რომანი და დეტექტივი

სიმბოლური ცოლი

№14

ავტორი: ნია დვალი 20:00 15.04, 2022 წელი

სიმბოლური ცოლი
დაკოპირებულია

ბოლოს, თამუნამაც ამოიდგა ენა:

– ხომ ხედავ, ნანა, არ მეკარება. შეიძლება, ბინას არ ყიდულობს, მაგრამ რაღაც ხდება სერიოზული.

ნანამ რძალს შეხედა.

– კი ვხედავ, რომ არ გეკარება, მაგრამ ანა მივუჩინე, სულ მის გვერდითაა. თან, ძირითადად, სახლშია. არ მგონია, ვინმესთან წასვლას აპირებდეს. გამორიცხეთ. ძალიან კარგი ბიჭია და რა გასაკვირია, თუ ვინმე ცდილობს, დაუახლოვდეს, მაგრამ შენ მაინც ხომ იცი, როგორია გეგა?! – რძალს გადახედა ნანამ, – არასდროს მიგვატოვებს. მეც ხშირად ვახსენებ, რომ გოგონები ჰყავს და ოთხ ქალს ვერ დაგვტოვებს, გამორიცხულია, რევაზი რომ ცოცხალი იყოს, მაშინ კიდევ შეიძლებოდა, გვენერვიულა (რევაზი ნანას გარდაცვლილი ქმარი იყო – ნათელი მის სულს). ჩვენს მეზობელ მამაოსაც, ჩემს ნათლულს ველაპარაკე, დაიყოლიოს, რომ ეკლესიაში მივიდეს და აღსარება უთხრას.

ნანამ ეს ისე დარწმუნებით თქვა, რომ ნატო უცებ მიხვდა, ნანა მათ ბანაკში იყო, მაგრამ თავის გამჟღავნება არ უნდოდა, თუმცა იმ ქალის სახელს არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა. მაგრამ ეს ნანა ცას ხომ არ გამოეკერება?! ამიტომ უნდა ვიმოქმედო! – ეს ნატომ, ცხადია, თავისთვის გაიფიქრა და არა ხმამაღლა.

– და თქვენ სად მიდიხართ? – ახლაღა შეამჩნია ნანამ, რომ თამუნას საშინაო ტანსაცმელი გამოეცვალა, თუმცა თამუნას საშინაო და საგარეო ჩაცმის სტილს შორის დიდი ვერაფერი სხვაობა იყო.

– მკითხავთან. ერთი თვის წინათ ჩავეწერე, – პირდაპირ უთხრა ნატომ, იმიტომ რომ მიხვდა, ახლა თვალთმაქცობის დრო არ იყო.

– ძალიან კარგი, მეც მომიყევით მერე, რას იტყვის, – ეს თქვა ნანამ და დები მარტო დატოვა.

თამუნამ თვალით ანიშნა დას, არაფერი ეთქვა.

– ნანა, კარი დაკეტე.

– ახლავე, გენაცვალე, – ტკბილად გამოეპასუხა დედამთილი.

დები მანქანაში ჩასხდნენ. ნატო ნერვიულად ატრიალებდა საჭეს.

– რა გაიძვერაა ეს ქალი, არც კი გვითხრა და არც – არა, აშკარად რაღაც იცის. იცის, ნაღდად იცის.

– მთავარია, არ მოსწონს, რაც იცის. და ვისთან მივდივართ? – იკითხა თამუნამ.

– მარნეულში მივდივართ, მოლას მაგვართან.

– რა მოლასთან?! – ლამის შეიცხადა თამუნამ

– რა კი არა – ვინ. ძალიან მაგარია, ყველაფერს გვეტყვის და იმასაც გვასწავლის, როგორ ჩამოვაშოროთ ის ქალი თუ ქალები.

– და საშიში არ არის? – დაეჭვებით ჰკითხა თამუნამ დას.

– არა, არ არის, – მოკლედ მოუჭრა ნატომ.

ალბათ, თქვენც უცნაურად გეჩვენათ ნატოს აქტიურობა. გამოგიტყდებით, რომ მეც და ამიტომ აქვე გეტყვით: თამუნამ და ნატომ გეგა ერთ წვეულებაზე გაიცნეს. ნატო გარეგნობით დას სჯობდა, თუმცა ქართველი ქალების უმეტესობის მსგავსად, ქორწინებამ მასაც დაასვა დაღი. ახლა ორივე, დაახლოებით, ერთნაირად გამოუყურებოდა. ნატოს გეგა ძალიან მოეწონა და დარწმუნებული იყო, რომ გეგასაც მოეწონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გეგას თამუნა მოეწონა. იმ პირველი მოწონების შესახებ ნატოს არავისთვის უთქვამს, საკუთარი თავისთვისაც კი, მაგრამ ეს ფაქტს მაინც არ ცვლიდა, ამიტომაც დაზე მეტად ზრუნავდა დის ოჯახის შენარჩუნებაზე, ბოლოს და ბოლოს, თავად, ხომ, გეგა შეშელიძის ცოლისდა იყო.

***

კერძო სახლს რკინის კარი ჰქონდა. ნატომ დააკაკუნა. კარი ხანში შესულმა მამაკაცმა გაუღო: ემასთან ვართ. მამაკაცმა ანიშნა სახლის კარისკენ, რომლისკენაც სამსაფეხურიანი კიბე ადიოდა.

– ფეხზე უნდა გავიხადოთ, – ჩუმად უთხრა ნატომ დას, – და ისე შევიდეთ სახლში.

კიბეებზე სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელები ეწყო.

ორივემ ფეხზე გაიხადა და ისე ავიდა კიბეებზე. მამაკაცმა ეზოდანვე ანიშნა, კარი შეაღეთო, ემა საკმაოდ სანდომიანი ქალბატონი იყო და თამუნამ გაკვირვებულმა გადახედა ნატოს. ნატომ ძალიან ხმადაბლა ჩაილაპარაკა, – ასე მითხრეს, მოლააო და მეც კაცს ველოდი.

ემაც ფეხშიშველი იყო, სტუმრებს გაუღიმა. დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა: ვისით დავიწყოთ?

ნატომ თამუნაზე მიუთითა. ემა მაგიდასთან იჯდა და თამუნას ხელით ანიშნა, ემას პირისპირ სკამზე დამჯდარიყო.

– მკითხე, – უთხრა თამუნას, ყურანი ზუსტად წინ დაიდო და თვალი თვალში გაუტარა.

– როგორ იქნებიან ჩემი შვილები? – გაუბედავად დაიწყო თამუნამ.

ემამ გადაშალა ყურანი და რაღაცის ბუტბუტს შეუდგა. მერე უცებ ისევ თამუნას შეხედა გამომცდელად:

– შენ ამის გასაგებად მოხვედი?!

ნატო მაშინვე ჩაერია:

– ჰყავს მის ქმარს საყვარელი?

ემამ ისევ ჩახედა ყურანს.

– ეს ქალი მისი ბედისწერაა. უნდა გაუშვა შენი ქმარი, თორემ დაღუპავ.

– რატომ უნდა გაუშვას? – ისევ ნატო ჩაერია.

– უნდა გაუშვა, იმიტომ რომ შენი არ არის, – ემა ნატოს ყურადღებას არ აქცევდა: შემთხვევით მოგიყვანა ცოლად, რაღაც სწორად ვერ წავიდა, რომ გასწორდეს, უნდა გაუშვა.

– ის ქალი უკეთებს რამეს? – ისევ ჩაერია ნატო.

– არა, ის ქალი არაფერს უკეთებს. შენი ქმარი არ ეშვება, ამიტომ ან შენი ქმარი უნდა დაიბრუნო, ან გაუშვა, – ემა ისევ თამუნას უყურებდა: ლოგინი არ გიჩანთ. კაცი ოჯახშია და არც არის. მაგრამ კიდევ ერთი ქალია, ოღონდ ასაკით უფროსი.

– ჩემი დედამთილი, – დააზუსტა თამუნამ. თამუნას თითოეული ფრაზის შემდეგ ემა შლიდა ყურანს და რაღაცას ბუტბუტებდა.

– ეს ქალი იჭერს, შენ – ვერა. უთხარი იმ ქალსაც, გაუშვას. დაკარგავს ბოლოს, – ემამ ყურანი სწრაფად დახურა და გაჩუმდა.

– სულ ეს იყო?! – ისევ ჩაერია ნატო. თამუნას უკან დადგა და ემას ჰკითხა, – დაბრუნებაში დაგვეხმარები?

– შენ რა შუაში ხარ? – დააზუსტა ემამ.

– ჩემი დაა...

– იცით იმ ქალის სახელი? – იკითხა ემამ.

თამუნამ და ნატომ უარის ნიშნად ერთდროულად გადააქნიეს თავები.

– იმ ქალს ვერ მოვაშორებთ, იმიტომ რომ ბედისწერაა, მაგრამ ისე შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ სულ შენი ქმარი იყოს. გინდა?

თამუნამ ახლა თანხმობის ნიშნად დააქნია თავი.

ემა მიხვდა, რომ კლიენტმა ვერ გაუგო.

– შეიძლება, შენი ქმარი დაღუპო.

– ვცადოთ... და იმ ქალს ვერ მოვაშორებთ?

– თუ მოკვდება, მაგრამ მე ეგეთებს არ ვაკეთებ, – მოუჭრა ემამ. კიდევ იბუტბუტა. ამის შემდეგ პატარა ფურცლებზე არაბულად რაღაცები დაწერა, თამუნას სამი, ერთმანეთზე გადაგრეხილი მწვანე სანთელი მისცა და აუხსნა, რა როგორ უნდა გაეკეთებინა, – არ აგერიოს. დაიმახსოვრე! ნატო ტელეფონით ჩუმად იწერდა ემას ლაპარაკს.

ბოლოს, მაგიდაზე ფული დაუდეს და გამოვიდნენ.

მანქანაში ჩასხდომამდე ხმა არ ამოუღიათ.

– გამოვა რამე? – იმედიანად ჰკითხა თამუნამ ნატოს.

– აუცილებლად. ჩემს თანამშრომელს ქმარი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, ისე მოუთვინიერა, კუდში დასდევს, – შეაგულიანა ნატომ და. თამუნამ კმაყოფილებით გაიღიმა.

***

– გეგა, შენ ხარ, – კარი თინამ გააღო, ჯონიც საცაა, მოვა.

ჯონი და თინა ნანას ბიძაშვილები იყვნენ, მაგრამ გეგაზე მხოლოდ რამდენიმე წლით უფროსები. ამ ფრაზის დამთავრებაც ვერ მოასწრო თინამ, რომ ჯონიც შემოვიდა (გეგა სულ იმაზე ფიქრობდა, მშობლებმა რატომ დაარქვეს შვილებს ასე რადიკალურად განსხვავებული სახელები: თინათინი და ჯონი და ამის გამო მუდმივად ეხუმრებოდა მათ).

– აი, მოვიდა კიდეც. მე გასასვლელი ვარ, მაგიდაზე დევს ყველაფერი, ცხელია, ყავა თავად დაისხით, რომ შეჭამთ, – თინამ ორივეს გაუღიმა, ჩანთა აიღო, ფეხსაცმელები ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.

– მე არ მშია, – უთხრა გეგამ ჯონის, ამიტომ ყავას დავისხამ.

– ხასიათზე ვერ ხარ რაღაც, – ამოხედა ჯონიმ, რომელიც უკვე შეექცეოდა კერძს.

– არაფერი ისეთი, – მოწყენილი ხმით უპასუხა გეგამ.

– გამაცანი ის გოგო, რატომ არ მაცნობ, ვერ გავიგე. ხომ არ შევჭამ? ან სახელი მაინც მითხარი.

გეგამ თავი გააქნია.

– ვერ ხედავ, რომ შენზე ცუდად მოქმედებს? სულ ცუდ ხასიათზე ხარ, მოწყენილი, დაძაბული, ეგეთი ქალი რად გინდა?! – მაგრამ გეგამ ისეთი თვალებით შეხედა, ჯონი მიხვდა, რომ დაუკრეფავში გადავიდა, ამიტომ ტონი შეარბილა, – შენთვის გეუბნები, თორემ მე არც ცოლი მყავს და არც შვილი, არც საყვარელი.

– ათასჯერ გითხარი, რომ ჩემი საყვარელი არ არის, ჩემი საყვარელი ქალია.

– თუ საყვარელი ქალია, რას მალავ? ან მასთან რატომ არ ხარ? ან თამუნა არ გეცოდება? რა კარგი გოგოა, სულ შენ გვერდით იყო, მხარში გედგა. ყველას უყვარს, ნათესავებს, შენს მეგობრებს. რბილია, მზრუნველი, – რაკი გეგა არაფერს პასუხობდა, ჯონი ისე შეიჭრა როლში, რომ თამუნას სადიდებელი ოდა ჩამოარაკრაკა. მაგრამ პასუხით მიხვდა, რომ გეგა არც უსმენდა.

– რასაც მეუბნება, ყველაფერი მართალია. ყველაფერი და ერთ დღესაც წავა, ალბათ. მობეზრდება.

– შენი გამკვირვებია, ქალი არ გინახავს? – ჯონიმ ეს ისე გულწრფელად უთხრა, რომ გეგა ვერც გაბრაზდა და ასევე გულწრფელად უპასუხა:

– არა. მეგონა, ნანახი მყავდა, მაგრამ არ მინახავს. ამდენი წელი გავიდა. 15–17–18, თუ მეტი და მანქანაში რომ ჯდება, ახლაც სუნთქვა მეკვრება. ვერ შევეჩვიე.

– ჰოდა, მაშინ მიიყვანე სახლში და ერთად იცხოვრეთ, – შესთავაზა ჯონიმ და ორივეს ხარხარი აუტყდა.

– მეუბნება ხოლმე, ერთ დღესაც ჩემოდნით მოგადგები და შემოგისახლდებიო, – გეგამ ჩაბჟირებამდე სიცილი იცოდა და ახლაც ჩაბჟირდა, ისე ნათლად წარმოიდგინა ნანას სახე. წარმოიდგინა და მისმა ტელეფონმაც დარეკა. დახედა: ნანა იყო.

– ჯონისთან ვარ... კარგი, წამოვიყვან და წამალსაც წამოგიღებ, გავიგე, გავიგე, სიგარეტსაც. წავედი, მეჩქარება, გკოცნი, – და დედამისს ტელეფონი გაუთიშა.

– ნანასთან რომ არ წამომყვე, გადამდგამს, – მიუბრუნდა ჯონის: მე მანქანაში ჩავალ, დასარეკი მაქვს და ჩამოდი 5 წუთში. ჯონიმ თავი დაუქნია.

გეგა მანქანაში დაჯდა და შიგნიდან ჩაკეტა. მარიამის ნომერი აკრიფა: როგორც იქნა, მოესმა თავისი საყვარელი, ოდნავ მოგუდული და დაბალი ხმა.

– ხომ იცი, გოჭო, მაშინვე გირეკავ, როგორც კი ვახერხებ, – ჩეულებისამებრ, სიყვარულით უთხრა გეგამ.

– კი, ვიცი. როგორც კი ჯონისთან ლაპარაკს თავს დაანებებ ან შენს სულელ მოძველბიჭო მეზობელთან, რომელიც ახლა ბიზნესმენია და ამ ორივე ამბავს ეძახი, რომ საქმე გქონდა, – გეგა ხვდებოდა, რომ ამ საუბარს სასიამოვნო ფინალი არ ექნებოდა.

– ძალიან უხასიათო ხარ. დაგირეკე, გეფერები და შენ იღრინები. ერთ დღესაც, იცოდე, გადაგაგდებ, სანაგვეში ჩაგაგდებ, – რა თქმა უნდა, გეგამ იხუმრა, მაგრამ მარიამი თითქოს ამას ელოდაო:

– ისეთს ჩაგაგდებ, რომ ვერ გიცნოს საკუთარმა ცოლისდამ! და როცა გიცნობს, მე უკვე ჯონის ცოლი ვიქნები.

გეგა ამ ნათქვამმა ძალიან გააბრაზა, თუმცა მარიამი არც ჯონის იცნობდა, არც მის ცოლისდას და პირიქით, თითქოს მართლა აპირებდნენ დაქორწინებას.

– აბა, გაბედე! – ეს ფრაზა ისეთი ტონით თქვა, მარიამი გიჟივით იცინოდა. ჯონის ფოტო ჰქონდა მხოლოდ ნანახი და ისედაც სულ ეღიმებოდა მის ულვაშებზე, მაგრამ, რაკი გეგას სუსტ წერტილს მიაგნო, არ შეეპუა:

– ჰო, რა იყო, რა?! ვითომ ვერ შევაბამ ჯონის?! ჯადოს გავუკეთებ, შევუყვარდები და შენ დუელში გამოგიწვევს. მაგრამ დუელის წინ ვეტყვი, რომ შენ მიყვარხარ და გულში დავჭრი სამარადჟამოდ, – მარიამი ამას ისე ხატოვნად ყვებოდა, რომ გეგამ თითქოს ცოცხლად დაინახა ეს სცენები და თავადაც სიცილი აუტყდა.

– კარგი, ოღონდ ასე აღარასდროს იხუმრო, – უთხრა მარიამს.

– კარგი, სხვას გავყვები ცოლად, ჯონიზე გათხოვება მართლაც უხერხულია, – განაგრძო მარიამმა.

– იცოდე, ახლა დაგიკიდებ ყურმილს და არასდროს დაგირეკავ, – ისევ გაბრაზდა გეგა.

– შენ ჩამოყალიბდი: სანაგვეში მაგდებ თუ არასდროს დამელაპარაკები?! – დააზუსტა მარიამმა.

– ისედაც ცოტა დრო მაქვს და იმის ნაცვლად, მომეფერო, სისულელეებს ლაპარაკობ, – სევდიანად უთხრა გეგამ.

– ცოტა დრო იმიტომ გაქვს, რომ თავად გინდა, ცოტა დრო გქონდეს. მე შენთვის დრო ყოველთვის მაქვს. გილიოტინაზე დავდებ თავს, რომ ან ჯონისთან მიდიხარ, ან მისგან მოდიხარ, ან სადმე მიგყავს, ან მოგყავს, ან დეიდაშენთან ადიხარ, ან ანა ჩამოდის, ან მაგდა ადის...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიმბოლური ცოლი
სიმბოლური ცოლი

20:00 08.04, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი