რომანი და დეტექტივი

ს ხ ვ ა მ ე

№22

ავტორი: ნია დვალი 20:00 11.06

სხვა მე
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #21(1117)

ელემ ერთხანს უსმინა და ინგა უკვე კივილზე რომ გადავიდა – ასე იცოდა, როდესაც მსხვერპლის როლში შედიოდა, ტაქტიანად შეაწყვეტინა: გახსოვს, რეგრესოლოგის ნომერს რომ დამპირდი?

– ვის ნომერს დაგპირდი? – შორს დაიჭირა ინგამ და პაუზა ჩამოვარდა: ა, ჰო, გამახსენდა, კი, მოვძებნი და მოგწერ, მაინც გადაწყვიტე?

– აჰა, მაინტერესებს, რა კარმული ვალები მაქვს, რომ ვერ ამოვედი დედაჩემის ვალიდან და გოგაც რაღაც უცნაურად იქცევა ამ ბოლო დროს. ეჭვიანი ქმრებივით იქცევიან, თითქოს მათი საკუთრება ვარ, გოგა უფრო მსუბუქად ურევს, მაგრამ ამ ბოლო დროს, მგონი, ჩემი აღზრდა გადაწყვიტა, სულ შენიშვნებს მაძლევს, – გაიცინა ელემ.

– ეს შენი ბრალია, ამდენი ტვირთი არ უნდა აგეღო შენს თავზე, – მენტორული ტონით უთხრა ინგამ.

– მე რა ავიღე?! გამკეთებელი სხვა არავინ იყო და ასე გამოვიდა, – უპასუხა ელემ, გულში კი გაიფიქრა, ადამიანი სამ უსაქმურზე წუწუნებს და მე მარიგებს ჭკუას. ელე არ უსმენდა იმ ადამიანის რჩევებს, რომელსაც თავად მოუგვარებელი ჰქონდა მსგავსი პრობლემები. მართალია, სხვა სხვის ომში მართლაც ბრძენია, მაგრამ მხოლოდ კარგად ხედავს სხვის პრობლემას, ამ პრობლემის დაძლევის მეთოდი არ იცის, რომ იცოდეს, ხომ, თავადაც არ ექნებოდა პრობლემები?!

– მეორე ზარი შემოდის, გკოცნი, მომწერე, არ დაგავიწყდეს, – ჩასძახა ელემ ტელეფონში და ისე გათიშა, რომ პასუხს არც დალოდებია.

არანაირი მეორე ზარი არ შემოსვლია, უბრალოდ, როგორც კი იგრძნობდა, რომ თანამოსაუბრის ლაპარაკი ძალას აცლიდა, მაშინვე გაეცლებოდა ხოლმე. ამ მეთოდის გამოყენება ირინასთანაც რომ შეძლებოდა, ელეს ბედს ძაღლიც არ დაჰყეფდა. ვინაიდან იცოდა, რომ ინგა გულმავიწყი იყო, მესიჯიც მისწერა: „მომწერე ნომერი. არ დაგავიწყდეს“, პასუხმაც არ დააყოვნა: „როდის დამვიწყებია რამე“. ინგა გამოუსწორებელი ეგზემპლარი იყო, მაგრამ ელემ მასაც დაუყვავა: „არასდროს, მაინც გითხარი“ და გულის სიცილაკიც დაურთო. ინგამ ნომერი მოსწერა. ელემ მანქანა გააჩერა და მაშინვე დარეკა მარიამთან (ასე ერქვა რეგრესოლოგს, აი, იმას; წინა ცხოვრებებში რომ ამოგზაურებს ადამიანებს).

– გამარჯობა, ქალბატონო მარიამ, – ელეს, რაც შეეძლო, დაიტკბო ხმა.

– გამარჯობა, – ცოტა უცნაური ინტონაციით უპასუხა ქალის ხმამ.

– მე ელე ვარ, ინგას მეგობარი და თქვენთან მოსვლა მინდა, – პირდაპირ აჯახა ელემ.

– დარწმუნებული ხართ, რომ ეს გინდათ?

– რა თქმა უნდა, კარგა ხანია, ვაპირებ და, როგორც იქნა, მოვაბი თავი,– დამაჯერებლად უთხრა ელემ.

ქალი გაჩუმდა. ელეს ფურცლების შრიალის ხმა მოესმა: ხვალ გაწყობს? თორმეტისთვის?

– დიახ, მისამართი ჩამაწერინეთ და ხვალ, 12–ზე, თქვენთან ვარ, – ელემ მისამართი მესიჯად ჩაიწერა და თავის მეორე ნომერზე გაგზავნა. ინგასთან წასვლა მაშინვე გადაიფიქრა, როგორც კი მისი ხმა გაიგონა, თუმცა აპირებდა. არ იცოდა, რა ექნა. ნელა მოძრაობდა და შესაფერის ადგილს ეძებდა, რომ სადმე ყავა დაელია. გაზაფხულის სასიამოვნო დღე იდგა, თბილი და მზიანი. არადა ინგასთან საქმე ჰქონდა, ერთ პროექტს ამუშავებდნენ და სპონსორიც იპოვეს, მაგრამ იმ პროექტის ხათრითაც კი არ შეეძლო დღეს ინგასთან ურთიერთობა. „თბილისი მარიოტთან“ გააჩერა მანქანა, იქაური ნალექიანი ყავა მოსწონდა. ფანჯარასთან დაჯდა. შეკვეთას სანამ ელოდებოდა, წინა მაგიდასთან ნაცნობ სახეს მოჰკრა თვალი – ოღონდ ვერაფრით იხსენებდა, საიდან იცნობდა. გახსენება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომ მზერა ისევ ქუჩაზე გადაიტანა, ადამიანები მიდი-მოდიოდნენ, ძირითადად, ტელეფონზე ლაპარაკობდნენ და დაძაბული სახეები ჰქონდათ, თითქოს მსოფლიო სევდას დაატარებდნენ. ტურისტები სჭარბობდნენ, ნახევრად შიშვლები და ფერადსამოსიანები. ამათ რაღა ეტურისტებათ ამ გაგანია ომისას, – თავისთვის გაიფიქრა და ყავაც მოუტანეს. ცუდი ის იყო, რომ სიგარეტს ვერ დააყოლებდა, მაგრამ არც ყავასთან განმარტოება იყო ურიგო ამბავი. ფანჯრისთვის მზერა არ მოუწყვეტია, ისე მოწრუპა ყავა.

ფიქრი განაგრძო: თითოეულს ჰგონია, რომ ამ სამყაროში მთავარია და მისი პრობლემაა ყველაზე მძიმე, გადაუჭრელი და, რაც მთავარია, თავად დიდი უსამართლობის მსხვერპლია.

თვითონ ყველაზე მეტად ის აინტერესებდა, როგორ შეხედავდა თავის ამქვეყნიურ ცხოვრებას, როდესაც ამქვეყნად აღარ იქნებოდა. იქნებ რაღაც, რაც უნდოდა, ძალიან ახლოს იყო და ვერ ხედავდა; ვინ იცის, რამდენჯერ გააკეთა არასწორი არჩევანი და ეგონა, რომ სწორად იქცეოდა. უმრავი ადამიანი ძალიან ბევრ რამეს გაიღებდა, რომ იმის ნახევარი ჰქონოდა, რაც ელეს ჰქონდა, მაგრამ ელეს რაღაც სხვა უნდოდა. განსხვავებული კი არა, ის, რაც სიმშვიდესა და უჩვეულობას მოუტანდა. ამასობაში ყავაც შემოესვა.

– რამე მაგარიც ხომ არ დავლიო? – ჰკითხა თავის თავს: არა, საჭესთან ვარ.

– ტაქსი გამოიძახე, – უპასუხა თავისსავე თავს.

– ვარიანტია, – და ხმამაღლა გაეცინა.

– შეიძლება? – გვერდიდან მამაკაცის ხმა მოესმა, აი, ვისი სახეც ეცნო და ვერ გაიხსენა, საიდან.

– ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? – კითხვა შეუბრუნა ელემ.

– მგონი, ვიცნობთ და ძალიან ახლოსაც, – ელეს მოეჩვენა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა უხამსად გაიღიმა, ამიტომ ხმაში სიცივე შეაპარა: ბევრის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს, ყმაწვილო!

– თქვენი შეურაცხყოფა არც მიფიქრია, უკაცრავად, უბრალოდ, ვერ ვიხსენებ, საიდან გიცნობთ, არადა ძალიან ნაცნობი სახე გაქვთ.

ელე უცებ მოლბა, იმიტომ რომ თავადაც აინტერესებდა, საიდან ეცნობოდა უცნობი ადამიანის სახე. რატომღაც, გულახდილობის ხასიათზე დადგა, – მეც მეცნობით, მაგრამ ვერ ვიხსენებ, საიდან.

– იქნებ ერთად გავიხსენოთ? – შესთავაზა ახალგაზრდა მამაკაცმა. ელემ უტიფრად შეათვალიერა: 30–35 წლის იქნებოდა, შავი თმა ჰქონდა, სწორი და მოკლედ აჭრილი, თვალებიც შავი, თხელი, ვიწრო ცხვირი და გაბანტულივით ტუჩები. სპორტული აღაგობის იყო, მაგრამ თხელი.

– იქნებ არც ღირს? ან იქნებ წინა ცხოვრებაში გიცნობდით? თან – თქვენზე უფროსი ვარ ასაკით.

– არ გეტყობათ, წლები მხოლოდ ორნიშნა რიცხვებია.

– დიახ, წლები ორნიშნა რიცხვებია, რაკი ორივეს გვამშვენებს ორნიშნა რიცხვები, დაბრძანდით, – თავისდა მოულოდნელად შესთავაზა ელემ და მხოლოდ ამ შეთავაზების მერე გაიფიქრა, რომ შეიძლება, ეს ყმაწვილი მისი შვილის მეგობარი ან ნაცნობი ყოფილიყო.

– წაიღო ტვინი ამ პირობითობებმა, – ცოტა ხმამაღლა გაეფიქრა.

– მე მითხარით რამე? – დააზუსტა შემოსწრებულმა თანამეინახემ.

– არა, ხმამაღლა ფიქრი მიყვარს, – ცოტა აგრესიულად უთხრა ელემ და გაახსენდა, საიდან ეცნობოდა დაუპატიჟებელი ნაცნობ–უცნობი. ის იყო, ჭარხალივით უნდა წამოწითლებულიყო, რომ სიწითლე სადღაც ყელთან შეაჩერა და მშვიდად უთხრა; თქვენ რამე შეუკვეთეთ, მსუბუქი დესერტი, მე ახლავე მოვალ.

სანამ დარბაზიდან გავიდოდა ელე ტაატით მიდიოდა, აუჩქარებლდ, კარი მიიხურა თუ არა, თავქუდმოგლეჯილი გაიქცა საპირფარეშოსკენ. იქ არავინ იყო, ამიტომ სარკესთან დადგა და სახეზე წყალი შეისხა. იმიტომ რომ სიწითლეს დიდხანს ვერ დაიჭერდა და ცდილობდა დამშვიდებულიყო.

– ჯანდაბა, ერთხელ მიჰქარო და წინ დაგხვდეს, ბედი არ გინდა?! რამ შემომათრია აქ?! ინგასთან წავსულიყავი?! ამიტომაც დავისაჯე, ბრიყვი ქალი!

ელემ იცოდა, რომ საპირფარეშოში დიდხანს დარჩენა კაპიტულაციას ჰგავდა: ვითომ მე არ ვარ, ხომ შეიძლება, ორი ადამიანი ერთმანეთს ჰგავდეს?! რა თქმა უნდა, შეიძლება. ჰოდა, თავს მოვიკატუნებ., – თავი შეიგულიანა, მაკიაჟი შეისწორა და ისევ ტაატ-ტაატით გაუყვა გზას დარბაზისკენ.

უცნობ-ნაცნობს შორიდან გაუღიმა.

– მე ვიფიქრე, რომ გამექეცით, მსუბუქი დესერტიც უკვე მოიტანეს.

– მე, პირიქით ვიფიქრე, – გაუღიმა ელემ (ბოლოს და ბოლოს, ეს ყმაწვილი დაბადებულიც არ იქნებოდა ან პამპერსებში დაიარებოდა, ელე რომ ადამიანებს აცურებდა). რა გქვიათ? – ჰკითხა და დესერტი დააგემოვნა.

– ვატო. თქვენ რა გქვიათ?

– არ აქვს მნიშვნელობა.

– მაშინაც არ მითხარით სახელი, – ორაზროვნად გაუღიმა ვატომ.

– რაღაც გეშლებათ, მეც მეშლება, იმიტომ რომ ნამდვილად არ გიცნობთ, – მშვიდად უპასუხა ელემ.

– დიახ, გეთანხმებით, სექსი გაცნობის მიზეზი არ არის, – ისევ ორაზროვად გაუღიმა ვატომ.

ელე დიდი გოგო იყო, ამიტომ არ დაბნეულა: იქნებ დააზუსტოთ, რა არის თქვენი ეგზომი სითამამის, უფრო კი სითავხედის მიზეზი? – ჰკითხა და ჯიქურ შეხედა თვალებში.

ვატოს თვალები არ დაუხრია, ელემ კი განაგრძო:

– ფიქრობთ, დესერტზე ჩემი დაპატიჟება საკმარისია, რომ ასე ფამილარულად მელაპარკოთ? სხვათა შორის, ჩემნაირ ქალებს ნამდვილი მამაკაცები ასე არ ელაპარაკებიან, ეს რჩევაა ჩემგან, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლისგან, ასე თუ გააგრძელებთ, ქალებს დააფრთხობთ.

– გავითვალისწინებ.

– უბრალოდ, მოწყენილი ვიყავი, ამიტომ ცოტა გავერთე, სულ ესაა, დიდი მადლობა. ახლა კი უნდა წავიდე. ნახვამდის, – ელე წამოდგა.

– მანქანამდე მიგაცილებთ, – შესთავაზა ვატომ და თავადაც წამოდგა.

– ვაფასებ თქვენს გალანტურობას, ახალგაზრდავ, მაგრამ, რაკი არავინ მომიტაცებს, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თავად მივალ მანქანამდე. ისე, რა იცით, რომ მანქანით ვარ? – ჰკითხა ელემ.

– დაგინახეთ, რომ მოხვედით, – ისევ გაუღიმა ვატომ და ელე მიხვდა, რომ ვატო, არც მეტი, არც ნაკლები, უთვალთვალებდა, მაგრამ არ შეიმჩნია.

– მახვილი მზერა გქონიათ, მთავარია, სწორად გამოიყენოთ.

– შევეცდები. ეს ჩემი ტელეფონის ნომერია, თუ მოიფიქრებთ, დამირეკეთ, – და ელეს სავიზიტო ბარათი გაუწოდა.

– რას თუ მოვიფიქრებ?

– ნებისმიერ რამეს, – ელე მიხვდა, რომ თვალთმაქცობას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ არჩეულ გეგმას არ გადაუხვია, ეს გარემო უკვე ამძიმებდა, თავს კედელთან მიმწყვდეულად გრძნობდა, ამიტომ არჩია, სავიზიტო ბარათი გამოერთმია. – თუ რამეს მოვიფიქრებ, აუცილებლად დაგირეკავთ, გპირდებით, ოღონდ, თუ თქვენც მპირდებით, რომ აღარ მითვალთვალებთ, – ელე ვა-ბანკზე წავიდა.

ვატო იმაზე საზრიანი აღმოჩნდა, ვიდრე ელეს ეგონა.

– რა თქმა უნდა, ოღონდ მეც მაქვს პირობა, თუ აუცილებლად დამირეკავთ, იმისდა მიუხედავად, რას მოიფიქრებთ.

– თუ ცოლი არ გყავთ, ჩვენს შეთანხმებას წინ არაფერი უდგას, – ელე ახალგაცნობილ ძველ უცნობ ვატოს, რატომღაც, ტუჩებზე მიაშტერდა. ყველას ჰგონია, რომ ადამიანს გასცემს თვალები, მაგრამ, სინამდვილეში, ადამიანს, უპირველესად, გასცემს ტუჩები, თუ, რა თქმა უნდა, გაცოცხლებული ზორგე არ არის.

ვატომ მაშინვე უპასუხა:

– არა.

– ნუ, მაშინ შევთანხმებულვართ და ესაა, – ელემ თავი დაუკრა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა შენობიდან. თავდაპირველმა დაბნეულობამ და სიბრაზემ გაუარა: თუ მომინდა, კიდეც დავურეკავ.

თუმცა, თუ გულახდილები ვიქნებით, ელე თავს უხერხულად გრძნობდა, იმდენადაც კი, რომ სახლში წასვლა გადაიფიქრა და ოქროყანისკენ აუხვია. იქ ერთი ადგილი უყვარდა და ხშირად მიდიოდა, რომ მშვიდად ეფიქრა.

ის ამბავი აღარც კი ახსოვდა, უფრო ზუსტად, ტვინს ბრძანება მისცა, რომ დაევიწყებინა და დაივიწყა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამბავმა არ დაივიწყა ან ეწყინა, რომ დაივიწყეს და ამოტივტივდა.

ელე იანვარში ერთი კვირით წავიდა ეგვიპტეში, ინგაც უნდა წამოსულიყო, მაგრამ, ჩვეულებისამებრ, ბოლო მომენტში თქვა უარი (მიზეზიც ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, რომელიც წასვლამდე დიდი ხნით ადრე არ იცოდა), ელე ჯერ გაბრაზდა, მერე კი, რომ დაფიქრდა, მიხვდა, რომ მარტოც მშვენიერ დროს გაატარებდა, იმ თვალსაზრისით, რომ არავისთვის მოუწევდა ხასიათის შეწყობა. მართალია, ტურისტულ კომპანიაში გამოლანძღეს, მაგრამ ელემ შესაშურად დაიცვა თავი და აქეთ ბოდიშიც კი მოახდევინა. მოკლედ, ელე ეგვიპტეში მარტო წავიდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო