რომანი და დეტექტივი

ტყუილის ფასი

№35

ავტორი: ნია დვალი 20:00 09.09, 2022 წელი

ტყუილის ფასი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #33-34(1130)

– ამ ქვეყანაში დედას შვილს არ ართმევენ, თან, ვმუშაობ და, ბოლოს და ბოლოს, წავალ ჩემს ქალაქში და იქ ვიმუშავებ, სახლიც მაქვს და კარიც, დედაც მყავს, – თამრიკომ ეს თქვა და ტანში გაცრა, მშობლიურ სახლში დაბრუნება რომ წარმოიდგინა.

მისი არადამაჯერებლობა სტუმარმაც იგრძნო:

– შენ იმიტომ არ წამოსულხარ პროვინციიდან, რომ ისევ იქ დაბრუნდე. და, საერთოდაც, აქ საჩხუბრად არ მოვსულვარ. დავილაპარაკოთ.

თამრიკოს გაუკვირდა საუბრის სულ სხვა კალაპოტში გადატანა, ხოლო, რადგან მოსმენით არაფერს კარგავდა, ყოფილი დედამთილი სამზარეულოში შეიყვანა, რომელიც უფრო საშინელი სანახავი იყო, ვიდრე მისაღები.

ყოფილი დედამთილი ჩამოჯდა და ცხვირიდან ცხვირსახოცი მოიშორა: საქმიანი წინადადება მაქვს. ახალგაზრდა ქალი ხარ, სიმპათიური, ნიჭიერი, გეგმებით, შენც იცი, რომ პატარა ბავშვთან ერთად გაგიჭირდება და, რაც მთავარია, სასამართლოს ვერ მოგვიგებ.

– თუ ვერ მოგიგებთ, რატომ მოხვედით? – შეუბრუნა კითხვა თამრიკომ.

– იმიტომ რომ ჩვენს ოჯახს არ უნდა, რომ ჩირქი მოეცხოს და ყველას გასარჩევი გახდეს, რომ ვდაობთ და ყოფილ რძალს ბავშვი არ მიაკუთვნეს. შენ იცი, რომ ვერ მისცემ იმას, რასაც ჩვენ. ბავშვი შესანიშნავ პირობებში გაიზრდება. იფიქრე ამაზე. ჭკვიანი გოგო ხარ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. თან, მატერიალურადაც დაგეხმარებით, ხომ ყოველთვის გინდოდა ამერიკაში წასვლა? არადა, ბილეთიც კი ძალიან ძვირი ღირს. იფიქრე და დამირეკე, – ყოფილმა დედამთილმა უცებ მოსხიპა სიტყვა და ადგა. სწორედ ამ დროს ბავშვმა გაიღვიძა და ტირილი დაიწყო...

რესტორანში

თამრიკო დათქმულ ადგილას პირველი გამოცხადდა, ყველაზე ადრე, იმიტომ რომ გადაწყვიტა, თავად ყოფილიყო ამ შეხვედრის დამფინანსებელიც. სუფრა კი, მართლაც, საუცხოო ჰქონდა შეკვეთილი და მაინც შეამოწმა, რომ ყველაფერი რიგზე ყოფილიყო. აივნიდან მცხეთის საოცრად ლამაზი ხედი იშლებოდა და თამრიკო უბრალოდ უყურებდა, უყურებდა და ისვენებდა. თან, შემოსასვლელიც ჩანდა და ელოდებოდა თავის სტუმრებს. წარმოდგენა არ ჰქონდა, საიდან მოუვიდა მათი შეკრების აზრი, იქნებ უნდოდა, ეჩვენებინა, რომ მართლაც მიაღწია ნაოცნებარს და არნახული მწვერვალები დაიპყრო?! თამრიკომ წარსული ჩაჭრა: ის მისთვის აღარ არსებობდა, თუმცა წელიწადში ერთხელ აუცილებლად ჩამოდიოდა, თავის მშობლიურ სახლს თვალს შეავლებდა, უფრო კი, იმას, რაც თავად ააშენა, დედამისს ფიქრებში გაუღიმებდა და მალევე ბრუნდებოდა იქ, სადაც თავისი ოცნება დაიჭირა, ოღონდ, სინამდვილეში, ოცნებამ დაიჭირა თამრიკო. თან, სინდისი ქენჯნიდა, ამიტომ ირინკას დაპატიჟების შესახებ მარისა და სოფოს არაფერი უთხრა. თავს უხერხულად გრძნობდა? არა, თამრიკომ უხერხულობა მას შემდეგ დაივიწყა, რაც შვილი ყოფილ დედამთილს გაატანა თავისი ნაქირავები, ნახევრად სარდაფიდან და მისი არსებობა დაივიწყა, როგორც კი ფული გადაითვალა, თან, იმდენადაც კი, ვინმეს რომ ეთქვა, შვილი გყავსო, გულწრფელად გაიკვირვებდა. თამრიკო დარწმუნებული იყო, რომ დედობა მისთვის სრულიად უცხო ხილი გახლდათ.

თამრიკომ დაინახა, რომ შემოსასვლელთან მანქანა გაჩერდა, ინტუიციით მიხვდა, რომ ეს მარი იქნებოდა (თამრიკო, მართლაც, კარგი ქირურგი იყო: თავის ქართულ ცოდნას ამერიკულიც დაუმატა და, შესაბამისად, ინტიუციაც კარგი ჰქონდა) და თავში უფრო ავანტიურისტული იდეა მოუვიდა. ელვის უსწრაფესად ჩაირბინა კიბეები და შემოსასვლელთან გაჩნდა:

– თაზო, მეწყინება, რომ არ შემოხვიდე, – თამაზს აშკარად არ ესიამოვნა, მაგრამ სცადა, დაემალა: თამრო, როგორ ხარ? – უთხრა და მანქანიდან გადავიდა.

თამრიკო ჯერ თამაზს გადაეხვია და შემდეგ – მარის, ოღონდ ეს უხერხულობა იმით გამოასწორა, რომ მარის კომპლიმენტები დააყარა. მარიმ შეიფერა და ყელიც მოიღერა, თამაზს ხელკავი გაუკეთა: ჩემი თუ არა, თამრიკოს ხათრით მაინც ამოდი, ძალიან გთხოვ, – უთხრა ქმარს ნაზად.

თამაზმა მარის ხელი ოსტატურდ მოიშორა, მაგრამ მის მეორე ხელს თამრიკო დაეპატრონა.

– არსად გაგიშვებ, გავიხსენოთ ახალგაზრდობა, რაც ჩვენ ერთად ღამეები გვითენებია. ნუ გამაწბილებ, იმდენი რამ მაქვს მოსაყოლი, – ბოლო სიტყვები თამრიკომ სიტყვის მასალად თქვა, იმიტომ რომ თამაზთან გასახსენებელი და მისთვის მოსაყოლი არაფერი ჰქონდა. თამაზი რომ ზრდილობიანად უარობდა, თამრიკომ თვალი მოჰკრა ირინკას ზურგს – ირინკას გამორჩეული აღნაგობა ჰქონდა და მისი სილუეტი არავისში აგერეოდა.

– აი, ირინკაც მოვიდა... ირინკააა! თაზო, დარჩი, რა, არ დაგვყარო ეს ქალები მარტო.

ირინკა შემოტრიალდა და მარის ფერი წაუვიდა: ისევ ისეთი კი არა, იმაზე უკეთესიც კი იყო, ვიდრე 27 წლის წინათ. ქმარს ხელკავი ისევ გაუკეთა, ამჯერად ძალიან საფუძვლიანად.

– მოკლედ, თაზოც ჩვენთანაა, – თამრიკომ მეორე მხარეს გამოსდო ხელკავი თამაზს და ირინკასკენ დაიძრნენ.

– ყოველთვის ანათებდი და ახლაც ანათებ, – თამრიკო ირინკას გადაეხვია. ირინკამ გულღიად გაუღიმა, – შენ ხარ მანათობელი ვარსკვლავი და ყოველთვის იყავი. გამარჯობა, მარი. როგორ ხარ? არ ვიცოდი, თუ შენც იქნებოდი, – და ხელი გაუწოდა.

მარიმ ხელიც ჩამოართვა და კიდეც გადაეხვია, ირინკას არ ესიამოვნა, მაგრამ არ შეიმჩნია, – გამარჯობა, თამაზ.

თამაზმა მხოლოდ თავი დაუკრა, უხერხულობა ისევ თამრიკომ გააქრო:

– როგორ მომენატრეთ, რომ იცოდეთ, – და სიცილ-კისკისით რაღაც ამბის მოყოლა დაიწყო, ოღონდ ისე, რომ თამაზის ხელი საფუძვლიანად ეჭირა.

სუფრას მიუსხდნენ: თავში – თამრიკო, მის მარჯვნივ – მარი და თამაზი, მარცხნივ, მათ პირდაპირ – ირინკა.

მარიმ სუფრას მოავლო თვალი;

– კიდევ ვინმეს ველოდებით?

– რა თქმა უნდა, ქალბატონ სოფიოს, – საზეიმოდ წარმოთქვა თამრიკომ, მაგრამ იგვიანებს. ამიტომ ტელეფონს დასწვდა და სოფოს ნომერი აკრიფა, – შენ სულ როგორ უნდა იგვიანებდე? არა, გელოდებით, უშენოდ არ დავიწყებთ.

თამრიკომ, როგორც კი გათიშა ტელეფონი, თამაზს მიმართა:

– თითო ჭიქა თეთრი ღვინო დავლიოთ, სანამ სოფო მოვა, თუმცა წინადადების დასრულება ვერ მოასწრო, რომ სოფომ შემოაღო კარი.

– აბა, უშენოდ არ დავიწყებთო?! – სოფომ ყველას ჩამოუარა და გადაკოცნა, პირველად და ყველაზე დიდხანს, ცხადია, თამრიკოს ჩაეხუტა და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი, თამრიკოს დაყოლიებას აპირებდა, იქნებ მისი ქალიშვილისთვის ხელი შეეწყო, რამენაირად ამერიკაში მოხვედრილიყო. საერთოდ, სოფო ადამიანებს იმის მიხედვით სწყალობდა, რაში გამოადგებოდნენ. ამ თვისების შესახებ თავად სოფომაც არ იცოდა, იმდენად ჰქონდა შესისხლხორცებული, მაგრამ მისი ცხოვრება სწორედ ამ სქემაში მიედინებოდა.

– რადგან ყველანი აქ ვართ, მოდი, ჩვენ გაგვიმარჯოს, სანამ თამადას ავირჩევთ, – თამრიკომ ჭიქა აწია: და თამადა, რა თქმა უნდა, თაზო იქნება, – ეს თქვა, ყველამ თავი დაუქნია და თეთრი ღვინო მოსვა.

– მე ერთი წუთით შემოვედი, აუცილებელი საქმე მაქვს და უნდა წავიდე, – თქვა თამაზმა გადაჭრით და წამოდგა.

თამრიკოც მაშინვე წამოხტა:

– არ მაწყენინო...

– ცივი წყალი ექნებათ, გაგრილდით, გოგოებო, აბა, კარგი დრო გაატარეთ, – თამაზი შეტრიალდა და გავიდა.

უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც მარიმ დაარღვია:

– მართლა ბევრი საქმე აქვს, ისიც კი გამიკვირდა, რომ შემოვიდა, არ გეწყინოთ.

– საბოლოოდ, ყველა ქართველი კაცი ერთ უხასიათო ნეხვად იქცევა ხოლმე, – თქვა უცებ ირინკამ და მარის გაუღიმა.

მარი წამოწითლდა და გაწიწმატდა:

– რა უფლებით აყენებ შეურაცხყოფას ჩემს ქმარს?

– მგონი, შენმა ქმარმა ჩვენ, ყველას, მოგვაყენა შეურაცხყოფა, – ისევ გაიღიმა ირინკამ და ღვინო მოსვა: მაგრამ ვირისგან წიხლი, აბა, რა საწყენია?!

– აქ საჩხუბრად არ შევკრებილვართ, – გააპროტესტა თამრიკომ.

– მარი მართალია, – სოფო მარის გამოესარჩლა, იმიტომ რომ მარი უფრო საჭირო ადამიანად მიაჩნდა.

– რა თქმა უნდა, შენთვის მარი მართალია, იქებ რამე გახეიროს ოდესმე, – ირინკამ ამჯერად სოფოს გაუღიმა და ისევ ღვინი მოსვა.

– გოგოებო, ასე არ გამოვა, საქმეების გასარჩევად ხომ არ შევკრებილვართ? ამდენი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს?! – სევდიანი ინტონაცია გაურია თამრიკომ ხმაში.

– აბა, რისთვის შეგვკრიბე, მოგენატრეთ? – ირინკამ გაიცინა, – გართობა მოგინდა და, აჰა, ერთობი, მე კი, უბრალოდ, დაგეხმარე, დავაჩქარე სანახაობა.

ხმას არავინ იღებდა.

ირინკა ჩუმად წრუპავდა ღვინოს.

– არ დავიწყოთ ჭამა? გადახდილი გაქვს, ხარჯი ნაქნარია და ხომ არ გავაფუჭებთ საჭმელს? – ირინკამ ნიგვზინი ბადრიჯანი გადიღო და სულგუნის ნაჭერს დასწვდა.

– ადრე ასეთი აგრესიული არ იყავი, – უთხრა მარიმ ირინკას.

– კარგი მასწავლებლები შემხვდნენ. შენ დღის მეორე ნახევარში არ ჭამ? ფიგურას უფრთხილდები? ქმარი ხომ არ გღალატობს? – ირინკა ისეთი გულუბრყვილო თვლებით მიაშტერდა მარის, უცხო თვალი იფიქრებდა, გულითადად ეკითხებაო.

მარი წამოწითლდა, მაგრამ თავი მალევე აიყვანა ხელში:

– მე ის მაინც მყავს ვინც შეიძლება, მიღალატოს.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – ისევ გაუღიმა ირინკამ მარის და ახლა უკვე თამრიკოს მიუბრუნდა:

– არ აპირებ შენი შვილის ნახვას? ჩვენ მოგენატრეთ და საკუთარი შვილი არ მოგენატრა?

თამრიკომ თავი გადააქნია:

– ყველფერს ეჩვევი, თურმე.

– მართლა არ გინდა მისი ნახვა? – გულწრფელად ჰკითხა ირინკამ.

– უბრალოდ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, – ასევე გულწრფელად უპასუხა თამრიკომ.

– მაპატიე, შენი წყენინება არ მინდოდა.

– ვიცი, მაგრამ აი, მე კი მინდოდა სანახაობა მომეწყო, – გამოტყდა თამრიკო.

– ჰოდა, გამოგივიდა, დასაწყისი შთამბეჭდავია, – ისევ გულღიად გაუცინა ირინკამ.

– რამენაირად უნდა გავხალისდეთ, – შესთავაზა თამრიკომ მეგობრებს: მოდი, რამე ვითამაშოთ, სტუდენტობისდროინდელი. ვითომ ისევ 18 წლისანი ვართ? როგორი მხიარულები ვიყავით და კარგები...

– მე ახლაც ძალიან კარგი ვარ, – მძიმედ და დამაჯერებლად წარმოთქვა სოფომ.

– მით უმეტეს, – შეაგულიანა თამრიკომ.

– რა დროს ესაა? არ ჯობია, მოვყვეთ, ვინ როგორ ცხოვრობს, რას მიაღწია? – მარიმ ირინკას გადახედა ირონიულად, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მარის გვარიანად მოემატებინა წონაში ამ წლების განმავლობაში, მისი ირონიული მზერა ირინკას აინუნშიც არ ჩაუგდია. პირიქით, საკმაოდ მხიარულად დაეთანხმა, – რა თქმა უნდა, მოვყვეთ, ვინ როგორ იცხოვრა.

– ესე იგი, გადაწყდა, – გამოაცხადა თამრიკომ, – მე ვიწყებ.

– შეკითხვების დასმა შეიძლება? – დააზუსტა ირინკამ.

– რა თქმა უნდა, შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, – დაეთანხმა თამრიკო და მიმტანის ღილაკს დააჭირა ხელი.

მიმტანი მაშინვე იქ გაჩნდა.

– რაც მოსატანია, მოიტანე და შანდლები გვინდა კიდევ სანთლებით, – გასცა დავალება თამრიკომ.

მიმტანმა თავი დააქნია და გაუჩინარდა.

– სანთლები რად გინდა? – გაიკვირვა მარიმ.

– როგორ რად მინდა? სანთლების შუქზე უფრო გულახდილები ვიქნებით და გაგვიადვილდება.

– მე არ მინდა, – მარიმ ცხვირი აიბზუა.

– რამით უკმაყოფილო ხარ? – ჰკითხა ირინკამ.

– პირიქით, ძალიან კმაყოფილი ვარ და მგონია, რომ ეს ყველას არ მოეწონებოდა, – ორაზროვნად თქვა მარიმ და სადღაც, უსასრულობაში გაიხედა.

– თუ გავითვალისწინებთ, რომ წონა მიგიშვია, არადა მახსოვს, როგორ იკლავდი თავს და შიმშილობდი, მართლაც ყველას არ მოეწონება, – ირინკამ ეს იმდენად გულგრილად თქვა, რომ ყველას გაეცინა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 26.08, 2022 წელი

ტყუილის ფასი
ტყუილის ფასი

20:00 02.09, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №6

6- 12 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი