შოუბიზნესი

რა აუკრძალა გია სურამელაშვილს მეუღლემ და რატომ ჰგავს მათი სიყვარული ზღაპარს

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 17.02, 2021 წელი

გია სურამელაშვილი
დაკოპირებულია

გია სურამელაშვილი რამდენიმე დღის წინ იუბილარი იყო. მიუხედავად პანდემიისა, ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარა, უამრავი მილოცვა და უდიდესი სითბო მიიღო. საყვარელი მომღერლისთვის არც ბრილიანტების ჩუქება დავიწყებიათ. 

გია სურამელაშვილი: საერთოდ არ ვაპირებდი დაბადების დღის გადახდას. ძალიან შინაურულ წრეში მინდოდა სადილის გამართვა სახლში, მაგრამ ჩემმა მეგობარმა – ნანა კეიდარმა ისრაელიდან და ჩემმა მენეჯერმა – მარინა კაშიამ ამერიკიდან, ერთი ამბავი ატეხეს. რატომ არ უნდა აღნიშნო, როცა ასკაციანი დაბადების დღეები გქონდაო?! მე არც ხასიათი მქონდა საამისო. საერთოდ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე არასდროს ვარ ხოლმე ხასიათზე, მიუხედავად იმისა, რომ გრანდიოზული დღესასწაული გამოდის, უამრავ მილოცვას, სითბოსა და სიყვარულს ვიღებ. ამჯერად დილა ჩემი საყვარელი ადამიანის მოლოცვით დაიწყო – საჩუქრებითა და შამპანურებით მოვიდა, უხასიათობა მომეხსნა და უბედნიერესი დღე შედგა.
– ვნახე, რომ უამრავი ყვავილი მიიღე.
– კი, ბრილიანტის საყურე, ბრილიანტის ბეჭედი – ნამდვილად არ ველოდი პანდემიის დროს ასეთ საჩუქრებს. თუმცა, როცა დილას საყვარელ ადამიანთან ერთად იწყებ, ყოველთვის ბედნიერი ხარ, ყველა დღე ახალი წელი და დაბადების დღეა. ბრილიანტის ბეჭედი საყვარელმა ადამიანმა მომართვა.
– როგორი დამოკიდებულება გაქვს ასაკის მატებასთან?
– არანაირად არ განვიცდი, ასაკის მატებას საერთოდ ვერ ვგრძნობ, იმიტომ, რომ ბედნიერი ვარ. თუმცა, როცა ბედნიერი ხარ, ჩუმად უნდა იყო. ძალიან კარგი მეგობარი მყავდა – ყველასთვის საყვარელი ლეილა აბაშიძე. მას ახალგაზრდობიდან ვიცნობ, ნათელი – მის სულს, უსაყვარლესი ადამიანი იყო. ადრე ჩემი წარმატების შესახებ ყველას ვუყვებოდი, მეგონა, ყველას უხაროდა, მაგრამ თურმე, როცა ბედნიერი ხარ, ჩუმად უნდა იყოო – ეს ლეილამ მითხრა. მაშინ სტუდენტი ვიყავი და ვერ მივხვდი ამ სიტყვების მნიშვნელობას. რამდენიმე წელში გავხდი პოპულარული და ჩემი ვარსკვლავობის პერიოდში ლეილა სულ მახსენებდა თავის სიტყვებს. მეუბნებოდა, შენ უკვე ისეთი ვარსკვლავი ხარ, რომ აჯობებს, პირადულზე ყველას გასაგონად არ ილაპარაკოო. ჭკუა ვისწავლე – მაქვს ოჯახი, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცის და არც არის საჭირო. მხოლოდ – რამდენიმე ჩემმა შინაურმა.
– ცოტა ხნის წინ თქვი, სცენიდან მივდივარო. მართალია?
– მართალი იყო. ერთ-ერთ ქვეყანაში ვაპირებდი საცხოვრებლად გადასვლას, მაგრამ პანდემიამ მომისწრო, თუმცა, უფრო საყვარელი ადამიანის გამო შევფერხდი, ის ვერ წამოვიდოდა საცხოვრებლად და ცოტა ხნით გადავდე. ღმერთის წყალობით, თუ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება, მაინც წავიდე, იმიტომ, რომ კარგი სამსახური მელოდება, ჩემთვის ისრაელში სახლიც აღებული აქვთ. ვიფიქრე, წავიდოდი და ხშირად ჩამოვიდოდი ხოლმე, მაგრამ თურმე, წინასწარ არაფერი უნდა დაგეგმო. თუმცა, არც აქ მაკლდა არაფერი, ღმერთი მიწყენს, ეს რომ ვთქვა. მომღერალს, რომელსაც დღეში ოთხი კონცერტი აქვს და ხუთი კაცი იცავს, ამხელა სიყვარული და ანაზღაურება აქვს, ცოდვას ვერ იტყვის. სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას ამდენი სამსახური არ ჰქონია და არ ვიცი, როგორ გააქვთ თავი.
– წასვლა ვერ მოახერხე, მაგრამ აქ საყვარელ ადამიანთან ერთად ხარ.
– კი, ამის გამო უფრო შევიკავე თავი. რაღაც პერიოდი ჩვენ პრობლემა გვქონდა ურთიერთობაში და მაშინ ძალიან დავაჩქარე პროცესები. დიდ განცდებში ვიყავი და დეპრესიული პერიოდი მქონდა, ამიტომ ცოტა ხნით გადავდე ფრენა. ძალიან კარგი, რომ ასე მოხდა და არ გავფრინდი, ვგრძნობდი, რომ ასე არ დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა. ასეთი დიდი სიყვარული არასდროს მთავრდება – ისე აგვისრულდეს ყველა ნატვრა. ოჯახში ყოველთვის ხდება პატარა განხეთქილებები, მაგრამ ჩვენ ვერ გავძელით ერთმანეთის გარეშე. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ერთად ყოფნა უხარია და მათ კი, ვისაც ჩვენი პრობლემები ახარებს, მინდა ვუთხრა, რომ თავიანთ ცხოვრებას მიხედონ. ძალიან დიდი რეიტინგი მოვხენი, არიან ადამიანები, ვისაც ეს არ სიამოვნებს და ბოროტული გამოხდომები აქვთ. მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. მათ სიბოროტეს ჯაბნის ჩემი სიყვარელი ადამიანების, ჩემი მსმენელის მოფერება და გვერდში დგომა. როცა კარგი ხარ, მაშინ გყავს მტერი – „ცუდას რად უნდა მტერობა?!“ თუმცა, ჩემი საყვარელი გარემოცვა ყველაფერს მინეიტრალებს. თქვენ არ იცით, რა ზარები შემომდიოდა ყველა ქვეყნიდან. ყველას ვერც ვუპასუხე, რადგან უამრავი ადამიანი მილოცავდა, ცოტა დაბნეულიც ვიყავი და ცოტა ნასვამიც. იმ დღეს მქონდა უფლება, რომ დამელია, მაგრამ ისე, ჩემი მეუღლისგან აკრძალული მაქვს დალევა.
– ოჯახური ურთიერთობა მსხვერპლს მოითხოვს, მახსოვს, რომ მას არ მოსწონდა, ხშირად რომ სვამდი და გაითვალისწინე?
– რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ სმის პროცესში, საერთოდ, სხვა გია ვხდებოდი და ადამიანს ეს არ სიამოვნებდა. რესტორნებში სამასი-ოთხასი ადამიანი რომ მხვდებოდა, ყველა მეფერებოდა, ყველა ნასვამი იყო და მეც ხშირად მიწევდა დალევა. ეს მას აღიზიანებდა, ცოტა ეჭვიანობდა კიდეც – ამდენი ხალხის ფერებაც მოქმედებდა. ალბათ, მეც თბილად ვექცეოდი ამ ადამიანებს და ახლოს ვუშვებდი, რომ მომფერებოდნენ. ის ამაზე ეჭვიანობდა, მე კი, როცა ნასვამი ვიყავი, ამ ეჭვიანობას ცოტა მკაცრად ვპასუხობდი. მოკალი და არ სიამოვნებს ადამიანს. სხვა პრობლემა ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, მეც ვცდილობ, არ დავლიო. არ მიყვარხარ ასეთიო, – პირდაპირ მითხრა. ან მე, ან სასმელიო და ოჯახს სასმლისა და ბოთლის გულისთვის ვერ დავანგრევდი. კონიაკის გამო ვერ დავკარგავდი ჩემი ცხოვრების უდიდეს სიყვარულს. ასეთი სიყვარული 1992 წლის შემდეგ ნამდვილად არ განმიცდია. მქონია ურთიერთობები, ყოფილა გრძნობები, მაგრამ ასეთი ძლიერი – არა. არც ველოდი ასეთ გრძნობას. ეს ადამიანი ხუთი წლის წინ გავიცანი და ხანმოკლე რომანი გვქონდა. ცოტა ხნის წინ, ისევ მოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ამაზე რომ ვფიქრობ, ზღაპარი მგონია. ეს ნამდვლად ბედისწერის დამსახურებაა.
– რა არის შენი მიმზიდველობის მთავარი მიზეზი – გარეგნობა, ნიჭი თუ ორივე ერთად, რის გამოც ამდენ ადამიანს უყვარხარ წლების განმავლობაში?
– სილამაზე, განსხვავებულობა და სიმღერები. გარეგნობაც თავის როლს თამაშობს და მე ამას მთელი ცხოვრებაა, ვგრძნობ. ახალგაზრდობაში მოსკოვში რომ ვმღეროდი, მაშინ არ ვიყავი ამ დონის ჩამოყალიბებული მომღერალი და ნამდვილად ვიცი, რომ იქ ჩემმა გარეგნულმა სილამაზემ ითამაშა დიდი როლი. სამოდელო სააგენტოების დიდი ყურადღება მივიქციე. მაშინ უკვე იუდაშკინის სამოსი მეცვა ფესტივალებზე. ტელევიზიის ყურადღებაც მივიქციე რადგან ძალიან ლამაზი ვიყავი და კონკურსს მოვუხდებოდი. ხალხის სიმპათია გავხდი, მეხუთე ადგილი ავიღე, რადგან მოუმზადებელი წავედი – ცოტა თავქარიანი ვიყავი. თავიდან ფოტოები ნახეს და თვითონ დარეკა მოსკოვმა, დეპეშაც არ გამოუგზავნიათ, პირდაპირ დარეკეს გაოგნებულებმა – ეს სილამაზე ვინაა, მთელი ტელევიზია დაგვშოკაო. მე ისე დავიბენი, ტირილი დავიწყე და ყურმილი მზია კვირიკაშვილს მივეცი, რომელიც ჩემთან იყო. მზიას მაშინ უკვე იცნობდნენ მოსკოვში და ჰკითხეს, ნამდვილად ასეთი ლამაზია, როგორიც ფოტოზეო? და მზიამ უთხრა, რეალურად უფრო ლამაზიაო. მაშინ აქ უკვე ვმღეროდი. ჩემი კონცერტები შეყვარებულებისთვის ზეიმი იყო, პაემნებს ნიშნავდნენ და სულ ანშლაგები მქონდა. ბევრი დაქორწინდა კიდეც და დღეს მათი შვილები მოდიან კონცერტებზე – ეს ყველაზე დიდი ჯილდოა. ჩემი ვარკვლავის გახსნაზეცაა საუბარი, მაგრამ მე ვამბობ, რომ ჯერ არ ვარ მაგ ასაკის (იცინის).
– ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურები, მაგრამ ალბათ, განსაკუთრებულად ცდილობ, რომ სულ ლამაზი იყო.
– ის, საერთოდ, მუხლმოდრეკით მცემს თაყვანს, როგორც სილამაზეს. ვაღიარებ, მე ცოტა მძიმე ხასიათები მაქვს, არ ვარ ადვილი ასატანი, მაგრამ ბევრ რამეს ვთმობ. რაც უნდა ლამაზი ვიყო და რაც უნდა გია სურამელაშვილი – ზოგი ესტრადის ლომს მეძახის და ზოგი რას, მაგრამ ამ ადამიანისთვის ჩემი ვარსკვლავობა მეორეხარისხოვანია, მისთვის მე ჩვეულებრივი გია ვარ, ვისი სილამაზითაც არის მოხიბლული და მის ყველა სიტყვასა და მოფერებაში ეს გამოიხატება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, გია პოლიტიკაში აპირებს წასვლასო. მართალია?
– შემოთავაზებები ბევრი პარტიისგან მქონდა, მაგრამ მე არ ვარ ამისთვის მზად და არც შესაბამისად ნაკითხი, თან, წასვლაც რომ მინდოდა, უარი ვთქვი. თავსაც გავუფრთხილდი. ძალიან ემოციური ვარ და როცა დეპუტატობასა და სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზეა საუბარი, რკინის ნერვები უნდა გქონდეს, ფსიქოლოგიურადაც მზად უნდა იყო და იმ პერიოდში შენი მთავარი საქმე გვერდზე უნდა გადადო. მე ცოტა ზარმაციც ვარ და ვიფიქრე, რომ არ ვიყავი მზად ამისთვის. მარტო დიდი ხელფასი და დიდ ფიგურად ყოფნა არაფერია. მე ისედაც ფიგურა ვარ, მსოფლიოში მიცნობენ და მარტო დიდი ხელფასის გამო და იმისთვის, რომ პოლიტიკაში შესვლით ფურორი მომეხდინა და საზოგადოება დამეშოკა, საკუთარი თავი ვერ გავიმეტე. თუმცა, არ ვიცი, ყველაფერი წინაა. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე მარტო ჩემს კონცერტებსა და ტელევიზიაში მისვლას მიგეგმავენ წინასწარ. ფსიქოლოგიურადაც უნდა მოვემზადო და სამოსიც შევარჩიო. არ მიყვარს ერთი და იმავეს რამდენჯერმე ჩაცმა. სულ ახალ სამოსს ვიკერავ და ამერიკიდანაც სასწაულებს მიგზავნიან, დიზაინერიც სასწაული მყავს და პარფიუმერიით დაწყებული სამოსით დამთავრებული, არაფერი მაკლია, მაგრამ ამ ყველაფერს მზადება და ფიქრი სჭირდება.
ვცდილობდი, პროტეჟით კი არა საკუთარი სილამაზით გამეტანა თავი. ვერ ვიტყვი, მეცოსოპრანო ვარ და სასწაული ხმა მაქვს-მეთქი, მაგრამ ის ტკბილი ხმა, რომელიც დღეს ძალიან ფასობს, მაქვს და მადლობა ჩემს თაყვანისცემლებს უდიდესი სიყვარულისთვის. უფალს მადლობა, რომ გენეტიკურად ასეთი გარეგნობა მომცა. ჯერჯერობით მე არაფერი გამიკეთებია და არც ვაპირებ. ტელევიზიაში რომ მივდივარ, ხალხი შემოდის ჩემს სანახავად – გაგიჟებულები არიან ჩემი სილამაზით, რეალურად გაცილებით ლამაზი ხარ, ვიდრე ეკრანზეო. ყველას ეჭვი ეპარება, რომ ეს ბუნებრივია, დასამალი არაფერი მაქვს, ბოტოქსიც არ მაქვს გაკეთებული, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მეგობრებს შეუძლიათ, საჩუქრადაც გამიკეთონ. თვე-ნახევარია კბილები გავიკეთე, მხოლოდ ეს არის ჩემი ჩარევა. თუმცა, თავს, რა თქმა უნდა, ვუვლი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი