რატომ არ მოინდომებს მღვდლობას არც ერთი ჭკუათმყოფელი, წინასწარ რომ იცოდეს, რა ევალება მღვდელს
ავტორი: ნინო ხაჩიძე 16:00
თუ გადავხედავთ ისტორიასაც და უახლოეს წარსულსაც, თვალში საცემია, რომ ურწმუნოებისა და ათეისტების წარმომადგენელთა შორის სჭარბობენ სასულიერო სემინარიების კურსდამთავრებულები და, ასევე, სასულიერო პირის ოჯახში გაზრდილები. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი? - ამ თემაზე დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია) გვესაუბრება.
– როგორ შეიძლება, აიხსნას ეს ტენდენცია?
– დიახ, ხშირია ასეთი შემთხვევები. მაგალითად, რევოლუციონერების უმრავლესობა სემინარიელი იყო. რატომ? იცით, რომ იმ დროს, რუსული რეჟიმი იყო, ქართულად სწავლებაც კი არ შეიძლებოდა. ანუ, ერთი მხრივ, ბავშვი, რომელსაც ტრადიცია, ოჯახი ყველაფერი ასწავლის ქრისტეს, ეკლესიას, ღმერთს, ერთგვარად კანკალით, მოწიწებით მიდის სემინარიაში და, მეორე მხრივ, იქ აწყდება სულ სხვა რეალობას, შესაბამისად, უჩნდება არა მხოლოდ პასიური, არამედ აქტიური პროტესტი, რომ შეცვალოს და გადაატრიალოს ის, რაც არსებულია და ჩახავსებულია ავტორიტარიზმითა და სხვა რამეებით. სამწუხაროდ, დღესაც იგივე პრობლემა გვაქვს. ეს არც ახალია და არც დასამალი. ყველა ეპოქაში ხდებოდა მსგავსი, იმიტომ რომ ეს მარადიული ბრძოლაა. სწორედ ეკლესიის შიგნით არის სიკეთე და ბოროტება და, საბოლოოდ, აღდგომაც ხომ სხეულიდან ხდება?! როგორც იესო აღდგა თავისი სხეულიდან, ზუსტად ასევე, ეკლესიაც თავისივე თავიდან აღდგება და უკან მოიტოვებს ყველაფერს. „არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს“ და ის ცეცხლი რჩება. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოიცავენ ეკლესიასო და ჩვენი წმიდა მამები მართლები არიან, როდესაც ამბობენ, ეკლესიას რატომ ებრძვით, ვერ მოერევითო. თუმცა, სინამდვილეში, ეკლესიასთან ბრძოლასთან არ უნდა გავაიგივოთ, თუ ჩვენ, სასულიერო პირებს, გვამხელენ იმაში, რაშიც უნდა გვამხილონ. ჩვენც ხომ ადამიანები ვართ?! და, პირიქით, სჯობს, იმის გამო, რისთვისაც გვსაყვედურობენ, მადლობაც კი ვუთხრათ და ვეცადოთ, რომ ავმაღლდეთ ამ ყველაფერზე.
პატრიარქმა თქვა, სხვათა შორის, ძალიან ბრძნული სიტყვები, თავიდანვე, როდესაც საბჭოთა კავშირიდან გამოვედით, ჩვენ არ გვყავდა კადრები, არადა ეკლესიები აუცილებლად უნდა გამრავლებულიყოო. ამიტომ პირველ ეტაპზე დაიწყო ეკლესიების, ტაძრების მშენებლობა და, შესაბამისად, მღვდელმსახურება. მაგალითად, ერთ-ერთ რაიონში, ცხონებული სულმნათი მამა რომანოზ ჩიქობავა იყო წინამძღვარი, მასთან ერთად ვმსახურობდი გასული საუკუნის 90-იანებში, მანამდე დარაჯად მუშაობდა ტაძარში. არ უნდოდა მღვდლობა, ტიროდა, მაგრამ დაიჭირეს და ძალით აკურთხეს. უპატიოსნესი ადამიანი იყო და შემდეგ მთელ წალენჯიხას შეაყვარა თავი. უამრავი განსაცდელი გაიარა, „მხედრიონი“ რომ ჩამოვიდა, ფაქტობრივად, მოწამეობრივად აღესრულა, მაგრამ ეს სხვა თემაა. განუზომელი სიმდაბლე ჰქონდა: წინამძღვარი იყო უკვე, მე დიაკვანი ვიყავი – დიაკვანი არავინაა წინამძღვართან შედარებით და სხვანაირი სულის ადამიანი რომ ყოფილიყო, ჩემში მეტოქეს დაინახავდა. მე ვიყავი მქადაგებელი და ამ დროს თითქოს ხაზი უნდა გაესვა თავისი წინამძღვრობისთვის, მაგრამ დადგებოდა ამბიონზე და დამიძახებდა, მამა გურამ, მოდიო. ბავშვივით უხაროდა, მე რომ ვქადაგებდი. შემთხვევით არ მითქვამს, მამა რომანოზი დაიჭირეს და ძალით აკურთხეს-მეთქი. მღვდლად ან დიაკვნად კურთხევა ეკლესიური საიდუმლოა და რიტუალურად სრულდება. როდესაც სადიაკვნე ან სამღვდელო პირი გამოჰყავთ, ორ მღვდელს უჭირავს ხელში და ასე ატრიალებენ დიდხანს. ეს იმდენად დიდი პატივი იყო, რომ ადამიანს, ვისაც მართლა რწმენა ჰქონდა, მღვდლობის პატივი შიშის ზარსაც კი სცემდა და გარბოდნენ. არადა, საჭირო იყო სასულიერო პირები და, ფაქტობრივად, იჭერდნენ და ძალით აკურთხებდნენ. ამის სიმბოლოა სწორედ, ორ მღვდელს რომ უჭირავს და ისე სრულდება რიტუალი. რომ წაიკითხოთ იოანე ოქროპირის „ექვსი სიტყვა მღვდლობაზე“, იქ ისეთი ნიუანსებია, თუ რა ევალება მღვდელს, სრულ ჭკუაზე მყოფი არავინ მოინდომებდა მღვდლობას.
ასეთი გამონათქვამია, ადრეც მითქვამს, თუ არ ვცდები: ერთი დიდი ხოჭოა, რომელსაც იმდენად დიდი ტანი აქვს და იმდენად სიფრიფანა ფრთები, რომ ფიზიკის კანონებით არ უნდა დაფრინავდეს, მაგრამ ხოჭომ ეს არ იცის და დაფრინავს, რომ იცოდეს, ვერ გაფრინდებაო. დაახლოებით, ასეა, ადამიანმა, სანამ აკურთხებენ, რომ იცოდეს, რა ევალება და რას ნიშნავს მღვდლობა, გამორიცხულია, თავი გამოიდოს მღვდლობისთვის, მეტიც, ალბათ, გაიქცევა. მაგრამ, ეტყობა, განგება გვიბრმავებს გონებას ამ დროს. ალბათ, საჭირონი ვართ, არასრულყოფილია სამყარო, თორემ, ალბათ, ვერავინ გავბედავდით სასულიერო პირობას.
ასე რომ, ყველა ეპოქაში იყო დაბრკოლებები. მეც უამრავი შემთხვევა ვიცი. ადამიანური სისუსტეები მღვდლებსაც გვახასიათებს და ეს აბრკოლებს ხოლმე ადამიანებს. ზოგჯერ ისეთ ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს ადამიანი ეკლესიაში, მოძღვართან ურთიერთობისას, რომ ყველაფერი ენგრევა. ხანდახან იმდენად დიდია მისთვის სასულიერო პირის ავტორიტეტი, ისეც ხდება, რომ მისი გავლენის ქვეშ ექცევა. ამიტომ ვერც ბედავს წინააღმდეგობას. შემდეგ ცდილობს, გადახარშოს, რაც ხდება; მაგრამ ესეც უჭირს. შემდეგ გარბის და უკვე არავის ენდობა. ეს იმას ჰგავს, ძაღლს რომ ადამიანი ერთხელ მდუღარეს შეასხამს, აღარავის ენდობა და რომც მოეფერო, მაინც აღარ მოდის შენთან. ამიტომ გვიჭირს ეკლესიიდან გაქცეულების ისევ ეკლესიაში შემოყვანა.
მაგრამ ვინც მას ტკივილი მიაყენა, ისევ მას უნდა შეხვდეს, ვგულისხმობ მღვდელს, ოღონდ ორმაგად პატიოსანს, იმ გაგებით, რომ მან ამოუვსოს კიდეც ნეგატივი და ზემოდანაც დაამატოს. მაშინ შეიძლება, რომ ამოიყვანოს იმ მდგომარეობიდან. ქრისტე ამბობს, ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ჩემი მორწმუნე, მე რომ ვაკეთებ საქმეებს, იმაზე მეტს გააკეთებს. რა იყო ქრისტეს მიზანი? მიმდევრების ყოლა? ქრისტეს არ უნდა მიმდევრები, მას უნდა მსმენელი, რომ თავისი სული გადასცეს, თავისი თავის ტირაჟირება გააკეთოს. ვთქვათ, არავის უნთია სანთელი და მე მაქვს ერთადერთი სანთელი. აი, ეს არის იესო – პირველი კანდელის ამნთები. დედამიწა არის სიბნელე და იესო ამ სიბნელეში სიცოცხლეა, ანთებული ნათელია: მე ვარ ნათელი სოფლისა! და შემდეგ რას ამბობს, იცი?! დაე, ნათობდეს ნათელი თქვენ წინაშე კაცთა. აქ რა ხდება?! არის ქრისტეს ნათელი და არის ჩვენი ნათელი?! ორი ნათელია?! არა – მე ხომ მოგიკიდეთ და ახლა ეს უკვე თქვენი ნათელიაო. ხარობს, რომ ჩემშია ის, რაც მასში იყო. აბა, რომელ ოსტატს არ უხარია, რომ შეგირდი მასზე უკეთესია?! ამდენად, თუ ჩემგან მიდის მრევლის წევრი, ორგვარი დამოკიდებულება მაქვს, იმისდა მიხედვით, თუ რატომ მიდის. თუ მან გაიგო, რისთვისაც მოვიდა ეკლესიაში და მიდის, არ მეშინია, რომ დაიკარგება. პირიქით, მიხარია, რომ ბედავს და მიდის, თუმცა მოუწევს დაბრკოლებების გადალახვა. ჩემი თვითმიზანი არ არის, რომ ვინმე დავაკავო, მაგრამ ხანდახან არის ვითარება, რომ ადამიანი ვეღარ მოდის პრობლემების გამო, ასეთს, რა თქმა უნდა, მოვიკითხავ, იმიტომ რომ ვიცი, რა ხდება მის ოჯახში, რა პრობლემები აქვს. მაგრამ ჯობია, ჩემს თავზე არ ვილაპარაკო. საერთოდ, ძალიან იოლია მთელი სამყაროს სიყვარული, მაგრამ ძალიან რთულია ერთი ადამიანის სიყვარული.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


