შოუბიზნესი

ნინო იოსელიანი: გაგიჟდა კაცი, მთელ საქართველოს ვაკონტროლებ და ჩემი ოჯახი რა გახდაო

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 18:12 30.11, 2020 წელი

ნინო იოსელიანი
დაკოპირებულია

საქართველოში დაბრუნებულმა ნინო იოსელიანმა, მიზნად მოდის ინდუსტრიაში ინოვაციური პროექტის განხორციელება დაისახა და რამდენიმე წლიანი კვლევისა და სწავლის შემდეგ მისი განხორციელებაც შეძლო. 
ნინო იოსელიანი: პროფესიით მოდის მარკეტოლოგი ვარ. ძალიან ხშირად მიწევდა მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, „ფეშენ-ვიქებსა“ თუ გამოფენებზე და მოდის ინდუსტრიაში ძალიან კარგად ვარ გათვითცნობიერებული. ვცხოვრობდი ამერიკასა და ევროპაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, აქტიურად ჩავერთე ამ საქმეში. მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში დიზაინერები მხოლოდ კოლექციებს ქმნიან, ნედლეული და ტექსტილი საქართველოში არ იწარმოება, ევროპიდან, თურქეთიდან და აზიის ქვეყნებიდან ჩამოაქვთ. ამიტომ, ჩემი ამოცანა საქართველოში ნედლეულის წარმოების განვითარება გახდა. თუ გინდა, შენს ნაწარმს „დამზადებულია საქართველოში“ დააწერო, მისი შემადგენელი ყველა კომპონენტი საქართველოში უნდა იწარმოებოდეს. ჩვენ რომ ჩინეთისა და ინდოეთის ტექნიკა დავაკოპიროთ ნაჭრების წარმოებაში, მათ უკვე იმდენწლიანი გამოცდილება აქვთ ამ საქმეში, რომ კონკურენციას ნამდვილად ვერ გავუწევთ, ამიტომ რაღაც სხვა უნდა მომეფიქრებინა. ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებდი, მაგრამ კვლევების შედეგად გავაცნობიერე, რომ ნებისმიერ ინდუსტრიაში პერსპექტიული „მწვანე მომავალია“. ყველა მიდის იმ აზრამდე, რომ ეკოლოგიურად სუფთა წარმოებასა და ნატურალურ პროდუქციაზე გადავიდნენ. მივხვდი, რომ საქართველოში ჩვენ შეგვიძლია, ნატურალური ქსოვილების ნატურალური მასალით ღებვა განვავითაროთ. ისტორიულად, მეცხრამეტე საუკუნის ნახევრამდე, საქართველოში ნატურალური მასალით იღებებოდა შალი, აბრეშუმი და ასე შემდეგ. დავიწყე შესაბამისი ტექნიკის მოძიება და გათანამედროვება. სამი წელი დამჭირდა ამ საკითხში კარგად გასარკვევად და საბოლოოდ, ჩემს ესპანელ პარტნიორებთან ერთად შევქმენი „კავკასიური ფერები“. ექსპერტებმა გვითხრეს, რომ ამ ნედლეულის ბაზარი ამერიკა და ევროპაა. პირველი სამღებრო სახლი კიკეთში გავაკეთეთ. თებერვალში შევღებეთ აბრეშუმი და შევქმენით უალამაზესი წითელი და შავი კავკასიური ფერი, გავაკეთეთ კოლაბორაცია თამუნა ინგოროყვასთან და მან ჩვენი შეღებილი აბრეშუმით, ულამაზესი რვა კაბა შექმნა, რომელიც პარიზის „ფეშენ-ვიქზე“ წარვადგინეთ. ძალიან მოეწონათ, რამდენიმე ფრანგული და ამერიკული ბრენდი დაგვიკავშირდა თანამშრომლობის სურვილით, მაგრამ ძალიან ცუდი დრო დაგვემთხვა, პანდემიის გამო ყველაფერი ჩაიკეტა. ეს პერიოდი ისევ კვლევებს დავუთმე და შედეგად, მაქსიმუმ, ორ კვირაში შევქმენით პირბადეების კოლექცია ქართველ დიზაინერებთან კოლაბორაციით. აბრეშუმის ქსოვილები, რომლითაც სამშრიან პირბადეებს შევკერავთ სამკურნალო მცენარეებითაა შეღებილი. ეს მცენარეებია: გვირილა, კალენდულა, ევკალიპტი, ალოე. ფერიც სასწაულად ლამაზი გამოდის და თან, მცენარეების სამკურნალო თვისებები ქსოვილებზე გადაგვაქვს. ანუ ვქმნით პირბადეებს, რომლითაც ბევრად უფრო მარტივი იქნება სუნთქვა. ხუთი სხვადასხვა სამკურნალო მცენარისგან შექმნილი პირბადე გვექნება, რომელიც დამზადებული იქნება ნატურალური ქსოვილისა და საღებავისგან. მრავალჯერადი პირბადე, ცხადია, უნდა გაირეცხოს. ერთ-ერთ ქართულ კომპანიასთან, რომელიც საპნებს ხელით ამზადებს, გავაკეთეთ კოლაბორაცია და შედეგად, ნატურალურ პირბადესთან ერთად, ვისაც სურვილი ექნება, შეიძენს, ასევე, სამკურნალო მცენარეებისგან დამზადებულ საპონს, რომლითაც პირის დაბანაც შესაძლებელია და პირბადის გარეცხვას. ჩვეულებრივ, სარეცხი საშუალება, პირბადეს ნელ-ნელა მოაშორებს სამკურნალო თვისებებს და ეს საპონი პირიქით, შეუნარჩუნებს. 

– ძალიან კომპლექსური გეგმები გქონიათ. წლების შემდეგ გაგიჭირდათ საქართველოში დაბრუნება?
– ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი მახასიათებელი აქვს. მე მინდოდა, საზღვარგარეთ მიმეღო განათლება, რომ შემდეგ ჩემს ქვეყანაში გამომეყენებინა – მამამ ამ სულისკვეთებით გაგვზარდა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ამერიკაში წავედი, ჯერ კიდევ 90-იან წლებში. რთული იყო, სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებით მიღებული გამოცდილება იმ საქმის კეთებაში მეხმარება, რომლითაც დღეს ვარ დაკავებული. რთულია ისეთი პროექტი შექმნა, რომელიც კარგ შედეგს მოუტანს, როგორც ჩემს ქვეყანას, ისე მსოფლიოს. ჩემს პროექტებს რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ თავის დროზე ისინი სიახლეს წარმოადგენდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. არ მიყვარს არსებულის დაკოპირება. ინოვატორი მაშინ ხარ, როდესაც ახალს ქმნი. კავკასიის ფერებს რეალური მომავალი აქვს, შესაძლოა, სამღებრო სახლები საქართველოს სხვა რეგიონებშიც შეიქმნას. კომპლექსური გეგმები მაქვს: მინდა, ჩვენი ქვეყანა ცნობილი გახდეს ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მცენარეებით შეღებილი ტექსტილის წარმოებაში, რადგან მასზე მოთხოვნა ძალიან მზარდია.
– ცოტა ბავშვობაც გავიხსენოთ. მამა დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო და ალბათ, საკმაოდ მკაცრად იზრდებოდით.
– კი, გვქონდა წესები, რომელიც აუცილებლად უნდა დაგვეცვა, მაგალითად, 11 საათზე სახლში უნდა ვყოფილიყავით. მამას ყოველთვის უნდა სცოდნოდა, სად და ვისთან ერთად ვიყავით. არ უნდა გვცმოდა ძალიან თანამედროვედ და ექსტრავაგანტურად. მაგრამ ამის მიუხედავად, სამივე და მაინც ვახერხებდით „გავმძვრალიყავით“ და ამის შესახებ დედას ვეუბნებოდით. ერთხელ მამა ისე გაგიჟდა, თქვა, მთელ საქართველოს ვაკონტროლებ და ჩემი ოჯახი რა გახდა, ვერ გამიგია ეს ბავშვები სად დადიანო (იცინის). ყველამ იცოდა, რომ თუ დავაგვიანებდით მამა სახლში გამოგვკეტავდა, მაგრამ მაინც ვახერხებდით გართობას. ჩვენთან, სახლში, ხშირად ვმართავდით წვეულებებს და მამაჩემის ფეხის ხმას რომ გავიგებდით, ყველანი ვჩერდებოდით, ვინც სიგარეტს ეწეოდა, მაშინვე ბუხარში ყრიდა და ძალიან მოწესრიგებულები ვხვდებოდით. მამა წავიდოდა და მერე ისევ ყველაფერს თავიდან ვიწყებდით (იცინის).
– თაყვანისცემლებს არ გიკონტროლებდათ?
– ყველა თაყვანისმცემლის დოსიე სახლში მედო. მეუბნებოდა ხოლმე, შეხედე, ამან რა გააკეთაო. თუ გაიგებდა, ვინმეს მოვწონდი, მეორე დღესვე მასზე სრული ინფორმაციით ბრუნდებოდა სახლში (იცინის). იმ დროს გოგონები ადრე თხოვდებოდნენ და სწავლას საერთოდ ანებებდნენ თავს. იმის მიუხედავად, რომ ბევრი თაყვანისმცემელი გვყავდა და სულ „ლავსთორებში“ ვიყავით გაბმულები, მშობლების დამსახურებით, ჩვენთვის პრიორიტეტი მაინც სწავლა იყო.
– ორი ბიჭი გყავთ. როგორი ხართ დედის ამპლუაში?
– ძალიან მეგობრული ვარ. ბიჭების დედობა ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ჩვენ სამი და გავიზარდეთ და ბიჭი ჩემთვის უცხო ხილი აღმოჩნდა. მათ აბსოლუტურად განსხვავებული ინტერესები აქვთ. მეც ვცდილობ, შვილებს განათლების მნიშვნელობა ავუხსნა. არსად წასვლას არ ვუკრძალავ, მაგრამ უნდა ვიცოდე, სად არიან და როდის მოვლენ. ლაღები და მხიარულები არიან.
– გოგო შვილზე არ გიფიქრიათ?
– სურვილი მაქვს, მაგრამ მარტო სურვილი არაა საკმარისი (იცინის). გოგო კიდევ სხვა მომენტია, თუ მომავალში მეყოლება, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუმცა, ჩემი ბიჭებითაც ძალიან ბედნიერი ვარ.
– საქართველოში განქორწინების შემდეგ დაბრუნდით. არ გაგიჭირდათ ახალ რეალობასთან შეგუება?
– რთული იყო, მაგრამ უფრო რთული ამ გადაწყვეტილების მიღებამდეა. თან, როცა სხვა ქვეყანაში ხარ და გინდა, ყველაფერი დაასრულო და საკუთარ სამშობლოში დაბრუნდე. მინდოდა, აქ ჩემი გეგმები განმეხორციელებინა. გაყრა არაა მარტივი, დარწმუნებული უნდა იყო ამ ნაბიჯის სისწორეში, მაგრამ თუ გადაწყვეტ, ეს ნიშნავს, რომ ამისთვის შინაგანად მზად ხარ. რაც მთავარია, ბავშვებს მამაც უყვართ და დედაც. დედაზე ბევრია დამოკიდებულია, მნიშვნელოვანია, როგორ განაწყობ შვილს. მათ არ უნახავთ, რომ მე ცუდად ან დეპრესიაში ვიყავი. ყველაფერი ნორმალურად ავუხსენი. დღეს უმეტესწილად ჩემთან არიან, მაგრამ არდადეგებზე მამასთან მიდიან ბარსელონაში. ახლაც, პანდემიის მიუხედავად, მოვახერხეთ, რომ თვე-ნახევარი მამასთან გაეტარებინათ.
– არ გიფიქრიათ მეორედ ოჯახის შექმნაზე?
– არ მიფიქრია. როცა შვილები გყავს, მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა უფრო რთულია. მე ცხოვრების ეს პერიოდი ჩემი გეგმების განხორციელებას დავუთმე, რთულია, ამას სერიოზული ურთიერთობა შეუთავსო. მაგრამ, თუ შემიყვარდება, ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებ.
– ბიჭებს როგორი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან?
– ჩემს შვილებს არ აქვთ ამაზე პრობლემა, ვხუმრობთ ხოლმე ამ საკითხზე. როცა გავშორდით, შვილებს ვეუბნებოდი, ძალიან მაგარია, შეიძლება თქვენ ორი მამა და ორი დედა გყავდეთ-მეთქი (იცინის). გააჩნია, როგორ მიუდგები ამ საკითხს. ისინიც სიცილით კვდებიან და არაქართული მენტალიტეტით უდგებიან ამ საკითხს. სულ მეკითხებიან, რა არის, არავინ არ მოგწონსო?! რომ მითქვამს, თქვენ გაიზარდეთ, ამხელა ბიჭები ხართ და ერთი გოგო შვილი ხომ გვინდა-მეთქი, მერე თუ გვინდა, რატომ არავისთან დადიხარო (იცინის). ასე რომ, თუ ვინმე შემიყვარდება, ნეგატიური რეაქცია ნამდვილად არ ექნებათ, პირიქით.
– წარმატებული ქალისთვის გვერდით მამაკაცი აუცილებელია?
– ქალისთვის არ მგონია აუცილებელი. მე ვფიქრობ, პირიქით, მამაკაცი ვერ იქნება წარმატებული, თუ გვერდით ჭკვიანი ქალი არ ჰყავს და ისტორიაც ამას ადასტურებს. გვერდით ჭკვიანი და ძლიერი მამაკაცი ძალიან სასიამოვნოა. მაგრამ რთულია ასეთი კაცის პოვნა. 90-იანმა წლებმა ჩემი თაობის ძალიან ბევრი ადამიანი შეიწირა, ზოგი ფიზიკურად, ბევრმა განათლება ვერ მიიღო და შესაბამისად, ჩემს თაობაში რთულია იპოვო შემდგარი მამაკაცი, ფიზიკურად არაა. თუმცა, არც ესაა ტრაგედია, ძლიერ ქალს მამაკაცის გარეშეც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი