რომანი და დეტექტივი

სიმბოლური ცოლი

№15

ავტორი: ნია დვალი 20:00 22.04, 2022 წელი

სიმბოლური ცოლი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13-14(1110)

– რამდენჯერ გთხოვე, ჩემს შვილებს ნუ გარევ-მეთქი.

– არაფერში ვრევ, მაგალითად მომყავს. თუ ფიქრობ, რომ ნორმალურია, 25 წლის გოგო სულ მამის გვერდით იჯდეს, ეს პრობლემაა; მამის კი არა კარგი, სიმპათიური ახალგაზრდა კაცის გვერდით უნდა იჯდეს და მასზე ფიქრობდეს. არაა ეს ჯანმრთელი, ჩემი შვილიც რომ იყოს, იმავეს ვიტყოდი, – არ დაინდო მარიამმა, ვინაიდან გრძნობდა, რომ შვილებით ზემოქმედებდნენ გეგაზე, რითაც გეგაზე მეტად ბავშვებს (თუმცა რაღა ბავშვები იყვნენ ამ ასაკის გოგონები?!) აზიანებდნენ გეგას ოჯახის ქალები.

გეგამ იცოდა, რომ მარიამი სიმართლეს ეუბნებოდა, მაგრამ ეს რომ ეთქვა, იმასაც ხვდებოდა, თვითონ ვინ გამოდიოდა.

– კარგი, წავედი. მაინც მომიშალე ნერვები.

– შენ სიმართლე გიშლის ნერვებს. მოდი, გაერკვიე, გთხოვ. აირჩიე, რა, როგორ, ვინ გინდა და...

– ახლა უნდა გავთიშო, მიყვარხარ, გკოცნი, – შეაწყვეტინა გეგამ მარიამს, იმიტომ რომ ჯონი უკვე მანქანის კართან იდგა.

– ჰო, უნდა გათიშო. კარგად იყავი, – გეგამ თითქოს დაინახა, რა ძლიერად დააჭირა მარიამმა თითი გათიშვის ღილაკს და ტელეფონი მოისროლა.

– კარი ჩამიკეტავს, – გაუღიმა ჯონის.

ჯონიმ შეხედა და ყველაფერს მიხვდა:

– ისევ გეჩხუბა.

– მეც ვიხუბებდი მის ადგილას, – გეგამ მანქანა დაქოქა.

– მაინც მგონია, რომ უნდა გამაცნო, – ისევ შეაპარა ჯონიმ.

– არა, – ისე მტკიცედ უთხრა გეგამ, რომ იმ შემთხვევის შემდეგ ჯონის მისთვის მსგავსი რამ არ უთხოვია.

გზაში ათას სისულელეზე ლაპარაკობდნენ და გეგა ნახევარ სიცოცხლეს მისცემდა, ახლა იმ სახლისკენ რომ ჰქონოდათ გეზი, რომელშიც მარიამი და მათი შვილები ელოდებოდნენ.

ნანა ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა ტელეფონით, რომ კართან, გარეთაც ისმოდა. გეგამ ზარი დარეკა და გაიგონა, დედამისმა როგორ უთხრა ვიღაცას: გეგუნა მოვიდა, გავრბივარ. ნანა წამებში გაჩნდა კართან და გააღო. ჯერ შვილს ჩაეხვია, თითქოს რამდენიმე საათის წინათ თავად არ გაეცილებინოს ამ კარიდან, შემდეგ – ჯონის.

– გშიათ? – გამომცდელად ჰკითხა ორივეს.

– არა, – ერთხმად უპასუხეს. გეგამ დაამატა, – ყავა გვინდა.

– ახლავე მოვიტან, თქვენ მანამდე მოშინაურდით, საქმე მაქვს და, სანამ მარტონი ვართ, უნდა ვილაპარაკოთ. თამუნა ნატომ წაიყვანა სადღაც, ბავშვები ბებიამისთან არიან. სამივესთან დავრეკე, ჯერ არც ერთი არ მოვა.

გეგამ გამოიცვალა და ტახტზე წამოწვა. ჯონი სავარძელში ჩაჯდა. ნანაც მალევე მოვიდა ყავის ჭიქებით ხელში და იღლიაში ამოჩრილი სიგარეტის კოლოფით. გეგა წამოჯდა. დედამისიც ტახტზე დაჯდა და დაიწყო: დღეს ნატომ და თამუნამ მკითხეს, იმ ქალის სახელი მითხარი, ვისთანაც გეგა დადის და ერთად აპირებენ ცხოვრებასო.

– მე ამის განხილვას არ ვაპირებ თქვენთან, – გეგას ხმაში ბრაზი შეერია.

– გეგუნა, ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, სკანდალი რად გვინდა?! ხომ არ გავიწყდება, ორი გოგო გყავს, ორივე შეგიძულებს, რომ გაიგონ. ისედაც, რა, ვერ ხვდებიან, რომ შენ და თამუნა და-ძმასავით ცხოვრობთ?! პატარები ხომ არ არიან?! რაღაცნაირად უნდა მოახერხო და მოაგვარო ეს ურთიერთობა. ჩემზე კარგად არავინ იცის, როგორი კეთილშობილი ხარ და ვიცი, გეცოდება ის გოგო, მაგრამ ჩვენ რას გვიპირებ?! – ნანას თვალები აუწყლიანდა, – ვიცი, რომ ძალიან კარგი გოგოა, მაგრამ შენ ოჯახი გაქვს, ყველა გვიყურებს, რაში გვჭირდებ ჭორები და უსიამოვნება?! ხომ ხედავ, როგორ ჩამოხმა თამუნა?! როგორ დარდობს?! განიცდის?! შენი შვილების დედაა, რაც უნდა იყოს.

– ვიცი, რომ ჩემი შვილების დედაა და არსად წასვლას არ ვაპირებ. არ იტირო, ხომ იცი, ვერ ვიტან შენს ცრემლებს, – გეგამ რომ ეს უთხრა, ნანა უკვე მწარედ ატირდა და გულზე ხელი მოიჭირა. გეგამ იცოდა, რომ დედამისი თამაშობდა, მაგრამ მაინც შეეშინდა, რომელი წამალი მოგიტანო?!

– არ მინდა წამალი, – ისევ განაგრძობდა ნანა სლუკუნს, მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ვუყურო, როგორ მექცევა თავზე ყველაფერი.

– სად დევს წამალი, – ისევ მშვიდად ჰკითხა გეგამ.

– ჩემს საწოლთან, – ამოღერღა ნანამ. გეგა ოთახიდან გავიდა და ნანამ ჯონის გადაულაპარაკა, შენც თქვი რამე, მარტო მე რომ შემატოვე?!

– ველაპარაკე უკვე გზაში და უფრო გაღიზიანდება. გეგა მალევე შემოვიდა და ნანას წამალი და წყლიანი ჭიქა გაუწოდა. ნანამ წამალი დალია და ცოტა ხანს თვალები ჭერისკენ აღაპყრო. ამასობაში გეგას ტელეფონმა გაიწკრიალა. მესიჯს ჩახედა და ფერი დაკარგა.

– რა მოხდა? – შეშფოთდა ნანა.

– არაფერი. ცოტა ხნით მანქანაში ჩავალ, რაღაც დამრჩა, ამოვიტან, – და სასწრაფოდ გავიდა სახლიდან.

ლიფტშივე დაურეკა მარიამს:

– დარწმუნებული ხარ?

– არ ვიცი „სასწრაფოს“ ექიმი ამბობს, ბრმა ნაწლავია და საავადმყოფოში უნდა გადაგიყვანოთო. თან, ძალიან მტკივა, ვერ ვინძრევი.

– ვინ წამოგყვება?

– ყოველ შემთხვევაში, შენ არა და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? – მარიამმა ეს ყოველგვარი წყენის, ბრაზისა და აგრესიის გარეშე თქვა.

– შენებთან უხერხული იქნება, მე რომ მოვიდე, – თავის გამართლება სცდა გეგამ.

– ჰო, ძალიან უხერხული იქნება, ჩემი მორალური იმიჯი შეილახება, ამიტომ ჯობია, „სასწრაფომ“ მარტო წამიყვანოს. შენ არ იდარდო, ჩემს მეგობარს უკვე დავურეკე, მითხრა, „სასწრაფო“ სადაც მიგიყვანს, იმ კლინიკაში ზუსტად დაადგენენ, მართლაც ბრმა ნაწლავი თუ არის, ჩემთან წამოდი, ჩემს ბრიგადას გამოვიძახებო. ლაპარასკოპიით აკეთებენ და არაფერი შემეტყობა. ისევ შესაშურ სასაქონლე „ვიდზე“ ვიქნები, – მარიამი ამას ისე მშვიდად ამბობდა, გეგას ერჩივნა, ეყვირა, ელანძღა, ეჩხუბა.

– თუ გინდა, მოვალ.

– არა, არ მინდა, თუ ამ პასუხს ელოდი. მე დაგირეკავ. უნდა წავიდე, ლაპარაკი მიჭირს და ექიმები მელოდებიან, – მარიამმა გათიშა.

– ალბათ, ქეთა გაყვება, – გაიფიქრა გეგამ. მაგრამ ქეთა პატარა გოგოა, ჩემი ანას ასაკის. არა, უნდა წავიდე, უხერხულია, მაგრამ უნდა წავიდე. რამე რომ მოუვიდეს?!

ამ აზრმა გეგა ისე დაამძიმა, თითქოს გირები დაკიდეს გულზეო. ისევ დარეკა მისმა ტელეფონმა, ჯონი იყო: სასწრაფოდ ამოდი, ნანა ვერაა კარგად.

გეგა ისედაც ლიფტში იყო.

– რა გჭირს, დედა?

– გულზე მიჭერს.

– „სასწრაფოს“ გამოვუძახებ.

– არავითარ შემთხვევაში, – შეიცხადა ნანამ, – გამივლის. თემურის დავურეკავ.

თემური ნანას ძმა იყო, კარდიოლოგი.

გეგამ ბიძამისს დაურეკა. ახლავე მოვალო, მიიღო პასუხად. გეგა, თან, ტელეფონის ეკრანს არ აშორებდა თვალს. იქნებ მარიამს რამე მოეწერა. მიხვდა, რომ ხაფანგში იყო. მარიამი ათ წუთში ერთხელ წერდა და ეუბნებოდა, სად იყო და რას აკეთებდა. ნანა კი ტახტზე იწვა და კვნესოდა. თემური მალე მოვიდა, ექოსკოპიის აპარატიც მოიტანა და დას თავზე ხელი გადაუსვა: ნაკლები უნდა ინერვიულო, არაფერია, ისევ შენი არითმიაა. დამშვიდდი, წამლები დალიე და ყველაფერი კარგად იქნება, ახლა კი უნდა გავიქცე.

გეგამ ბიძამისი გააცილა. ვერ ხვდებოდა, რატომ გაითამაშა ნანამ ეს სცენა, მაგრამ, რადგან დარწმუნდა, რომ კარგად იყო, გადაწყვიტა, მარიამთან წასულიყო.

– ჯონი, თუ დრო გაქვს, სანამ ბავშვები მოვლენ, დარჩი ნანასთან, მე სასწრაფო საქმე მაქვს და უნდა წავიდე. გეგა წამოდგა

– სად უნდა წახვიდე? – უცებ წამოხტა ნანაც.

– ბრმა ნაწლავი გაუსკდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, უნდა მივიდე, – გადაწყვეტით უთხრა შვილმა.

– თუ ახლა სახლიდან გახვალ, იცოდე, მე მკვდარი დაგხვდები, გეფიცები მამაჩემის სულს და ორივე შვილიშვილის სიცოცხლეს! არაფერი მოუვა შენს მარიამს. გადარჩება, მოუვლის თავს. ნანა კარისკენ გაემართა და დადგა, – გადამიარე და წადი!

გეგა გახევდა. ვერ ხვდებოდა, რა უნდა გაეკეთებინა.

– კარგი, დედა, დამშვიდდი. არსად წავალ. აქ ვიქნები, შენთან.

– მპირდები? – დააზუსტა დედამ.

– გპირდები, – თავი დაუქნია შვილმა.

ჯონი უხერხულად იჯდა, მაგრამ შინაგან კმაყოფილებას გრძნობდა: გეგას ჰქონდა ყველაფერი, გეგა უყვარდა ყველას და ყველა აღიარებდა, მიაჩნდათ ძალიან ძლიერ და პრინციპულ ადამიანად. ასეთი რამ უნებლიეთ ნებისმიერს აღიზიანებს. ახლა კი მის წინ იჯდა გეგა, რომელიც ნანამ დათვლილ წუთებში აქცია ჩვეულებრივ ნაძირლად.

ოთახში თითქოს დუმილის ღრუბელი იწვა, რომელიც ზარის ხმამ გაფანტა: თამუნა მოვიდა სახლში შვილებითურთ. ნანამ კარი გააღო და პირზე ღიმილგადაფენილი შეეგება რძალსა და შვილიშვილებს. ჯონისა და გეგას კი კარი გამოუკეტა: ბიჭები გეგას ოთახში არიან, რაღაცაზე მუშაობენ, ხელი არ შევუშალოთ, აბა. მოყევით, სად იყავით? და შეშელიძეების სახლი ჟრიამულით აივსო.

ხმას არც ჯონი იღებდა და არც გეგა, რომელიც ტელეფონს თვალს არ აცილებდა და პერიოდულად თავადაც რაღაცას წერდა. მერე ჯონის უთხრა:

– გაგიყვან.

ჯონიმ იუარა;

– ცოტას ფეხით გავისეირნებ, ექიმმაც მირჩია და მერე ტაქსის გავაჩერებ.

– ჩაგაცილებ მაინც, – შესთავაზა გეგამ.

– ნანა გადაირევა, სახლში დარჩი, – გეგამ თავი დაუქნია.

– ნანა, ჯონი მიდის! – დაუძახა დედამისს, მაგრამ უჩვეულოდ მხიარული თამუნა გამოვიდა.

– დედაჩემმა მოკითხვა შემოგითვალა, – ჯერ გეგას უთხრა ეს და მერე მიესალმა ჯონის თინა რატომ არ წამოიყვანე? მისი საფირმო ნამცხვარი უნდა გამოვაცხოთ ერთად, გეგას რომ ძალიან უყვარს, – გეგამ ცალყბად გაიღიმა.

– ნამცხვრებს აღარ ვჭამ, ვვარჯიშობ.

– მე და ნანა შევჭამთ და ჯონი. ამ დღეებში პატარა წვეულება მოვაწყოთ, ძველი დრო გავიხსენოთ, – არ ჩერდებოდა თამუნა და გეგას ეს პირველად აღიზიანებდა, იმიტომ რომ იმ დღეს მიხვდა პირველად, რამდენად მსხვილი ქსელი იყო მის გარშემო მოქსოვილი. იცოდა, რომ მარიამი, როდესაც გაბრაზდებოდა, წამოაძახებდა, რომ ახლა მარტო იყო „სასწრაფოს“ მანქანაში და ბევრჯერ ეჩხუბებოდა ამის გამო, მაგრამ მის თვალში მაინც საუკეთესო რაინდად დარჩებოდა, რაინდად, რომელიც არასდროს იყო საყვარელი ქალის გვერდით, როდესაც მას უჭირდა, არადა გეგა თავის სიცოცხლესაც კი გაიღებდა მარიამისთვის. პარადოქსი იყო: უყოყმანოდ გაიღებდა სიცოცხლეს, მაგრამ მარიამის გვერდით ვერ იქნებოდა ვერც ერთ კრიტიკულ მომენტში. პარადოქსია და ამიტომ ვინმემ შეიძლება, არც დაიჯეროს, თუმცა ეს არაფერს ცვლის – ცხოვრება ხშირად დაგვცინის. მარიამს გეგა უყვარდა ისეთი, როგორიც იყო და გეგასაც მარიამი უყვარდა ისეთი, როგორიც იყო.

– ჯონის არ წაიყვან? – გეგა ფიქრებიდან ნანას ხმამ გამოაფხიზლა.

გეგას გაუაზრებლად გაეღიმა.

– არა, თავისით წავა, პატარა ბავშვი არაა.

გეგა თავის ოთახში შევიდა. ნანამ მიაძახა:

– ყავა მოგიტანო?

– მე თვითონ გეტყვი, როდის. უნდა ვიმუშაო, – უპასუხა გეგამ და კარი გადაკეტა. მუსიკას აუწია და მარიამს დაურეკა.

– ახლა შემიყვანენ, გახეთქილი მაქვს, მგონი, ნარკოტიკი გამიკეთეს, არაფერი მტკივა და კარგ ხასიათზე ვარ. ქეთა გამომყვა. შენ დაიძინე, არაფერი მიშავს. ნარკოზიდან რომ გამოვალ, მოგწერ.

– რამდენ ხანში შეგიყვანენ?

– აქ ჩემ მეტი არავინაა. მალე, ალბათ, იმიტომ რომ გამსკდარია, თან, ამდენი ვიარე. ნარკოზიდან რომ გამოვალ, მოგწერ. მიყვარხარ.

– მე უფრო მიყვარხარ.

მარიამი ხმას არ იღებდა.

– გათიშე, – უთხრა გეგამ.

– კარგი, – დაეთანხმა მარიამი და გათიშა.

გეგამ საათს რომ დახედა დილის სამი საათი იყო. მარიამს არაფერი ჰქონდა მოწერილი. გეგა რეკავდა, მაგრამ ტელეფონს არავინ პასუხობდა. შენიშნა, რომ ვიღაც ოთახის კარის გაღებას ცდილობდა. კართან მივიდა და გააღო.

– რატომ არ გძინავს და ისევ ფერი არ გადევს სახეზე, – შეშფოთებით შეხედა დედამისმა.

– მოდი, იმას მაინც გადავწყვეტ, როგორი ფერი მედოს სახეზე და რომელ საათზე დავიძინო, – მშვიდად უპასუხა გეგამ.

– რა თქმა უნდა, კარგად იქნება შენი მარიამი, ყოჩაღი გოგოა, – გაუღიმა ნანამ.

– ჰო, ყოჩაღი გოგოა. აღარ შემოხვიდე, მუსიკას ვწერ და ხელი მეშლება.

– როგორც მეტყვი, გეგუნა, წარმატებული ღამე, შვილო, – ნანამ შვილს თბილად გაუღიმა და კარი გაიხურა.

დასასრული შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიმბოლური ცოლი
სიმბოლური ცოლი

20:00 08.04, 2022 წელი

სიმბოლური ცოლი
სიმბოლური ცოლი

20:00 15.04, 2022 წელი

სიმბოლური ცოლი
სიმბოლური ცოლი

20:00 29.04, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი