შოუბიზნესი

დათო გომართელი: იტალიელებს თავიდანვე ვუთხარი, თქვენთან ვიმუშავებ, მაგრამ სიმღერას თავს ვერ დავანებებ-მეთქი

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 18.10, 2021 წელი

დათო გომართელი
დაკოპირებულია

თითქმის ორი წელია, დათო გომართელი იტალიაში დიპლომატიური საქმიანობით არის დაკავებული და მას სიმღერის გარეშე უწევს ცხოვრება.

დათო გომართელი: 2019 წლის ბოლოს დავინიშნე იტალიის ელჩის მრჩევლად კულტურისა და დიასპორის საკითხებში და საცხოვრებლად იტალიაში გადმოვედი. მალე დაიწყო საშინელი პანდემია, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ პირველი მძიმე დარტყმა იტალიამ მიიღო. საშინელი დღეები იყო, იმ პერიოდში მუშაობა ძალიან გვიჭირდა. მაშინ არავინ იცოდა, რას ვებრძოდით და თითოეული დღე ცუდი სიურპრიზებით იყო სავსე. საელჩოს მუშაობა იმ პერიოდშიც კი არ შეუჩერებია, როდესაც თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო. როცა მდგომარეობა ძალიან გართულდა, მხოლოდ მაშინ გადავედით მორიგეობით მუშაობაზე.

– იმ პერიოდში მუშაობა ძალიან სტრესული იქნებოდა...

– ძნელი იყო, ჩვენი თანამემამულეები იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან რეკავდნენ და სხვადასხვა ტიპის დახმარებასთან ერთად, ფსიქოლოგიურ დახმარებას, უფრო მეტიც – უბრალოდ, საუბარს ითხოვდნენ. ტელეფონით იმედის მიცემა და საკუთარი გულისტკივილისა და შიშის გაზიარებაც კი დიდი შვება იყო მათთვის. საელჩოში ყველას საკონტაქტო ნომრები გვქონდა და მერეც ვურეკავდით ხოლმე თითოეულ მათგანს მოსაკითხად. თითქოს ძალიან უმნიშვნელოა, მაგრამ იმ პერიოდში ეს მათ განსაკუთრებულად სჭირდებოდათ.

– ახლა რა შედის თქვენს მოვალეობებში?

– კულტურისა და დიასპორის სფეროში ბევრი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. კიდევ ბევრი გვაქვს დაგეგმილი. ცოტა ხნის წინ რომში ჩვენი მოქალაქეებისთვის ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით. ოთხი აჭარელი პოეტის შემოქმედება ითარგმნა იტალიურ ენაზე, ოთხი იტალიელი პოეტის ნაწარმოებები კი – ქართულ ენაზე და ერთ წიგნად გამოიცა. გარდა ამისა, ევროპული ენების დღეებთან დაკავშირებით გვქონდა დიდი ღონისძიებები, დაგეგმილი გვაქვს ცნობილი ფოტოხელოვანის, სანდრო მამასახლისის, ფოტოგამოფენა და ასე შემდეგ. საკმაოდ ბევრი აქტივობა გვექნება. როგორც კი პანდემიურმა მდგომარეობამ საშუალება მოგვცა, მაშინვე დავიწყეთ ღონისძიებების დაგეგმვა და შემდეგ უკვე – გეგმების განხორციელება.

– მთელი ცხოვრებაა, კულტურის დარგში მუშაობთ და არც დიპლომატიაა თქვენთვის უცხო, მაგრამ უცხო ქვეყანაში არ გაგიჭირდათ?

– მართალი რომ გითხრათ, მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობდე. აქ სხვა გარემოა, სხვა რიტმია და მენტალიტეტი. დიდი გამოცდილება მაქვს კულტურის სფეროში, ამასთან ერთად ბიზნესითაც ვიყავი დაკავებული და იტალიელებთან 14 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ძალიან ბევრი პროექტი მაქვს საქართველოში განხორციელებული, რომელთა შესახებაც ჩემმა მსმენელებმა არ იციან. საერთოდ, ბიზნესსაქმიანობის კუთხით საზოგადოება ნაკლებად მიცნობს. თუმცა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, იტალიელებთან ძალიან მჭიდრო კონტაქტი მაქვს, აქ ბევრი მეგობარიც მყავს, მაგრამ რა ვქნა, მაინც ჩემს ქვეყანაში მირჩევნია ცხოვრება და მოღვაწეობა. თუმცა აქაც ჩემს საქართველოს წარმოვადგენ და ვემსახურები, რაც ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, ჩემი საქმიანობით ყველა კმაყოფილი იქნება.

– როცა ელჩის მრჩევლად დაინიშნეთ, კრიტიკული შეფასებებიც გაჩნდა. როგორც თქვით, ბევრმა არ იცის იმ საქმეების შესახებ, რაც წლების განმავლობაში გიკეთებიათ და მხოლოდ შოუ-ბიზნესიდან გიცნობენ. ამიტომ თქვენ მიერ ამ პოზიციის დაკავება გავლენიან ნაცნობებს მიაწერეს.

– რა თქმა უნდა, ჩემი ბიოგრაფია და შესაძლებლობები ძალიან ვიწრო წრემ იცის, მხოლოდ მათ, ვინც კარგად მიცნობს. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ეკრანიდან მიცნობენ, არ არიან ასე დეტალურად ინფორმირებული ჩემი ცხოვრების შესახებ და არ მიკვირს, რომ მათ კითხვები გაუჩნდათ. თუმცა, მე როგორც გითხარით, იტალიელებთან ხანგრძლივი ურთიერთობები მაკავშირებს და დიდი სანაცნობო წრე მაქვს. გარდა ამისა, 2003-2004 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი მულტიმედიის სამმართველოს უფროსის პოზიციაზე და იმავე პერიოდში ჩავაბარე „ჯიპაში“, სადაც დიპლომატიისა და სახელმწიფო უშიშროების კურსი გავიარე. ეს ნაბიჯი ზუსტად იმიტომ გადავდგი, რომ ჩემს მომავალ კოლეგებს არ ჰქონოდათ იმის განცდა, რომ მე არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი და სამინისტროში ჩემი ადგილი არ არის. მერე ჩამოვშორდი ამ საქმიანობას, მაგრამ როგორც ხედავთ, ცოტა ხნის წინ ისევ დავუბრუნდი დიპლომატიურ სამსახურს. მინდა, გითხრათ, რომ დიპლომატია ისეთი სფეროა, სადაც პროფესიონალური განათლება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად ცნობადი ადამიანი ხარ, როგორი კონტაქტები გაქვს და ხარ თუ არა თავისუფალი ახალი ურთიერთობების დამყარებისას – ეს ყველაფერი დიპლომატისთვის მნიშვნელოვანი იარაღია.

– ამბობდით, ძალიან მომენატრა სიმღერა და ამის შემდეგ თუ ვინმე რამის შემოთავაზებას გადაწყვეტს, გაითვალისწინოს, რომ სიმღერა არ უნდა ამიკრძალოსო.

– კი (იცინის). სიმღერა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უფლის მიერ ბოძებული ნიჭის დავიწყება და გვერდზე გაწევა არ შეიძლება. რითაც ყველაზე კარგად მიცნობენ და რისი დამსახურებითაც ხალხს ვუყვარვარ, ეს, ზუსტად, ჩემი შემოქმედებაა. წინათ რომ ვმუშაობდი იტალიელებთან, თავიდანვე ვუთხარი, თქვენთან ვიმუშავებ, მაგრამ სიმღერას თავს ვერ დავანებებ-მეთქი.

– თუმცა, ახლა მაინც გაქვთ ამის დანაკლისი.

– რა თქმა უნდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ჩემი იტალიელი კოლეგებიც ისეთივე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორშიც ქართველები. ახლა ნელ-ნელა ყველაფერი უბრუნდება თავის კალაპოტს და კონცერტებიც დაიწყო. ვნახოთ, ჯერჯერობით მაგის დრო არ არის, მაგრამ მომავალში თუ რამე საინტერესო იქნება, შეთანხმებით, კი ბატონო, რატომაც არა! არასტანდარტულია, როცა დიპლომატს შეუძლია, თავისი ნიჭი სიმღერით გამოავლინოს და მგონია, რომ ასეთი დიპლომატი ყველასთვის უფრო საინტერესო იქნება. თან; კარგად სიმღერით და არა მოყვარულის დონეზე. კოვიდმა ბევრი რამ გადაგვაფასებინა, ახალი წესები შემოგვთავაზა და იმედია, პანდემიის შემდეგ დიპლომატის ამპლუაშიც შემეძლება სიმღერა (იცინის). ორი წელია, ვერ ვმღერი და ამხელა პაუზა არასდროს მქონია. სიმღერა ჩემთვის გულის ამოძახილია. სახლში გიტარა მაქვს, დავჯდები ხოლმე, ვუკრავ და ვმღერი, გულს ვიოხებ. ამის გარეშე არ შემიძლია და ვნახოთ, რა იქნება.

– არ გაქვთ ხოლმე თბილისური საღამოები თუნდაც იტალიელ მეგობრებთან ერთად?

– როგორ არა, ვიკრიბებით ხოლმე სალონურ სიტუაციაში და ქართულ სამზარეულოსთან ერთად, ქართულ სიმღერებს ვმღერით, ამის გარეშე – ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მე ოფიციალურ გამოსვლებსა და კონცერტებზე ვსაუბრობ, რაშიც ახლა შეზღუდული ვარ.

– რა სიხშირით ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?

– ოფიციალურად შვებულებისთვის 25 სამუშაო დღე მაქვს, რომელიც შემიძლია, სურვილისამებრ, მთელ წელზე გადავანაწილო. ახლახან ვიყავი საქართველოში, ძალიან მომენატრა დედა, რომელიც 90 წლის არის და ჩემი ქალიშვილი. სამწუხაროდ, ჩემი ჩამოსვლიდან მეორე დღეს დედამ ფეხი მოიტეხა და მთელი შვებულება ოპერაციის დაგეგმვაში, საავადმყოფოსა და მკურნალობის პროცესში გავატარე. ასეა, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. დასასვენებლად და მეგობრების სანახავად ჩამოვედი, მაგრამ ისეთი რამ მოხდა, რასაც არავინ ელოდა. თუმცა კიდევ კარგი, აქ ვიყავი, სხვა შემთხვევაში არ ვიცი, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი.

– როცა შემოთავაზება მიიღეთ, ასაკიანი დედის თუ ნანატრი შვილის გამო არ გაგიჭირდათ გადაწყვეტილების მიღება იტალიაში წასვლასთან დაკავშირებით?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიჭირს მათგან შორს ყოფნა. ორივეს ხშირად ვესაუბრები ტელეფონით, მე და ჩემი შვილი ხანდახან ერთადაც ვმეცადინეობთ, მაგრამ მაინც ძალიან ძნელია. ამიტომ ვთქვი დასაწყისში, საქართველოში ყოფნა მირჩევნია-მეთქი. მე რომ ახალგაზრდა ბიჭი ვიყო, რომელსაც ოჯახი არ აქვს და ახლა იწყებს კარიერას, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა საუცხოო იქნებოდა, მაგრამ როცა გყავს ოჯახის წევრები, რომლებიც შენზე არიან დამოკიდებული და თვალებში შემოგციცინებენ, ძნელია შორს ყოფნა. ვნახოთ, რა იქნება.

– მეუღლე თქვენთან ერთადაა იტალიაში?

– დიახ, მეორე მეუღლე იტალიაში ჩემთან ერთად არის. მანაც სრულიად შეიცვალა საცხოვრებელი გარემო და ძალიან უჭირს. დილით სამსახურში რომ მივდივარ, მარტო რჩება სახლში და წარმოიდგინეთ, რა რთულია, რადგან აქ ბევრი მეგობარი და ახლობელი არ ჰყავს. თან ცოტა ხნის წინ მეორე შვილიშვილი გაუჩნდა, რომელიც თბილისში ჩვენთან ახლოს ცხოვრობს და როცა მანდ ვართ, ძალიან ხშირად ნახულობს. აღმოჩნდა, რომ ძალიან ვუყვარვარ, სხვანაირად ასეთ რეჟიმში ცხოვრებას ვერ შეძლებდა. ძალიან კარგი ადამიანია, ყოველთვის ცდილობს, გვერდით მედგას და ანალოგიურად, მეც ყველანაირად ვცდილობ, მხარი დავუჭირო. ერთმანეთს ყველანაირად ვეხმარებით, სხვანაირად არაფერი გამოგვივა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი