შოუბიზნესი

მადონა კოიძე: მასწავლებელმა ჩამიგდო მესამეკლასელის წერილი, მინდა, მადონა კოიძე გამოვიდეო

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 16:00 20.03

მადონა კოიძე
დაკოპირებულია

მადონა კოიძის "უცნობი მხარე"👇

– ვინ არის მადონა კოიძე?

მადონა კოიძე: უბრალო ადამიანი, რომელიც ნამდვილად არ არის შეპყრობილი ვარსკვლავური დაავადებით.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– ვინც მიყვარს, ყველა კარგად იყოს და თავს ბედნიერად გრძნობდეს. არ მხვდებოდნენ ადამიანები, რომელთაც ელემენტარულად, შიათ – ეს ჩემთვის დიდი სტრესია. აბსოლუტურად ყველას უნდა ჰქონდეს მინიმალური საშუალება.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?

– კი, მიკეთებია. როდესაც გავთხოვდი, ძალიან დიდი ხანი სახლში ვიჯექი, რაც ძალიან მთრგუნავდა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ენას ვისწავლიდი და აქაურ ცხოვრებას მოვერგებოდი. მე ხომ არ ვარ საქართველოში გაზრდილი. აქედან გამომდინარე, დრო დამჭირდა აქ საკუთარი თავის პოვნისთვის. ის პერიოდი მხოლოდ დიასახლისი ვიყავი და ჩემნაირი ენერგიული ადამიანისთვის უმოქმედოდ ყოფნა ძალიან მძიმე იყო.

– რას გააკეთებდით, ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ?

– საოცარ მოხუცთა თავშესაფარს გავაკეთებდი, ეს ჩემი ოცნებაა. ვინც იქ მოხვდება, მინდა; ბედნიერ სიბერეს შეიგრძნობდეს. იქ მოხვედრა ყველას უნდა შეეძლოს.

– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი იყოთ?

– არა, მერწმუნეთ, საქართველო საკმარისია. მიმაჩნია, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და არანაირად არ მინდა ზედმეტი ყურადღების ქვეშ ყოფნა. ამას, დადებითთან ერთად, უარყოფითი მხარეებიც აქვს. ელემენტარულად, რესტორანში რომ შევდივარ, სხვებივით, ძალიან ჩვეულებრივად მირთმევის საშუალებაც არ მაქვს. პოპულარობა დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით მოზარდების წინაშე. მაგალითად, მე ამის გამო მოწევას დავანებე თავი. ბევრისთვის მაგალითი ვარ და სიგარეტით პირში სამაგალითო არ მინდოდა ვყოფილიყავი. ამიტომ შევებრძოლე ჩემს თავს. ეს კიდევ უფრო მეტ მოთხოვნას ნიშნავს საკუთარი თავისგან. სრულყოფილი ადამიანი, რა თქმა უნდა, არ ვარ, მაგრამ ვცდილობ, ჩემს ნაკლოვანებებს ვებრძოლო, რომ ცუდი მაგალითის მიმცემი არ ვიყო.

– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნიათ?

– ალბათ, ბევრია ასეთი. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ლმობიერი ვიყავი და არ უნდა დამეთმო. ზოგჯერ მგონია, რომ ზედმეტად მკაცრი ვიყავი და ჯობდა, ცოტა ლმობიერი ვყოფილიყავი. როდესაც ემოციები გმართავს, რთულია, მხოლოდ გონებას დაემორჩილო და ამის გამო საკუთარმა ქმედებებმა შეიძლება, სინანულიც მოგგვაროს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩემი ხასიათის დადებითი მხარე ისაა, რომ თუკი რამე არასწორად გავაკეთე და ამისგან დაზღვეული არავინ ვართ, შემიძლია, ბოდიში მოვიხადო და ვეცადო, ჩემი საქციელი გამოვასწორო. შეცდომის აღიარება არ მიჭირს, მაგრამ არგუმენტირებულად უნდა ამიხსნან, რომ შევცდი. საბედნიეროდ, მოსმენა კარგი ვიცი.

– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...

– ხშირად, რესტორანში რომ შევდივარ, ყველანაირად ცდილობენ, კარგად მომემსახურონ, მაგრამ შეიძლება, უცებ ჩემს თეფშზე თმა აღმოჩნდეს. ერთხელ ძალიან სასაცილო ამბავი შეგვემთხვა: ქუთაისში ერთ-ერთ რესტორანში მოვხვდი სტუმრად. მათთვის სტრესი იყო ჩემი მისვლა. განსაკუთებულად მომზადებული ხაჭაპური გამომიგზავნეს. რვანაჭრიანი ხაჭაპურიდან ერთი ნაჭერი გადავიღე. ცუდი თვისება მაქვს, ხაჭაპურს დანა-ჩანგლით ვჭამ და როდესაც პირველი ლუკმა მოვჭერი, შიგნით „მეშოკის“ უზარმაზარი ძაფი აღმოვაჩინე ვინ სად წასულიყვნენ, აღარ იცოდნენ. ძალიან დაიძაბნენ, ეგონათ, სამზარეულოში შევუვარდებოდი. არადა, ეს ჩვეულებრივი მომენტია, თუმცა, შევუთვალე, რომ საცერიც არსებობს და ის აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

– ოდესმე რამე მოგიპარავთ?

– არასდროს, არაფერი. შემიძლია თამამად ვთქვა. ეგ კი არა, გამყიდველს შემთხვევით რომ ხურდა გადმოუყოლებია, რამდენად შორს წასულსაც არ უნდა აღმომეჩინა ეს ფაქტი, გამორიცხული იყო, უკან არ მოვბრუნებულიყავი. დღემდე ასე ვიქცევი. მე ვთვლი, რომ სხვისი არავის არაფერი არ შეერგება. ამიტომ მოვიპარავ კი არა, გადმოყოლილსაც არ შევირჩენ. ასეთი რამ გამორიცხულია!

– პაემანზე თავს სახალისო შემთხვევა გადაგხდენიათ?

– კი. შეყვარებულობის დროს ჩემს მეუღლესთან კურიოზებით სავსე ურთიერთობა მქონდა. სიბერეში ბევრი გვექნება გასახსენებელი. ჩემი ქმარი ქუთაისელია, არაჩვეულებრივი იუმორი და სხარტი ენა აქვს. ჩემი შვილი „კავეენის“ გამარჯვებულია. მეც კარგად ვარ იუმორთან, თუმცა, ჩემი შვილი ამას უარყოფს. არადა, „კავეენში“ რომ მიმიწვიეს, წაგებული გუნდი, ჩემთან ერთად, პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ჩემი და ჩემი მეუღლის სახალისო ამბებს, დედაჩემს ჩემი მეუღლე კატეგორიულად არ უნდოდა. დედა ახლაც რუსეთში ცხოვრობს და როგორც ყველა დედას, მასაც უნდოდა, შვილი ახლოს ჰყოლოდა. ამიტომ ნატრობდა, რომ ცოლად რუსეთში მცხოვრებ ქართველს გავყოლოდი. მაგრამ მე ქუთაისელი ადამიანი შემიყვარდა და გადავწყვიტე, იქ გავთხოვილიყავი. ამიტომ დედა მიშლიდა ჩემს მომავალ მეუღლესთან ურთიერთობას. მე უზომოდ მიყვარს ტკბილი, განსაკუთრებით შავი შოკოლადი. ადრე ქუთაისში იყო ებრაელების უბანი, სადაც უცხოეთიდან ჩამოდიოდა განსაკუთრებული ნივთები და ტკბილეულობა. ქუთაისში ბებიასთან რომ ჩამოვიდოდი ხოლმე, ჩემი მეუღლე მიდიოდა ებრაელებში, ყიდულობდა ტკბილეულობას, მე ბინიდან ბაწრით კალათას ჩავუშვებდი, რადგან ისე აკრძალული მქონდა მასთან ურთიერთობა, ის კალათაში ჩამიწყობდა ამ ტკბილეულს და ბედნიერი მე მთელი ღამე ვჭამდი (იცინის). სხვათა შორის, ახლაც ძალიან მზრუნველი მეუღლე მყავს და ზუსტად ვიცი, რომ ზურგს მიმაგრებს, ის ჩემთვის ძალიან დიდი იმედია. ორი წლის წინ წითელა შემეყარა და ძალიან რთულად გადავიტანე. მეგონა, ვერ გამოვძვრებოდი. ერთი წამი არ მომცილებია, სულ გვერდით მყავდა, საკუთარი ხელით მაჭმევდა. საქმით ავლენს ჩემდამი დამოკიდებულებას, თორემ სიტყვებით ჯუჯღუნაა.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– სვანისა და გურული ნაჯვარი ვარ და როდესაც „ვჭედავ“, სულ სასტიკი ვარ. ზღვარს რომ გადავსულვარ, მერე ბევრჯერ მინანია. როცა ბოლოს ინდურ რესტორანში ვიყავი, შესაძლებლობა რომ მქონოდა, საშინელებას ჩავიდენდი. როცა ადამიანის ჯანმრთელობას დებენ სასწორზე, ამას ვერასდროს შევეგუები, ამ დროს უკომპრომისო ვარ.

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?

– ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ მე შევძელი მომავალი თაობისთვის აზროვნების შეცვლა. სერიოზული წვლილი შევიტანე ქვეყნის სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაში. ახალგაზრდებს დღეს ხმამაღლა შეუძლიათ, თქვან, თუ რამე არ მოსწონთ. ჩემი გამარჯვებაა ის, რომ ბავშვები მნიშვნელოვან სტანდარტებს უკვე დიდ ყურადღებას აქცევენ. როდესაც ბავშვი მადონა კოიძეობანას თამაშობს და სახლში სისუფთავეზე ზრუნავს, ეს გამარჯვებაა.

მარცხს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ ბევრი დრო დავკარგე ფუჭად, ბევრის გაკეთება შემეძლო. ამის გამო ვბრაზობ საკუთარ თავზე.

– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე, როგორც კარგი, ისე ცუდი?

– ზოგჯერ ძალიან მაღიზიანებს, როდესაც შეუსაბამო კომენტარებს ვკითხულობ. ადამიანი, რომელსაც თითზე თითი არ დაუკარებია იმისთვის, რომ ერთ ადამიანს მაინც დახმარებოდა, ზის კომპიუტერთან და დაუმსახურებლად მაკრიტიკებს. როდესაც კრიტიკა უზრდელობასა და უზნეობაში გადადის, ძალიან ვბრაზდები. ხშირად კავშირზე გავსულვარ ასეთ ადამიანებთან. მერე შოკში ვარდებიან ხოლმე და ბოდიშს იხდიან. არავის აქვს უფლება უწმაწური სიტყვებით მოგიხსენიოს და შეურაცხყოფა მოგაყენოს. მე ვფიქრობ, რომ ასეთი რამეები დასჯადი უნდა იყოს. თავმოყვარე ადამიანი ვარ და ასეთივე ოჯახი მაქვს, ვის სიამოვნებს მსგავსი რამ?! ზოგს კრიტიკა არ მოსწონს, ზოგს – კარგის მოსმენა. არადა, ჩემთვის მთავარი ობიექტურობაა, ამიტომ მე კარგსაც ვამბობ და ცუდსაც. არ მოგწონს? – სხვა რამეს უყურე. სავალდებულო ხომ არ არის მადონა კოიძის ყურება?! თუ ინტერესი გაქვს და უყურებ, რატომღა ილანძღები?! ასევე, ვღიზიანდები, როცა წერენ, თვითონ რატომ არ უკეთია თავსაბურავიო. მე ამის ვალდებულება არანაირად არ მაქვს, იმიტომ რომ მე საჭმელს არ ვამზადებ. ჩემს საქმეს თავსაბურავი არ სჭირდება. შეიძლება რამე არ მოგწონდეს და ეს დაწერო, მაგრამ უზრდელობაში არ უნდა გადახვიდე. რასაც არ ვიმსახურებ, იმას ვერაფრით ვერ „გავატარებ“.

კარგს რაც შეეხება, უამრავს შეხვდებით კომენტარებშივე. წერენ, რომ საქართველოში ბევრი მადონა კოიძეა საჭირო. ძალიან გამახარა და გამახალისა საახალწლო ხუმრობამ – რა გჭირთ, ხალხო, რა ყველა სახლს ალაგებთ, ახალი წელი მოდის, მადონა კოიძე კი არაო.

როდესაც ბავშვები ცდილობენ მადონა კოიძეობანას, ეს ძალიან მსიამოვნებს. ერთმა მასწავლებელმა ჩამიგდო მესამეკლასელი ბავშვის წერილი. წერდა, მინდა, გამოვიდე პილოტი, მხატვარი ან მადონა კოიძეო. მე მგონია, რომ ასეთი რამ ყველა ადამიანს გაახარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი