რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№24

ავტორი: ნია დვალი 20:00 24.06

სხვა მე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21-23(1119)

ყოველ ღამით, 23:00 საათზე ელე უცნობის ნომრისკენ მიდიოდა, გზად ერთ ჭიქა არაყს სვამდა და კარზე აკაკუნებდა. იმ რამდენიმე ღამის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის, მაგრამ ელემ საკუთარ თავს მისცა ყველაფრის უფლება, იმდენად ყველაფრის, რომ ეჭვიც კი შეეპარა საკუთარ თავში: საიდან ამდენი ეროტიკული ფანტაზია?! საქმეს ის აიოლებდა, რომ ლაპარაკი აუცილებელი არ იყო, არც ერთს არ აინტერესებდა მეორის არც გონებრივი შესაძლებლობები, არც ზნეობა, არც ღირებულებები, არც სოციალური სტატუსი და არც ოჯახური მდგომარეობა. და ელე მაშინ მიხვდა, რამდენ ძალას ხარჯავენ ადამიანები ლაპარაკში, რაც ყველაფერს ართულებს. ასეთი უსიტყვო ურთიერთობა უფრო საინტერესო იყო და, რაც მთავარია, ყველაფერი ესმოდა უსიტყვოდ. უფრო ზუსტად, არც არაფერი ესმოდა, მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებს მიჰყვებოდა ყოველგვარი წესების, ვალდებულებებისა და დათქმების გარეშე.

ავთოს იმ მიმოწერის შემდეგ აღარ დაურეკავს, ელე მხოლოდ ირინას ელაპარკებოდა დღეში ერთხელ, ისიც იმიტომ, რომ ირინა სხვანაირად არ მოისვენებდა. ის ერთი კვირაც გავიდა. ელე, ცხადია, უცნობს (თუმცა რაღა უცნობს?!) არც გამომშვიდობებია. ისედაც მიხვდება, რომ აღარ მივალო...

***

ელეს იმდენად ნათლად გაახსენდა ყველაფერი, რომ სახე გაუხურდა. ყველაფერს წარმოიდგენდა, იმის გარდა, რომ ასე მოულოდნელად გადაეყრებოდა ოთხიოდე თვის შემდეგ მას, ვისი ნახვაც ყველაზე ნაკლებად კი არა, საერთოდ არ უნდოდა. მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა. ტელეფონის ზარმა შეაფხიზლა – რა თქმა უნდა, ირინა იყო, ჩვეულებისამებრ, შეშფოთებული ხმით:

– სად ხარ? გული გამისკდა!

– რამ გაგიხეთქა გული? ორი წლის ვარ თუ დავიკარგებოდი? – შეუღრინა ელემ. აღიზიანებდა ირინას თეატრალობა და ხელოვნურობა, ვინაიდან ვერავინ დააჯერებდა ელეს, რომ ირინა ელეზე, 22 წლის შვილის დედაზე ფეთდებოდა, რამე ხომ არ დაემართაო, ხოლო, თუ მართლა ფეთდებოდა, მაშინ რაღაც რიგზე ვერ ჰქონდა ტვინში.

– შენ არასდროს გესმის ჩემი. როდის მოხვალ? გოგა და ნატაშკა არიან ჩვენთან, – და ელე მიხვდა ირინას თეატრალობის მიზეზს. დედამისს აუდიტორია უყვარდა და სხვადასხვა როლს თამაშობდა. ამჯერად ნატაშკას, ელეს რძალს, აწონებდა თავს, თუ როგორი წესები იყო მათ ოჯახში, ირინა კი – როგორი ყურადღებიანი დედა.

ელეს არ ესიამოვნა ეს ამბავი. შვილს რომ ნახავდა, გაუხარდა, მაგრამ ნატაშკას ნახვის პერსპექტივა ძაბავდა. გოგა ვერ ხვდებოდა, როგორი გაიძვერა იყო მისი ცოლი (იქნებ ელეს ეჩვენებოდა კიდეც, მაინც დედამთილი იყო); რატომ იყო გაიძვერა? იმიტომ რომ ირინას თამაშში აჰყვა, ელე კი დედამისს თავისი ხუთი თითივით იცნობდა და განგაშის წითელი ნათურა მაშინ აენთო, ირინა და ნატაშკა რომ დამეგობრდნენ. ნატაშკამ მაშინვე იგრძნო, რომ ელესთან არაფერი გამოუვიდოდა, ამიტომ, უბრალოდ, თავაზიანად ექცეოდა და თვალებს გულუბრყვილოდ აფახულებდა ელეს დანახვაზე, ხმასაც კი არ იღებდა, სამაგიეროდ, ენას არ აჩერებდა ირინასთან: მუდამ აქებდა და საჩუქრებით ანებივრებდა. ელე მაშინვე მიხვდა, რომ ირინას გემოვნება გოგასგან გაიგო რძალმა და ნატაშკაც მომენტს არ უშვებდა ხელიდან, რომ ირინასთვის ესიამოვნებინა. ირინა გულუბრყვილო ადამიანი იყო, მიუხედავად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილებისა, სჯეროდა ადამიანების, რომლებიც ტკბილად ელაპარაკებოდნენ. ელესთანაც ეს პრობლემა ჰქონდა: ელეს ტკბილად ლაპარაკი არ ეხერხებოდა, ყოველთვის საქმიანი იყო, ზედმეტი სენტიმენტების გარეშე, მაგრამ, რაკი დედამისმა იცოდა, რომ ეს ელეს ნიღაბი იყო, ყველანაირად ცდილობდა, გარეთ გამოეტანა ელეს ნამდვილი ბუნება, რაც სულერთიაობის ნიღაბს იქით იმალებოდა. ჯერჯერობით არაფერი გამოსდიოდა, მაგრამ ირინა ფარ-ხმალს არ ყრიდა. ბოლო დროს, რაც ნატაშკა გამოჩნდა მათ ცხოვრებაში, ირინა ელედან შვილიშვილის ცოლზე გადაერთო. ამდენად, ელე ნატაშკას მადლიერიც კი იყო, ვინაიდან ახლა ირინას მთავარ სამიზნედ ნატაშკა, უფრო ზუსტად, ნატაშკასთვის თავის მოწონება იქცა.

ისე არ გაიგოთ, რომ დედამთილ ელეს რძლისადმი რამე პრეტენზია ჰქონდა, უბრალოდ, უნდოდა, რაც შეიძლება, ნაკლები ნატაშკა ყოფილიყო მის ცხოვრებაში, ნატაშკა კი გოგას დედასა და ბებიას ეძალებოდა, ვინაიდან ხვდებოდა, რომ ასე უფრო გაუიოლდებოდა ცხოვრება, მაგრამ ელე ის ჩიტი არ გახლდათ, 20 წლის ნატაშკას მისთვის ეჯობნა. ოღონდ პრობლემა ირინა იყო, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა, რომ შვილიშვილსა და რძალს მათთან ეცხოვრათ, ელე ჯეროვან წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა ირინა მაინც ახერხებდა დივერსიებს და, როდესაც ელე საქმეებით იყო დატვირთული და ირინას ვერ აკონტროლებდა დროის უქონლობის გამო, სახლში მისულს, დაღლილსა და დაქანცულს, ნატაშკა ხვდებოდა.

ასე მოხდა ამჯერადაც: არადა, ელეს ერთი სული ჰქონდა, სახლში დაესვენა, მოდუნებულიყო და ხვალინდელი რეგრესიისთვის მომზადებულიყო. ისიც მოსაფიქრებელი ჰქონდა, როგორ მოიქცეოდა ვატოსთან, გული უგრძნობდა, რომ ვატო შემთხვევით არ შეხვდა დღეს, მაგრამ ვერ ხსნიდა, საიდან უნდა სცოდნოდა ელეს ასავალ–დასავალი?!

სხვა გზა არ იყო – ელე სახლისკენ გაეშურა და ისევ იმ ზამთრის ზაფხულზე ფიქრობდა...

უცნობს, ახლა უკვე ვატოს, როგორც უკვე ვთქვით, ელე არც გამომშვიდობებია. რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, თბილისში ჩამოსულს აეროპორტში ავთო დახვდა: როგორც წესი, ადამიანები უდროოდ, ანუ მაშინ ხდებიან ყურადღებიანები, როდესაც უკვე ვეღარაფერს შეცვლიან. ელეს გულწრფელად გაუკვირდა მისი დანახვა, უცნობ ვატოსთან უსიტყვოდ გატარებული ღამეების შემდეგ ელეს ავთოს დანახვა აღარ სიამოვნებდა და უცნაური ის იყო, ძეხორციელი ვერ დაარწმუნებდა, რომ ამ კაცთან, ესე იგი, ავთოსთან ოდესმე რამე საერთო ჰქონდა. ავთომ ელე სახლში მიიყვანა, უფრო ზუსტად, ავთოს მძღოლმა მიიყვანა. ავთო ჩვეულად ოფიციალურად დაემშვიდობა, ქალბატონო ელე, ნახვამდისო, მძღოლმა ელეს ჩანთა აიტანა (ეს რაღაც ახალი იყო) და მეტად მოწიწებით დაემშვიდობა...

ამ ფიქრში გზა ისე გაილია, ელემ ვერც კი შეამჩნია, როგორ აღმოჩნდა თავისი სახლის კართან.

– როგორც იქნა, მოხვედი, გელოდებოდით სულმოუთქმელად, – შეეგება ირინა, ჩვეულებისამებრ, დაფეთებული ხმით.

– ხომ მშვიდობაა?! რატომ მელოდებოდით?! – იკითხა ელემ და ფეხსაცმელი გაიხადა.

მისაღებ ოთახში ნატაშკა და გოგა ისხდნენ, ნატაშკას საშინაოდ ეცვა (დავიღუპე, რჩებიან, – გაიფიქრა ელემ, იმიტომ რომ ახლა ყველაზე ნაკლებად ნატაშკას გადაპრანჭული საუბრის მოსმენა უნდოდა) და ორაზროვანი გამომეტყველება ჰქონდა.

– რამე მოხდა? – გაიმეორა ელემ შეკითხვა.

გაღიმებული ირინა საზეიმოდ დაჯდა დიდ, საგვარეულო მაგიდასთან და გოგას მიმართა:

– შენ იტყვი?

– რა უნდა თქვას? – დაიძაბა ელე.

– რა და, ბებია გახდები! – პათეტიკურად წარმოთქვა ირინამ და ქვითინი დაიწყო.

ელეს გულწრფელად გაუხარდა:

– ვაჰ, კარგი ამბავია ძალიან, მომილოცავს, – და შვილს აკოცა, უცებვე მიხვდა, რომ რძლისთვისაც უნდა ეკოცნა: გილოცავ, ნატაშკა, ბედნიერი დედა იყავი!

ირინამ უცებ მოსხიპა ქვითინი და საზეიმოდ გამოაცხადა: ბავშვები ჩვენთან გადმოდიან საცხოვრებლად, ნატაშკას მოვლა სჭირდება, მე სულ მარტო ვარ სახლში, შენ დასაძინებლად მოდიხარ, თითქოს სასტუმრო იყოს. უარს არ მივიღებ, იცოდე, – ირინა ნატაშკას მიაშტერდა.

– როგორც გოგა იტყვის, – ნატაშკამ ქმარს შეხედა. ელემ გულში შეუკურთხა რძალს: „როგორ გათვალა ამ გოთვერანმა ყველაფერი“, მაგრამ მიხვდა, რომ მისი მონოლოგის დრო იყო და იძულებით წარმოთქვა, – გოგა, როგორც გადაწყვეტთ, ისე იყოს.

– უკვე გადავწყვიტეთ! – ბეჭედი დაუსვა ირინამ, – გოგას ოთახი პატარა იქნება, ამიტომ... – ელე მიხვდა, რომ ირინა საძინებლიდან გამოძევებას უპირებდა და ისე შეხედა, ირინას სიტყვა ყელში გაეჩხირა, – ჰოდააა, მე დავწვები გოგას ოთახში, ესენი კიდევ ჩემს ოთახში გადმოვიდნენ.

ელემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ირინა კი განაგრძობდა: ბავშვებს ვურჩიე, ის ბინა გააქირაონ, არავის აწყენს დამატებითი შემოსავალი.

ელეს ღიმილი ტუჩებზე შეაცივდა, იმიტომ რომ ირინას მონოლოგის პარალელურად, სწორედ იმ ბინაში გადასვლას გეგმავდა, მაგრამ ირინამ დაასწრო და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა. ელე გაცეცხლდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ისევ გაიღიმა და სააბაზანოში შევიდა. ცხელმა წყალმა ოდნავ მოადუნა, თავი უკეთ იგრძნო და გაახსენდა, რომ შიოდა. ხალათი მოისხა და გამოვიდა. სახლში ერთი ალიაქოთი იყო: ირინას თავისი ნივთები გოგას ოთახში გადაჰქონდა.

– შენ გელოდებოდით, დედა, – უთხრა გოგამ, ამაღამ წავალთ და ხვალ ჩვენს ნივთებს გადმოვიტანთ.

– კარგი, ხვალ გელოდებით, – ისევ გაუღიმა ელემ და შვილი და რძალი გააცილა.

ირინამ ოთახიდან გამოსძახა:

– აბა, თქვენ იცით, გელოდებით!

ელე სამზარეულოში შევიდა და ჭამას შეუდგა. კარადიდან შავი ღვინო გამოიღო და დაისხა.

– მარტო სვამ? როდის მერე? – თავზე წამოადგა ირინა.

– მოდი, შენც დალიე. – შესთავაზა შვილმა.

– რა დროს დალევაა?! სახლი უნდა მოვამზადოთ, – გაღიზიანდა ირინა.

– ხომ ამზადებ შენ და მე რა ვქნა, მუსიკალურად გავაფორმო თუ ვიცეკვო?!

– ღმერთო, აპატიე, რომ ასეთი უგუნურია, ამხელა ბედნიერება აჩუქე და ეს იბღვირება. ჩემზე კარგად შენ ვინ გიცნობს?! იცოდე, თავს მოვიკლავ, შენ რომ გოგა და ნატაშკა გააქციო შენი უხასიათობით! – მენტორული ტონით უთხრა ირინამ.

– მე რატომ უნდა გავაქციო? ნატაშკას მოსამსახურედ დადგომას კი არ ვგეგმავ. მშობლები ჰყავს და აქ თუ არ მოსწონს, დედამისთან წავიდეს, – გულგრილად მიუგო ელემ.

– შენ ასე მოგექეცი მე, იმ მათხოვარს რომ გაჰყევი ცოლად?! ვის დაემსგავსა ეს გოგო ასეთი გულქვა?! – ცრემლნარევი ხმით თქვა ირინამ.

– დიახ, მე ვცხოვრობდი შენთან, ამიტომაც ვთქვი, მშობლებმა მიხედონ ნატაშკას, თუ აქ არ მოსწონს-მეთქი, – თვალი ჩაუკრა ელემ.

– შენთან ლაპარაკი შეუძლებელია! – ირინამ თავისი სამეფო ფრაზა წარმოთქვა და სამზარეულოდან გავიდა, ელემ კიდევ ერთი ჭიქა დაისხა და დალია. ამ ვითარებას ფხიზელი თვალით ვეღარ უძლებდა.

სასმელმა მოთენთა და დაწვა თუ არა, დაეძინა. ტელეფონი 10 საათზე დააყენა, თუმცა 9–ზე გაეღვიძა. ირინა ისე ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას ტელეფონით, მგონი, მთელ საცხოვრებელ კორპუსს ეღვიძა.

– კი, გადმოდიან ჩვენთან და ისეთი გაწამაწია გვაქვს, ვემზადებით... მადლობა... გაიხარე... გავიქეცი, ბევრი საქმე მაქვს.

ელემ თავზე ბალიში დაიფარა და გაირინდა: ვითომ მკვდარი ვარ! მაგრამ მისი თავის მომკვდარუნება დიდხანს არ გაგრძელდა, ირინა მეტეორივით შეიჭრა მის ოთახში და დააჩერდა. ელემ ბალიში მოიშორა სახიდან: რამე გინდა?

– მინდა, რომ მომეხმარო, – მომთხოვნი ტონით უთხრა ირინამ.

– მეც ამის გარდა არაფერი მინდა, მაგრამ დღეს უამრავი საქმე მაქვს, თავის მოსაფხანად არ მცალია, ახლა რომ გავალ, გვიან ღამემდე ვერ დავბრუნდები. მაგრამ შენი იმედი მაქვს, ყველაფერს მოაკვარახჭინებ, იროჩკა.

ირინას ესიამოვნა შვილის ნათქვამი, მაგრამ ჩვეულებას არ უღალატა.

– მარტო როგორ შევძლებ? მეგონა, სახლში დარჩებოდი და მომეხმარებოდი.

– ოჰ, რა დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი, შენ არ იცი და ციბრუტივით დავტრიალდებოდი, – სერიოზული სახით უთხრა ელემ, მაგრამ ირინა მიხვდა, რომ შვილი აშაყირებდა და აფეთქდა: ყველაფერს ვეტყვი გოგას!

– რას ეტყვი?!

– რას და ფეხებზე რომ გკიდია და ყოველთვის გეკიდა!

– ნუ გადახვალ დაუკრეფავში, ირინა, იცოდე, ინანებ, – ელეს ხმაში სისასტიკე შეეპარა. ირინამ უცებ დაიხია, – ხომ იცი, შტერი ვარ, რაღაც სისულელეებს ვამბობ ხოლმე, – უცებ გამოიცვალა, იმიტომ რომ ელეს იცნობდა და ეჭვიც არ ეპარებოდა, თუ ელე მოინდომებდა, გარეთ გასვამდა ნატაშკასაც, გოგასაც და ირინასაც ზედ მიაყოლებდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო