვლედ შემოვდივართ ოჯახში. იმდენად მეშინია, ვინმე ისეთი არ მოვიდეს პირველი, ვისაც შეიძლება „ცუდი ფეხი“ ჰქონდეს, მირჩევნია, ისევ მე შემოვიდე პირველი და ჩემი ოჯახის მეკვლე ვიყო. ბევრჯერ ჩემი საყვარელი ცუგა შემომიშვია.

- კარგი ფეხი გაქვთ?

- სადაც შევსულვარ, მგონი, ყველას კარგად წაუვიდა საქმე (იცინის). თუმცა, გამოძახებები არ მაქვს, როგორც მეკვლეს (იცინის). მეუღლე გადაიცვამდა ხოლმე სანტა კლაუსის ფორმას, მოვიდოდა და ბავშვები ვერ ცნობდნენ. შარშან ვიდეო დავდე ჩემს „ფეისბუქზე“ და ვერავინ იცნო. უამრავი ადამიანი ითხოვდა, მეც მინდა ეს სანტა კლაუსიო. რაულს ვეხუმრებოდი, წადი, იქნებ ამ ღამითვე უზარმაზარი ფული გააკეთო-მეთქი და ბრაზდებოდა (იცინის). თუმცა, ყველა ძალიან გავხალისდით, განსაკუთრებით ბავშვები.

რაღაც მინდა ვთქვა აუცილებლად - გავიგეთ, რომ ახალი წელია და ყველას გვინდა ემოციების გამოხატვა, მაგრამ არ არის საჭირო ამდენი მაშხალა და ასაფეთქებელი. შეიძლება მთავრობას შეუძლია გაისროლოს კონკრეტულ ადგილას, რომელიც მთელი ქალაქიდან ჩანს, მაგრამ ის, რაც ჩვენს ქალაქში ხდება და შედეგები, რომელიც მას მოჰყვება ადამიანების, ცხოველებისა თუ ფრინველებისთვის, საშინელებაა. მე ვფიქრობ, ზომიერება გვჭირდება. ასე უნორმოდ არ შეიძლება პიროტექნიკის გამოყენება, რაღაც ჩარჩოები აუცილებლად უნდა არსებობდეს. სიხარულის გამოხატვა მესმის, მაგრამ კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს, ერთმანეთს და ჩვენს საყვარელ ცხოველებსა და ფრინველებსაც გავუფრთხილდებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი