რომანი და დეტექტივი

ტყუილის ფასი

№36

ავტორი: ნია დვალი 20:00 16.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-35(1131)

– არ იყავი შენ ასეთი, – დამარცვლით უთხრა სოფომ.

– ვიყავი, უბრალოდ, არ ვიმეტებდი ადამიანებს. ყველა ისეთი ვართ, როგორიც ვიყავით, მაშინ რაღაცას არ ან ვერ ვავლენდით, ახლა ვავლენთ და პირიქით, სულ ესაა. შენ კიდევ არ იცი, რეები შემიძლია, ჩავატარო, – გაუცინა ირინკამ სოფოს, – შენი იაკო როგორ არის?

სოფო სახე გაებადრა შვილის ხსენებაზე.

– კარგად, დიდი გოგოა უკვე, მაგისტრატურაც დაამთავრა და მოსამართლის გამოცდებისთვის ემზადება.

– ყველაფერი გამოუვა, იმიტომ რომ მაგარი გოგოა და შენც მაგარი გოგო ხარ ძალიან. შენ გაგიმარჯოს, – ირინკამ სოფოს ჭიქა მიუჭახუნა.

– ასე არ ჯობია? – გაიბადრა თამრიკო.

– და შენ რატომ არ გვაცნობ შენს ქმარს? გეშინია, რომ წაგართმევთ? – სიცილით უთხრა ირინკამ.

– მეშინია, აბა?! ასეთ ქალებთან ხომ არ მოვიყვან?! – თამრიკო ახარხარდა, ირინკა და სოფოც აჰყვნენ, მხოლოდ მარი იჯდა დაძაბული, – დასვენება ურჩევნია, პატარა ხომ არ არის, ჩემზე 25 წლით უფროსია.

ამასობაში სუფრა საბოლოოდ შეივსო და მიმტანმა სანთლებიანი შანდალიც შემოიტანა.

– ავანთოთ და შუქი ჩავაქროთ, – დაფაცურდა თამრიკო.

ასეც მოიქცნენ.

– მე დავიწყებ, – თქვა თამრიკომ, – არც კი ვიცი, რა მოვყვე. ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა. იქ ვარ, სადაც მინდოდა, იმას ვაკეთებ, რაც მომწონდა და მომწონს და მინდოდა, მეკეთებინა ფულიც მაქვს, კომფორტიც... მკითხეთ, რაც გინდათ.

– შვილი რატომ დატოვე? – ძალიან ბუნებრივად ჰკითხა ირინკამ.

– ეს რა კითხვაა? – ჩაეჭრა მარი.

– იმიტომ რომ მაშინ მისთვის ასე სჯობდა, მე კი ფული მჭირდებოდა, – ასევე, ბუნებრივად უპასუხა თამრიკომ.

– და არ გიდა, ნახო?

– არა, იმიტომ რომ მე ახლა მისთვის უცხო ვარ და ისიც უცხოა ჩემთვის. არც კი ვიცი, ჩემზე რა უამბეს. თან, მე ის, ფაქტობრივად, გავყიდე. ეს რაღაც ბრმანაწლავივითაა, შენი ნაწილი იყო, მაგრამ მის გარეშეც მშვენივრად ხარ.

– კარგი შედარებაა, – გაეცინა ირინკას, – მე შეკითხვები აღარ მაქვს.

მარი და სოფო დუმდნენ.

– საათის ისრის მიმართულებით მივყვეთ, ახლა მარის ჯერია, – თქვა თამრიკომ და შეკითხვაც მიაყოლა, – თაზო კარგი ქმარია?

– ძალიან, – მარიმ საეჭვოდ სწრაფად უპასუხა, – და შესანიშნავი მამაა.

– ნათელა არ გაწამებს? – ახლა სოფომ დააწია კითხვა.

– არა, რას ამბობ? ნათელა დედასავით მიყვარს, ჩემი მეგობარია, ყველასთან მოკითხვა დამაბარა, გადასარევად ვეწყობით ერთმანეთს, – მარიმ კიდევ დიდხანს ილაპარაკა დედამთილთან თავის იდეალურ ურთიერთობაზე.

– შენ ბევრი შვილი გინდოდა და რამდენი გყავს? – მოულოდნელად ჰკითხა ირინკამ.

– ამას კი არა, თაზოს უნდოდა ბევრი შვილი, – შეუსწორა თამრიკომ: ხომ ეგრეა, მარი?

– შეიძლება, ამერია. გყავთ ბევრი შვილი? – შეასწორა შეკითხვა ირინკამ.

– ერთი ბიჭი ჰყავთ, მალე სკოლას დაამთავრებს, ჩემი ნათლულია, – დაასწრო მარის სოფომ.

– როგორ? – ირინკას ნერწყვი გადასცდა და ხველება აუტყდა.

– რა როგორ?! – გაიკვირვა სოფომ: ერთი შვილი ჰყავთ, ბიჭი, მომავალ წელს დაამთავრებს სკოლას.

ირინკა გაუჩერებლდ ახველებდა.

– ალერგია ხომ არ მოგცა რამემ? რა დაგემართა? – შეშფოთდა თამრიკო.

– არაფერია, წყალს შევისხამ სახეზე და გამივლის, მომდის ხოლმე ასე, – ირინკა გავიდა, სოფო უკან გაჰყვა...

თამრიკო და მარი

– რატომ მოაწყვე ეს სპექტაკლი ან რატომ არ მითხარი, რომ ამასაც მოათრევდი? – მარი თამრიკოს ეცა, როგორც კი ირინკა და სოფო გავიდნენ.

– შარზე ხარ? ან რა თქმაა, მოვათრიე?! დიდი ხანია, აღარ ემეგობრები? მახსოვს, კუდში დასდევდი, – შეუტია თამრიკომ.

– ხომ იცი, რომ თაზო უყვარდა და თაზო ზედ არ უყურებდა, არც ნათელას უნდოდა და ახლა გული უნდა ეტკინოს, – თავი გააქნია მარიმ.

– გული რატომ უნდა ეტკინოს? თან თაზოს უყვარდა, როგორც მე მახსოვს. ვარდივით არის, რომ მოინდომოს, თაზოზე უკეთესს გაჰყვება ახლავე, – არ დაუთმო თამრიკომ, ვერ ხედავ, არც კი შეცვლილა. მგონი, იმაზე უკეთესიცაა, ვიდრე მაშინ იყო, სტუდენტობისას. ნამდვილად ვიღაც ჰყავს ახლგაზრდა, ძალიან ახალგაზრდა. ახალგაზრდა პარტნიორი ქალსაც უხდება და კაცსაც, – ეს ბოლო წინადადება თამრიკომ უფრო საკუთარ თავს უთხრა, ვიდრე მარის.

– მე არც ვიცოდი, რომ ისევ თბილისში ცხოვრობდა, ისე უცებ გაუჩინარდა, – მარიმ თითქოს ვერ გაიგო, რაც თამრიკომ თქვა.

– არ იცოდა, რომ შენ და თაზომ ბავშვი აიყვანეთ, იმიტომ რომ თაზო უშვილოა? – გაიკვირვა თამრიკომ.

– ეგ მეორედ აღარ გაიმეორო, – მარიმ დაფეთებულმა გაიხედა კარისკენ.

– კარგი, აღარ გავიმეორებ, დამშვიდდი, მეგონა, იცოდა.

– ეს ამბავი მხოლოდ შენ და სოფომ იცით, მეტი არავინ, დამპირდი, რომ აღარასდროს გაიმეორებ.

თარიკომ თავი დაუქნია.

ირინკა და სოფო

ირინკამ სახეზე წყალი შეისხა და სარკეში ჩაიხედა. სარკეშივე უთხრა სოფოს, რომელიც მის გვერდით იდგა: მე წავალ. ჩემ ნაცვლად ბოდიში მოუხადე, უთხარი, ცუდად გახდა, აღარ ჩაგიშხამათ შეხვედრა და წავიდა-თქო.

– მოიცა, ცუდად ხარ? – ჰკითხა სოფომ.

– არა, რა ცუდად, უბრალოდ, ნერწყვი გადამცდა და რაღაც აღარ მინდა დარჩენა. დავიღალე, ამ კვირაში ბევრი სამუშაო მქონდა და გადავიღალე, – იცრუა ორინკამ.

– სხვა მოატყუე, შენ მე ვერ მომატყუებ. დაფქვი, რა ხდება, – სოფომ დოინჯი შემოირტყა.

– არ ვიცი, ჯერ არაფერი, რომ გავარკვევ, გეტყვი, გეფიცები, – ირინკამ დამაჯერებლად უთხრა ეს სოფოს: იცი, ყოველთვის მინდოდა, შენთვის მეთქვა და ვერ მოვახერხე. ხშირად მახსენდები და მართლაც შეუძლებელი შეძელი, ბავშვიც გააჩინე და მაინც შეძელი შენი მიზნის მიღწევა. ვაჟა აღარ გამოჩენილა?

– გრძელი ისტორიაა, – სევდიანად თქვა სოფომ.

– შემომიარე, სანამ წახვალ და ვიჭორაოთ, მე ჩემს ანის გაგაცნობ, კარგი გოგოა.

– სულ მინდოდა, მეკითხა შენთვის, ვინ არის ანის მამა?

– ერთია, – გაუღიმა ირინკამ.

– აბა, ორი ვერ იქნება, – გაიცინა სოფომ, – შენ არავის ხვდებოდი, გარდა... – სოფომ ენაზე იკბინა და გაჩუმდა. ერთხანს იყოყმანა და განაგრძო, – თაზოს რატომ მოექეცი ასე? არ იმსახურებდა.

– როგორ მოვექეცი? – ისევ სარკიდან შეხედა ირინკამ სოფოს.

– როგორ და ცუდად! – სოფომ თავის პირდაპირობას არ უღალატა.

– იმიტომ რომ, აი, ასეთი ცუდი ვარ. – გაუცინა ირინკამ.

– ამ საღამოს სულ უაზროდ იღიმები, რა უბედურებაა ეს? – სოფოსაც გაეცინა.

ირინკამ ისევ გაიღიმა.

– ჩვევაა. რაღაც უნდა გკითხო, მარის შვილი რამდენი წლისაა?

– 16-ის, და რატომ გაინტერესებს? – ირინკას ჩრდილივით გადაუარა სახეზე, – ისე, უბრალოდ. მე წავალ, რამენაირად ჩემი ჩანთა გამომიტანე. ეზოში დაგელოდები. გთხოვ, იქ ნუ შემაბრუნებ. არ შემიძლია, – მუდარით უთხრა ირინკამ და სოფო დათანხმდა, იმიტომ რომ მარისთან უნდოდა ლაპარაკი, იქნებ გაეგო, რა ხდებოდა.

***

სოფო მარტო დაბრუნდა და თამრიკომ შეიცხადა:

– ირინკა სად არის?

– ირინკა წავიდა, ჩანთას გავუტან, – მშვიდად უთხრა სოფომ.

– როგორ წავიდა? – თამრიკო ფეხზე წამოდგა, – ვერსადაც ვერ წავა!

– წავა. მე ახლა მას ჩანთას გავუტან, შენ კი აქ დარჩები, – მტკიცედ უთხრა სოფომ.

თამრიკო დაჯდა, იმიტომ რომ იგრძნო, ასე აჯობებდა.

– გამოგვმშვიდობებოდა მაინც.

– იცი, მისი ტელეფონის ნომერი, დაურეკე და გამოემშვიდობე, – სოფომ ირინკას ჩანთა აიღო და გავიდა.

ირინკა დიდ დარბაზში იჯდა და დაძაბული სახე ჰქონდა, ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ფიქრობდა. ვერც კი იგრძნო, სოფო რომ მიუახლოვდა.

– გინდა, წამოგყვე? რაღაც არ მომწონხარ, – შესთავაზა სოფომ.

– არა, ყველაფერი რიგზეა, ჩემს შვილს დავურეკავ და მომაკითხავს, ისიც მცხეთაშია.

– მე არც კი მინახავს შენი შვილი, გავიცნობ, – ირინკამ ისე გაუღიმა, სოფო ვერ მიხვდა, დაეთანხმა თუ არა, ამიტომ, როგორც გამჭრიახმა ქალმა, უთხრა, – ისე, უხერხულია, მე მაინც ავალ, დავამშვიდებ გოგოებს. დაგირეკავ და წასვლამდე იქნებ შემოგიარო.

– ჰო, დაამშვიდე, დაამშვიდე, – ირინკამ სოფოს აკოცა, მიუხედავად სოფოს მძიმე ხასიათისა, ირინკას სოფო უყვარდა.

სოფო კიბეებზე ავიდა, მაგრამ ხელსაყრელი მდებარეობა შეარჩია და დადგა. ირინკამ დარეკა და გაუნძრევლად იჯდა. ცოტა ხანში მანქანა მოვიდა, ირინკა გავიდა და მანქანაში ჩაჯდა ისე, რომ სოფომ მანქანის მძღოლს თვალი ვერ მოჰკრა.

– მომატყუა, შვილი გამომივლისო, – სოფომ თავისთვის ჩაილაპარაკა.

თამრიკო და მარი რაღაცაზე გაცხოველებით საუბრობდნენ. მარის აშკარად გუნება ჰქონდა გამოკეთებული, სავარაუდოდ, იმ მიზეზით, რომ ირინკა წავიდა, მაგრამ სოფოს თავისი გეგმები ჰქონდა.

– რადგან გულახდილობის საღამოა, მოყევი, როგორ მოახერხე, რომ თაზო დაითრიე? – პირდაპირ აჯახა მარის.

– მე მეუბნები ამას? – აღშფოთდა მარი.

– ჰო, შენ გეუბნები. რა ჩახლართე, ყოველთვის მქონდა ეჭვი და ახლა დაჯექი და მოყევი.

– როგორ მელაპარაკები?! მე რა უნდა ჩამეხლართა?! თამაზმა გააკეთა არჩევანი!

– ეს ამბები სხვას მოუყევი. ახლა კი დაფქვი სიმართლე. ირინკა ყველგან თან დაგატარებდა, ვერ ამჩნევდა, როგორ გიციმციმებდა თვალები თაზოს დანახვაზე და ის კი ზედ არ გიყურებდა, – სოფო პირდაპირი იყო და არც ადამიანების დანდობა იცოდა.

– თამრიკო, ამისთვის მომიყვანე? – მარი ახლა თამრიკოს ეცა.

– არა, ამისთვის არ მომიყვანიხარ, მაგრამ მართლაც საინტერესოა, თაზომ რატომ მოგიყვანა ცოლად ან ირინკამ რატომ დაგითმო ასე იოლად?! ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მე ხომ ვიცი და მარტო მე არ ვიცი. ასე უცებ როგორ გადაუყვარდა? – თამრიკო მარის თვალებში ჩააშტერდა.

– მე მივდივარ! – მარი წამოდგა.

– არსადაც არ მიდიხარ, – სოფომ მარის მხარში მოკიდა ხელი და დასვა.

– შენ მე ვერაფერს მომიყვები, რაც გამაკვირვებს, – მიუბრუნდა თამრიკო მარის, – მე ვარ ქალი, რომელმაც გავყიდე შვილი ამერიკაში გასამგზავრებელ ბილეთში, უბრალოდ, ამ ბილეთით ჯეკპოტი მოვხსენი. შენ რა გააკეთე და რა მოიგე, გაგვიზიარე.

– მე არაფერი მიქნია, არც არავინ გამიყიდია და დღეიდან თქვენთან ურთიერთობის არანაირი სურვილი არ მაქვს, დიდი მადლობა ყველაფრისთვის, შენ კიდევ ჩემი შვილის ნათლია გქვია, – მარიმ სოფოს შეხედა.

– და ჩემი ნათლული რა შუაშია? – გაიკვირვა სოფომ.

– რას ქექავ, აბა?! თამაზმა რომ მიგვატოვოს და უმამოდ დარჩეს? – მარიმ სოფოს დამუნათება სცადა.

– რატომ უნდა მიატოვოს თაზომ შვილი? თან, ის უფროა მამა, ვიდრე შენ დედა. შენ გგონია, არ გეტყობა, რომ ისე რა გიყვარს?! ნათელა რომ ნათელაა, მასაც კი უყვარს. სახე უნათდება მის დანახვაზე. მოყევი სიმართლე, გულზე მოგეშვება, – ურჩია სოფომ.

– დღეიდან მე თქვენ არ გიცნობთ და თქვენ მე არ მიცნობთ! – ჩაისისინა მარიმ, – არ გაბედოთ ჩემი ოჯახის საქმეებში ჩარევა, თორემ, რაც ვიცი და ძალიან ბევრი რამ ვიცი თქვენზე, ყველას გავაგებინებ!

თამრიკომ გადაიხარხარა:

– ვის გააგებინებ, მკვდარ დედაჩემს თუ ჩემს ქმარს მოუყვები?!

სოფომაც შეუტია:

– შენზე არ გავაგებინოთ ყველას ყველაფერი, წესიერად ილაპარაკე!

მარის უცებ ტირილი აუვარდა: ეს მისი მეთოდი იყო, უმსგავსობას ჩაიდენდა, მერე იმაზე დიდ უმსგავსობას იტყოდა და, თუ არ გაუვიდოდა, როგორც მსხვერპლს სჩვევია, იწყებდა ტირილს, ანუ თავის შეცოდებას.

დასასრული შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 26.08, 2022 წელი

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 02.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 09.09, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი