შოუბიზნესი

ნინო ლეჟავა: არ გირჩევთ, ჩემი წყობიდან გამოყვანა ნახოთ, ასეთ დროს მეც მეშინია საკუთარი თავის

№9

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 04.03

ნინო ლეჟავა
დაკოპირებულია

არაერთი როლი თეატრის სცენაზე და საინტერესო ეკრანული სახეები, მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და დიდი ოჯახი, ოთხი შვილით – ეს მსახიობ ნინო ლეჟავას მონაპოვარია 50 წლის ასაკისთვის. მასთან დაბადების დღესა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ვისაუბრეთ.

ნინო ლეჟავა: დაბადების დღე 10 იანვარს მაქვს. აქამდე ამ დღეს დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი, მაგრამ რაც ასაკი მომემატა, აღმოვაჩინე, რომ ყველა დღე დასაფასებელია და მით უმეტეს, წელი. მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ცოცხლები ვართ და კმაყოფილებას განვიცდიდეთ იმის გამო, რაც გვაქვს. საერთოდ, მგონია, რომ მადლიერება არის საუკეთესო თვისება, რაც შეიძლება, ადამიანს ახასიათებდეს.

– როგორ ხვდებით ხოლმე ამ დღეს?

– ორი წელია, ჩემს ახლად დაქორწინებულ ვაჟთან მივდივარ, ის ცალკე ცხოვრობს. იქ ძალიან ვიწრო წრეში, მხოლოდ ახლობლებთან ერთად აღვნიშნავთ ხოლმე ამ დღეს, სითბოსა და სიყვარულში.

– იანვარი ისედაც ამაღლებულ განწყობასთან ასოცირდება, ამას დამატებული დაბადების დღე ალბათ, თქვენთვის კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის ამ თვეს?

– მანამდე კიდევ უფრო ამაღლებული განწყობა მაქვს ხოლმე. ჩემი მეორე ბიჭი 22 დეკემბერს დაიბადა, პირველი კი 30 დეკემბერს, ასე რომ, ჩემი შვილები ჩემთვის საახალწლო საჩუქრები არიან. ამ ცხოვრებაში ტყუილად არაფერი ხდება. ღმერთმა და სამყარომ ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემი შვილების სახით გამიკეთა. მესამე 12 აგვისტოს, საეკლესიო კალენდრით მნიშვნელოვან დღეს, მეოთხე კი გიორგობას არის დაბადებული. როგორ შეიძლება, მადლიერი არ ვიყო?! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე რომ არა, არც ეს საოცარი ბავშვები იქნებოდნენ – მიხარია, რომ ჩემი დაბადების დღე არსებობს. ყოველი დაბადების დღე კიდევ ერთი წლის სიცოცხლეს ნიშნავს, ეს დიდი საჩუქარია.

– ასაკის მატებას არ განიცდით?

– არანაირად. მთავარია, ჩემი შვილები დავინახო ფეხზე დამდგარი და მერე უფალმა გადაწყვიტოს, როდის და როგორ წავალ ამ ქვეყნიდან. 100 წლისაც რომ იყო, გინდა, მშობელი ისევ გყავდეს, მაგრამ არ გამოდის ეგ ამბავი. ამიტომ, მთავარია, შვილების გზაზე დაყენება მოასწრო.

– ბავშვობისდროინდელი დაბადების დღეები როგორ გახსენდებათ?

– მაშინ ბევრად ადვილი და იაფი იყო ცხოვრება და დაბადების დღის აღნიშვნაც. ლენინის თავი რომ ეხატა წითელ თუმნიანს, ის ეშმაკის კაცი უფრო ძვირად ღირებული იყო, ვიდრე ჩემი აკაკი წერეთელი. ძალიან ვბრაზდები ამაზე, მაგრამ ასეა. იმ ფულს დიდი ძალა ჰქონდა. მაგალითად, მე ერთ მანეთად დაქალთან ერთად მივდიოდი შატალოზე, ვჭამდი ხინკალს, ვაყოლებდი ლიმონათს, დროს ვატარებდი და ბედნიერი მოვდიოდი. ახლა ლარად ერთი გზა იმგზავრებ. აქედან გამომდინარე, მაშინ უფრო დიდი სუფრების გაკეთება შეიძლებოდა გაცილებით ნაკლებ თანხად. სამაგიეროდ, წელში უნდა გამწყდარიყავი უამრავი სტუმრის მისაღებად, საჭმელების გასაკეთებლად, მერე ჭურჭლის რეცხვით და ასე შემდეგ. ახლა კი შეგიძლია, შენი ვიწრო წრე რესტორანში წაიყვანო და იქ ყველანაირად მოგემსახურებიან. არჩევანი იმდენად დიდია, შეღავათიან ფასადაც შეგიძლია ისიამოვნო.

– დაბადების დღესთან დაკავშირებული განსაკუთრებული საჩუქარიც გავიხსენოთ.

– ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, საჩუქრის ფასს არ ვუყურებ. შეიძლება, ადამიანი მოვიდეს, მითხრას, გამახსენდა შენი დაბადების დღე რომ იყო და მოვედი მოსალოცადო, ამით გამხდის ყველაზე ბედნიერს. შეიძლება, ადამიანმა ფოთოლი მაჩუქოს და სიცოცხლის ბოლომდე შევინახავ, რადგან ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი ყურადღებაა. ადამიანს რომ არ ავიწყდები, ეს არის ყველაზე ძვირფასი და არა ის, რამდენია იმ ნივთის ღირებულება, რომელსაც ის გისახსოვრებს. გამორჩეულ სიურპრიზებზე თუ ვისაუბრეთ, ისევ ჩემს შვილებთან მივალ. მესამე შვილი საერთოდ არ მქონია დაგეგმილი, მეოთხე საერთოდ სასწაულებრივად გაჩნდა. პირველი და მეორე დაგეგმილი იყო, მიფიქრია თუ არა, ღმერთმა და სამყარომ მესამე და მეოთხე შვილი მაჩუქა. ერთმა საშობაოდ გამიკეთა საჩუქარი, მეორემ საახალწლოდ და ორივე ერთად ჩემი დაბადების დღის საჩუქარი გამოვიდა. ამაზე ძვირფასი ნამდვილად არაფერი მახსენდება.

– სხვა ქვეყანაში თუ შეხვედრიხართ დაბადების დღეს?

– მე – არა, სამაგიეროდ, ჩემს შვილსა და რძალს გავუკეთე საჩუქარი წელს. ჩემს რძალს ძალიან უყვარს მოგზაურობა და რადგან ჩემი შვილის დაბადების დღე 30 დეკემბერსაა, მეორე დღეს კი ახალი წელია, იტალიაში გავუშვი, რომ ამ დღეებს იქ შეხვედროდნენ, განსხვავებულ გარემოში.

– თუ ეს უხერხული კითხვა არ არის, რამდენი წლის გახდით?

– 50 წლის გავხდი, ნახევარი ცხოვრების გზა გავლიე. არანაირი პრობლემა არ მაქვს ამ კითხვასთან. ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, ხომ ამბობენ და ვითომ რატომ? რა პრობლემაა?! რატომ არის ეს კითხვა უხერხული, მე არ ვიცი და მომკალით (იცინის).

– გარეგნობაზე ზრუნვას თუ ახერხებთ?

– ამ ბოლო დროს დავიწყე და ახლა ვფიქრობ, ნეტავ, თავიდანვე მეცა პატივი საკუთარი თავისთვის-მეთქი. თუმცა, მაშინ ნამდვილად არ იყო ამის საშუალება და ფუფუნება. ჩემს პროფესიაში, რომელიც პურს მაჭმევს, ამას ექცევა ყურადღება. თუ მინდა, რომ ცოტა დიდხანს ვიყო საჭირო ეკრანსა თუ სცენაზე, ნამდვილად უნდა მოვახერხო და ცოტ-ცოტა მაინც მივხედო თავს. ვერ ვიტან ბოტოქსს, ეს ჩემთვის კატასტროფულად მიუღებელია და არასდროს გავიკეთებ. არ ვაქილიკებ მას, ვისაც მოსწონს, მხოლოდ ჩემს თავზე ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ რაღაცები მე არ მომიხდება, მაგრამ არის პროცედურები, რომელიც ძალიან საჭირო მგონია. შიგადაშიგ მაინც ვცდილობ, პლაზმოლიფტინგი გავიკეთო, ის ძალიან აახალგაზრდავებს კანს. სხვადასხვა ნიღაბს კი სახლში ვიკეთებ. ძალიან კარგია ბიორევიტალიზაცია და ვცდილობ, წელიწადში ერთხელ მაინც გავიკეთო.

– შეგცვალათ წლებმა?

– ქენქერა არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ გამოცდილება რაღაცებს სხვანაირად მაჩვენებს. ძალიან ზუსტი გავხდი ადამიანების შეფასებებში. თუმცა, არ ვიმჩნევ იმდენს, რამდენსაც ვხვდები, მირჩევნია, ჩუმად ვიყო. ჩემთვის ვიცი და შესაბამისად ვიქცევი. არავინ იფიქროს, თუ ჩუმად ვარ, რამეს ვერ ვხვდები. ქვეტექსებსაც გადასარევად ვკითხულობ, თვალის ერთი გადახედვით ვგრძნობ ადამიანის სათქმელს და ამას ჩემს კოზირებად ვიყენებ. თუმცა, იმდენად უკონფლიქტო ტიპი ვარ, თუ ძალიან არ გამწვავდა სიტუაცია, ისიც საუკუნეში ერთხელ, მირჩევნია, არაფერი ვთქვა. თუ გინდათ, ჩემი წყობიდან გამოყვანა ნახოთ, არ გირჩევთ, ასეთ დროს მეც მეშინია ჩემი თავის. ზოგჯერ ძალიან საშიში ვარ, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დიდი ხანი არ მომეშვები.

– თქვენს საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდით, როგორი მოლოდინი გქონდათ, არის დღევანდელი ცხოვრება ისეთი, როგორზეც მაშინ ოცნებობდით?

– ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაყურებლის სიყვარულია. ჩვენი პროფესიის ადამიანები მათ გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. ამიტომ მე ყოველთვის მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვისაც ვუყვარვარ და მაფასებს. რა უნდა იყოს იმაზე დიდი ჯილდო, როცა ქუჩაში გაჩერებენ და გეუბნებიან, რომ ძალიან უყვარხარ, გაფასებენ და ასე შემდეგ. თუმცა, დასაწყისში მეტის მოლოდინი მქონდა. ეს მოლოდინი პროფესიონალების დამოკიდებულებას ეხებოდა. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში ორი ვარიანტია: ხმამაღლა არ გაღიარებენ, არაფერი გამოდის, თუ პატრონი არ გყავს ან თავად არ ხარ ტიპაჟი, რომელიც ყველას „ბოლომდე უძვრება“, თავს აბეზრებს და ბოლოს, მართლა მიუგდებენ როლს, ოღონდ თავი დააღწიონ. მე ეს არ შემიძლია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რეჟისორებზეა ჩვენი ბედი დამოკიდებული. ზოგი გეტყვის, რატომ არ შემახსენე თავიო და მე ჩემს რეჟისორ ქმარს არ ვახსენებ თავს, არამცთუ სხვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი