შოუბიზნესი

ვინ ახდენდა ელენე ფოჩხუაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და რატომ უჩივლა მან ყოფილ ქმარს

№43

ავტორი: ნონა დათეშიძე 23:00 31.10, 2022 წელი

ელენე ფოჩხუა
დაკოპირებულია

მომღერალ ელენე ფოჩხუას ცხოვრებაში არაერთი რთული მომენტი ჰქონდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ძლიერი აღმოჩნდა და პრობლემები ყოველგვარი დეპრესიების გარეშე დასძლია. ქმართან გაშორების შემდეგ შვილებთან ერთად ცხოვრობს და ცდილობს, მშვიდი ფსიქიკური მდგომარეობა შეინარჩუნოს. ახლახან მას ქმარმა ჯვრის აყრა მოსთხოვა და ადვოკატით დაემუქრა. რა რეაქცია აქვს მომღერალს შვილების მამის მოთხოვნებზე და აპირებს თუ არა ის საპატრიარქოში მისვლას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ელენე ფოჩხუა: ცხოვრებამ არაერთხელ მომაყენა ძალიან მძიმე დარტყმა: ეს იყო ჩემი ძმის გარდაცვალება თუ ოჯახის დანგრევა, მაგრამ მადლობა ღმერთს, ძლიერი აღმოვჩნდი. სულ ვამბობდი: უნდა შევძლო, არ მაქვს მოდუნებისა და მოშვების უფლება-მეთქი. დეპრესიაში არასოდეს ჩავვარდნილვარ. უბრალოდ, ამ დროს ფეხით სიარული მშველის. თუ რაიმე განსაცდელის წინაშე ვდგები, სახლიდან გავდივარ და ძალიან ბევრს დავდივარ. ყველაზე დიდი სტიმული ჩემი შვილებია, მე მათ ჯანმრთელი, გაღიმებული და ბედნიერი ვჭირდები. არასოდეს მითქვამს: ღმერთო, დავიღალე-მეთქი. მხოლოდ მატერიალური მდგომარეობა ხომ არ არის? შვილების წინაშე ორმაგი პასუხისმგებლობა მაკისრია – დედაც მე ვარ და მამაც. ამიტომ, არაფერზე ვიშლი ნერვებს, მშვიდად ვარ და ბედნიერად ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად. შვილებს სჭირდებათ მშვიდი, წყნარი და ნერვიულსისტემამოწესრიგებული დედა და ზუსტად ასეთი დედა ჰყავთ. ასე რომ, ზედმეტად, უაზრობების გამო, ვერ ავიშლი ნერვებს და ვერც დეპრესიაში ჩავვარდები.

– როდის მიხვდი, რომ ძლიერი ხარ?

– სულ ვიცოდი, რომ ძლიერი ვიყავი, მაგრამ როცა მარტო დავრჩი, მაშინ უფრო მეტად დავრწმუნდი ჩემს სიძლიერეში. არც მარტოობის შემშინებია, რადგან ფინანსურად არ ვიყავი ქმარზე დამოკიდებული, სულ ჩემი მქონდა და ამან უფრო მარტივად გადამატანინა ეს ყველაფერი.

– მართალია, მამა წავიდა სახლიდან, მაგრამ შვილებს თუ ეხმარება?

– შეძლებისდაგვარად ეხმარება და ბავშვებთან კონტაქტიც აქვს. ჩემს შვილებს არ დავუშლი მამასთან ურთიერთობას და არც აუგს ვეტყვი მასზე. მივხვდი, რომ ის ერთი წვეთი ცრემლიც კი, რაც მის გამო დამიღვრია, სისულელე იყო. 18 წელი თვალთმაქც, მატყუარა, მოღალატე ადამიანთან მიცხოვრია. წავიდა, მოვიდა, წავიდა, მოვიდა და საბოლოოდ, წავიდა. მისი არც კარგი მახსოვს, არც ცუდი, არც ბოღმა მაქვს, არც შური, ის ადამიანი ჩემს თვალში ნულია. თითქოს, ჩემი ქმარი არც ყოფილა. უბრალოდ, ჩემი შვილების მამაა და მორჩა.

– როგორც გავიგე, ქმარი ჯვრის აყრას გთხოვს და ადვოკატით გემუქრება. რა კავშირშია, ჯვრის აყრასთან ადვოკატი? ხელი გაწერილი გაქვთ?

– ხელი, არასოდეს გვქონია მოწერილი, ჯვარი დავიწერეთ. ახლა ჯვრის აყრას მთხოვს, რადგან იმ ქალბატონთან შვილი შეეძინა. მე თანახმა ვარ ჯვრის აყრაზე. რომ დამირეკა, მითხრა: თანახმა ხარ ჯვარი რომ ავიყაროთ თუ ადვოკატი გამოვაგზავნოო. გამეცინა. საერთოდ არ სჭირდება ჯვრის აყრას ადვოკატი და მაგდენიც არ იცის. ჰგონია, მე ვერ ვერკვევი და ჰგონია მაშინებს (იცინის). მიდი საპატრიარქოშიო. მე ვუთხარი: ჩემგან თანხმობა გაქვს, სურვილი შენია, მე რატომ უნდა მივიდე საპატრიარქოში, თავად მიბრძანდი-მეთქი. სხვათა შორის, მეც მინდა ჯვრის აყრა, რომ საბოლოოდ გავთავისუფლდე ამ ადამიანისგან, დავუსვა წერტილი და დავისვენო.

– ადვოკატი იმის გამო ხომ არ უნდა, რომ თანაცხოვრებაში, ერთობლივად შეძენილი ქონებიდან წილი მოითხოვოს ანუ გაგიყოს?

– საკუთარი მას არაფერი გააჩნია და რა უნდა მოითხოვოს? საკუთრებაში არაფერი აქვს. ერთად ცხოვრების დროს არაფერი შეგვიძენია.

– ალბათ, ამ კაცის წასვლის შემდეგ, შენთვის ახალი ცხოვრების ეტაპი დაიწყო.

– მივყვები ცხოვრების დინებას. სამსახურებრივად საკმაოდ გამიუმჯობესდა პირობები, ვზრდი შვილებს და პირადში სხვა არაფერი ხდება ჯერ.

– გასაგებია, რომ შვილები გაძლევენ მომავლის იმედს და სტიმულს, მაგრამ გვერდით საყვარელი მამაკაციც ხომ საჭიროა, რომ ხანდახან თავი ჩამოაყრდნო მხარზე?

– ვერ ვიტყვი, ამისთვის მზად არ ვარ-მეთქი და თუ ღირსეული ვინმე გამოჩნდა, სიყვარულისთვის მზად ვარ. როგორიც ვიყავი – მოსიყვარულე, გიჟი ცოლი და ერთგული, იგივე ვიქნები იმ ადამიანისთვისაც, ვინც ჩემს პირად ცხოვრებაში გამოჩნდება, დაიმსახურებს ამ ყველაფერს და ჩემს გულს მოიგებს. არავინ იცის, რას გვიმზადებს იღბალი, ამიტომ ვერ ვიტყვი, მე მარტო დავრჩები, შვილებს აღვზრდი და მხოლოდ ამისთვის ვიცხოვრებ-მეთქი. ამას ნამდვილად არ „ვაწვები“. რატომაც არა? მას თუ აქვს ოჯახის მიტოვების უფლება, მე სიყვარულის უფლება არ მაქვს? ისე არასოდეს მოვიქცევი, ვინმეს ქმარი წავართვა და ხალხი ავალაპარაკო. ღმერთმა დამიფაროს, ვინმემ ჩემზე თქვას, რამ გამოაშტერა ეს გოგოო. ბევრი მეუბნება, სხვანაირად გიბრწყინავს თვალებიო. ეს იმიტომ, რომ სტრესი აღარ მაქვს და მშვიდად ვცხოვრობ. სხვათა შორის, ჩემი ყოფილი ქმრის, ეგრეთ წოდებული, ახლანდელი ცოლი სერიალებს დგამდა, შეთხზა, თითქოს მე ვწერდი რაღაცებს და ჩემი ყოფილი ამის გამო მემუქრებოდა. პოლიციაშიც კი ვუჩივლე და გაფრთხილება მისცეს. გაფრთხილების მერე არცერთი ესემესი აღარ მოსულა ჩემთან. ჩვეულებრივ სერიალში ამოვყავი თავი. ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ვყავდი და ჩივილის გარდა, სხვა გზა არ დამიტოვეს. ერთს ვეტყვი მათ: ისინი შესაფერისები არიან და იმსახურებენ ერთმანეთს.

– ელენე, ყოფილი ქმრის ნათესავებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

– დედამთილთან და მულთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, გადასარევი. მამამთილთან კი ყველანაირი კონტაქტი შევწყვიტე და არ მინდა ამაზე საუბარი. ერთს ვიტყვი: მან შვილის მხარე დაიჭირა და ხელი შეუწყო. დედამთილი ძალიან კარგი ადამიანია და დიდ პატივს ვცემ.

– ყველაზე მეტად რას ნანობ ცხოვრებაში და ახლა რომ 18 წლით უკან დაგაბრუნო, რას შეცვლიდი?

– ყველაზე მეტად ვნანობ ამ კაცს რომ გავყევი ცოლად. ორპირ და მატყუარასთან მიცხოვრია, ასე ადამიანები არ იცვლებიან. სუსტი ნებისყოფის ადამიანია. რასაც არ ვნანობ და ღმერთს მადლობას რისთვისაც ვწირავ, ჩემი შვილებია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი