რომანი და დეტექტივი

სიმბოლური ცოლი

№13

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.04, 2022 წელი

სიმბოლური ცოლი
დაკოპირებულია

– აბა, წავედით?! – არც კი იყო ნატო სახლში შესული, დას რომ მიაძახა და ამის შემდეგ უფრო ხმამაღლა დაიყვირა: – არც კი ჩაგიცვამს?!

თამუნამ თვალი ლოჯიისკენ გააპარა და თვალებითვე ანიშნა, ნანამ არ გაიგოსო.

– გაიგოს მერე?! არ იცის, რომ მისი შვილი ღარიბი ნათესავივით გექცევა, თითქოს სამადლოდ იყო შემოკედლებული?! – იხტიბარი არ გაიტეხა ნატომ, – ჩემი და შენ ხარ და არა – შენი ქმარი, თუმცა ქმარი ხმამაღლა ნათქვამი მგონია, უბრალოდ, ნებას გრთავს, რომ მის სახლში იცხოვრო.

– დაგავიწყდა, რომ ეს სახლი ჩემს სახელზეა გადმოფორმებული? – შეუსწორა თამუნამ.

– არაფერიც არ დამვიწყებია. აბა, კრედიტს ვინ მისცემდა, მუდმივი შემოსავალი არ აქვს და ამიტომაც გახდა იძულებული, შენზე გადმოეფორმებინა და მთელი ის ფული მამამისს, რომელიც მაინც მოკვდა და იმ კახპას მიახარჯა, – არ ცხრებოდა ნატო, როგორც ჭეშმარიტ ცოლისდას შეეფერებოდა.

თამუნამ ნატო საძინებელში შეიყვანა.

– შენ მისაღებ ოთახში შესვლის უფლებაც არ გაქვს? – აღშფოთდა ნატო, ოღონდ საკმაოდ ხმადაბლა, რომ ნანას არ გაეგონა (მთლად შეურაცხადიც არ იყო).

– ის მისაღები ოთახი არაა, გეგას საძინებელია.

– ჰო, საძინებელი, აბა, შენთან ერთად რა ხანია, არ სძინავს. 10 წელი, 15 თუ მეტი? – ნატომ თვალი თვალში გაუყარა დას.

– არ დამითვლია.

– გეუბნება მაინც რამეს?

– არაფერს.

– შენ არ გიცდია...

– რა უნდა მეცადა? ან როგორ? როდის?

– არ ვიცი, ის ქალი ხომ ცდილობს და გამოსდის, სულ გამოაყეყეჩა. დარწმუნებული ხარ, სახლიდან რომ გადის, უკან დაბრუნდება? თავისი ნივთები ხომ არ მიაქვს ნელ-ნელა? – ეჭვით ჰკითხა ნატომ.

– არა, არაფერი მიაქვს, ნანა სად გაუშვებს?! დღეში ასჯერ ურეკავს, – ოდნავ ბოროტად ჩაიცინა თამუნამ.

– მე ისიც კი მიკვირს, ორი ბავშვის ჩასახვის საშუალება რომ მისცა. არა, რა, მაინც ვერ ვიგებ, როგორ ვერ ახერხებ, რომ საკუთარ ქმართან დაწვე?! ან რას უკეთებს ის ქალი ასეთს, რომ არავისკენ გახედვა არ უნდა?! – ნატო ბრაზისგან წამოწითლდა. ხმის სიმაღლეს აღარ აკონტროლებდა, იმიტომ რომ ნანა, ჩვეულებისამებრ, ტელეფონზე ლაპარაკობდა, რა თქმა უნდა, ძალიან ხმამაღლა და მაინც ვერაფერს გაიგონებდა. – მოკლედ, დროზე ჩაიცვი და წავიდეთ.

– სახელი რომ არ ვიცით? – დანანებით ჰკითხა თამუნამ დას.

– ნანას რომ ვკითხოთ? – შეუბრუნა კითხვა ნატომ.

– არ გვეტყვის, – იუარა თამუნამ.

– გვეტყვის, იმიტომ რომ იმას შენზე მეტად ეშინია. შენთან შეჩვეულია, იმ ქალს არ იცნობს, რა იცის, შეეგუება თუ არა. ამას წინათ, ანამ მითხრა, რომ თავის დაქალ მედიკოს შესჩიოდა, მართლა რომ წავიდეს გეგა იმ ქალთან, ტვინი ისე აქვს ამობრუნებული, მე რა მეშველებაო. თან, ხომ იცი, რომ გეგა დედამისთან მეგობრობს და ყველაფერს უყვება. ან იმ ქალის ტელეფონის ნომერი როგორ ვერ გაიგე ამდენი ხანია?! – შეუღრინა ნატომ თამუნას.

– როგორ უნდა გავიგო, როდესაც ეს ტელეფონი გეგას სულ თან დააქვს, თან, პაროლი აქვს. საერთოდ, ყველაფერი დაპაროლებული აქვს, ლეპტოპიანად.

– მერე ანა რას მიკეთებს? კიდევ კარგი ეს უვარგისი კაცი შვილებზე გიჟდება, მოახერხოს და გაიგოს რამენაირად პაროლი. სულელები ხართ და იმიტომაც დაითრია იმ კახპამ ასე ადვილად.

– რომ დაეთრია, კაი ხნის წინათ წავიდოდა მასთან, – გააპროტესტა თამუნამ.

– იქნებ სხვადასხვა ქალი ჰყავდა ამ ხნის განმავლობაში და ჩვენ ერთი გვგონია? – შეეჭვდა ნატო, – შენ თან ჩაიცვი, ნუ ცდები.

– შეიძლება, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ ერთია.

– ნაღდად რაღაც გაუკეთა, იმიტომ ვერ ეშვება. მე არ შემიძლია, ვუყურო, როგორი უბედური ხარ, ამიტომ ახლა ნანასთან მივალთ და სახელსა და გვარს გავიგებთ, – დარწმუნებით თქვა ნატომ.

– არ გვეტყვის. შანსი არაა.

– გვეტყვის, ვუთხრათ, რომ ვიცით, იმ ქალთან ერთად აპირებს ბინის ყიდვას, არც ის დავუმალოთ, რომ ვაპირებთ, შემოვაბრუნოთ ოჯახისკენ. ოჰ, იმ ქალის ნივთი რომ გვქონდეს, დაგვხატავდა, უპრობლემოდ მოვიშორებდით, – დანანებით თქვა ნატომ.

– რატომ არ მითხარი, რომ ნატო მოვიდა? – საყვედური უთხრა ნანამ რძალს, რომელიც ისე შევიდა ოთახში რომ არც ერთს ნაბიჯის ხმაც კი არ გაუგონია.

– ნანა, რომელი სტუმარი მე ვარ?! არ შეგიშალეთ ხელი, – ისე ტკბილად გაუღიმა ნატომ, გულუბრყვილო ადამიანი იფიქრებდა, რომ ნანაზე ძვირფასი არავინ ჰყავდა დედამიწაზე და უცებ უფრო გასაწყლდა, – ნანა, უნდა გვიშველო, მეც, თამუნასაც, საკუთარ თავსაც და ბავშვებსაც, გავიგეთ, რომ გეგა სახლიდან წასვლას აპირებს იმ ქალთან.

– რომელ ქალთან? – შორს დაიჭირა ნანამ.

***

ეს დიალოგი აქ შევწყვიტოთ და ნანას გავეცნოთ: მართალია, ნანა 70 წლის იყო, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა (პრინციპში, რძალზე უკეთესადაც, თუ გულზე ხელს დავიდებთ), სილამაზე ისევ გამოკვეთილად შემორჩენოდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ძალაუფლება უყვარდა და, რაც მთავარია, შუბლზე ეწერა, რომ თავის ერთადერთ ვაჟს არავის დაუთმობდა დედამიწის ზურგზე, მისი ყველა სუსტი წერილი იცოდა და ისე ატრიალებდა, როგორც გაუხარდებოდა. ნანა ბევრის მნახველი ქალი იყო და არაერთი გამოუვალი სიტუაციიდანაც დაუძვრენია თავი. არ გჯერათ? მაშინ ყურადღებით მომისმინეთ: ნანას ქმარი ცნობილი სპორტსმენი იყო და ერთხელაც, როდესაც შეკრებაზე იყო წასული, ნანას ძველი მეგობარი ესტუმრა, მამაკაცი. არავინ იცის, რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა, ამიტომ ვერც ჩვენ დავიდებთ ცოდვას და ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ისე მოხდა, რომ მცირე ხანში რძალთან მულიც მივიდა, რძალმა კი კარი არ გაუღო. არც მული იყო დარწმუნებული, იყო თუ არა სახლში რძალი (იმხანად მობილური ტელეფონები არ არსებობდა, რომ იქნებ ტექნიკის ამ საშუალებით მაინც გაერკვია რამე), მაგრამ რძალი დიდად არ ეპიტნავებოდა და გადაწყვიტა, კართან დალოდებოდა. დიდხანს ელოდა, მაგრამ ნანა არ ჩანდა, ლია, ანუ მული იხტიბარს არ იტეხდა და ჯიუტად იდგა... საბოლოოდ, გამთენიისას ბინის კარი გაიღო და ნანას სტუმარი გამოვიდა. ლია იმდენად დაიბნა, რომ დაიმალა, თუმცა ამას მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში ნანობდა. იმიტომ რომ ვერა და ვერ დააჯერა ძმა, ცოლი რომ ღალატობდა (არადა – იქნებ არც ღალატობდა?!). საბოლოოდ, ძმამ თითქმის გაწყვიტა ურთიერთობა თავისი დის ოჯახთან და მხოლოდ მშობლებს თუ მოიკითხავდა. ასე რომ, ნანა ხელწამოსაკრავი არც მტერი იყო და არც მოყვარე.

ნატომ და თამუნამ ეს ისტორია არ იცოდნენ, მაგრამ, სამაგიეროდ, ნანას იცნობდნენ: გოროზ ქალს, რომელიც არავის დაუთმობდა თავის ერთადერთ ვაჟს, ვინაიდან თავად უნდა ყოფილიყო თავისი ვაჟის ცხოვრებაში ერთადერთი, განუმეორებელი და შეუცვლელი ქალი! ამიტომაც შვილის გან-განზე სიარულზე თვალებს ხუჭავდა, რაც, სხვათა შორის, რატომღაც, გეგასა და თამუნას ქორწინების მხოლოდ მეექვსე წელს დაიწყო. არა იმიტომ, რომ გეგა შეუხედავი იყო ან თამუნა – მზეთუნახავი, გეგას ქალები ბუზებივით ეხვეოდნენ, ხოლო თამუნა, რომ იტყვიან, უმარილო ქალი იყო, ვერც კი შეამჩნევდი, თუ არსებობდა.

ბუნებრივია იკითხავთ, თუ გეგა მზეჭაბუკი იყო, მაშინ რატომ დაქორწინდა უსახურ თამუნაზეო და ვერც ვერავინ შეგედავებათ. იმიტომ რომ გეგას თავისი ზნეობრივი პრინციპები ჰქონდა, თუმცა პროფესია – ბოჰემური (საკმაოდ ცნობილი მუსიკოსი გახლდათ), არც განათლება აკლდა და არც ფასეულობების სიმწირეს უჩიოდა, ამიტომ თამუნას გონიერებით მოიხიბლა. ყოველ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც დაქორწინდნენ, 22 წლის ასაკში, გეგას თამუნაზე გონიერი ქალი ნანახი არ ჰყავდა, ამიტომ დიდხანს არც უფიქრია და ხელიც სთხოვა (ერთგვარად ორიგინალურადაც მოიქცა: ქალი ქალად დიდად არ ვარგოდა, სამაგიეროდ, ტვინი ედო თავის ქალაში). შემდეგ საინტერესო ეტაპი დაიწყო: გეგა ერთგულების კვარცხლბეკზე იდგა, რის გამოც საკუთარი თავი ძალიან მოსწონდა, ოღონდ, ბუნებრივია, არ უტყდებოდა (ამტკიცებდა, თამუნა მიყვარსო). ორი შვილიც ეყოლათ და თანაცხოვრების მეექვსე წელს გეგა მიხვდა, რომ ერთგულების კვარცხლბეკზე დგომა მობეზრდა, ვინაიდან ცოლის გონება აღარ აკმაყოფილებდა. ვერც ვერაფერს ღირებულს ვეღარ ქმნიდა. მოდი, გულახდილად ვთქვათ, ქალი მამაკაცისთვის აუცილებელია, როგორც ძრავი, ოღონდ უბრალოდ ქალი კი არა, საყვარელი ქალი. რაკი გეგამ აღმოაჩინა, რომ საყვარელი ქალის ილუზია თავად შექმნა, ნამდვილი ქალი კი ჰორიზონტზეც არ ჩანდა (ხელიც კი ჩაიქნია, რომ ოდესმე გამოჩნდებოდა) და თამუნას გონიერებაც ერთ ადგილას გაიყინა, ეროსს მიენდო. ოღონდ მაინც ვერ ვიტყვოდით, რომ ბოჰემურ ცხოვრებას ბოლომდე მიეძალა – მაგალითად, ათი შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთს იყენებდა, იმ მიზნით, რომ იქნებ მუზა გამოფხიზლებულიყო, მაგრამ ურთიერთობები მეტად და მეტად ხანმოკლე იყო, ვინაიდან მუზა არა და არ ფხიზლდებოდა საღათას ძილიდან. გეგა და ნანა მეგობრობდნენ და ნანამაც ყველაფერი იცოდა თავისი შვილის ამურული ამბების შესახებ, ამიტომ მშვიდად იყო. ჯერ ერთი, სიტუაციას სრულად აკონტროლებდა და, მეორე და მთავარი – მიუხედავად ხანმოკლე ურთიერთობების გრძელი სიისა, გეგასთვის დედა ისევ ერთადერთ, განუმეორებელ და შეუცვლელ ქალად რჩებოდა. რა თქმა უნდა, ნანას ჰყავდა ქმარი, ასევე, საკმაოდ ცნობილი და სიმპათიური, ამდენად, ვერც მე ვხსნი, რატომ არ ერჩივნა ერთადერთი, განუმეორებელი და შეუცვლელი საკუთარი ქმრისთვის ყოფილიყო და არა – ვაჟისთვის?! ამას ექნება ახსნა, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა, მით უმეტეს, რომ ახლა ნანა უკვე 9 წელია, ქვრივი იყო.

მოკლედ, ასე იდილიურად გაილია 10 წელი, ერთგულების 6 და მრავალგულობის – 4. გარეგნულადაც ყველაფერი რიგზე იყო და, ფაქტობრივად, ოჯახის შიგნითაც. სანამ გეგასა და თამუნას ქორწინების მეათე წლის ერთ მშვენიერ დღეს ნანამ შვილს რაღაც ცვლილება არ შეატყო. ბევრი არ უცდია, მალევე დაიმარტოხელა, ჩვეულებისამებრ, ყავა მოუდუღა, გვერდით მიუჯდა და სიგარეტს მოუკიდა:

– გეგუნა, რაღაც მოხდა და მე არ ვიცი? – დაუყვავა.

– არაფერი მომხდარა. საიდან მოიტანე?

– წუხელ შევნიშნე, რომ რაღაცას წერდი.

– ჰო, მელოდია ამეკვიატა. მალე მოგასმენინებ, – გაუღიმა შვილმა. ნანას გულმა რეჩხი უყო, მაგრამ არ უჩქარია, ეკითხა, თუ ვინ ან რა იყო შვილის აღტკინების მიზეზი. ოღონდ თავი მაინც დაიმშვიდა: ესეც მალე მობეზრდება და გამოიცვლის.

– მიხარია და ველოდები. ხომ იცი, ჩემამდე არავის უნდა მოასმენინო?! – ვითომ მკაცრად უთხრა შვილს.

– ვიცი, ნანა, ვიცი, – გეგამ დედამისს ლოყაზე აკოცა და ტელეფონმაც დარეკა. გეგამ დახედა და გათიშა.

– ვინ იყო? – იკითხა ნანამ.

– ახლა ამასთან ლაპარაკი მეზარება, მერე დავურეკავ, – გეგა სამზარეულოდან გავიდა.

ნანას თვალები კეფაზეც კი ჰქონდა და სწორედ იმ თვალებით დაინახა, რომ გეგა მესიჯს კრეფდა. ეს არ მოეწონა, ვინაიდან მიხვდა, რომ შვილი რაღაცას უმალავდა, მაგრამ ნანა ჭკვიანი ქალი იყო და იცოდა, რომ არც ერთ საქმეს აჩქარება არ უყვარს, მით უმეტეს, თუ ეს საქმე პრობლემას ქმნის და მასში ქალი ურევია. ისევ შეიგულიანა თავი: 10 წელია, სანიმუშო ქმარია, 10 წელი კი დიდი დროა.

***

– როგორ რომელ ქალთან? – თითქოს გაიკვირვა ნატომ, – არ იცი?!

– რა უნდა ვიცოდე? – ნატოზე მეტად გაიკვირვა თავი ნანამ.

ნატომ გარისკა:

– გეგას რომ საყვარელი ჰყავს?

– საიდან მოიტანეთ, რომ გეგუნა ასეთი უპასუხისმგებლოა?! მე მეცოდინებოდა. – ეს სიტყვები ნანამ ისეთი თავდაჯერებულობით წარმოთქვა, რომ ლამისაა, ნატოც შეეჭვდა.

– გავიგეთ, რომ ბინა იყიდა და იმ ქალთან ერთად აპირებს ცხოვრებას. – პირდაპირ მიახალა ნატომ.

ნანამ სიცილი დაიწყო:

– რა ბინა?! კაპიკი არ აქვს.

ნატოს ხმა არ ამოუღია, ისე გადახედა თავის დას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი