შოუბიზნესი

რა სტრესი დაუტოვა ჩაკეტილმა სივრცემ გურამ შეროზიას და როგორი სიურპრიზით აპირებს ის დედის ნერვიულობის კომპენსირებას

№2

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 16.01, 2023 წელი

გურამ შეროზია
დაკოპირებულია

გურამ შეროზიასთვის ეს წელი ნამდვილად წარმატებულად დაიწყო. მან პროექტი „პრაიმ ჰაუსი“ გამარჯვებულმა დატოვა და ახლა აფრიკაში ისვენებს. მის ცხოვრებაში არაერთი წარმატებული მომენტი იყო, თუმცა მიაჩნია, რომ ბედნიერ ვარსკვლავზე ნამდვილად არ არის დაბადებული და რასაც მიაღწია ცხოვრებაში, მხოლოდ მისი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გურამს აფრიკაში დავუკავშირიდით, გამარჯვებულის სტატუსის მქონეს ამბები გამოვკითხეთ, გასული წლის შეჯამება ვთხოვეთ და ასევე, სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ.

გურამ შეროზია: არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდა: გასული სამი თვე გამოვიარე და ამდენ რამეს გავუძელი. ბევრი მაკრიტიკებდა, რა გინდა პროექტშიო, მაგრამ ჩემი აზრით, ეს 2022 წლის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. რასაკვირველია, გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა, კონკურენტების უკან, საკმაოდ ბევრი ადამიანი იდგა. თუმცა ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო და გავიმარჯვე. როცა რაღაცას ვინდომებ, ბევრს ვშრომობ და თავს არ ვზოგავ, ყოველთვის ვაღწევ მიზანს. გამართლების და ალალ ბედის წყალობით, არაფერი მქონია და არც არაფერი მომიგია. ათასჯერ გავიმეორებ, რომ ძალიან ძლიერი ბიჭი ვიყავი და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, არც ცხოვრებაში და არც პროექტში, ფარ-ხმალს არასდროს ვყრიდი და ვრჩებოდი ადამიანად. იცით, რატომ? იმიტომ რომ, მე ყველაზე მაგარი, კეთილი, სამართლიანი, აქტიური და დაუღალავი გულშემატკივრები მყავდნენ. ისინი სულ მამხნევებდნენ ემოციურად, ყოველ დაცემაზე ხელს მიწვდიდნენ და არ მაძლევდნენ საშუალებას, დავცემულიყავი. არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ. მიყვარხართ ძალიან, ახალ წელს გამარჯვებით შევხვდით და სულ ასეთი ბედნიერი, ბობოქარი, წარმატებებით აღსავსე წელი გქონოდეთ!

- ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა და გაიმარჯვე, როგორ შეაფასებ გასულ წელს?

- ახლა, როცა ყველაფერი დასრულდა და „პრაიმ ჰაუსთან“ აღარაფერი მაკავშირებს, გეტყვით ბევრ რამეს, რის თქმაც აქამდე შეიძლება, მერიდებოდა (იცინის). მოკლედ, სტრესული გარემო კი იყო, ოღონდ თავად მონაწილეები ვუქმნიდით ერთმანეთს, მაქსიმალურად ვცდილობდი თავის შეკავებას, მაგრამ თუ სადმე რამე ზედმეტი მომივიდა, მაპატიე, სტაფო, უსაყვარლესები იყავით. მომენატრებიან მეგობრული პროდიუსერები, ჟურნალისტები, ოპერატორები, ხმის ხალხი, დაცვა და ყველა, ყველა. მართლა ძალიან გვედგნენ გვერდში და მადლობა ყველაფრისთვის. შემოქმედებითი ჯგუფი, ხაბურზანიას თამადობით - ბრავო, უმაგრესი პროექტი გამოვიდა და ყოველ ჯერზე, როცა მეგონა „აი, ახლა რაღა უნდა მოხდეს”, სულ უფრო და უფრო საინტერესო და რეიტინგული ხდებოდა - მრავალჟანრიანი სერიალივით იყო. უამრავმა ადამიანმა დაინახა ჩემი რეალური სახე, მიმიღო, როგორც ოჯახის წევრი, შემიყვარა და დამიდგა გვერდში. ჰოდა, წლის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემი შესვლა პროექტში, თუ ცხოვრება ამ შანსს მოგცემს, არ უნდა „გამაზო“. მიხარია, რომ ამ ყველაზე რეიტინგული, წარმატებული, საინტერესო და ბობოქარი პროექტის ნაწილი ვიყავი და ახლა ყველა რთული მომენტიც კი - ფერად მოგონებად დამრჩება. ასევე, რაც შეეხება 2022 წლის შეჯამებას: დავიწყე პლეხანოვის სახლის უსაყვარლეს და უფერადეს, არტ-სტილში რემონტი და მალე დასრულდება; სრული დატვირთვით დავბრუნდით ტურიზმში, 25-მდე ჯგუფური ტური და უამრავი სხვა ტური დავუგეგმეთ ხალხს; ვიმოგზაურე 15-მდე ქვეყანაში, თან ისეთ საოცრებებში, როგორებიცაა: მალაიზია, სინგაპური, მექსიკა, ეკვადორი, ზანზიბარი, ესპანეთი, პორტუგალია, დუბაი... საქართველოშიც დავიწყე ტურები, უმეტესად უცხოელებისთვის; სტაბილურად ვაგრძელებ მუშაობას სამივე უნივერსიტეტში: ერთში ასოცირებული პროფესორის, ორში - მოწვეული ლექტორის პოზიციაზე; ვითანამშრომლე 25-მდე კომპანიასთან SMI კუთხით, მათ შორის იყო საერთაშორისოებიც; გადავიღე 3 კლიპი, ჯამში, 4 სიმღერა გადაცდა მილიონ ნახვას, მეხუთეც მალე გადაცდება; დავასრულე მუშაობა მეორე, ბიოგრაფიულ წიგნზე „ცხოვრება სხვის ტყავში”, რომელსაც წელს გამოვცემ; მოვიგე „პრაიმ ჰაუსი“ და ბინა; ჩვენი საქველმოქმედო ჯგუფი დაეხმარა ასობით ოჯახს; დედასთან ერთად საზღვარგარეთ ვიმოგზაურე სამჯერ, საქართველოში ელენასთან და დედაჩემთან ერთად - რეკორდულად ბევრჯერ; და, ვარჯიშის კუთხით ყველაზე კარგი და სტაბილური წელი მქონდა, მაგრამ ბოლო სამ თვეში წყალში ჩავყარე (იცინის); თურქული ენის სწავლა დავიწყე, რიგით მე-6 ენაა; შევიძინე უამრავი ახლობელი, გულშემატკივრების სახით... მოკლედ, ალბათ, ბევრი რამ გამომრჩა, მაგრამ არა უშავს. მომავალი წელი მქონოდეს უკეთესი და ასევე, გისურვებთ თქვენც. შეეჯიბრეთ, ეპაექრეთ და აჯობეთ მხოლოდ ერთს - საკუთარ თავს!

- სასიამოვნოდ დატვირთული წელი გქონია და დასვენებას ნამდვილად იმსახურებ.

- სწორედ ამიტომ, ზანზიბარში, ტანზანიაში ვიმყოფები, ეს არის აფრიკაში ულამაზესი, უტროპიკულესი, პალმებიანი და საყვარელი კუნძული, სადაც ვისვენებ, რომ განვიტვირთო სულიერად. ეს ტური ნაყიდი მქონდა ორი თვით ადრე და ვამბობდი: თუ გავიმარჯვე აქ აღვნიშნავ გამარჯვებას და თუ დავმარცხდები, აქ მოვინელებ და გადავიტან უფრო მარტივად-მეთქი. მოკლედ, ყველა შემთხვევაში, გამარჯვებულიც და დამარცხებულიც, აქ ვაპირებდი წამოსვლას. ჩემი საყვარელი ლოკაციაა და უკვე მეოთხედ ვარ აქ. ძველით ახალ წელს ვბრუნდები საქართველოში, საგამოცდო პერიოდი მეწყება და ლექციებს უნდა დავუბრუნდე. თან, აქტიურად დავგეგმავ ტურებს და ასევე, მინდა, მარტო დასვენებაც. ტანზანიაში ათი ადამიანი ვართ და თვის ბოლოს მინდა, მარტოობაში ჩავიკარგო და გარკვეული პერიოდი არავისთან მქონდეს კონტაქტი. მინდა, ახალ ხალხში „დავრეფრეშდე“. მართლა დიდი სტრესი დამიტოვა ჩაკეტილმა სივრცემ და ხალხმა, რომელიც „პრაიმ ჰაუსში“ იყო და ამიტომ, მინდა, მაქსიმალურად განვიტვირთო.

- მგონი, ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული. მეთანხმები?

- არა, არ ვარ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული, რადგან არც მიმართლებს და არც ფორტუნა მწყალობს. ყოველთვის, ყველაფერი მიწევს ჩემი აქტიური შრომით. ჩემი მიზანია, ვიყო ბედნიერი და ვაკეთებ ყველაფერ იმას, რაც მიყვარს და ასევე, გარშემო მყოფი ადამიანებიც რომ მყავდნენ ბედნიერად. ოცნებები არ მაქვს, უფრო მიზნები მაქვს რეალობასთან დაახლოებული და ალბათ, ამიტომაა, რაც აქამდე მინდოდა, ყველაფერი რომ ამიხდა. ზოგადად, ბუმერანგის პრინციპის მჯერა - თუ კოსმოსში დადებით ენერგიას უშვებ, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდება. სამყარო სამართლიანია, ამიტომ ვცდილობ, დადებითი კუთხით მივუდგე ყველა საკითხს, მოვლენასა და ადამიანს. პროექტში ძალიან ბევრი სიყალბე ვიგრძენი და ძალიან ცოტა მეგობარი შემომრჩა. მეგონა, ბევრთან ვიმეგობრებდი, მაგრამ რეალურად, არ აღმოჩნდნენ მეგობრები. პროექტის გარეთ კი, გაცილებით დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი იმ ხალხისგანაც კი, ვისაც არ ვუყვარდი და მემტერებოდა, შემოტრიალდნენ და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და დადებითი მომენტი იყო.

- ვინ არის შენი ცხოვრების ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

- რასაკვირველია, დედა და ბავშვი არიან ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივატორები და მთავარი ადამიანები. დედამ, ძალიან ბევრი რამ გადაიტანა, ბევრი ინერვიულა, გაილანძღა კიდეც. როცა მის შვილს ნეგატიურად ეხებოდნენ, ამას დედა ძალიან განიცდიდა. თუმცა, სულ გვერდში მედგა, სულ მამხნევებდა და ჩემზე ბევრად მეტს ღელავდა ყველაფერზე. ამიტომ, დაიმსახურა ნერვების მოშლის კომპენსაცია - დედების დღეს, 3-დან 8 მარტამდე დუბაიში „ვიგულავებთ“ და ყველა უარყოფითს დავივიწყებთ. საჩუქრად ჩემგან ეს ცხელი და ბობოქარი საგზური, ამდენი გამძლეობისთვის. ასე რომ, ერთად წავალთ და ყველა ცუდ ემოციას გავიბათილებთ. სხვათა შორის, პროექტში ყოფნის დროს ყველაზე მეტად მენატრებოდა ბავშვი, ვიტირე კიდეც, როცა არ მომეცა საშუალება, მის დაბადების დღეზე დამერეკა. ეს პირველი დაბადების დღე იყო, როცა მის გვერდით არ ვიყავი. თან, პატარაა და ვერაფრით ვუხსნიდი სად ვარ, რატომ ვარ... ეს ყველაზე სევდიანი მომენტი იყო ჩემთვის „პრაიმ ჰაუსში“ ყოფნის დროს.

- როგორც პროექტის გამარჯვებულს, ბინა გადმოგეცა. თუ აპირებ იქ გადასვლას საცხოვრებლად?

- მოგებული ბინა 2024 წელს ჩამბარდება. რა თქმა უნდა, ვაპირებ გავარემონტო, თუმცა, ამ ეტაპისთვის იქ საცხოვრებლად გადასვლას არ ვაპირებ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი