რომანი და დეტექტივი

სიკვდილით გამოცდა

№20

ავტორი: ნია დვალი 20:00 27.05, 2022 წელი

სიკვდილით გამოცდა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17-19(1115)

ექთანმა ლიკას ორივე ნემსი გაუკეთა და სიტუაციასაც უცებ აუღო ალღო:

– თუ არ წამოგივიდა ერთ-ორ დღეში, მოდი და მინი-აბორტს გაგიკეთებ. არ დააგვიანო, თორემ მერე დიდი მოგიწევს, გინდა ახლა გამოფხეკვა?!

არა, გამოფხეკვა არ უნდოდა. რატომ? იმიტომ რომ მტკივნეული იქნებოდა. ლიკამ ფასი დააზუსტა, ყოველი შემთხვევისთვის (როგორ ეზიზღებოდა იმ წუთას საკუთარი თავი, მაგრამ ეს მაინც არ უშლიდა ხელს, რომ თავისი გადაწყვეტილება ბოლომდე მიეყვანა) და ექთანს დაემშვიდობა.

სამსახურისკენ მიმავალი ცდილობდა, გაეხსენებინა თავისი პირველი ფეხმძიმობა – რა შეგრძნებები ჰქონდა. ვერაფერი გაიხსენა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ უკვე ორნი მიდიოდნენ. ჯიბეში ხელით მოისინჯა ტესტი, რომელიც აფთიაქში „კალცი გლუკონატთან“ ერთად იყიდა.

ტაქსი გააჩერა და ფიქრობდა: სიგარეტს თავი უნდა დავანებო. წელს ზღვაზეც ვერ წავალ, რა გაუძლებს მანანას ნოტაციებს, როგორი რეაქცია ექნება გიოს? ამ ფიქრებში გაახსენდა ტოქსიკოზი და ყოველ დილით გულისრევა. ამ პერსპექტივამ შეზარა. ისეთი სულმდაბალი აზრები უჩნდებოდა, თვითონაც უკვირდა, რატომ და საიდან – აქამდე საკუთარ თავზე აშკარად უკეთესი წარმოდგენა ჰქონდა.

ორი დღეც გავიდა და სამიც. არაფერიც არ წამოსულა. ფეხმძიმობის ტესტის გაკეთებას აჭიანურებდა, რაღაც სასწაულის მოლოდინში. ესეც ბედის ირონიაა: სასწაული სწორედ მომავალი დედობა იყო, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლიკასთვის სასწაული ის იქნებოდა, თუ საერთოდ უშვილო აღმოჩნდებოდა.

სამსახურიდან ადრე წამოვიდა, გიოსთან მშობელთა კრებაზე უნდა გავიაროო და ამიტომ სახლში მაშინ მივიდა, როდესაც არავინ იყო. პირველი ტესტი მოსინჯა (სამი სხვადასხვანაირი შეიძინა), პასუხი დადებითი იყო – ორი ხაზი! იგივე პასუხი გაიმეორა დანარჩენმა ორმა ტესტმაც. უცნაურია, მაგრამ ლიკას გაეღიმა, არადა ფინალური სცენის შინაარსი უკვე იცოდა და, წესით, უნდა ეტირა.

და მხოლოდ ახლა გაახსენდა ალეკო – ბავშვის მამა და გააცნობიერა, რომ მისი აზრი არც აინტერესებდა, იმიტომ რომ თავად უკვე მიიღო გადაწყვეტილება. მაგრამ, ვინაიდან ლიკა წესიერი ადამიანი იყო, მაინც დაურეკა ალეკოს. სხვათა შორის, ალეკოსთვის ამის თქმას იმიტომ წელავდა, რომ მისი რეაქციისაც ეშინოდა. უფრო ზუსტად, ლიკას უნდოდა, რომ ალეკო ცას სწეოდა სიხარულით და ლიკასთვის ბავშვის გაჩენა დაეძალებინა.

ალეკომ მშვიდად მოუსმინა ლიკას და თვალებში შეხედა: ლიკა კი მის რეაქციას ელოდებოდა, რაკი ალეკოს რეაქცია ისეთი არ იყო, როგორსაც გულის სიღრმეში ელოდა, საქმიანად შეცვალა საუბრის მიმართულება:

– ინტერნეტში დავძებნე, ყველაზე უსაფრთხო და უმტკივნეულოა მედიკამენტოზური აბორტი. შრომისუნარიანობაზეც არ მოქმედებს, ვერც ვერავინ შენიშნავს. ამის სპეციალისტებიც არიან. ნომრებიც ვნახე.

ალეკო დუმდა, არაფერს ამბობდა, ეს ლიკას ძალიან აღიზიანებდა, იმდენად, რომ სახეში არც უყურებდა, როდესაც ლაპარაკობდა. ბოლოს ალეკომ მშვიდად თქვა:

– შენ როგორც გინდა...

– შენ სხვანაირად გინდა? – წლების შემდეგ მიხვდა ლიკა, რომ ეს ძალიან გაღიზიანებული ტონით ჰკითხა, რაც ალეკოს შეიძლებოდა, იმგვრად გაეგო, რომ ლიკას კატეგორიულად უნდოდა იმ ბავშვის თავიდან მოცილება.

– შენ უნდა გადაწყვიტო, მე ასე მგონია, – მშვიდად უთხრა ალეკომ.

– რატომ მელაპარაკები, როგორც გიჟს? – გაწიწმატდა ლიკა.

– გეჩვენება, პირიქით, შენს მდგომარეონაში ნერვიულობა არ შეიძლება.

ამ სიტყვებმა ლიკას საბოლოოდ დააკარგვინა წონასწორობა: იცის, რომ ბავშვი უნდა მოვკლა, თავად მას არც კი უნდა, რომ გაჩნდეს და ჩემს მდგომარეობაზე ნერვიულობს, თურმე, რომ ნაყოფს არაფერი ვავნო, – ეს მხოლოდ გაიფიქრა, თქმით არაფერი უთხრა, მაგრამ ისეთი გამომეტყველებით შეხედა, რომ ახლა ალეკო გაბრაზდა:

– რატომ მიყურებ ასეთი სიძულვილით?

ლიკა ხვდებოდა, რომ წკიპზე იყო, სადაცაა, ისტერიკას მოაწყობდა, ამიტომ ღრმად ჩაისუნთქა და უთხრა:

– ასე ჯობია, შენი შვილებისთვისაც და ჩემი შვილისთვისაც და ამიტომ ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

მეორე დღესვე მივიდა გინეკოლოგთან: საშუალო ასაკის მამაკაცი იყო, რა თქმა უნდა, ექოსკოპიაზე გაუშვა და დასძინა, – პასუხს რომ მომიტანთ, შემდეგ გაგსინჯავთ და გადავწყვიტოთ.

ექოსკოპიაზე ურიგოდ შეუშვეს. სპეციალისტის გვერდით სტაჟიორი იჯდა და ამიტომ ყველაფერს, რასაც მონიტორზე ხედავდა, დეტალურად უხსნიდა: ნაყოფი 4 კვირისაა, განაყოფიერება მარჯვენა მილში მოხდა, აი, ხედავ?

ამ დროს კარი მეორე ექიმმა შემოღო და მანაც, რატომღაც, მონიტორს შეხედა.

– რა პატარაა და ერთ-ორ კვირაში, სწორედ ამ პერიოდში, როგორ უცებ იზრდება, ეს თქვა და რაღაც ქაღალდები დადო მაგიდაზე.

ლიკა ცდილობდა, არაფერი გაეგონა, მაგრამ ტყვიასვით მოხვდა გულზე ფრაზა – განაყოფიერება მომხდარია მარჯვენა მილიდან, იმიტომ რომ ლიკას მარჯვენა მილი შეხორცებული ჰქონდა წლების წინანდელი ანთების გამო, მართალია, იმკურნალა, მაგრამ იმ მილიდან, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო დაფეხმძიმება. მაშინ ეს ფრაზა იმის დასტურად მიიღო, რომ სწორ გზას ადგა და ბავშვის გაჩენა ყველას დააზარალებდა, ეს უკვე შემდეგ, გამოცდილებამ მიახვედრა, რომ უბრალოდ, ამ ფრაზით რაღაც ან ვიღაც ცდილობდა, მისთვის გაეგებინებინა, რომ შეუძლებელი მოხდა და ზეციდან საჩუქარი გამოუგზავნეს.

ექიმმა პასუხი დაუწერა და ლიკა ისევ ბატონ თამაზთან ავიდა. მან დახედა პასუხის ფურცელს:

– კარგი ვადაა, ახლა უნდა ვნახოთ თქვენი ყელის მდგომარეობა, – და ლიკას გვერდითა ოთახისკენ მიუთითა, სადაც გინეკოლოგიური მაგიდა იდგა. ლიკა მაგიდაზე ავიდა. ამ მაგიდას ვერ იტანდა, იმიტომ რომ თავს დაუცველად გრძნობდა, ამიტომ თვალები ჭერს გაუშტერა. გვერდითი თუ არც კი იცოდა, რომელი მზერით, დაინახა, რომ გინეკოლოგი ოდნავ შეეხო მის ბარძაყს – ლიკას კარგი კანი ჰქონდა და, ალბათ, ამიტომ. ოღონდ ეს ისე გააკეთა, თითქოს ფეხს უსწორებდა, რომ პაციენტი ვერაფერს მიმხვდარიყო, თუმცა ლიკა მაინც მიხვდა.

ლიკა იცვამდა, ექიმი ხელებს იბანდა: საბოლოოდ გადაწყვიტეთ?

– დიახ, – გადაჭრით უპასუხა ლიკამ.

– იქნებ დაფიქრებულიყავით კიდევ, – გაუმეორა ბატონმა თამაზმა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხედავდა, ლიკა განიცდიდა.

– უკვე ვიფიქრე.

ორი აბი გაუწოდა ლიკას: ერთს საღამოს დალევთ, მეორეს – დილით. მეორე აბის მიღებიდან 8 საათში დენა დაიწყება. თუ ტკივილს ვერ გაუძელით, გამაყუჩებელი გაიკეთეთ, დაგიწერთ სახელწოდებას და ნებისმიერი გართულებისას დამირეკეთ, რა დროც უნდა იყოს.

ლიკამ ფული გადაიხადა (ალეკომ მისცა). აბები საფულეში ჩაიდო და ექიმს დაემშვიდობა.

– ყოველი შემთხვევისთვის, სისხლდენის დასრულებიდან რამდენიმე დღეში მოდით და ექოსკოპია გაიკეთეთ, რომ ვნახოთ, არაფერი იყოს დარჩენილი.

გარეთ წვიმდა, თითქოს ვიღაც წყალს მსხვილ ჭავლებად განზრახ ასხამდა. ლიკას მოუნდა, ის აბები ამ წვიმას დაედნო, ხელიც კი წაიღო კიდეც ჩანთისკენ, მაგრამ თავისი მეორე ხელითვე გაიჩერა. მიხვდა, რომ არაფერი უნდოდა იმაზე მეტად, ვიდრე ეს ბავშვი დაბადებულიყო, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ ამისთვის არაფერს აკეთებდა, საერთოდ არაფერს.

სახლში წავიდა. გიოს დედის დანახვა გაუხარდა და მოეხვია. ლიკა მექანიკურად მოეფერა შვილს, მექანიკურად ეთამაშა, ჭამა, მანანასთან იჭორავა კიდეც. პარალელურად, ფიქრობდა: შაბათ საღამოს პირველი აბის დალევა არ ივარგებდა (ექსტრემალურ სიტუაციაში მისი ტვინი საათივით მუშაობდა, პანიკის გარეშე, მშვიდად და აუღელვებლად): კვირას ოჯახის წევრები სახლში იქნებოდნენ და ვაითუ, ცუდად გამხდარიყო. ამიტომ კვირა საღამო არჩია. ორშაბათს დილით მეორე აბს დალევდა, სამსახურში წავიდოდა, ცოტა ადრე წამოვიდოდა და, სანამ გიო და დედამისი მოვიდოდნენ, ყველაფერი დასრულებული იქნებოდა. ტკივილგამაყუჩებელიც უკვე ნაყიდი ჰქონდა და ნემსიც. თავს ისევ შეუძლოდ გრძნობდა, გულისრევა და სისუსტე არ ეშვებოდა.

კვირას, ღამით, როდესაც გიო დააძინა და მანანამაც დაიძინა, პირველი აბი დალია. დაწვა, მაგრამ ვერ იძინებდა, თვალგახელილი იწვა სიბნელეში და ყურებში წყლისქვეშ ერთმანეთს მიჯახებული ქვების ხმა ესმოდა. ერთ-ორ საათში თავი უკეთ იგრძნო. ისე მოხდა – როგორც ინტერნეტში წაიკითხა: ნაყოფი მოკვდა და საშვილოსნოს კედელს მოსცილდა. ლიკას სხეული ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდა – ტოქსიკოზი გაქრა.

დილით მეორე აბი მიაყოლა და სამსახურში წავიდა. როგორც დაგეგმილი ჰქონდა, ადრე დაბრუნდა და ტკივილიც დაეწყო. ჭინთვისმაგვარი შეგრძნება იყო, მისი სხეული დევნიდა იმას, ვინც სხეულის პატრონმა წინა ღამით მოკლა. სანამ შეეძლო, უძლებდა, უნდოდა, რომ დატანჯულიყო, თუმცა მისი ეს ტანჯვა, ალბათ, ვერ შეედრებოდა მისი იმ ნაწილის ტანჯვას, რომლის მკვდარი ნარჩენებიც ახლა მის სხეულს ტოვებდნენ. ბოლოს, როდესაც ტკივილი აუტანელი გახდა და გიოსა და მანანას სახლში დაბრუნების დრო მოახლოვდა, ტკივილგამაყუჩებელი მაინც გაიკეთა. ტკივილი მართლაც გაყუჩდა და ლიკას ჩაეძინა. გიოს ხელმა გამოაღვიძა და ლიკამ უცებ ტირილი დაიწყო.

შვილი შეწუხდა: რამე გატკინე, დედა?

– არა, ჩემო ბედნიერებავ, ცუდი სიზმარი ვნახე, მაგრამ, შენ რომ მოხვედი, სიზმარი გაქრა, – ლიკა გიოს ჩაეხუტა და საკუთარი თავი უკვე მერამდენედ დააჯერა იმაში, რომ სწორედ გიოს ბედნიერებისთვის მოიქცა ასე.

– როდის იყო, დღე იძინებდი? – ახლა მანანა შემოვიდა ოთახში, ადექი, ისეთი სადილი გავაკეთე, მკვდარს გააცოცხლებს.

– გაცოცხლება ნამდვილად მჭირდება, – თავისთვის ჩაილაპარაკა ლიკამ და ადგა.

***

ლიკას არც დაუთვლია, რამდენი წელი გავიდა, რაც მეგი არათუ არ ენახა, არც კი იცოდა, რას საქმიანობდა. გაურბოდა მასზე ფიქრსა და არ უნდოდა მისი ნახვა, ცხოვრებაც ისე აეწყო, თუმცა ბევრი საერთო ნაცნობი ჰყავდათ, არასდროს გადაყრიან ერთმანეთს. ლიკა ახლა უფრო მეტად თავდაჯერებული და მტკიცე ხასიათის იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც ცხოვრების გზის დასაწყისში იდგა, თუმცა ეს უკვე მოჩვენებითი იყო, ვინაიდან ის, რაც თეორიულად იცოდა, პრაქტიკულად გამოცადა და ახლა უკვე ყველაფერში ეჭვი ეპარებოდა – საკუთარ კვალიფიკაციაში, ცოდნაში, დასკვნებში, იმიტომ რომ იმ წერტილისკენ მიდიოდა მთელი არსით, როდესაც იცი, რომ არაფერი იცი. გარშემო მყოფები ამას, ბუნებრივია, ვერ ამჩნევდნენ. ან კი როგორ უნდა შეემჩნიათ?! ადამიანმა არ იცის, რა ხდება სხვა ადამიანის გულში, გარეგნობა კი ერთობ მაცდურია. სამაგიეროდ, ცხოვრებაა დაუნდობელი, თუ გზიდან გადაუხვევ, მოკლეზე მოინდომებ მოჭრას ან სადმე სხვაგან შესეირნებას, სადაც შენი ადგილი არაა, აუცილებლად დაგაბრუნებს იქ, სადაც შენი გასავლელი გზა გელოდება. ლიკას ჩვევა ჰქონდა: წარსულს ივიწყებდა და ამისთვის ძალისხმევის გაღება სრულიადაც არ სჭირდებოდა, ეს ხდებოდა თავისთავად და ბუნებრივად. ერთადერთი, რაც ლიკამ ვერ დაივიწყა, ის დღე იყო, უფრო სწორად, ის შეგრძნება, როდესაც მის სხეულში მისივე შვილის სხეული მოკვდა. ალბათ, საქმე დავიწყებაც არ იყო, უფრო ვერპატიება საკუთარი თავისთვის. ამით მიხვდა ლიკა, რომ მისი დავიწყების უნარი სწორედ ვერპატიებებს ემყარებოდა. რასაც საკუთარ თავს ვერ პატიობდა, იმას აღარც იხსენებდა. იმასაც მიხვდა, რამდენად სულელური იყო პრინციპების ერთგულება, იმიტომ რომ პრინციპები ბუნებრივად უნდა დაიცვა და არა პოზაში – კვარცხლბეკზე მდგომმა. შემომხედეთ, რა გამორჩეულად კარგი ვარ!

ჰოდა, ერთ დღესაც გადაწყვიტა, მოენახა ყველა, ვინც დაივიწყა დაა გააძევა თავისი ცხოვრებიდან და გონებიდან... მეგი ვერ მოძებნა სოციალურ ქსელებში, სამაგიეროდ, მოძებნა მისი ნაბოლარა შვილი, დეა, უკვე გაზრდილი და რაც თვალში მოხვდა, ეს როლანდისა და დეას ფოტო იყო, რომელზეც დეა როლანდის უთბილესი სიტყვებით მამად მოიხსენიებდა. ყველაზე მეტად ლიკა გააოცა ამ ფოტოს ქვემოთ როლანდის შვილების კომენტარებმა.

და ლიკა კიდევ უფრო დაიბნა...

თუმცა ვირტუალური ცხოვრება, სულაც არ ასახავს სინამდვილეს, მაგრამ ვინ მოიქცა სწორად: მეგი, რომელმაც საკუთარ შვილს მამა უპოვა სხვისი – როლანდის შვილების ხარჯზე, თუ ლიკა, რომელმაც საკუთარი შვილი მოკლა სხვისი – ალეკოს შვილების გამო?!

დასასრული


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი