შოუბიზნესი

გიორგი ძოწენიძე: მია ახერხებს, რომ ის რომანტიკა და სიყვარული, რამაც ოჯახი შეგვაქმნევინა, არ დავკარგოთ

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 20:00 25.03

გიორგი ძოწენიძე
დაკოპირებულია

მომღერალ გიორგი ძოწენიძის ცხოვრებაში ბოლო პერიოდში ბევრი სასიამოვნო სიახლეა, რომელთა შესახებაც ამ ინტერვიუში წაიკითხავთ.

გიორგი ძოწენიძე: ჯგუფი ცოტა ხნის წინ დავბრუნდით პარიზიდან. „ურსას“ კონცერტი გვქონდა და ბიჭებმა გადავწყვიტეთ, რომ პარიზში, სიყვარულის ქალაქში ჩვენი მეუღლეების გარეშე წასვლა დიდი დანაშაული იქნებოდა. ამიტომ მეორე ნახევრებთან ერთად გავემგზავრეთ და ყველამ ერთად, არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. კონცერტმაც ძალიან კარგად ჩაიარა. იქაურ ქართველ ემიგრანტებს შევხვდით, ჩავეხუტეთ, თბილი სიტყვები გავცვალეთ და ამის პარალელურად, მშვენიერი დასვენებაც გამოგვივიდა.

– მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები და ვიდეოები ხშირად ექცევა ყურადღების ქვეშ სოციალურ ქსელში და ბევრი უსვამს ხაზს თქვენს განსაკუთრებულ სიყვარულს. როგორ ინარჩუნებთ რომანტიკულ ურთიერთობას?

– საბედნიეროდ, ყველაფერს კარგად ვახერხებთ. ეს ჩემი მეუღლის დამსახურებაა. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ერთდროულად ბევრ რამეზე იზრუნოს, მაგალითად, ოჯახზე, ბავშვებზე, სიყვარულზე, რომანტიკაზე. ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთი რამ, მაგრამ ჩემი მეუღლის დახმარებით ვახერხებ, ეს მისი ძალისხმევის შედეგია. ყველაფერს ვასწრებთ – ორი შვილი გვყავს, მარტოები ვცხოვრობთ, არავინ გვეხმარება, ანუ, აღმზრდელი არ გვყავს. ხანდახან ბებიებს ვუტოვებთ, მაგრამ ძალიან იშვიათად, ყველაფერს თვითონ ვუმკლავდებით და ამის მიუხედავად, მია ახერხებს, რომ დრო ერთმანეთისთვისაც გამოვყოთ და რომანტიკა და სიყვარული, რაც ერთმანეთის მიმართ გვაქვს, რამაც ოჯახი შეგვაქმნევინა, არ დავკარგოთ.

– როგორც ჩანს, მია ძალიან კარგი მეუღლეა. რას ამბობს ის გიორგიზე?

– ვცდილობ, რაც კი თავისუფალი დრო მაქვს, ჩემს ოჯახში გავატარო. თუმცა, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს და მეგობრები უკვე მეჩხუბებიან იმის გამო, რომ მათ მონახულებას ვერ ვახერხებ. ასეა, რადგან როგორც კი დრო გამომიჩნდება, ვცდილობ, სახლში გავატარო. ეს შეიძლება, დღეში, მაქსიმუმ, ორი საათი იყოს. ბუნებრივია, მეც და ოჯახსაც გვირჩევნია, ერთად უფრო დიდხანს ვიყოთ, მაგრამ საერთო საქმისთვის, ოჯახისთვის, წინსვლისთვის, წარმატებისთვის, აუცილებლობა მოითხოვს, ამჯერად ასეთი ცხოვრების ტემპი მქონდეს. სხვა მხრივ, ვცდილობ, კარგი მეუღლე და მამა ვიყო. ღმერთის წყალობით, იმედია, ასე თუ ისე, გამომდის.

– როგორ შეცვალა თქვენი ოჯახური ცხოვრება მეორე პატარას დაბადებამ?

– რაც ანიტა, ჩვენი პირველი შვილი დაიბადა, მას შემდეგ ვამბობდი ხოლმე, ენერგია გამიასმაგდა-მეთქი. შვილი უშრეტი ენერგიის წყაროა და როცა მშობელი ხდები, ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. ანდრიას დაბადების შემდეგ ეს ენერგია კიდევ უფრო გაიზარდა. მათ რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ მათი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ცხოვრებაში არაფერია ისეთი, რის გაკეთებასაც ამათ გამო ვერ შევძლებ. ყველას, ვინც ფიქრობს, ჯერ ადრე ხომ არ არის ბავშვის გაჩენაო, მეც მქონდა მსგავსი კითხვები ჩემს თავთან და ვურჩევ, რომ აუცილებლად იფიქრონ შვილზე. როცა მშობელი ხდები, რა თქმა უნდა, ცხოვრება რთულდება, პასუხისმგებლობები გეზრდება, მაგრამ თან მარტივდება, რადგან ღმერთი წარმოუდგენელ ენერგიას გიგზავნის.

– ანიტამ როგორ მიიღო პატარა? როგორი ხასიათები აქვთ?

– თავიდანვე შევეცადეთ, ანიტასთან ისე მოგვეყვანა ანდრია, რომ ეჭვიანობის შეგრძნება არ ჰქონოდა. როცა ანდრია ახალდაბადებული იყო, ანიტას მიმართ ყურადღება გავაასმაგეთ. განსაკუთრებით დიდ დროს ვუთმობდით. შესაბამისად, ეჭვიანობის შეგრძნება არ გასჩენია. დღეს მისი საუკეთესო მეგობარი, ყველაზე საყვარელი სათამაშო და საერთოდ ყველაფერი მისთვის ანდრიაა. გიჟდება თავის ძმაზე, მზე და მთვარე ამოსდის.

ხასიათს რაც შეეხება, ანიტა ძალიან წუწუნა ბავშვია, აბსოლუტურად ყველაფერზე წუწუნებს. გოგონაა – თუ რამეს ვერ მიაღწია, წუწუნს იწყებს და ამ მეთოდით ცდილობს, მიზანს მიაღწიოს (იცინის). იცის, რა ხერხებს უნდა მიმართოს. მით უმეტეს, მე ამ საკითხში ძალიან სუსტი ვარ, არ არსებობს ანიტამ რამე მთხოვოს და არ შევუსრულო. შეიძლება, ზოგჯერ ზედმეტიც მომდის. მია რომ ეჩხუბება, მე ვიცავ. ეს არასწორია, მაგრამ სხვანაირად გული არ მიშვებს. საბედნიეროდ, ძალიან თბილი, მოსიყვარულე და კეთილია, უსაყვარლესია.

ანდრიაც ძალიან თბილი და მოსიყვარულეა. მისთვის კოცნა და მოფერება დიდი ბედნიერებაა. ვინც არ უნდა მოეფეროს, ძალიან უხარია. უკარება და მტირალა ბავშვი არ არის.

შემიძლია ვთქვა, რომ გოგო დედას ჰგავს ხასიათით და ბიჭი მამას (იცინის).

– ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში კიდევ ერთი კარგი ამბავი მოხდა, საკუთარ სახლში გადახვედით საცხოვრებლად...

– ჩვენი დიდი ოცნება იყო, რომ გადავსულიყავით სახლში, სადაც ჩვენს შვილებს ცალკე ოთახი ექნებოდათ. სიმართლე გითხრათ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზანი ეს იყო, რაც სულ გულში მქონდა. ახალ სახლში ძალიან ლამაზად გავუკეთეთ შვილებს ოთახი მიას დიზაინერული ხედვით: ერთი მხარე ვარდისფერია – ანიტასი, მეორე მხარე ანდრიასია და ცისფერია. თითქოს, ეს ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, მე ვერა, მაგრამ ჩემს შვილებზე ავიხდინე და ძალიან სასიამოვნოა. ღმერთის წყალობით და დიდი შრომის დამსახურებით მოხერხდა – წინა სახლი გავყიდეთ და ახალ სახლში გადმოვედით.

– ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში თქვენთან ერთად ტანდემში დედათქვენიც გავიცანით. თქვენთვის არ იქნებოდა რთული, მისთვის, ალბათ, არ იყო მარტივი ნაბიჯი.

– ეს ჩემი ცხოვრების სტილია, ტელევიზია, გადაღება, კონცერტი, სიმღერა – ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და საინტერესო შემოთავაზებებს ყოველთვის ვთანხმდები, მაგრამ დედა კატეგორიული წინააღმდეგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერის ნიჭი აქვს და ამ პროექტშიც გამოჩნდა, რომ ძალიან სცენიურიც არის. არ ჰქონია შესაძლებლობა, სცენაზე მდგარიყო. ძალიან ახალგაზრდა, 17 წლის გათხოვდა, დედა გახდა და ოჯახურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. შუა ხნის ასაკში მიეცა საშუალება, რომ მისი ბავშვობის დიდი სურვილები განხორციელებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი სურვილი იყო, პროექტში მაინც ჩემი ხათრით მიიღო მონაწილეობა, თავიდან ამის გამო წამოვიდა და ძალიან კმაყოფილი დარჩა.

იმხელა სიყვარული და ისეთი დადებითი ემოციები მიიღო მაყურებლისგან, რომ ამის შემდეგ შეუძლებელია, ადამიანი თავს ბედნიერად არ გრძნობდე. ადრე ადამიანები რომ მხვდებოდნენ ქუჩაში და ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ, როგორც მათი საყვარელი მომღერლის მიმართ, რისთვისაც უაღრესად დიდ სიყვარულსა და პატივისცემას ვაფიქსირებ – მათ გარეშე ჩვენს შემოქმედებას აზრი არ ექნებოდა, დღეს ეს ადამიანები როცა მხვდებიან, მეუბნებიან: „გიორგი, რა კარგები ხართ შენ და დედაშენი“ – ამის მოსმენა ჩემთვის ათმაგად სასიამოვნოა.

– ამასობაში ახალი პროფესიაც შეითავსეთ, დილის ეთერის თანაწამყვანი გახდით. რამდენად კომფორტული აღმოჩნდა?

– ჩემთვის ძალიან საინტერესო და რთული გამოწვევა იყო. სცენაზე დიდი გამოცდილება მაქვს და თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში, თუმცა, ჩემს ტელევიზიებში სტუმრობას რომ ვუყურებდი, ვხედავდი, რომ დაძაბული ვიყავი ამ ამპლუაში, გამოცდილება აშკარად მაკლდა. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, დავთანხმდი, რადგან მინდოდა, ამ მიმართულებით გავზრდილიყავი. ამ ფორმატში ახლა უფრო მომწონს ჩემი თავი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამი თვეა გასული, ვგრძნობ, რომ კარგი გამოცდილება მივიღე, უკვე ბევრი შემმატა.

– ბოლო პერიოდში „ურსას“ განსაკუთრებული წარმატების საიდუმლო რა არის?

– მარტივი მიზეზია, შრომა, ოჯახი და ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. შეიძლება, ჩვენ იმდენად მაგარი მუსიკოსები არ ვიყოთ, რამდენადაც მაგარი ოჯახის წევრები და ძმაკაცები ვართ ერთმანთისთვის. დავიკვეხნით იმით, რომ ჩვენნაირი ძმობა და მეგობრობა შეიძლება, ბევრ ჯგუფში არ იყოს. 15 წელია, ერთად ვართ და ბუნებრივია, შეიძლება, ვიჩხუბოთ კიდეც, მაგრამ იმხელა სიყვარული გვაქვს, რომ ეს მეორე დღეს აღარც გვახსოვს. ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა. სიყვარულითა და ძმობით გაგვაქვს ერთმანეთი და ეს არის ჩვენი წარმატების საიდუმლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა