შოუბიზნესი

გოდერძი შარაშია: ბევრი ბიჭისგან გამიგია: აუ, ბიჭო, კარგი ოჯახის შვილი იყო, ფულიანი და მოგეყვანა ცოლადო

№16

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 28.04, 2021 წელი

გოდერძი შარაშია
დაკოპირებულია

გოდერძი შარაშია „იმედზე“ კიდევ ერთი ახალი გადაცემის წამყვანი გახდა. მრავალი წელია, ის ჟურნალისტურ საქმიანობას ეწევა, თუმცა რეალურად სულ სხვა პროფესია აქვს და იყო დრო, როცა ჟურნალისტიკაზე არც კი ფიქრობდა.

გოდერძი შარაშია: ეს პროექტი, რუბრიკის სახით, დიდი ხანია, გადის შაბათ-კვირას დილის ეთერში. ახლა, უბრალოდ, ცალკე გადაცემის ფორმა მივეცით და „დედაქალაქი“ დავარქვით, რადგან თბილისის ამბებს ეხება. გადაცემა ეთერში ოთხშაბათობით გავა. ჩვენი პირველი სტუმარი დედაქალაქის მერი იყო. თემებს წინასწარ არ დავგეგმავთ. ოთხშაბათობით მთავრობის სხდომაზე რა საკითხიც იქნება აქტუალური, გადაცემას იმაზე გავაკეთებთ, ასე უფრო ცოცხალი გამოვა. არანაირი პოლიტიკა, მხოლოდ სოციალური და სამეურნეო მიმართულება გვექნება. მოვყვებით, სად არის გზა დასაგები, სად ჩამოინგრა კედელი, ანუ რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი ჩვენს ქალაქში.

– დავიწყოთ სულ თავიდან – გოდერძი მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ბავშვი ყოფილა. ჟურნალისტიკა როგორ იქცა მთავარ საქმედ?

– სულ სხვა პროფესიებზე ვფიქრობდი. მინდოდა, ვყოფილიყავი არქეოლოგი, ექთანი, მაღაზიის გამყიდველი... საბოლოოდ თეატრალურში ჩავაბარე, პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ. უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, „პირველ არხზე“ გამოცხადდა კონკურსი და მივედი, რადგან წერა და ამბების მოყოლა მეხერხებოდა. იქ დავიწყე პრაქტიკის გავლა – ჟურნალისტს მივყვებოდი ჩაწერებზე, დაბრუნებული ვწერდი ტექსტს და რედაქტორს ვაჩვენებდი. რაღაც პერიოდის შემდეგ, მითხრეს, გტოვებთ, რადგან ყოველი შენი მომდევნო ტექსტი წინას ჯობს და დაგაკვირდებითო. მერე უკვე რეპორტაჟებს დამოუკიდებლად ვაკეთებდი. მახსოვს, საქართველოში უცხოური დელეგაცია იყო ჩამოსული და შევარდნაძემ რომ აეროპორტში გააცილა, ვარკეთილში შუქი ჩართეს და ამ ფაქტით გაბედნიერებული ხალხი ჩავწერე. სიუჟეტი მთავრდებოდა ფრაზით, ვარკეთილის მოსახლეობას ახლა აინტერესებს, როდის ჩამოვა შემდეგი სტუმარი (იცინის). ამის შემდეგ არაერთ ევროპულ და აზიურ არხზე მივიღე გამოცდილება, „ბიბისიზე“ ერთწლიანი პროგრამა გავიარე. ძალიან ღრმად ჩავიხედე ამ პროფესიაში და დღეს ეს ცოდნა მაძლევს საშუალებას, უნივერსიტეტში სტუდენტებს ლექციები წავუკითხო.

– ეს კითხვა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ გკითხავთ: დღეს ბევრისგან მსმენია, რომ ჟურნალისტობას არ სჭირდება ამ მიმართულებით განათლების მიღება. ბევრი პროფესიის წარმომადგენელი დაკავდა ამ საქმით და რატომ ჩათვალე საჭიროდ ამდენი ეტაპის გავლა?

– იმიტომაც არის დღეს ქართული მედია ამ დღეში. დღევანდელი ახალი ამბების 70 პროცენტი „როგორც ამბობენზე“ კეთდება. ქართული მედია „ფეიქ ნიუსებით“ არის გაჯერებული. კარგი წამყვანი ის არის, ვინც თავის დროზე კარგი რეპორტიორი იყო. სახელმწიფო უწყებაში რომ მუშაობდი და უცებ ჟურნალისტი გახდი, ის ფაქტი, რომ თავად ამბობ, ჟურნალისტი ვარო, ბევრს არ ნიშნავს. ამ პროფესიას ძალიან ბევრი სწავლა სჭირდება როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. დღეს ადამიანები რეიტინგების გამო ყველაფერს კადრულობენ. ეთიკის ნორმები საერთოდ უგულვებელყოფილია. ჩემია-სხვისიას არ ვაკონკრეტებ, ზოგადად, ძალიან ცუდი ამბები ხდება. თუმცა პესიმისტი არ ვარ, ვხედავ, რომ ჩემს თუ კონკურენტ არხებზე, კარგი ჟურნალისტებიც გვყავს. ბევრგან ჩემი სტუდენტები არიან და ძალიან მიხარია, როცა მათში სწორ მიდგომებს ვხედავ. თითოეულ მათგანს ვეუბნები, სანამ მაყურებლამდე მიიტანენ აუცილებლად გადაამოწმონ ინფორმაცია.

– ოჯახის წევრები რას პროგნოზირებდნენ გოდერძის მომავალთან დაკავშირებით?

– ჰუმანიტარი ვიყავი – ეს კარგად იცოდნენ ჩემებმა და ტექნიკური მიმართულების არჩევა არც დაუძალებიათ. დავდიოდი ყველაფრის წრეზე, რაც კი არსებობდა. იქნებოდა ეს მხატვრული კითხვა, მუსიკა, გიტარა, პიანინო და ასე შემდეგ. ძალიან აქტიური და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი. სკოლის სახელმძღვანელოს გარდა, ბევრს ვსწავლობდი კლასგარეშე ლიტერატურიდან. დედა ბიბლიოთეკაში მუშაობდა და წიგნებზე ძალიან მარტივად მიმიწვდებოდა ხელი. ერთხელ ბიბლიოთეკიდან ჩემი ასაკისთვის შეუსაბამო წიგნი წამოვიღე. მოვუსმინე, როგორ უყვებოდა მამა ბიძას ამ წიგნის შესახებ, დამაინტერესა, სახელი დავიმახსოვრე, წავედი ბიბლიოთეკაში და მოვიპარე. ფიზიკის მასწავლებელმა მიპოვა – ფიზიკის წიგნი სახლში დამრჩა. აბა, რა წამოიღეო, – მითხრა, ჩაიხედა ჩემს ჩანთაში და ეს წიგნი დაინახა. ამას დიდი ამბავი მოჰყვა: რატომ კითხულობს ბავშვი შეუფერებელ ლიტერატურასო?! ბიბლიოთეკიდან წიგნის მოპარვაც ხომ არ იყო პატარა ამბავი?! თუმცა მაინც წავიკითხე ის წიგნი. ახლაც მახსოვს, რომ იტალიაში ხდება მოქმედება, ცოტა გარყვნილ სასულიერო პირებს ეხება საქმე (იცინის).

მგონია, რომ ჩემი ყველაზე კარგი თვისება მოთმინების უნარია. ვფიქრობ, რომ მოთმინებამ მომიტანა წარმატება ყველა მიმართულებით. ეს შემიძლია, ვთქვა როგორც საქმის, ისე ოჯახსა თუ მეგობრებთან მიმართებაში. არ გამოვა დღეს? გამოვა ხვალ!

– ჩვენს რეალობაში, ოჯახურ ურთიერთობებში, ალბათ, მეტწილად ქალები თმობენ. თქვენს ოჯახში როგორაა?

– ეს მავნე დამოკიდებულებაა. საქართველოში თაობებს მოუწია მონობაში ცხოვრება და ამან იმოქმედა ჩვენს მენტალობაზე, რაღაცები ტრადიციებში დაილექა. ვინ ვისი უფროსია, ვინ ვისი ნეკნისგან შეიქმნა – მსგავსი სისულელეები დარჩა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს აზროვნება მხოლოდ ბაბუების თაობაშია, რეგიონებში ჩემს თანატოლებშიც კი არის ასეთი მიდგომები. ამიტომაც არის, ქმარი რომ ცოლს კლავს, მამა – შვილს და შვილი – დედას. ეს არის დაბალი განათლების დონით გამოწვეული პრობლემა. ამ მხრივ, ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გვაქვს. მეცინება ხოლმე, რომ ამბობენ ოცდამეერთე საუკუნეაო. ამას რომ ამბობ, პარალელურად, რამეს აკეთებ ცვლილებისთვის? ერთ-ერთ უნივერსიტეტში მასტერკლასზე დამპატიჟეს, სადაც ერთმა სტუდენტმა მითხრა, მე ალტერნატიულ მუსიკას ვუსმენ. ერთ მშვენიერ დღეს თმა გადავიპარსე, დახეული ჯინსები ჩავიცვი, საყურე გავიკეთე, რადგან ამ მუსიკის მიმდევრები ასეთები არიანო. ამის შემდეგ მამასთან პრობლემები შემექმნა, რადგან მეზობლებმა თქვეს ჩემზე, მგონი, არატრადიციული ორინეტაციისააო და ახლა ოჯახთან აღარ მიმესვლებაო. ვკითხე, რა გააკეთე იმისთვის, რომ მეზობელ ქალებს სცოდნოდათ, რატომ გაცვია ასე და ატარებ საყურეს-მეთქი? რა უნდა გამეკეთებინაო? მაგალითად, გაგეღო ფანჯარა და ჩაგერთო ხმამაღლა ეს მუსიკა, მეზობლები გაიგონებდნენ, გკითხავდნენ, რას უსმენ, შენ ეტყოდი, თან ეზოში ცოდნას შეიტანდი. შემდეგ იმასაც ეტყოდი, როგორ აცვიათ ამ მუსიკის მსმენელებს და ერთ მშვენიერ დღეს, როცა საყურეს გაიკეთებდი, მანანა დეიდა ეტყოდა ნათელას, რომ ბავშვს ისე ჩაუცვამს, როგორც იმ მუსიკის მსმენელსო. აღარავის გაუჩნდებოდა ეჭვები შენს ორიენტაციაზე-მეთქი. აქ მეორე პრობლემაცაა – განსხვავებულის მიუღებლობა და საერთოდ, ამ ერთ ამბავში ბევრი პრობლემაა.

– როგორ დგას თქვენს ოჯახში გენდერული თანასწორობის საკითხი?

– მარტივად. ჩვენ არ ვფიქრობთ, ვინ რომელი საქმე უნდა გააკეთოს. მე არ ვიცი, რომელი ფხვნილით უნდა გავრეცხო კონკრეტული ტანსაცმელი, მეუღლემ იცის, მაგრამ სამაგიეროდ, შემიძლია, მათი თოკზე დაკიდებაც და ჩამოხსნაც. საჭმლის გაკეთებაც ვიცი და საავადმყოფოდან დაბრუნებულ მეუღლეს, შემიძლია, ძალიან გემრიელი კერძი დავახვედრო. ყავის მოდუღებაც ვიცი და ბაზრიდან პროდუქტების მოტანაც. ჩემმა ცოლმა უთოს შეკეთება იცის, რაც მე არ გამომდის.

– ბევრი წელია, ერთად ხართ, რისი დამსახურებაა ეს?

– მოთმენა, გაგება და საერთო ინტერესებია ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთი თუ ალთას არის და მეორე – ბალთას, ბავშვი ბებია-ბაბუასთან იზრდება, ყველა თავისთვის ჭამს, ეს ოჯახური გარემო არ არის. მე ძალიან მიყვარს ერთად ჭამა, საყიდლებზე ერთად სიარული. ჩემი მეუღლე რომ კაბას ყიდულობს, მე მასთან ერთად ვარ და მე რომ შარვალს ან ფეხსაცმელს ვყიდულობ, ის მომყვება – ასე დავდივართ ოცი წელია. ოჯახის სპონტანურად შექმნა არასწორი მგონია. მომეწონა და ცოლად მოვიყვანე – ამ პრინციპით შექმნილი ოჯახები მარტივად ინგრევა. ჩემთვის ოჯახის დანგრევა პრობლემაა, მით უმეტეს, როცა უკვე შვილი ჰყავთ. კაცს სხვა ქალი უნდა, ქალს – სხვა კაცი, ვიღაცამ რაღაც არ მოითმინა, რაღაც დააკლო – მიზეზები, რა თქმა უნდა, არსებობს და ამიტომ ინგრევა ოჯახები და იქმნება ახალი. ჩემთვის ეს პრობლემაა, რომელიც ძალიან დიდ სტრესსა და განცდებს უკავშირდება. გიყვარდა ადამიანი, უცებ აღარ გიყვარს და სხვა გიყვარს – მე ამას ვერ ვიგებ.

– ოჯახისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნება – გასაგებია, მაგრამ ოცი წლის განმავლობაში სიყვარული ნარჩუნდება მთელი თავის რომანტიკით?

– შეიძლება, უკეთესიც გახდეს. თუ გაახუნებ და გააუბრალოებ, შესაძლოა, რამდენიმე დღეშიც გაქრეს. მოთმენა და პატივისცემაა ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანს რომ ცოლად მოიყვან ან მისთხოვდები, სამი თვის შემდეგ, უცებ რა იცვლება?! სოციალური მდგომარეობაც ბევრს განსაზღვრავს. ბევრი ბიჭისგან გამიგია: აუ, ბიჭო, კარგი ოჯახის შვილი იყო, ფულიანი და მოგეყვანა ცოლად, რა სულელი ხარ! გოგონებისგან – აუ, რა კარგი მანქანა ჰყავს! ეს ფაქტორები დიდ როლს თამაშობს. თუმცა, ეს არაა მხოლოდ საქართველოს პრობლემა, მთელ მსოფლიოში ასეა. ვიღას უკვირს ოჯახის დანგრევა და ხელმეორედ შექმნა, მაგრამ ბევრი მეგობარი მყავს უცხოეთშიც, რომლებიც ასევე, დიდ ტრავმად აღიქვამენ ოჯახის დაშლას. ძველად ძალიან დიდი დოზით იყო ოჯახური ურთიერთობების პატივისცემა, ხანგრძლივი ქორწინებები. ადამიანები ახლა ხუთ წელიწადში ექვს ქორწინებას ასწრებენ და ვინ გაარკვევს, რომელია ნორმალური?! მე მგონია, რომ ხანგრძლივი თანაცხოვრება, კარგისა და ცუდის ერთად გავლაა. ხუთ წელიწადში რომ ხუთ ოჯახს ქმნი, ეს არ ვარგა, მე ეს არ მომწონს. რამდენი იტყვის, შენ ვინ გკითხავსო?! არც არავინ, მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე მყარი ოჯახები მომწონს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი