შოუბიზნესი

დათო დარჩია: მეც მიმიღია ადამიანის ჩაგვრაში მონაწილეობა

№43

ავტორი: ქეთი კაპანაძე 22:00 01.11, 2022 წელი

დათო დარჩია
დაკოპირებულია

გულახდილი საუბარი დათო დარჩიასთან👇

- ვინ არის დათო დარჩია?

– დათო დარჩია არის სამართლიანი და კეთილი ადამიანი. ცოტა ფიცხიც, გურული ვარ და მაქვს ხასიათში ეს თვისება.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– მინდა, ყველა კარგად იყოს ამ ქვეყანაში. გასაჭირი რომ იარსებებს, ეს გასაგებია, მაგრამ მატერიალურად გაუსაძლისი მდგომარეობა არ იყოს და სულელური პრობლემებით არ გვქონდეს თავი გამოტენილი. ერთხელ ცხოვრობ ადამიანი და დრო მხოლოდ სიყვარულში უნდა გალიო. პირადად ჩემთვის ნაკლებად ვოცნებობ. ეგ უფრო წლების წინ იყო.

– რა მოიტყუეთ ბოლოს?

– ბავშვს ავტომობილი სჭირდებოდა და მკითხა, როდის მოხვალო... ორი საათით დავაგვიანე და გამოვიდა, რომ მოვატყუე (იცინის). მთლად ჩემი ბრალიც არ იყო, საცობებია ქალაქში. უბოროტო ტყუილს რომ ეძახიან, ასეთი – კი, მაგრამ საქმესთან დაკავშირებით ტყუილი არასდროს მითქვამს. სიმართლე, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე – ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი.

– მოგიპარავთ რამე?

– გურიაში თხილისა და ვაშლის მეტი რა მოგვიპარავს ბიჭებს ბავშვობაში? კაი გემრიელი თხილი ჰქონდა მეზობელს, თან გურიაში სულ სხვანაირი თხილია. მდინარიდან მოშივებულები რომ მოვდიოდით, რა გვექნა?! (იცინის). ზრდასრულ ასაკში მოსაპარად არ მქონია საქმე. შეიძლება, შემთხვევით გამომყვა ვიღაცის სანთებელა ან რამე მსგავსი.

– გიკეთებიათ საქმე, რომელიც ძალიან გძულდათ?

– ბანკთან, საბუთებთან, იუსტიციის სახლებთან ურთიერთობა ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს ნერვებზე, მეტი არაფერი. პროფესია, რომელსაც ახლა ვემსახურები, ბავშვობიდან მომწონდა. ახლა მეორე პროფესიის დაწყებასაც ვაპირებ და ვნახოთ. მუსიკალურ ინსტრუმენტზე მინდა დაკვრა, შეიძლება, ვიმღერო კიდეც. მეგობარი დრამერები მეხმარებიან დრამის ათვისებაში. ვნახოთ, თან გული თუ გამიშვებს, ექიმსაც უნდა ვკითხო, რადგან შუნტირება მაქვს გაკეთებული. თუმცა მსახიობობაშიც არ ვიხარჯები ნაკლებად და ვნახოთ. რამდენ საათსაც დაუთმობ მუშაობას, შესაბამისი შედეგი გექნებაო და ვეცდები, ბევრი დრო დავუთმო. თუ გამომივიდა, ძალიან კარგი. გვიან, 50 წლის ასაკში მივხვდი, რომ თავიდანვე მუსიკა უნდა მესწავლა, ეს უფრო ჩემი იყო, ასე ვგრძნობ. არასდროს თქვა არასდროს. მთავარია, მონდომება და ნიჭიც, მარტო მინდა არ არის საკმარისი თუ ნიჭი არ დაგყვება. მე მგონია, რომ ძალიან მუსიკალური ვარ, ასპროცენტიანი სმენა მაქვს. თუ ისე გამომივიდა, რომ მეგობრების ჯგუფებთან ერთად დავუკარი, უკვე ძალიან მაგარი იქნება. მსახიობობით მსოფლიომ ვერ გამიცნო, მაგრამ დრამს რომ ვისწავლი, მსოფლიოს გავაცნობ თავს (იცინის).

– ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– მე ყოველდღე ვტირი ყველა ფილმსა და მულტფილმზე. ეს, მგონი, დაავადებასავითაა. აუცილებელი არ არის, ძალიან დრამატული მომენტი იყოს, ვაფიქსირებ, რომ ცრემლები სასიხარულო ეპიზოდებზეც მომდის. სრულიად იდიოტურ სიუჟეტზეც კი ღაპაღუპით მომდის ცრემლები და მერე მეცინება ხოლმე ჩემს თავზე თუ რამე ცუდი ხდება ჩვენ გარშემო, მაშინ ხომ სულ ვტირი. ძალიან გულჩვილი გავხდი. ამიტომაც ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა და შუნტი გამიკეთეს.

– ლატარიაში რომ მილიონები მოიგოთ, რას გააკეთებდით?

– შევეცდებოდი დავხმარებოდი, ვისაც ვიცი, რომ პრობლემები აქვს. ფილმის გადაღება მინდა და შეიძლება ჩემივე ფილმშიც ჩამედო მილიონები. გამეხარებინა ჩემი თავი, ბევრი მსახიობი და მთელი პერსონალი. კარგ გურულ ვესტერნს გადავიღებდი.

– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნიათ, რომელსაც ნანობთ?

– გარკვეულ ასაკში, მეც მიმიღია ადამიანის დაჩაგვრაში მონაწილეობა. პირადად მე არ დამიჩაგრავს, მაგრამ ხელიც არ შემიშლია. გავიმეტე დასაჩაგრად და ძალიან ვნანობ ამას. ეს ჩემი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელი იყო. შეიძლება, იმ მომენტში ჩემიანებს გავემართლებინე კიდეც, მაგრამ ობიექტურად არ ვიყავი მართალი. თუმცა, ეს ადრეულ წლებში იყო. ზრდასრული ასაკიდან მსგავსი არ მახსენდება. როგორც ყველა გურული, ცუდს მალე ვივიწყებ.

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ.

– ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როდესაც მეკითხებიან – „ვერ მიცანი?“. ვცდილობ, გავუღიმო, არ შევიმჩნიო, რომ ვერ ვიცანი. მერე პატარა მინიშნებას მომცემს და აბაო, ელოდება შედეგს, მაგრამ მე ამ დროს უარესად ვიბნევი და ვერაფრით ვიხსენებ. ყველაზე ცუდი ის არის, ყველა მინიშნების მიუხედავად, მაინც რომ ვერ ვიცნობ და ბოლოს, სახელს და გვარსაც მეტყვის, მაგრამ კიდევ ვერ ვიხსენებ. აი, მაშინ მართლა აღარ ვიცი, სირცხვილისგან რა გავაკეთო. მერე კი გამიხსენებია, მაგრამ იმწუთას ძალიან ვიბნევი. ხან ვცეკვავდი, ხან სპორტზე დავდიოდი, ორი ბაღი, ორი სკოლა მაქვს გამოცვლილი, მოკლედ, ბევრი ადამიანი გამიცნია და უცებ მიჭირს ხოლმე გახსენება. არადა, ისე შინაურულად რომ მიდგებიან, რომ აუცილებლად უნდა ვიცნობდე, ძალიან ვიბნევი და თავს უხერხულად ვგრძნობ. კამერების წინ ან სცენაზე მაყურებლების წინაშე ისე არ ვღელავ, როგორც მაგ დროს (იცინის).

– ყველაზე ძლიერად როდის შეგშინებიათ?

– ერთხელ, მე და ჩემი ძმაკაცი, ძალიან ადრე, ბნელ 90-იანებში, ქუჩაში ვიდექით და მანქანა წამოვიდა ჩვენკენ. ორივე მივხვდით, რომ საშინელი რაღაც უნდა მომხდარიყო. ჩვენც უცებ მოვემზადეთ, გაჩერდებიან თუ არა, უნდა ვეტაკოთ. მაშინ აქტუალური იყო უბნებს შორის მტრობა. დიდი ხნის ამბავი იყო, ჩემს ძმაკაცს ესენი ეძებდნენ. მერე კიდევ ერთი კაცი აღმოჩნდა იქ, რომელმაც ეს თემა შეაჩერა და არაფერი მომხდარა. ჩვენც უკან დავიხიეთ, ისინიც წავიდნენ და თითქოს, ყველაფერმა ჩაიარა, მაგრამ ორ წუთში საშინელი კანკალი დამეწყო. იმ მომენტში ნაღდად არ მიგრძნია შიში. თითქოს ზომბად ვიქეცი და ყველაფრისთვის მზად ვიყავი. მაგრამ ყველაფერმა რომ ჩაიარა, მერე საშინელი შიში განვიცადე. ის მართლა სერიოზული ამბავი იყო, მარტო ჩხუბი კი არა, შეიძლება ისეთი ამბავი მომხდარიყო, სროლები მოჰყოლოდა და ტვინმა რომ ეს გადახარშა, ძალიან შემეშინდა. თან კაცი ხარ, ძმაკაცი უნდა დაიცვა, ხომ არ მიატოვებ. თუმცა, ამის შემდეგ ასეთი შიში აღარ განმიცდია. ჩხუბებიც მქონია, მარტოც წავსულვარ არასასიამოვნო ამბავზე, მაგრამ მსგავსი არაფერი მიგრძნია.

- რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?

- ვერ ვიტყვი, რომ რამეში დავმარცხდი. მადლობა ღმერთს, ცხოვრებისეული მარცხი არ განმიცდია. პირიქით, ცხოვრების მადლობელი ვარ, რომ აქამდე მომიყვანა. გამარჯვება არის ჩემი ოჯახი, ჩემი შვილები, ჩემი თეატრი, წარმატება, კინო...

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და ცუდი?

– ერთ–ერთ ინტერვიუს მოჰყვა გამოხმაურება, ვიღაცები მიწაში რომ ჩაგდებენ, ეს მომენტი იყო. თუ სხვისი ნათქვამი ისე გაიგე, როგორც შენ გაწყობს, მაშინ დიდ ამბავს დაატრიალებ, მაგრამ ეს რატომ უნდა მოგინდეს, არ ვიცი. მე საერთოდ არ ვკითხულობ ასეთ რამეებს, მაგრამ შვილმა წაიკითხა და ის უფრო ბრაზდება ასეთებზე. კარგს რაც შეეხება, სპექტაკლის შემდეგ ახლობელი ადამიანისგან გულწრფელად ნათქვამი კომპლიმენტი ყველაზე მეტად მახარებს.

– რომ გაიგოთ მეგობარს პარტნიორი ღალატობს, ეტყვით თუ არა სიმართლეს?

– ჩემს დევიზს გავიმეორებ – სიმართლე, სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა! თუ უნდა, ეწყინოს, მაგრამ მე სიმართლეს აუცილებლად ვეტყვი. თუ არ ეტყვი, მერე ხომ გისაყვედურებს – მიმალავდით თქვე ასეთებოო. ხომ ყოველთვის ხინჯად ექნება გულში. ამიტომ ჯობს, თავიდანვე უთხრა. თუ იმ წუთას სწორად ვერ მიიღო, მერე ხომ მიხვდება, რომ სიმართლისკენ უნდა წამოვიდეს. სიმართლე ყველაფერშია საჭირო, ამის გარეშე არაფერი გვეშველება.

– რის გამო გაკრიტიკებენ და გაქებენ ახლობლები?

– კრიტიკა უფრო ჩემს ემოციურობას უკავშირდება. სულ მეუბნებიან, რომ ემოციურ „აფეთქებებს“ უნდა მოვერიდო. კრიტიკაზე მეტად, ეს მოფრთხილებაა, რადგან იციან ჩემი გულის მდგომარეობის შესახებ. ამხელა ოპერაციის შემდეგ, ბევრი ნერვიულობა არ არის სასიამოვნო. ამიტომ ხშირად მახსენებენ, რომ თავს უნდა გავუფრთხილდე. ქებას რაც შეეხება, ეს არ არის საჭირო. ჩემთვის ქებაა ის, თუ ჩემი ახლობელი ადამიანი კარგად არის, მის თვალებში ამას თუ ვხედავ, მეტი არაფერია საჭირო. ვიღაც დადგეს და მაქოს? ვაი, ვაი, ვაი. გადავირევი, გადავხტები სადღაც... ახლობელი ადამიანის დამოკიდებულებაში ქების გარეშეც მიხვდები ბევრ რამეს. პირიქით, კრიტიკა უფრო მისაღებია.

– როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?

– ო, ამაზე ალბათ, ყველას გვიფიქრია. არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდი სცენაზე სიკვდილს, როგორც მსახიობები ამბობენ ხოლმე. აპაპაპა, გულიც გამისკდება (იცინის). საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, ყველას გადავხედ–გადმოვხედავ და მშვიდად წავალ. თუმცა, ცალ ყურაში აუცილებლად ჩემი საყვარელი მუსიკა უნდა მესმოდეს, ეს არის ჩემთვის ყველაზე მისაღები, თუმცა ჩემი გულის პატრონს რაცხა მეეჭვება (იცინის).

– საკუთარი ქმედება, რომლის გახსენებაზე, ახლაც ძალიან გრცხვენიათ?

– ბავშვობაში ლოგინში ჩავიფსი. ჩემი დეიდაშვილი მეწვა გვერდზე და ერთმანეთს ვაბრალებდით (იცინის). პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორ შემრცხვა.

– რა არის ცხოვრების მიზანი?

– მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტიაა? – სიყვარული, ყველგან და ყველაფერში სიყვარული. ეს ყველაზე მთავარია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა