შოუბიზნესი

ქეთი ხატიაშვილი: მატყუარებზე მეტად ისეთი ადამიანები არ მიყვარს, სიტყვას პატივს რომ არ სცემენ

№28

ავტორი: ეთო ხურციძე 20:00 20.07, 2022 წელი

ქეთი ხატიაშვილი
დაკოპირებულია

ბლიცინტერვიუ ქეთი ხატიაშვილთან 👇

სახელი: ქეთი.

გვარი: ხატიაშვილი.

პროფესია: სპორტსმენი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– ბავშვობიდან მახსოვს ჩემი პირველი შეჯიბრება უცხოეთში, სადაც მეორე ადგილი დავიკავე. მაშინ, დაახლოებით, 8 წლის ვიყავი, ეს იყო ჩემი პირველი საერთაშორისო შეჯიბრება და დიდი წარმატება, თან, მამა იყო ჩემთან ერთად, რომელიც სამწუხაროდ, ცოცხალი აღარაა და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდიდა ამ დღეს.

– მშობლების როლი...

– ძალიან დიდი როლი მიუძღვით ჩემს აღზრდაში, გაზრდაში, განვითარებაში. მეტწილად დედა იყო ჩართული, რაღაც პერიოდი გაშორებულები იყვნენ და ამიტომ.

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

– პატარაობაში ვოცნებობდი, რომ სტიუარდესა ვყოფილიყავი. პირველი ფრენის შემდეგ ძალიან მომეწონა ეს პროფესია და დიდი ხანი ბორტგამცილებლობა მინდოდა, მაგრამ მერე ჩემი გეგმები შეიცვალა.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– სპორტმა. როცა პროფესიონალურად დავიწყე ვარჯიში, სხვა სფეროზე არც მიფიქრია. გარდა იმისა, რომ სპორტში თავს კომფორტულად ვგრძნობდი, დიდი გულშემატკივარიც ვიყავი. მაინტერესებდა ძველი ტანმოვარჯიშეები და მაშინ მივხვდი, ეს იყო ჩემი მიმართულება. ტანვარჯიშზე თავიდან დედამ შემიყვანა. ჩვენ უკრაინაში ვცხოვრობდით – დედა იქიდან არის. მყავს ჩემზე ერთი წლით უფროსი და. ცოტა პუტკუნა ბავშვები ვყოფილვართ და დედასთვის პედიატრს ურჩევია, რომ სპორტზე შევეყვანეთ. ჩემს დას დიდად არ მოსწონდა ტანვარჯიში, მე – პირიქით, თან გამომდიოდა და დავრჩი სპორტის ამ სახეობაში.

– ადამიანში ვაფასებ...

– სიყვარულის უნარს. ადამიანს განვითარებული უნდა ჰქონდეს სიყვარულის შეგრძნება, მაგრამ მარტო ადამიანის მიმართ არა. უნდა უყვარდეს საკუთარი საქმე, ბუნება, ცხოველები და ყველაფერი, რაც მის გარშემოა. თუ არ გიყვარს, მაშინ არაფერი გამოდის, ამიტომ აუცილებელია, გქონდეს ეს გრძნობა.

– წარმატებული ადამიანი არის...

– რეალიზებული. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პროფესიის იქნება, მთავარია, კარგად ფლობდეს იმას, რასაც აკეთებს და ბედნიერი იყოს ამით. როცა ადამიანი აქტიურია და თავის საქმეში მოთხოვნადი, ამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რეალიზებული ადამიანია წარმატებული.

– მწამს...

– ყველაფრის, სასწაულებისაც მწამს და ზოგადად, რწმენა ძალიან მაძლიერებს. როცა მეგონა, გამოუვალი მდგომარეობა იყო ან ჩემს თავს არარეალური რამ ხდებოდა, იმ დროს ზუსტად რწმენამ მიხსნა.

– მაბედნიერებს...

– ყველაფერი, პატარა წვრილმანები, ბავშვების სიცილიც, რომელიც მთელი დღე პოზიტიურ ხასიათზე მაყენებს, კარგი ამინდი, ადამიანები ჩემ გარშემო და ასე შემდეგ.

– ვრისკავ...

– საკმაოდ რისკიანი ვარ, იმავდროულად, ფრთხილიც, მაგრამ იქ, სადაც სიტუაციას ვაფასებ, აუცილებლად მივდივარ რისკზე. ცხოვრებაში თვალდახუჭული რისკიც მქონია და გაუმართლებია კიდეც.

– მაკვირვებს...

– ბოლო დროს ადამიანები მაკვირვებენ. ყველას ვუსურვებ რეალურ სამყაროში იცხოვროს, სიტუაციისა და საკუთარი თავის რეალური თვითშეფასება ისწავლონ. ადამიანების საქციელი მაკვირვებს, რადგან სამწუხაროდ, ზოგს საერთოდ აღარ აქვს არც რიდი და არც არაფერი. რაღაც ნაწილმა ადამიანობაც კი დაკარგა და ეს მართლა მაკვირვებს.

– ვერიდები...

– ისეთ ადამიანებს, ვისთან საუბარს აზრი არ აქვს, თავი სამყაროში ცხოვრობენ და მორჩა. ზოგადად, სტრესის წინააღმდეგი ვარ და მირჩევნია, ასეთი ადამიანისგან თავი შორს დავიჭირო.

– დღევანდელ საზოგადოებაში დანაკლისია...

– ცოტა განათლების და ურთიერთობის, ეს განსაკუთრებით იგრძნობა პანდემიის მერე. დანაკლისია, ასევე, პატივისცემისა და სიყვარულის. უფრო რომ უყვარდეთ ადამიანებს ერთმანეთი, ბევრად მეტი კარგი საქმე გაკეთდებოდა და გაცილებით ბევრი ადამიანი ივლიდა გაღიმებული.

– ბედისწერა...

– ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ საკითხზე, მჯერა ბედისწერის და იმისიც, რომ ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს. დიდი სხვაობაა იმ ადამიანებს შორის, ვინც ყოველდღე კარგზე ფიქრობს, მუშაობს საკუთარ თავზე, იბრძვის, ცდილობს, რაღაცას მიაღწიოს და ვინც ზის და გამუდმებით ცუდი ფიქრები აქვს. ამ ადამიანების ცხოვრება ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული იქნება. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია პოზიტივითა და დადებითი ენერგიით შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

– რთული პერიოდი...

– მქონია, თან, არა ერთხელ. ვცდილობ, ეს სირთულეები დროს გავატანო და არ ვიმახსოვრებ, ამიტომ დიდად ახლაც არ მინდა ამ ამბების გახსენება. ბევრჯერ მსმენია: რა გიჭირს, სულ კარგ ადგილებში დადიხარ, სულ კარგი სამსახურები გაქვს, საინტერესო მოგზაურობები, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენი ცხოვრებისეული სიკეთეებითა და სირთულეებით, ჩვენც გვაქვს გადასალახი პერიოდები, რადგან ცხოვრება გრძელდება და ერთ ადგილზე ვერ გავჩერდებით.

– სიყვარული არის...

– სიყვარული აძლიერებს ადამიანს. როცა გიყვარს, ერთი ადამიანი აღარ ხარ, ორი ხარ და შესაბამისად, ბევრად ძლიერი. ინდივიდუალური საკითხია, ზოგს ცვლის ეს გრძნობა, ზოგს არა. ნებისმიერ შემთხვევაში სიყვარული კარგი რამეა.

– დრო და სიყვარული...

– ვითარდება დროსთან ერთად, როგორც ადამიანი.

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

– ტყუილი, მაგრამ მატყუარებზე მეტად ისეთი ადამიანები არ მიყვარს, სიტყვას რომ პატივს არ სცემენ. არ შემიძლია ასეთების გარემოცვაში ყოფნა. იმით განვსხვავდებით ცხოველებისგან, რომ ინტელექტი გვაქვს, საუბარი შეგვიძლია და ჰაერზე სიტყვების სროლა არაა კარგი. ადამიანი უნდა იყოს გულწრფელი და პატივს სცემდეს ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ – სხვა დანარჩენს.

– შემშურებია...

– როგორ არა, ეს ძალიან ნორმალურია და ამაში დასამალი არაფერია.

– სამაგიეროს გადახდა...

– ზოგადად, ძალიან სპორტული ხასიათი მაქვს, მამის მხრიდან კახელი ვარ და მეუბნებიან, ძალიან ჯიუტი ხარ, მამას ჰგავხარო. ამას სამაგიეროს გადახდას ვერ დავარქმევ, მაგრამ სპორტში ძალიან მეხმარებოდა შედეგის გაუმჯობესების სურვილი – მინდოდა, მარცხის მერე მალე მოსულიყო შემდეგი ეტაპი, რომ ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. რაღაცას რომ მივაღწევდი და ვიტყოდი, შემთხვევით მოხდა-მეთქი, ამაზე ისე ვბრაზდებოდი, სურვილი მქონდა იგივე გამეკეთებინა, რომ დამემტკიცებინა, შემთხვევითობა არ იყო. ვფიქრობ, ეს კარგი თვისებაა და დადებითად ვიყენებ – მოტივაციისთვის საუკეთესოა.

– ბოდიშის მოხდა...

– ადრე მიჭირდა და რაც ანასტასია მყავს – აღარ. გადავლახე ჩემს თავში ეს სირთულეები, სიჯიუტეც და მივხვდი, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყოფილა. ახლახან ვარჯიშზე მქონდა ასეთი შემთხვევა: ერთი პატარა გოგო ბევრს აცდენდა, რაც ნასწავლი ჰქონდა, დაავიწყდა, ცოტა ეზარებოდა კიდეც და ოდნავ ხმამაღლა დაველაპარაკე. ისიც უცებ მოვიდა მწყობრში და ყველაფერი გააკეთა. ვარჯიშის მერე ჩამეხუტა, მეც მოვუბოდიშე ხმის აწევის გამო და უფრო მაგრად ჩამეხუტა, თან, მითხრა: ვიცი, შენ გინდა, რომ გამომივიდეს და არ მწყენიაო. ერთ სიტყვას შეუძლია, ადამიანები უფრო დააახლოოს და კავშირი გაამყაროს.

– ვნანობ...

– ჩემი ოცნება იყო „დუსოლის“ ცირკის დასის წევრი ვყოფილიყავი, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ცირკი, სადაც ცხოველები არ იღებენ მონაწილეობას. რთულია იქ მოხვედრა, მაგრამ ტანმოვარჯიშეებს ჰქონდათ შანსი. როცა სპორტული კარიერა დავასრულე, კონტრაქტზეც იყო საუბარი, თუმცა უარი ვთქვი. სკოლის დამთავრების შემდეგ ხომ ყველა აბარებს უმაღლეს სასწავლებელში და მეც სწორად მიმაჩნდა, თუ უნივერსიტეტში ჩავაბარებდი, ხომ აუცილებელი იყო, 4 წელი მესწავლა? აი, ამას ვნანობ, რომ უარი ვთქვი ჩემს ოცნებაზე. სულაც არ არის ცუდი, ბავშვმა სკოლის დამთავრებიდან 2-3 წლის შემდეგ ჩააბაროს სასურველ პროფესიაზე.

– ვაგროვებ...

– ჩემი მოსწავლეების ნახატებს და მათგან კარგი მოგონებები მრჩება.

– თავისუფლება არის...

– ვალდებულებების გარეშე ცხოვრება.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ყოველთვის ვცდილობ, ადამიანს ისე მოვექცე, როგორც მე გამიხარდებოდა, რომ მომქცეოდა – ჩემს თავს ვაყენებ ხოლმე მის ადგილას. ეს არის ყველაზე კარგი რჩევა, რომელიც დავიმახსოვრე და ვცდილობ, ყოველთვის გავითვალისწინო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი