რომანი და დეტექტივი

სიმბოლური ცოლი

№16

ავტორი: ნია დვალი 20:00 29.04

სიმბოლური ცოლი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13-15(1111)

გეგა ტახტზე დაჯდა და ტელეფონი ორივე ხელში აიღო. უძრავად იჯდა, სანამ ტელეფონი არ გაწკრიალდა: აბდაუბდა ნაწერი იყო, მაგრამ მაინც გაარჩია ტექსტი: ახლა გამოვედი, დაიძინე, კარგად ვარ. მიყვარხარ.

– ნარკოზის ბრალია, ალბათ, – თავისთვის ჩაილაპარაკა.

– ყველაფერზე ძალიან მიყვარხარ, – მისწერა მარიამს, არც გაუხდია, ისე დაწვა და მკვდარივით დაეძინა.

***

ნატო და თამუნა ლილისთან ავიდნენ (ლილი მათი დედა იყო, მარტო ცხოვრობდა, თუმცა ორი ქალიშვილი კი ჰყავდა). გზაში ნატომ და კიდევ ერთხელ დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო და დაწვრილებით მოუყვა თავიდან, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა და შემდეგ რამდენჯერმე გაამეორებინა. ცოდვა გამხელილი ჯობს და, ნატოს და უყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ შურისძიებაც უნდოდა. თავის დას კი არა, გეგას ადანაშაულებდა და ამიტომ ყველაფერზე იყო თანახმა, ოღონდ მისი თამუნა კარგად ყოფილიყო და ბედნიერად ეგრძნო თავი. დედამისთან ცოტა ხანს დარჩა, სანამ დისშვილები მოვიდოდნენ და მალევე წავიდა. წასვლის წინ თამუნა კიდევ ერთხელ გაამხნევა და ყველას დაემშვიდობა. ნატოს კიდევ ერთი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. იცოდა, რომ თამუნა ამას არ დათანხმდებოდა და, საერთოდაც, ნატომ იმ კახპის (ასე მოიხსენიებდა მარიამს) სახელიც იცოდა, გვარიც, მისამართიც და სადაც მუშაობდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ფოტოც კი ჰქონდა. არადა „კახპა“ მართლაც ლამაზი ქალი იყო, დამოუკიდებელი და ძლიერი. ნატოს უკვირდა კიდეც, რატომ იტანდა გეგას, რომელიც არც ქმრად ვარგოდა და, გულზე ხელს თუ დავიდებთ, არც საყვარლად, იმიტომ რომ, ნატოს აზრით (და ნატო, სულაც, არ იყო სულელი და ბრმა), უბრალოდ, ეგოისტი იყო. რა თქმა უნდა, ნატომ არ იცოდა ნანას ხრიკები, ამიტომაც გეგა მის თვალში უპასუხისმგებლო ეგოისტად რჩებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში ნატო ისეთებს უკეთებდა მარიამს, ჯადოქარიც კი გაკვირვებას ვერ მალავდა, რატომ იყო მარიამი დღემდე ცოცხალი.

ერთადერთი ხერხი, რისთვისაც იმ დღემდე ნატოს არ მიემართა, უკიდურესი იყო. ამ ხერხს ბოლოსთვის იტოვებდა, იმიტომ რომ იმის იქით უკვე აღარაფერი არსებობდა. იკითხავთ, რამ გაამწარა ნატო იმდენად, რომ სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა ვა-ბანკზე წასვლა?! მიზეზი მარტივი იყო: შემთხვევით, სრულიად შემთხვევით, თვალი მოჰკრა გეგასა და მარიამს და დაინახა გეგას თვალები, რომლებიც გეგას მანქანისკენ მიმავალ მარიამს უყურებდნენ და ნატო მიხვდა, არაფერს აზრი არ ჰქონდა: არც იმას, სად და ვისთან ცხოვრობდა გეგა, ლამაზი იყო თუ შეუხედავი მარიამი; რამდენჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს; რომ არ ჰყავდათ საერთო შვილი ან შვილები. ამ ორს ერთმანეთი უბრალოდ უყვარდა. შვილები რომ არ ჰყავდათ, ამ ფაქტმა ნატო უფრო გააღიზიანა, ვინაიდან ქალი იყო და მიხვდა, რომ მარიამი გეგას „დათრევას“ არ ცდილობდა, არ უგებდა მახეებს და არ იყენებდა თავის ძალაუფლებას გეგაზე, რომელიც, როგორც ქალს, ჰქონდა.

– იმდენად თავხედი ქალია, რომ ბავშვიც არ გაუჩინა, იმიტომ რომ იცის, გეგას მხოლოდ ის უნდა, მეტი არავინ, – ეს ფრაზა ხმამაღლა თქვა და ბოღმისგან გაწითლდა. ტელეფონი ნაჩქარევად აიღო: გადავწყვიტე: ფოტო ამოვაბეჭდინე, ქონიც მომაქვს და ნემსებიც. 15 წუთში შენთან ვარ.

ილგარი აისორი იყო წარმოშობით, თუმცა ქართული წყალივით იცოდა. უცნაურია, მაგრამ ნახევრად დანგრეულ სახლში ცხოვრობდა ორ ძაღლთან ერთად (არადა იმ პროფესიის ხალხს, ძირითადად, კატები ჰყავთ, თან – შავი). გული შეგიწუხდებოდა, ისეთი გარემო იყო. კარს არასდროს კეტავდა, ამიტომ ნატოს არც დაუკაკუნებია (აბა, ზარი ილგარს არ ჰქონდა), ისე შევიდა.

– ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ამას მომთხოვდი, – მოესმა ილგარის ხმა, – ხომ იცი, დიდ ცოდვას იღებ შენს თავზე?!

– იმაზე მეტს არა, ვიდრე შენ – მშვიდად გაუღიმა ნატომ.

– მე ამით ვჭამ პურს, გენაცვალე, – ილგარმაც გაუღიმა, ოღონდ ორაზროვნად.

– არ შემიძლია, ვუყურო, როგორი უბედურია ჩემი და! – მკაცრად თქვა ნატომ.

– არ შეგიძლია, უყურო, როგორ უყვარს შენს სიძეს ის ქალი, – შეაპარა ილგარმა.

– ჰო, არც ერთი არ შემიძლია. – დაეთანხმა ნატო.

– მაშინ შევუდგეთ. დამიტოვე, რაც მომიტანე, შენი სიძის ფოტოც მინდა, რომ ეს კავშირი გავწყვიტო.

– არ მომიტანია, არ გითქვამს. ჩემი სიძის რად გინდა?! – შეეჭვდა ნატო.

– არ მენდობი?! – ორაზროვნად გაუღიმა ილგარმა, – რა უნდა, ქალო, შენი სიძის ფოტოს მოძებნას?!

– უბრალოდ არ გითქვამს, – უკან დაიხია ნატომ.

– კარგი, არ მინდა შენი სიძის ფოტო, მისი ნივთი ხომ გვაქვს?! ჰოდა, საკმარისია. მე ყველაფერს გავაკეთებ, ამაღამ სავსე მთვარეა, ხვალ, საღამოს მოხვალ და, რასაც გაგატან, სადაც გეტყვი, იქ წაიღებ და დაფლავ. დაფიქრდი, გინდა?! ამას ვეღარ გავაჩერებთ.

– რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ მინდა! – თითქმის უხეშად უთხრა ნატომ.

– კარგი, გენაცვალე. ფული, აი, იმ თასში ჩადე.

ნატომ ფული თასში ჩადო და წამოვიდა.

– ესეც ასე, – უთხრა საკუთარ თავს მანქანაში. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ძველ ინდურ ფილმებში...

***

– ხომ გეუბნებოდი, შენი მარიამი კარგად იქნება–მეთქი?! – ნანა შვილის გვერდით იყო დასკუპებული და სიგარეტს ეწეოდა.

– მგონი, ბევრს ეწევი, – უთხრა გეგამ.

– ბედნიერებისგან. შენი მუსიკა აღიარებულია, უკვე კინომუსიკოსიც ხარ და მალე მორიკონესაც გადაასწრებს ჩემი გეგუნა, – ნანა გადაიხარა და შვილი გულში ჩაიკრა: ჩემი ბედნიერება ხარ. ერთი დღე არ მაცოცხლოს ღმერთმა ისე, ჩემმა თვალებმა ვერ დაგინახოს.

– ნუ გეშინია, „მაზოლებს“ ამოგიყვან... ანა, მამა, სად მიდიხარ? – გეგამ უცებ გადაიტანა მზერა შვილისკენ, რომელიც გაბრზებული სახით დააბიჯებდა.

– ამ სახლში სული მეხუთება, უნდა გავისეირნო.

– გინდა, მე წაგიყვანო? ერთი კარგი ადგილი ვიცი, მოგეწონება.

– არა, არ მინდა. არაფერი მინდა.

– მაგდა სად არის? – მეორე ქალიშვილი მოიკითხა გეგამ.

– არ ვიცი, მაგდას მდივანი არ ვარ, – მკვახედ უპასუხა ანამ.

– შენ როგორ გელაპარაკება და წარმოიდგინე, მე როგორ მელაპრაკება?! – სინანულით უთხრა ნანამ შვილს.

– გაუვლის, ასაკი აქვს ასეთი და უცნაური თაობაა, – დაამშვიდა გეგამ.

– კი გაუვლის, მაგრამ არ მომწონს ასე მოჯაჯული რომ დადის ორივე. დედამისს ჰგვნან ამაში, – გეგამ გაკვირვებულმა შეხედა ნანას, რადგან დედამისმა ასეთი რამ პირველად თქვა. ნანამ იხტიბარი არ გაიტეხა, – შენი მარიამი ძალიან ქალურია და დახვეწილი.

– შენ არ იდარდო, მისი შვილიც ასე მოჯაჯული დადის, – გაიცინა გეგამ. ნანამაც გაიცინა.

– მე წავედი, საქმეები მაქვს, დაბადების დღეზე უნდა შევუარო დათოს და მალე მოვალ, – გეგამ დედამისს ლოყაზე აკოცა და წავიდა.

იმ დღეს თამუნა სახლში ადრე დაბრუნდა. ნანა, ჩვეულებისამებრ, ღიმილით დახვდა რძალს.

– აბა, მუშაობს, რაც მკითხავმა გითხრათ შენ და შენს დას? – გამომცდელად ჩაეკითხა ნანა.

– ვერ ხედავ? – უპასუხა თამუნამ.

– კი, ვხედავ, – ამოიოხრა ნანამ, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი, ცოლების, ხვედრი. რაც მთავარია, მშვიდად იყავი, გეგა არასდროს მიგატოვებს არც შენ, არც შვილებს. ყოველთვის თქვენ გვერდით იქნება. რაღაც თავი ამტკივდა, წამოვწვები, – უთხრა რძალს და ლოჯიისკენ გაემართა. ჩასძინებოდა, მაგრამ თამუნას ხმამ გამოაღვიძა: დათომ დამირეკა, გეგა შეუძლოდ გამხდარა მასთან.

– როგორ თუ შეუძლოდ?! – წამოხტა ნანამ და უცებ თავბრუ დაეხვა.

– არაფერი სერიოზული, მოდიო, მითხრა, ჯონის უკვე დავურეკე, გამომივლის მანქანით და წავალთ.

ნანას ცუდად ენიშნა, რომ დათომ თამუნას დაურეკა, გეგას მოაკითხეო და გეგას დაურეკა. ტელეფონს არავინ იღებდა: არ პასუხობს, ჯონის რას ელოდები, წადი ტაქსით.

– მოვიდა უკვე, – მივდივარ მიაძახა თამუნამ და კარი გაიჯახუნა.

***

– შენ ხომ მითხარი, რომ ის ქალი მოკვდებოდა?! – ნატო ისეთ ხმაზე კიოდა ტელეფონში, რომ ლამის მოძრაობა შეჩერდა.

– ისტერიკას ნუ აწყობ. მოდი და გეტყვი ყველაფერს, – მშვიდად პასუხობდა ილგარი.

– სად უნდა მოვიდე?! სად?! უცებ, არაფრისგან, არსაიდან, დაბადების დღეზე იყო, არც დაულევია, არც უნერვიულია, ცუდად გახდა, წამოაწვინეს და მოკვდა! გესმის, მოკვდა! – ისევ კიოდა ნატო.

– ეს სატელეფონო საუბარი არ არის. თუ გინდა, მოდი და აგიხსნი. თუ არადა, აღარასდროს მოხვიდე ჩემთან.

ნატომ ტელეფონი მანქანის სავარძელზე დაახეთქა და ილგარის სახლისკენ გაემართა. ტიროდა, ოღონდ არა იმიტომ რომ ახლა გეგას, ალბათ, სახლისკენ მიასვენებდნენ, იმიტომ რომ მარიამსაც არ მიასვენებდნენ.

ილგართან რომ მივიდა, თითქმის დამშვიდებული იყო.

– ბოდიში, უცებ თავი ვერ შევიკავე,

– მესმის. მაგრამ მე შენ გაგაფრთხილე. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს, იქნებ დრომ მოუწია, იქნებ სხვა რამე მოხდა. ეს არავინ იცის.

– ის კახპა რატომ არ მოკვდა?! რატომ?!

– ალბათ, იმიტომ რომ შენს სიძეს ძალიან უყვარდა, უფრო მეტად, ვიდრე იმ ქალს და მის ნაცვლად წავიდა. არ ვიცი. ეს არავინ იცის.

ნატო ამის გაგონებამ კიდევ უფრო გაამწარა.

– ესე იგი, ახლა იმის გამო მოკვდა კიდეც?!

ილგარს არაფერი უპასუხია. ან რა აზრი ჰქონდა. იმაშიც კი, რაც ნატომ იმ ქალს გაუკეთა, ნატო თავს არ იდანაშაულებდა. ილგარს ადამიანები აღარ უყვარდა და მათ არც პატივს სცემდა, იმიტომ რომ ყოველთვის ყველაფერში სხვებს ადანაშაულებდნენ.

– მე წავალ. ჩემს დას თანადგომა სჭირდება, – უთხრა ნატომ ილგარს. კართან რომ მივიდა, შეტრიალდა: ხომ იცი, ეს არავინ უნდა გაიგოს.

ილგარმა თავი დაუქნია.

ნატო თამუნას სახლისკენ დაიძრა. ტელეფონს არ პასუხობდა. ყველა ურეკავდა: მეგობარი თუ ნაცნობი, მეზობელი თუ თანამშრომელი. სახლში გეგას ნათესავები და ნანა იყვნენ, ჯონი და თამუნა სამხარაულის სახელობის ბიუროდან ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. ნანა ლოჯიაში იჯდა თავის დასთან და მეგობრებთან ერთად, იმდენი დამამშვიდებელი ჰქონდა დალეული, რომ უაზროდ იყურებოდა.

– მოვიდა გეგა? – ჰკითხა ნატოს.

– ჯერ არა. ბავშვები სად არიან?

– არ ვიცი, – უპასუხა ნანამ და ნატომ უცებ თვალი მოჰკრა თვისთვის საძულველ სახეს: მარიამი ნანას გვერდით იჯდა. მარიამს იმდენი ტკივილი ეწერა სახეზე, რომ ვერც იცნო. თვალები ჩამქრალი ჰქონდა და ცრემლები ღვარივით ჩამოსდიოდა. უცებ ნატოს ის მარიამი გაახსენდა, რომელიც გეგას მანქანისკენ მიდიოდა, სულ რაღაც, 5–6 კვირის წინათ. მარიამი, რომლის თითოეულ ნაბიჯში იგრძნობოდა, რომ მთელი სამყარო მისი იყო. ახლაც იგივე მარიამი იჯდა მის წინ: იგივე ნაკვთები, იგივე სახე, იგივე ხელები, თითები, ფეხები... მაგრამ ეს მაინც სულ სხვა ადამიანი იყო. ნატოს თითქოს ქვა გადაუგორდა გულიდან: ნანასა და მარიამის პირდაპირ დაჯდა თითქოს შეწუხებული სახით და გულში ზეიმობდა, იმიტომ რომ იგრძნო, როგორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალს, რომელიც სძულდა და მიხვდა, რატომ იყო მშვიდად ილგარი: მარიამის სასჯელი ის იყო, რომ ცოცხალი დარჩა, გეგა კი მოუკვდა.

– ახლა შენც გაიგებ, როგორია, როდესაც შენს საყვარელ ადამიანს გართმევენ, – ეს გაიფიქრა თუ არა ნატომ, მარიამმა თითქოს გაიგონაო და თვალებში შეხედა. ნატო უცებ შეცბა, იმიტომ რომ ვერ მიხვდა, ვისი თვალები იყო. მარიამის თვალებიდან გეგას თვალები უყურებდა. თავი უნებლიეთ გადააქნია. მარიამი ისევ ატირდა. ჯონიც შემოვიდა და გახევდა: მიხვდა, ვინ იჯდა ნანას გვერდით. მიხვდა იმ ცრემლებით, რომლებიც ღვარივით მოედინებოდა მარიამის თვალებიდან. უცებ ნანამ დაბინდული თვალები ჯონისკენ მიატრიალა.

– მე, ხომ, კარგი დედა ვიყავი, ჯონი, მითხარი.

– ამას თქმა რად უნდა, ნანა?! საუკეთესო. – ჯონი არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ნანას. ნანა შეკითხვას დაუსრულებლად იმეორებდა. თავისმა დამ ისევ აბი მიაწოდა:

– დალიე. ენის ქვეშ დაიდე ან დაღეჭე. ნანამ ავტომატურად გამოართვა და უწყლოდ გადაყლაპა. 10 წუთი ნანას ხმა არ ამოუღია და უცებ ძალიან ხმამაღლა თქვა:

– ჩემი შვილი დედაჩემთანაც კი არ დამიტოვებია არასდროს. არავისთან ვტოვებდი, არც ვუშვებდი, ყოველთვის უნდა მცოდნოდა, სად იყო ჩემი შვილი. მარიამმა ტირილს უმატა, ვერც კი წარმოიდგენდა, თუ გეგა ამდენ ტვირთს ატარებდა.

– ახლა ზუსტად გეცოდინება, სად არის შენი შვილი და ვერსადაც ვერ წავა, შენც რომ დართო ნება, – ნატომ, ცხადია, ეს თავისთვის გაიფიქრა და ადგა, – თამუნასთან მივალ, მოასვენეს უკვე გეგა. საწყალი ჩემი და. თამუნას სახელი მარიამის გასაგონად თქვა, მაგრამ მარიამს არაფერი გაუგონია. ნატო გულში ზეიმობდა გამარჯვებას, თუმცა არ იმჩნევდა. თამუნა საძინებელში იყო. დაბნეული ჩანდა.

– არ გაბედო და საკუთარი თავი არ დაიდანაშაულო! ჩვენ არაფერი ცუდი არ ჩაგვიდენია. შენ შენს ოჯახს იცავდი, იცი, რომ ის კახპა ნანას გვერდითაა დასკუპებული?

– ვიცი. ეს ნანას სახლია, არც სკანდალი გვაწყობს. იჯდეს და იტიროს. ძალიან უბედური ჩანს.

– ასეთებს რა გააუბედურებს?! იტირებს ერთი-ორი დღე და დაავიწყდება. ვინმეს იპოვის ან არ დაავიწყდება და ვერავის იპოვის, შენ კი გეგა შეშელიძის ცოლი იყავი, ახლა მისი ქვრივი ხარ. ის ვინაა?! არავინ! საერთოდ არავინ.

დასასრული


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი