შოუბიზნესი

რა პრობლემებს უქმნის პირდაპირობა და ხისტი ხასიათი ანა ქურდაძეს და რის გამო დაშორდა ის პირველ სიყვარულს

№10

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:28 15.03

ანა ქურდაძე
დაკოპირებულია

პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული ანა ქურდაძე ბავშვობიდან მიზანდასახული და დამოუკიდებელი ადამიანია. საკუთარი შრომისა და მონდომების ფასად შეიქმნა ის რეალობა, რაშიც დღეს ცხოვრობს და რითიც კმაყოფილია.

ანა ქურდაძე: პრანჭია, თავისებური ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მაინტერესებდა. მქონდა განცდა, უფრო პატარად მექცევიან, ვიდრე ვარ-მეთქი, სულ მეგონა, უფრო დიდი ვიყავი, ვიდრე მესაუბრებოდნენ და მელაპარაკებოდნენ. ჩემს თანატოლებსაც კარგად ვერ ვუგებდი. სულ პროტესტი მქონდა უფროსებთან, როგორც დიდს, ისე მომქცეოდნენ. პატარაობიდანვე დამოუკიდებელი ვიყავი, დედა მაძლევდა თავისუფლებას და ცდილობდა, განვევითარებინე. ყველგან დავყავდი – თეატრში, კინოში, მუზეუმებში... მოკლედ, დედას დიდი როლი მიუძღვის ჩემს განვითარებაში.

კარგად ვსწავლობდი, სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე, როგორც წარმატებულ მოსწავლეს, პრეზიდენტისგან კომპიუტერიც გადმომეცა საჩუქრად. ბავშვობიდან ბაბუა, ბებია და ყველა ასე მოიაზრებდა, ანა კარგი პროკურორი და გამომძიებელი იქნებაო (იცინის). ამან ნამდვილად იქონია გავლენა და პროფესიის არჩევაში ნამდვილად არ შევმცდარვარ. ჩემი სურვილით ჩავაბარე, არავის დაუძალებია, თუმცა იურიდიული არ დამიმთავრებია, სწავლას თავი დავანებე.

– რატომ დაანებე სწავლას თავი?

– ოჯახში გვიჭირდა, ან უნდა მემუშავა, ან მესწავლა. აკადემიური ავიღე და გაყიდვების სფეროში დავიწყე მუშაობა. ასე რომ, პარალელურად, სწავლაც და მუშაობაც ვერ შევძელი, უსახსრობის გამო მომიწია მუშაობის დაწყება და სწავლის დროებით მიტოვება. როცა ჩემი კარგი ანაზღაურება მქონდა, ხელახლა ჩავაბარე, ოღონდ ბიზნესზე, რადგან ამ კუთხით ვმუშაობდი და განვითარება ამ მიმართულებით მქონდა. ახლა საკუთარი ბიზნესი მაქვს, ხუთი წლის წინ ბინაც ვიყიდე, მყავს მანქანა, რომელიც ასევე, ჩემი ფულით შევიძინე... ასე რომ, ნიადაგი მოვამზადე და ახლა ძალიან მინდა მაგისტრატურის უცხოეთში გავლა და იმედია, წელს ამასაც მოვახერხებ.

– როგორ ფიქრობ, როგორი პროკურორი იქნებოდი?

– იურიდიული რომ დამემთავრებინა და ამ სფეროს გავყოლოდი, კარგად გავართმევდი თავს და დღეს სამართლიანი და ობიექტური პროკურორი ვიქნებოდი. ზოგადად, სამართლიანი მოქალაქე ვარ, რაღაცები არ მომწონს, ვაპროტესტებ. ამას ბევრი ვერ იგებს, მაგრამ კარგად რომ გამიცნობენ, მერე ხვდებიან, რის გამო და რატომ ვაპროტესტებ. სხვა თუ რამეს „გაატარებს“, მე – არა. სხვის საქმეშიც ჩავერევი და თუ საკამათოა, ვიკამათებ (იცინის). პირდაპირ მიყვარს თქმა, ყოველგვარი შელამაზების გარეშე.

– შენი ხისტი, სამართლიანი ხასიათის გამო, ხშირად აწყდები პრობლემებს?

– დიახ. პირში თქმა ბევრს უტაქტობად მიაჩნია, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რა არის უტაქტობა და რა სამართლიანობა და პირდაპირობა. ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, სიმართლე და თავისუფლება ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, მე უთქმელობით ან პირფერობით ჩემს თავისუფლებას ვერ შევიზღუდავ.

– საიდან გაჩნდა საკუთარი ბიზნესის დაწყების იდეა?

– რამდენიმე ქსელის მაღაზიაში რეგიონულ მენეჯერად ვმუშაობდი, დამიგროვდა გამოცდილება და გამიჩნდა იდეა, საკუთარი ბიზნესი მქონოდა. მოგეხსენებათ, მაღაზიის გახსნას დიდი თანხები სჭირდება. მქონდა გარკვეული დანაზოგი და ამ მცირე თანხით გავხსენი ქალის თეთრეულის მაღაზია „ანათე“. პირველს მეორე მოჰყვა და კიდევ ვაპირებ გაფართოებას. ასე რომ, თან, ვმუშაობ და თან, საკუთარი ბიზნესიც მაქვს.

– ანა, მეოთხე სეზონის „პრაიმ ჰაუსის“ გამარჯვებული ხარ. თუ უყურებდი ამ პროექტს, რატომ გადაწყვიტე მონაწილეობა, გქონდა გამარჯვების იმედი?

– პირველ-მეორე სეზონისთვის არ მიყურებია. ჩემი მეგობრები უყურებდნენ და მითხრეს: შენ ისეთი ტიპაჟი ხარ, რომ გამოჩნდე ტელეეკრანზე, იმწამსვე აგიტაცებს ხალხიო. ჩემი დამოკიდებულება იყო: მანდ რა მინდა, ეგ როგორ მითხარით-მეთქი (იცინის). მერე, რომ ვნახე, იმდენად არ მომეწონა მონაწილეების საუბარი, ჩემთვის ვამბობდი, მე რომ იქ ვიყო, ასე ვიტყოდი-მეთქი (იცინის). პროექტში იმის გამო არ შევსულვარ, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. ეს თუ გინდა, ამას პროექტის გარეშეც ადვილად მიაღწევ. ზუსტად მქონდა გათვლილი, სად მივდიოდი, შესაძლოა, არ მომწონებოდა, ვერ გამეძლო... პროექტში შესვლა ჩემს ბიზნესზეც გავთვალე, ჩემი ბრენდის ცნობადობის გაზრდა მინდოდა, ახლა ბევრი ქუჩაში „ანათეს“ მეძახის. ზოგადად, მჯერა ჩემი შესაძლებლობების. ცხოვრებაში უფრო მეტის შეცნობა მინდა. მგონია, ჩემთვის აქ ყოფნა, სადაც ვარ, ძალიან მარტივია და უფრო მეტის შეცნობა მინდა. მინდა, საკუთარ თავს დავუთმო დრო პირადი განვითარებისთვის და უფრო მეტი ვიმოგზაურო და განვვითარდე. წინაღობები უფრო მაძლიერებს. მიყვარს ფიქრი და სიახლეებთან შეჭიდება. ამ დროს კარგად და სრულყოფილად ვგრძნობ თავს. მიყვარს მრავალფეროვნება და გამოწვევები. გულში ცოტა შიში უნდა მქონდეს, ვფიქრობდე: „გამოვა, არ გამოვა“, რომ აზარტში შევიდე და შევეჭიდო. საკმაოდ რისკიანი ვარ, ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ხან გამოდის, ხან არა, მაგრამ არასოდეს არაფერი მინანია. როცა რაღაცას გადავწყვეტ, პრობლემას გადავლახავ და ვხვდები, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ კიდევ უფრო ვიზრდები. რისკი რომ მიმართლებს, მერე უფრო აზარტში ვარ და მინდა, კიდევ მეტი გავრისკო.

– ხალხი გიცნობს, უყვარხარ, წარმატებული გოგო ხარ, საკუთარი ბიზნესი, ორი ბინა და მანქანა... არაჩვეულებრივი გარეგნობით გამოირჩევი, ერთი სიტყვით, სასურველი საპატარძლო ხარ. შეყვარებული თუ გყავს?

– სასურველი საპატარძლო ვარ თუ არა, ვერ გეტყვით, ალბათ, ცნობადობითა და ქონებით ეს არ განისაზღვრება (იცინის). პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება, არ ვარ შეყვარებული. რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, ხუთწლიანი ურთიერთობა მქონდა და ოთხი წლის წინ დასრულდა. ჩვენი განვითარება სხვადასხვა გზით წავიდა, ვეღარ ვუგებდით ერთმანეთს. ეს ჩემი პირველი სიყვარული იყო და კარგი გამოცდილება მივიღე. მერე კრახით დასრულებას, სჯობდა, დროულად გადამეწყვიტა და გააზრებულად ვთქვი უარი ამ ურთიერთობაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი