შოუბიზნესი

ნუკი კოშკელიშვილი: არ მოგწონს – შეცვალე, ვერ ცვლი – შეიყვარე საკუთარი თავი

№28

ავტორი: ნონა დათეშიძე 22:00 20.07, 2022 წელი

ნუკი კოშკელიშვილი
დაკოპირებულია

ნუკი კოშკელიშვილი ახლახან ჩამოვიდა ამერიკიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს, ვარჯიშიც დაიწყო. მიაჩნია, რომ აქტიური ცხოვრების წესი ყველა ადამიანისთვის საჭიროა, თუმცა ზაფხულის პერიოდი მაინც დასვენებასთან ასოცირდება და შთაბეჭდილებებითა და განუმეორებელი დღეებით სავსე მოგონებები აუცილებლად უნდა დააგროვოს.

ნუკი კოშკელიშვილი: ამერიკაში თავს კარგად ვგრძნობ, ოჯახი მაქვს, მაგრამ მაინც სულ ჩემი ქვეყანა მენატრება. როგორც კი თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში ჯდება, სულ სხვა შეგრძნება მიჩნდება. სხვა სუნი აქვს საქართველოს, სხვა ენერგეტიკა. სულ ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: დასასვენებლად საუკეთესო ადგილი არის საქართველო! არ აქვს მნიშვნელობა აქ გავიზარდეთ, დავიბადეთ თუ სად ვართ, იმდენი ადგილია ამოუცნობი, დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად უნდა ვნახოთ. ყველას ვეუბნები, მოდი, ზაფხული საქართველოში გავატაროთ-მეთქი. ჩემი ქვეყნის ყველა სეზონი მიყვარს – შემოდგომაზე ერთი სული მაქვს კახეთში წავიდე, ზამთარში გუდაური და ბაკურიანი მენატრება, გაზაფხულზე – ყველა მხარე და ზაფხულში – ბათუმი და ზღვა. თუშეთსა და სვანეთში არ ვარ ნამყოფი და სულ მინდა წასვლა, თავი ვერ მოვაბი. მაშინებენ, თუშეთში მიმავალი გზა საშიშიაო, მაგრამ ერთხელ უნდა გავრისკო და წავიდე. არ ვიცი, წელს რამდენად გამომივა, თუმცა, აუცილებლად მოვინახულებ.

– როგორც ვიცი, შვილთან ერთად ჩამოხვედი. ბენი რატომ არ წამოვიდა, წელს არ აპირებს ცოლ-შვილთან ერთად დასვენებას?

– დიახ, ჩემს შვილთან ერთად ჩამოვედი, ბენს საქმეები ჰქონდა და ჯერ ვერ მოახერხა წამოსვლა, თუმცა, მოგვიანებით აუცილებლად ჩამოვა და შემოგვიერთდება. თბილისში იმდენი საქმე დამხვდა, დასვენებაზე ჯერ არ ვფიქრობ. თუმცა, აგვისტოში აუცილებლად დავისვენებ ბათუმში. ყველაზე საყვარელი ქალაქია ჩემთვის და გამორიცხულია, იქ არ წავიდე. არა მარტო ზაფხულში, ზამთარშიც. ასევე, აუცილებლად წავალ კახეთში, სამეგრელოში მარტვილის კანიონს მოვინახულებ. თან, ჭამა ძალიან მიყვარს და რომელ კუთხეშიც ჩავდივარ, იქაურ კერძებს გემრიელად ვაგემოვნებ. იმ რეგიონში, სადაც ჩავდივარ, გურმანული ჩაკრა მეხსნება (იცინის). რეტორანშიც არის ყველა კუთხის კერძი, მაგრამ იქ ჩასული რომ მიირთმევ, სულ სხვა ეგზოტიკა და შეგრძნებაა. მოკლედ, დაგეგმილი მაქვს, ჩემთვის ეს ზაფხული განუმეორებელი და განსაკუთრებული იყოს და ამერიკაში დაბრუნებისას ბევრი სასიამოვნო მოგონება წავიღო.

– ახლახან, სოციალურ ქსელში დადე „სთორი“, ორ გამხდარ გოგოსთან ერთად, სადაც ამბობ: ცოტა მოვეფარები, თორემ მე მსუქანი ვარ ამ შხვართალა გოგოების ფონზეო. ამ ნათქვამმა ადამიანებში, რომლებსაც წონის პრობლემა აქვთ, აღშფოთება გამოიწვია. თქვეს: ეს თუ ამას ამბობს, ასეთი გამხდარი, გამოდის, ჩვენ დაგვცინისო.

– ვიხუმრე, როცა „სთორს“ ვიღებდი. თუმცა, არ არსებობს სილამაზის სტანდარტები და ჩვენი თავი ისეთი უნდა გვიყვარდეს, როგორებიც ვართ. მეც მიყვარს ჩემი თავი, უბრალოდ, ვიხუმრე (იცინის). სხვათა შორის, სულ მესმის, რომ ვარჯიში ენერგიას მატებს და ხასიათზეც მოყავხარ, ამიტომ ცხოვრების წესი უნდა იყოს. ვარჯიშის დაწყება სულ მინდოდა და საქართველოში რომ ჩამოვედი, დავიწყე. ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდება. ბენი სულ ვარჯიშობს და მეუბნება: ნუკი, შენც დაიწყე, მაგარიაო. თუმცა, არ ვუჯერებდი და ახლა რომ დავიწყე, მივხვდი, მართალი ყოფილა ჩემი ქმარი. მოკლედ, ვიცი, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია, მართალია, ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აღარ ვარ 19 წლის და შესაბამისად, მეტად უნდა მივხედო ჩემს თავს. ბენისაც რომ ვუყურებდი, სულ ვარჯიშობდა, მეც მოვინდომე, თავად ვაიძულე ჩემი თავი მევარჯიშა, პირველად მოვხვდი სატრენაჟორო დარბაზში და აღმოჩნდა, სავარჯიშო სპორტული ტანსაცმელი არ მქონდა. მომიწია გარდერობის განახლება. რას არ ნახავათ ჩემს გარდერობში, მაგრამ არა სპორტულს. წავედი და სასწრაფოდ შევიძინე (იცინის). მოკლედ, ყოველდღიურად ისე მონდომებული ვვარჯიშობ, ახლაც ზუსტად ისე მტკივა კუნთები, როგორც პირველ დღეს. მივხვდი, რომ გარეგნობასა და წონაზე წუწუნით და თვითკრიტიკით, თქვენ კი არა, უკვე ჩემს თავს წავუღე ტვინი. რაღაც დაცვის მექანიზმივით ჩამომიყალიბდა და ეს დიდი შეცდომაა. უნდა გვიყვარდეს საკუთარი თავი, მოგვწონდეს და მუდამ მაღლა აწეული თავით უნდა ვიაროთ. ბავშვის გაჩენის მერე, ბევრჯერ მიხსენებია წონა და ბავშვობიდანაც, ხან ისე ვარ ხან – ასე, სულ ვაკონტროლებ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი თავი არ უნდა მოგწონდეს. არ მოგწონს, შეცვალე! ვერ ცვლი? შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ. მე გადავწყვიტე, რომ ყოველდღე ვუთხრა ჩემს თავს, რომ ყველაფერი შემიძლია! ხვალ დილით რომ გაიღვიძებთ, სარკეში ჩაიხედეთ და უთხარით საკუთარ თავს, რომ ხართ ჭკვიანი, ლამაზი, მომხიბვლელი, იღბლიანი და ბედნიერი... და, ზუსტად ასეთი იქნებით. ახალი მიდგომა მაქვს ცხოვრებისადმი. აუცილებლად გამოვაჭენებ ჩემს ვიზუალურ ნაკლებს ისევ, ოღონდ კი არ ვინუწუნებ, არამედ, პირიქით, სიამაყით აღვნიშნავ.

– თბილისში ჩამოხვედი და ძალიან დატვირთული ხარ, სულ გადარბენებზე...

– სანამ წამოვიდოდი, ამერიკაშივე მქონდა შემოთავაზებები და ვიცოდი, აქ ჩამოსულს, როგორი დატვირთული განრიგი მექნებოდა. „რუსთავი 2-ზე“ პროექტ „პრაიმ ჰაუსის“ ჟიურიში ვარ, პარალელურად, მაქვს სატელევიზიო ჩაწერებიც. ზოგადად, მიყვარს აქტიური ცხოვრება. რაც უფრო მეტი საქმე მაქვს, მით მეტად მიხარია. ჩემს დატვირთულ დღის განრიგს, ვარჯიშიც დაემატა და რაც ჩამოვედი, ჯერ დასვენებისთვის დრო ვერ გამოვნახე (იცინის).

– როგორ ფიქრობ, რამდენად გაგიმართლა ცხოვრებაში?

– არ ვიცი, იღბლიანი ვარ თუ ბედისწერის ბრალია, თუმცა, ალბათ, ჩემს შემთხვევაში, ორივეს კომბინაციის. ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და ყოველთვის ასეთი ვიყავი. მქონდა და მაქვს არაჩვეულებრივი ოჯახი, მყავს შვილი, მეუღლე... არსაიდან მოვხვდი იქ, სადაც ვარ... ისე, მიმაჩნია, რომც არ იყო ცხოვრებით კმაყოფილი, არ უნდა თქვა. არც ცრურწმენებს ვაქცევ ყურადღებას და ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, ყოველი დღე ბედნიერად გავატარო. იცით, რა მიხარია? ქუჩაში რომ მოდიან ბავშვები და თინეიჯერები, მაჩერებენ და ჩემთან ფოტოს იღებენ. ძალიან მსიამოვნებს და დადებითი განწყობით მავსებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი