შოუბიზნესი

დიმიტრი ტატიშვილი: ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი ან გენერალი

№8

ავტორი: ქეთი მოდებაძე 11:00 02.03, 2021 წელი

დიმიტრი ტატიშვილი
დაკოპირებულია

მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს ძალიან საინტერესო გზა აქვს გავლილი როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში, რასაც ჩვენს მკითხველს გულწრფელად უზიარებს.

დიმიტრი ტატიშვილი: პაპაჩემი დამფუძნებელი კრების წევრი გახლდათ. მე რომ დავიბადე, ის უკვე გარდაცვლილი იყო. პაპა რომ დაიღუპა, მამაჩემს ჩვენი ოჯახის სახლი, რომელიც გალავანში ჰქონდათ – გააყიდინეს. კომუნისტებმა პირობა წაუყენეს, თუ გინდა, სახლი შეინარჩუნო აქ უნდა იცხოვროო. ამას ვერ შეძლებდა, რადგან თბილისში მუშაობდა – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

– მშობლები ძალიან პატარა ასაკში დაკარგეთ...

– 12 წლის ვხდებოდი, როცა დედა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებით ჩემი ბავშვობა დამთავრდა და უფრო დამოუკიდებელი გავხდი. თუმცა ეს მოგვიანებით გავიაზრე. ძალიან მაღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ყველას ვეცოდებოდი. „ვაიმე, რა საწყალია, რა კარგი ბავშვია და უკვე დედა აღარ ჰყავს“ – ეს სიტყვები მზარავდა. რაც არ გკლავს, გაძლიერებსო, ხომ ამბობენ და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მამამ ხუთი წელი იცოცხლა დედის გარდაცვალების შემდეგ. მის დაღუპვას ნამდვილად არ ველოდი. ერთ საღამოს მოუვიდა ინსულტი და ორ კვირაში გარდაიცვალა. 17 წლის ვიყავი, სკოლა დავამთავრე და ბანკეტიდან სახლში რომ დავბრუნდი, ჩვენთან თეატრის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ მამა გარდაიცვალა. მე მაშინ თეატრალურში ვაბარებდი. იმ წელს მიშა თუმანიშვილს აჰყავდა ჯგუფი, ძალიან მაგარი კონკურსი იყო და შესაბამისად, ყველა ძალიან ნერვიულობდა. მასთან მოხვედრაზე ყველა ოცნებობდა. მე კიდევ საერთოდ არაფერი მაინტერესებდა. იმხელა ტრავმა მომაყენა მამაჩემის გარდაცვალებამ, რომ ამაზე აღარ ვღელავდი. სულ ერთი იყო – მოვხვდებოდი თუ არა. მამა ორ ივლისს დავკრძალეთ, გამოცდების პირველი ტური კი ხუთში ტარდებოდა. ჩარიცხულთა სიები რომ გამოაკრეს და მასში ჩემი გვარიც ამოვიკითხე, მაინცდამაინც არ გამხარებია. თეორიულად მესმოდა, რომ მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოხვედრა მსახიობისთვის ყველაზე მაგარი რამ იყო, მაგრამ ემოციურად ნამდვილად არ მქონდა ამის აღქმის უნარი.

– მატერიალურ პასუხისმგებლობებს როგორ ართმევდით თავს?

– თეატრალურ ინსტიტუტში სტიპენდია მქონდა და ეს იყო ჩემი შემოსავალი. ძალიან გვეხმარებოდა დეიდა და მისი მეუღლე, მე და ჩემს დას, ფაქტობრივად, ისინი გვარჩენდნენ. მერე ჯარში წამიყვანეს, 1985-1987 წელი საბჭოთა ჯარში ვიყავი და რატომღაც, ბელორუსიის საზღვრებს ვიცავდი (იცინის).

– საუბარი იყო სამხედრო კარიერაზე, მაგრამ უარი გითქვამთ. რატომ?

– დიდი წინააღმდეგობებით იყო სავსე ჩემი მსახურების პერიოდი – კომკავშირიდანაც გამრიცხეს, რაზეც რეაქცია არ მქონია და ამაზე სულ გაგიჟდნენ. კომკავშირიდან გარიცხვა ნიშნავდა, რომ ვერასდროს დაინიშნებოდი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მაგრამ ალბათ, მაინც დაინახეს რაღაც ჩემში. მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ სამხედრო საქმე ვაჟკაცური და მამაკაცისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული საქმეა, მაგრამ რადგან ეს საბჭოთა ჯარი იყო, არ მინდოდა, მასში მემსახურა. ერთი წლის შემდეგ, მთავაზობდნენ, სამხედრო სასწავლებელში ჩააბარე და ორ წელიწადში ლეიტენანტი გახდებიო. უარი ვუთხარი, რადგან ჩემს ინტერესებში არ შედიოდა, რომ საბჭოთა კავშირისთვის მემსახურა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის დაიშლებოდა და შესაბამისად, საქართველოშიც არავინ მამსახურებდა.

– მერე არ გინანიათ?

– ხანდახან გამკრავდა გულში. რომ მემსახურა, ახლა ან მკვდარი ვიქნებოდი ან გენერალი (იცინის).

– ჯარში საკმაოდ დაუმორჩილებელი ყოფილხართ.

– მე თუ არ მოვუვლიდი ჩემს თავს, არავინ იყო მომხედავი. თუ ვინმე უსამართლოდ გექცევა, ამის ხმამაღლა თქმა და ღირსების შენარჩუნება უნდა შეძლო. შეიძლება, შეაკვდე, მაგრამ ღირსეული იქნები. შენს თავგანწირვას და ძალას რომ ხედავენ, მერე უკან იხევენ. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა – ბევრმა დაიხია უკან. ბოლოს ამბობდნენ, ალბათ, გიჟიაო. არც კომკავშირი მაინტერესებდა და არც საბჭოთა სამხედროს კარიერა. კარგად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი დამპალი იყო და არ ვაპირებდი სიდამპლეში ცხოვრებას. თან, ერთი წელი უკვე თეატრალურში მქონდა ნასწავლი და მსახიობობას ვაპირებდი.

– ნათქვამი გაქვთ, მეუღლის ნათესავები „ზემოდანაც მიყურებდნენ“, რადგან ჯიბეგაფხეკილი ვიყავიო. როდის და როგორ დაიმსახურეთ მათი და საზოგადოების სიყვარული?

– (იცინის) პირველად „რუსთავი 2-ში“ დავიწყე გახმოვანებაზე მუშაობა – 1998-99 წელს და თეატრთან ერთად, ეს იყო ჩემი შემოსავლის წყარო. ნელ-ნელა წამოვდექით ფეხზე. „დეტექტივებში“ გადაღების პერიოდში უკვე ვგრძნობდი, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ამას აღიარებაც მოჰყვა. ამ პროექტს ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ყველგან მცნობდნენ, თუმცა ჭორიც ბევრი დადიოდა. ამბობდნენ – ვანო მერაბიშვილმა სახლები და მანქანები აჩუქაო (იცინის). ეგ კი არა, ტაქსის მძღოლი უმტკიცებდა ჩემს ცოლს, დავით ტატიშვილის კლინიკა სინამდვილეში დიმიტრი ტატიშვილს ეკუთვნისო (იცინის).

– რამდენიმე ფილმში სასულიერო პირის როლი ითამაშეთ, რეალურად როგორი დამოკიდებულება გაქვთ რელიგიასთან?

– ეკლესიური არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ და სურვილიც არ მქონია. კარგად ვხედავთ, სამღვდელოების წარმომადგენლების 90 პროცენტს ვინც შეადგენს და საპატრიარქოც როგორ „ღირსეულად“ იქცევა. ჩემთვის ჯერ იდეაა და შემდეგ რელიგია, სწავლების ძირითადი ნაწილი ადამიანების მიერ მოგონელი ჩვენივე სამართავად. ანაფორაში გამოწყობილი ტიპი, უამრავი ძვირფასეულობით ასხმული, მთელი ჩემი ქონება რომ გავყიდო, შეიძლება, ვერ შევწვდე მის ღირებულებას, ამბობს, რომ ქრისტეს მცნებები მიაქვს ხალხთან. მაშინ, როცა ქრისტეს ერთი ჯვალოს მეტი არაფერი ჰქონდა. მერე ეს კაცი გამოდის, ჯდება 80 ათასიან მანქანაში და ცინიკურად ამბობს – ეს მანქანა ჩემი კი არა, ღმერთის არისო. ძალიან მომრავლდნენ ასეთები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი