შოუბიზნესი

რა გარდატეხა მოახდინა სანდრო მიკუჩაძის ცხოვრებაში თამუნა მუსერიძემ და როდის აურევია მას დალაგებული ურთიერთობა ზედმეტი მონდომებით

№22

ავტორი: ქეთი მოდებაძე 22:00 08.06, 2022 წელი

სანდრო მიკუჩაძე
დაკოპირებულია

როგორც ამბობენ, მსახიობი სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე ძალიან შეცვალა თამუნა მუსერიძესთან ერთად ოჯახურმა ცხოვრებამ, შვილებმა და იმ პასუხისმგებლობებმა, რომელსაც ოჯახი აკისრებს და არაჩვეულებრივ მეოჯახედ ჩამოყალიბდა.

სანდრო მიკუჩაძე: საკუთარი თავის შეფასება ქმრისა და მამის ამპლუაში რთულია, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ ვცდილობ, კარგი მამა და მეუღლე ვიყო. თუ ამბობენ, რომ ასეა, ესე იგი, ცოტათი მაინც გამომდის. პანდემიამდე, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ოჯახთან დიდ დროს ვერ ვატარებდი. კოვიდმა კი ცხოვრება, როგორც ყველას, მეც ძალიან შემიცვალა. თეატრი არ იყო, გადაღება არ იყო, აღარაფერი იყო და მივხვდი, რომ ამ პროფესიის გარეშე აღარავინ ვიყავი. ამიტომ მომიწია „მეორე პროფესიის“ შეთავსება, საკუთარი თავი მაქსიმალურად ოჯახს მოვახმარე. ეს – ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მანამდე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მართლა არ მქონდა ისეთი ურთიერთობა ბავშვებთან, როგორიც მშობელს უნდა ჰქონდეს, რაც ძალიან სამწუხაროა. სახლში, თურმე, უამრავი წვრილმანია, რომელთა მნიშვნელობას, სამწუხაროდ, ადრე ვერ ვხვდებოდი. ზოგი ჭირი მარგებელიაო, ხომ ამბობენ. თუმცა ისე არ გამომივიდეს, თითქოს ჩემს შეცვლას პანდემიას ვაბრალებ, არამც და არამც, ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა თამუნამ.

– როგორ შეგცვალა მასთან ურთიერთობამ?

– თამუნა ძალიან უცნაურად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ბევრი რამ მალე მოხდა. დრო ტყუილად აღარ გავფანტეთ. დაგეგმილი არ გვქონდა შვილები, ოჯახური ურთიერთობა, მაგრამ ყველაფერი თვითონ მოვიდა. ახლა ვხვდები, რატომაც. მსგავს თემებში მე ცოტა ზარმაცი ვარ. პროფესიაში – კი ბატონო, მაგრამ სხვა რამეებისკენ არ ვიხედებოდი. თამუნა იმდენად საქმოსანია, რომ მასთან ურთიერთობამ დამანახვა, რამხელა კონტრასტი იყო ჩვენ შორის. თან, საერთოდ არ არის მომთხოვნი. აბსოლუტურად არაფერს მოითხოვს შენგან. ამან უფრო იმოქმედა ჩემზე. იმდენად მშვიდია, იმდენად არაფერს ითხოვს, ეს ცოტა გამაღიზიანებელი იყო. მერჩივნა, ეთქვა, რა გამეკეთებინა, რით დავდგომოდი გვერდით. მაგრამ ჩემთვის მისი ჩუმად ყოფნა უფრო დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა. თვითონ იმდენად ყველაფერს აკეთებს, ჩემთვის, ფაქტობრივად, საქმე აღარ რჩებოდა. ამან ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაგდო. მინდოდა, გამომეხატა, რომ მე ვარსებობ და პასუხისმგებლობის აღება და გვერდით დგომა შემიძლია. როცა პირველ ქორწინებაში მამა გავხდი, ელენეს დაბადებიდან ძალიან მალე, სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახი დაიშალა. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, მამა გავხდი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოვახერხე თავის გამოვლენა. ელენესთან ურთიერთობა არცერთი წამით არ გამიწყვეტია, მაგრამ, როცა ოჯახი ერთიანია, ეს სულ სხვა არის. რაც უნდა კარგი ურთიერთობა გქონდეს, ბავშვისთვის ძალიან რთულია. მეც ასე გავიზარდე და მშობლები რომ დაშორებულები არიან ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ბავშვი. ამიტომ, როცა კიდევ მომეცა მამობის საშუალება და როცა ეს ოჯახურ გარემოში მოხდა, მეც აბსოლუტურად განსხვავებული აღმოვჩნდი. მაქსიმალურად ვცდილობ, რაც ელენესთან ვერ მოვახერხე, მარიანასთან და ანიტასთან გამომივიდეს. ეს მართლა სასწაული გრძნობაა, რასაც ყველა მშობელი კარგად მიხვდება. მინდა, ჩემი შვილებისთვის სრულყოფილი მამა ვიყო, თუკი ეს შესაძლებელია. მაგრამ სულ ვგრძნობ, რომ რაღაცას ბოლომდე ვერ ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობ, საკუთარ თავთან მაინც უკმაყოფილების შეგრძნება მაქვს.

– წლების წინ წარმოიდგენდი, ასე თუ შეიცვლებოდი?

– საერთოდ, ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი დღე ახლის მომტანია, მაგრამ ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა, ჩემში ამხელა გარდატეხა მომხდარიყო. იმ პერიოდის აზრებში ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩემში ამხელა გადატრიალება მოხდებოდა. ამ მდგომარეობისთვის საჭიროა რაღაცების დათმობა, ბევრ რამეზე უარის თქმა. იქამდე „ვგულაობდი“, თუ თავისუფალი დრო მქონდა, ვერთობოდი და მეგონა, ეს მთელი ცხოვრება ასე იქნებოდა. არ მეგონა, თუ საკუთარ თავში ვიპოვიდი ძალას ამხელა ცვლილებისთვის. თურმე, ოჯახი, შვილები ყველაზე დიდი ენერგიაა და ის ყველაფრის ძალას გაძლევს.

– მამის ამპლუა გასაგებია, როგორი მეუღლე ხარ? თუ მოახერხე თამუნას დასაყრდენი გამხდარიყავი?

– რთული კითხვაა, ამას ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს. მაინც მგონია, რომ იდეალური ქმარი ვერ ვარ. ვერ ვარ ისეთი, როგორიც სჭირდება ქალს და მით უმეტეს, ისეთ ქალს, როგორიც თამუნაა. თუმცა, მართლა ვცდილობ და ალბათ, თამუნა ამას ხედავს. რამდენად გამომდის, ეს სხვა საკითხია. მეტის გაკეთება შეიძლება. ახლაც მაწუხებს რაღაცები, რაც მინდა, სხვანაირად იყოს და გზას ვეძებ ამისთვის. მე შემიძლია, თვალდახუჭული ვენდო თამუნას. არ ვნერვიულობ, თუკი რამე მოხდება, ვიცი, რომ თამუნა ძალიან ძლიერი დასაყრდენია, მარტო ჩემთვის არა, ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც მასთან აქვს ურთიერთობა. ამას გვერდიდან ვუყურებ, არა როგორც მეორე ნახევარი, როგორც უბრალოდ, ადამიანი. მისი ამხელა ძალა ხანდახან მართლა მაგიჟებს. ერთი წამი არ ჩერდება, სულ საქმეშია. ყველაზე მეტად ის მიკვირს, რომ ყველაფრისთვის აქვს დრო, აბსოლუტურად ყველაფრისთვის. ხომ შეიძლება, ადამიანი დაიღალოს, რაღაცისთვის დრო არ ეყოს, მაგრამ არა, თამუნასთვის ასეთი რამ არ არსებობს. თუ ზუსტად ისეთი ვერ გავხდები, როგორიც მის გვერდით უნდა ვიყო, რადგან ადამიანს მაინც თავის ბუნება აქვს და მისი შეცვლა ბოლომდე შეუძლებელია, მინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც ავყვე რაღაცებში, მაგრამ ესეც რთული გზაა. ზედმეტად მონდომებულიც ვყოფილვარ რაღაცებში და ამ ზედმეტი მონდომებისგან დალაგებული სიტუაცია ამირევია. ფრთხილი გზაა, ამიტომ ვცდილობ, უკიდურესობებში არ გადავვარდე და ნელ-ნელა, მაგრამ მოხდეს ყველაფერი. ძალიან ცუდად და უხეშად ვიტყვი, მაგრამ მინდა, მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებოდე, რაც მევალება. ის, რომ შვილს უნდა აჭამო და სკოლაში წაიყვანო, ბუნებრივია. მინდა, რაღაცები ისე შევცვალო, რომ მარტო თამუნაზე არ მოდიოდეს მთელი ზეწოლა და ცოტათი მაინც შევუმსუბუქო მდგომარეობა. თუმცა, თვითონ ისეთი ტიპია, არ მოგცემს ამის საშუალებას, თავის გასაკეთებელს არავის გააკეთებინებს. ძალიან ვაფასებ ამ თვისებებს მარტო მასში კი არა, საერთოდ, ყველა ადამიანში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი