შოუბიზნესი

გიორგი ვარდოსანიძე: როგორც კი გაიაზრებ და შეეგუები რა ნაგავიც ხარ, მაშინ იწყება ჰარმონია

№16

ავტორი: ქეთი მოდებაძე 16:00 28.04, 2021 წელი

გიორგი ვარდოსანიძე
დაკოპირებულია

გიორგი ვარდოსანიძემ, პანდემიის მიუხედავად, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მოახერხა, სახელწოდებით – „ბიჭუნა“. ტელევიზიაზე რამდენიმე წელია, უარი თქვა და საკუთარ პროექტებს გამომწერებს სოციალურ ქსელში უზიარებს.

გიორგი ვარდოსანიძე: პანდემიიდან გამომდინარე, გაგვიჭირდა, მაგრამ რადგან გადაღებები, ძირითადად, ქალაქგარეთ გვქონდა, მაინც მოვახერხეთ ფილმის დასრულება. ეს არ არის განაცხადი ჩემი მხრიდან – „ფილმი გადავიღე“, ასე თამამად სრულმეტრაჟიან ფილმსაც ვერ დავარქმევ და არც რეჟისორობის ამბიცია მქონია. მე სტუდია „პრაიმ ტივიში“ ვასწავლი, ამ ფილმში ჩემი მოწაფეები თამაშობენ და მისი გადაღება მიღებული ცოდნის კამერის წინ გამოყენებას ემსახურება.

– ბოლო პერიოდში კარგად აითვისე სოციალური სივრცე – „პოდკასტებს“ წერ, „ვლოგებს“ იღებ... ერთი პერიოდი ძალიან აქტიური იყავი ეკრანზე, რატომ შეიცვალე მიმართულება?

– სამი-ოთხი წელია, ტელევიზიიდან წამოვედი და ნებისმიერ შემოთავაზებაზე უარს ვამბობ. აღარ მინდოდა დაბრუნება ორი მიზეზის გამო: ყველა ტელევიზიას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა – ადამიანისთვის, რომელსაც არცერთი მხარე არ აინტერესებს, ეს არ იყო მისაღები და გადავწყვიტე, გავმიჯნოდი. რაც შეეხება თანხას, მივხვდი, რომ ამ გზით იმაზე მეტი შემეძლო მეშოვა, ვიდრე ტელევიზიაში. თან, ისე, რომ ჩემი თავის უფროსი მე ვყოფილიყავი და ნერვებიც არ მომშლოდა – ამიტომაც გადმოვინაცვლე აქ. დღეს მაქვს „იუთუბ არხი“, სადაც სხვადასხვა პროექტს ვაკეთებ.

– ამას ტელევიზიაზე მეტი შემოსავალი მოაქვს?

– ტელევიზიას არ აქვს ცუდი შემოსავალი, მაგრამ იქ რაღაც პროექტებზე ხარ მიჯაჭვული და გინდა, არ გინდა, ვიღაცას შეჰყურებ ხელში. მერჩივნა, ჩემს თავზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. ამიტომ შევკარი გუნდი და ბევრი პროექტი მოვსინჯე. ასე რომ, „იუთუბში“ გიორგი ვარდოსანიძე რომ ჩაწეროთ, ჩემს არხს ამოგიგდებთ. ახლა დავიწყე „პოდკასტების“ ჩაწერა, დიდი ხანია, ამის გაკეთების სურვილი მქონდა. ძალიან კარგად მიდის საქმე და მინდა, საქართველოში ნომერ პირველი გავხადო. ეს არის დაუგეგმავი საუბარი. საითაც წაგიღებს დიალოგი, იქით გაჰყვები და ესაა საინტერესო. მაგალითად, თუ ცნობილი მომღერალი მოგყავს, არ ნიშნავს, რომ აპრიორი პროფესიაზე ესაუბრები. უფრო მნიშვნელოვანია, წინ პერსონა წამოწიო. „პოდკასტს“ დიდი ქრონომეტრაჟი აქვს – საათნახევარი-ორი საათი და ყველაზე მეტად მაინტერესებდა, ბოლომდე რადენი ადამიანი უყურებდა. ძალიან გამიხარდა, როცა ვნახე, რომ ხალხმა ბოლომდე უყურა და კომენტარებში წერდნენ, ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყოო.

– ნათქვამი გაქვს, ორმოცი წლის ასაკში აუცილებლად მილიონერი ვიქნებიო. „იუთუბი“ ნამდვილად არის ის სივრცე, სადაც ბევრ ფულს შოულობენ – ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც არჩევანი მასზე შეაჩერე?

– როცა ამას ვამბობდი, კონკრეტული გეგმა, როგორ გავხდებოდი მილიონერი, არ მქონდა. დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამას „იუთუბის“ ხარჯზე ვაპირებ ან არ ვაპირებ. თუმცა, ფულის გამომუშავებისა და მონეტიზაციისთვის ინტერნეტში ბევრად დიდი რესურია, ვიდრე ტელევიზიაში.

– რამდენი წელი დაგრჩა?

– რვა წელი და არ არის ცოტა. ეს ჩემი მიზანიცაა და მოტივაციაც, მაგრამ რომ ვთქვა, ამაზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ-მეთქი, არ იქნება მართალი. მთავარია, თავი კომფორტულად ვიგრძნო და მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ. დანარჩენიც მოვა.

– ამბობ ხოლმე, რომ საკუთარ თავს ჩვენი შოუ-ბიზნესის ნაწილად არ მიიჩნევ. რა იგულისხმება ამაში?

– კი, ბატონო – მე არ ვარ ამ შოუ-ბიზნესის ნაწილი. შოუ-ბიზნესი ჩემთვის ორგანიზმია, რომელიც სხვა წესებით ცხოვრობს. მე უფრო თეატრალი ვარ. მესმის, რადგან შოუები მიმყავდა, სატელევიზიო პროექტებში ვიყავი და ასე შემდეგ, ეს კლიშე მომეწება. მაგრამ მე არ მიმაჩნია თავი იმ „ტუსოვკის“ ნაწილად, რასთანაც ჩემთვის შოუ-ბიზნესი ასოცირდება. ეს არ ნიშნავს ცუდ ან კარგ ტუსოვკას – ეს, უბრალოდ, არის ტუსოვკა, რომელსაც მე არ მივეკუთვნები. ბევრს ვიცნობ, ბევრი ჩემი მეგობარია, გეგმებიც მაქვს მათთან ერთად, მაგრამ მე უფრო თეატრალი ვარ, ვიდრე შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი. ეს იგივეა, ფეხბურთელი დაგარქვან, რადგან უბანში ფეხბურთი გითამაშია.

– ბოლო პერიოდში განხილვის თემა გახდა მისალოცი ვიდეოები და მათი ღირებულება. ერთ-ერთ გვერდზე იდო ინფორმაცია – გიორგი ვარდოსანიძისგან ვიდეომილოცვა 99 ლარი ღირსო და ამას ირონიული გამოხმაურებაც მოჰყვა.

– ბლოგერ გურამ შეროზიას ედო ეს პოსტი, ჩამიგდეს, გადავხედე, გამეცინა. ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ისე გაიგებს, როგორც უნდა. მგონი, მას შეეშალა, ეგონა, რომ მე სახლში ვზივარ და რომ მწერენ, ვიღაცისთვის მისალოცი ვიდეოს ჩაწერას, ვპასუხობ: ჩამირიცხეთ 99 ლარი და კი ბატონო, ჩაგიწერ. სინამდვილეში არის საიტი, რომელიც საქართველოში ახლა გაჩნდა, მაგრამ მსოფლიოში დიდი ხანია, არსებობს და მისი საშუალებით შეგიძლია, ნებისმიერ ვარსკვლავს ჩააწერინო ვიდეომილოცვა. საიტზე არის სელებრითების ჩამონათვალი და ეს მომსახურება ხუთასი-ათასი დოლარი ღირს. ვიდეო ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ ობამასაც შეგიძლია, ჩააწერინო. შენ უგზავნი ტექსტს, იხდი თანხას და ის ადამიანი აუდიო ან ვიდეოვერსიას გიწერს. ეს მეთოდი სელებრითებზე არის აგებული. ქართველებმაც გააკეთეს იგივე – ბევრ ცნობილ ადამიანს შორის ერთ-ერთი მე ვარ.

– ბევრს აქვს დამოკიდებულება – „ქართველები ვართ, ძმაო, და ვიღაცას რომ ორი სიტყვით დაბადების დღე მიულოცო ჯიგრულად, ამაში ფული როგორ უნდა აიღო?!“

– არასწორი აღქმის ამბავია. მე ყოველდღე ვწერ ასეთ ვიდეოებს. მილიონჯერ ჩამიწერია უფასოდ და თუ ასეთი თხოვნა პირადად ჩემამდე მოვიდა, ახლაც ჩავწერ, მაგრამ ხალხი ერთ რამეს ვერ მიხვდა: ჯერ ერთი, არ ვიცი, სხვას როგორი პროცენტი აქვს, მაგრამ ერთ მილოცვაში 100 ლარიდან 50 ლარია ჩემი – საიტი მომსახურებისას იღებს, მაგრამ აქცენტი სხვა რამეზეა: როდესაც ადამიანები ტელევიზორში მიყურებენ, ვერ აღიქვამენ, რომ მე იმაში ხელფასს ვიღებ. შესაბამისად, ჩემი გამოჩენა მონეტიზირებულია. თეატრში ჩემს სანახავად რომ მოდის ადამიანი, სიმბოლურად, ათ თუ ოც ლარს იხდის, ანუ, ისიც მონეტიზირებულია. ნებისმიერი ჩემი გამოჩენა, თუ ეს ჩემი სურვილი არ არის, არის მონეტიზირებული. მე რომ კორპორატიულს წამაყვანინებ ან სხვა რამეს გამაკეთებინებ – მილოცვა იქნება, ლექსის წაკითხვა თუ ასე შემდეგ – ეს არის მონეტიზირებული. ვიმეორებ, მილიონჯერ ჩამიწერია და კიდევ ჩავწერ უფასოდ, მაგრამ ეს ფორმაც არსებობს და ეს ჩვენი პროფესიის ერთ-ერთი ასპექტია. ეს მეთოდი ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს ამერიკაში, რამაც ჩვენ დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალება მოგვცა, ვიღაცებს კი – უფრო მარტივად გახარების. მგონია, რომ „ჯიგრული“ არ გვესმის სწორად, მე ვალდებულება მხოლოდ მშობლებთან მაქვს. დანარჩენი ჩემს ნება-სურვილზეა დამოკიდებული. ჯიგრულობა იქ მთავრდება, სადაც – ადამიანის კეთილი ნება. მე თუ ვარ ხასიათზე, მინდა, ჯიგარი ვიქნები, მინდა – არა. ეს ჩემი გადასაწყვეტია და ვინ რას იფიქრებს, ეს ჩემთვის საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი.

– ცხოვრების წესსზეც ვისაუბროთ – რაღაც პერიოდი სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში. შემდეგ მოეშვი და ახლა ისევ გააქტიურდი...

– ვცდილობდი, სპორტი სულ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მხარზე მაქვს სერიოზული ტრავმა, ამოვარდნილია ისე, რომ ვეღარ ეშველება. რამდენიმე წლის წინ გასტროლზე ამომივარდა და მას შემდეგ ვიცი, რომ ხელი ძალიან ზემოთ არ უნდა ავწიო, თორემ ისევ ამომივარდება. ამის გამო სპორტის სახეობებში შევიზღუდე და მოვეშვი. ერთი პერიოდი წონაც ძალიან გამექცა. მერე „აღმოვაჩინე“ კრივი და მივხვდი, რომ ყველაზე მეტად მომწონს, თან ჩემი ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგია. ისევ ჩავდექი ფორმაში და ახლა მეტ-ნაკლებად ყველაფერს ვაკონტროლებ. მაგრამ ამ ტრავმამდე გაცილებით მოქნილი ვიყავი, სალტოებისა და ნებისმიერი ტრიუკის გაკეთება შემეძლო. ახლა თეატრში დოი სპექტაკლს რომ დგამს, იცის, რომ ჩემთვის რაღაცების გაკეთება არ შეიძლება. ძალიან ბევრჯერ ამომივარდა მხარი და მისი ჩასმა ცალკე საკითხია.

– ხიფათიანი ხარ?

– ბავშვობაში ვიყავი ხიფათიანი. 17 წლის ასაკში უბანში ჭიდაობისას ლავიწი მოვიტეხე და ცუდად შევიხორცე. ხუთი წლის შემდეგ, არასწორად შეხორცების გამო, ჰაერი დამიგროვდა და ერთ დღესაც, შოტლანდიაში გასტროლზე შუა სპექტაკლის დროს ტრიუკს ვასრულებდი, ხელი ამიცურდა, შემომიტრიალდა და მერე რაც მოხდა, უკვე კოშმარი იყო. 17 წლის ასაკში რომ ლავიწი არ მომეტეხა, ეს არ მოხდებოდა, მაგრამ ახლა მაქსიმალურად ვუფრთხილდები თავს.

– რამდენიმე წელია, დაქორწინებული ხარ...

– კარგად ვარ, მშვენივრად ვგრძნობ თავს.

– მექალთანის იმიჯი გქონდა, მაგრამ რამდენიმე წელია, მშვიდად მიდის ცხოვრება, როგორ დალაგდა ყველაფერი?

– ყოველთვის დალაგებული იყო – მე ასე ვთვლი. ჩემს პირადში ყოველთვის მშვიდობა იყო. რიგითი ბიჭის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ვიღაცები რაღაცებს იგონებდნენ არ იგონებენ, ეს არ არის ჩემი პრობლემა. მშვენიერი პირადი მქონდა, რაც თავი მახსოვს და დღესაც ასეა.

– საკუთარ თავთან კომფორტულად ხარ?

– უკვე დიდი ხანია ჩემს თავთან ჰარმონიაში ვარ. როგორც გაიაზრებ და შეეგუები, რა ნაგავიც ხარ, მაშინ ჰარმონია იწყება. მე დიდი ხანია, ვიცი ჩემი ცუდი თვისებებიც და კარგიც. ცუდი ბევრად მეტია, მაგრამ ვცდილობ, გამოვასწორო და კარგი გავამრავლო. შიდა ბრძოლები – როცა ვერ იგებ, ვინ ხარ და რა გინდა, დიდი ხანია, დამთავრებულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი