რომანი და დეტექტივი

კურატორი

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 06.04

მოთხრობა
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #12 (1212)

მოსკოვში იმავე შავი „ვოლგით“ დავბრუნდით. ძია ვანიამ სახლამდე მიმიყვანა და გამომშვიდობებისას მითხრა:

– აბა, შენ იცი, კარგად დაისვენე და მოემზადე. ეს კი შენ გქონდეს, აქ ათასი მანეთია.

ძია ვანიამ ფულიანი კონვერტი გადმომცა და წავიდა. როგორც კი ჩემი ჩანთა სახლში დავაგდე, ფული კონვერტიდან ამოვიღე და ჯიბეში ჩავიდე, კარი გამოვიხურე და იულიას სახლისკენ „გავფრინდი“. ერთი სული მქონდა, ჩემი შეყვარებული მენახა. ზარი რომ დავრეკე, კარი უცნობმა ქალმა გამიღო. შემათვალიერა და მკითხა:

– ვინ გნებავთ, ახალგაზრდავ?

– იულია, – მოკლედ მოვუჭერი ქალს. მან კი სიბრალულით შემომხედა და მითხრა:

– თქვენ, ალბათ, გეოლოგ ცოლ-ქმარს გულისხმობთ, ხომ?

– უფრო მათ ქალიშვილს.

– იცით, ახალგაზრდავ, ამ ბინის ყოფილი მფლობელები ორი თვის წინ გეოლოგიურ ექსპედიციაში დაიღუპნენ. მათმა ქალიშვილმა კი, ალბათ, იულიამ, ვისაც თქვენ კითხულობთ, ეს ბინა ჩააბარა და ქმართან ერთად გაემგზავრა. მე და ჩემს ქმარს ერთი თვის წინ მოგვცეს ეს ბინა და აი, სულ ესაა, რაც ვიცი, – მითხრა ქალმა.

თავზარი დამეცა. შევტრიალდი და გამოუმშვიდობებლად წამოვედი. სახლში დავბრუნდი და სამი დღე ცხვირი არ გამომიყვია გარეთ. ხოლო სამდღიანი შვებულების დრო რომ გავიდა, ძია ვანიამ მომაკითხა და მითხრა:

– წავედით, რეზო! აეროპორტში თვითმფრინავი გელოდება. ტაშკენტში მიფრინავ.

უზბეკეთის დედაქალაქში უკვე მელოდებოდნენ და „ვოლგით“ ორი საათი ვიმგზავრეთ. ბოლოს კი მთებს შორის მოთავსებულ სპეციალურ სამხედრო-სასწავლო კომპლექსში მივედით. იქ 18 თვე დავყავი და ძირითადად, ავღანურ წეს-ჩვეულებებსა და ისტორიას მასწავლიდნენ. ენა და დიალექტები კი ისედაც საუცხოოდ ვიცოდი. მომაშვებინეს წვერი, ავღანურ სამოსში გამომაწყვეს და მაიძულებდნენ, მხოლოდ ავღანურ ენასა და დიალექტებზე მელაპარაკა. ერთი სიტყვით, წელიწად-ნახევრის შემდეგ ისე შევედი ძირძველი ავღანელის როლში, რომ ამაში ვერავინ შეიტანდა ეჭვს. ივლისის მიწურულს კვლავ ძია ვანია გამომეცხადა და მითხრა:

– ზეგ პაკისტანის ქალაქ პეშავარში ჩაგიყვანენ ფარულად, იქ კი ავღანელი მოჯაჰედების შესაკრებ პუნქტში მიხვალ და მათ რიგებში ჩაეწერები. იცოდე, ძალიან ფრთხილად და ყურადღებით იყავი. როცა საჭირო იქნება, ჩვენ თვითონ დაგიკავშირდებით. ჩვენი მეკავშირე გეტყვის: „მეიდნიდან ფეხით მოვედი“, შენ კი უპასუხებ: „ალბათ, ჭრელ აბანოში იყავით“.

ამ პაროლმა ჩემი მშობლიური თბილისი გამახსენა, სადაც თხუთმეტი წელი არ ვყოფილვარ და სევდიან გუნებაზე დამაყენა. ძია ვანიამ კი დაამატა, – ეს ისეთი პაროლია, თავისი პასუხით, რომ შემთხვევითობა გამორიცხულია.

– თუ, რა თქმა უნდა, თბილისელი არ შემხვდა, – ხუმრობით დავამატე მე.

– რეზო, – მითხრა ძია ვანიამ, – დღეიდან შენ „პეგეუს“ თანამშრომელი ხარ და ხომ იცი, ეს რა საპასუხისმგებლო უბანია? აბა, შენ იცი, შეხვედრამდე!

მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლების მიწურულს ავღანეთში „წითელი არმია“ ახალი შეჭრილი იყო და მოჯაჰედების მოძრაობა სწრაფად იკრებდა ძალებს. ჩემი ამოცანა იყო, ამ მოძრაობაში ჩავნერგილიყავი და რაც შეიძლება, მაღალი იერარქიისთვის მიმეღწია. როგორც მოგვიანებით მივხვდი, საბჭოთა დაზვერვას, როგორც მინიმუმ, ორი წლით ადრე ჰქონდა დაგეგმილი ავღანური ბატალიები და ამისთვის საფუძვლიანად ემზადებოდნენ. დიდი ალბათობით, ჩემნაირები სხვებიც იყვნენ. რა დიდი გამოცანა იყო ის, რომ ოკუპირებულ ავღანეთში გამათავისუფლებელი პარტიზანული მოძარობა დაიწყებოდა და ხომ სჭირდებოდა მას გაკონტროლება? სწორედ ამ კონტროლის მექანიზმის ერთ-ერთი მთავარი რგოლი მე ვიყავი და მოჯაჰედებში საკმაოდ მაღალ იერარქიასაც მივაღწიე. იმ ჯოჯოხეთში 12 წელიწადი დავყავი და საველე მეთაური გავხდი, სახელად – რეზვან-შაჰი... ძალიან ძლიერი დაჯგუფება მყავდა და მოჯაჰედებში ერთ-ერთი გადამწყვეტი სიტყვა მეკუთვნოდა. ჩემი მეომრები მედგრად ებრძოდნენ „წითელ არმიას“ და განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩეოდნენ. თავს არც მე ვზოგავდი და არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩავატარე „წითლების“ წინააღმდეგ. აბა, ვის მოუვიდოდა თავში აზრად, რომ თავად ვიყავი „წითელი“ და მათ სპეციალურ დავალებას ვასრულებდი.

ჩვენს მოძრაობას, ძირითადად, ამერიკელები აფინანსებდნენ, თუმცა, არც ჩვენ ვაკლებდით და ჰეროინის ვაჭრობით დიდ ფულს ვშოულობდით. ნიშანდობლივია ის, რომ ამ საქმეში ორი ძირითადი პარტნიორი გვყავდა. ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე მხრივ კი – საბჭოთა კავშირი. უფრო ზუსტად კი საბჭოთა სამხედრო გენერლები, რომლებიც დაუბრკოლებლად უზრუნელყოფდნენ ჰეროინის ევროპაში ტრანსპორტირებას, საბჭოთა კავშირის გავლით. იმავე საქმეს ახორციელებდნენ ამერიკელები და მათ ავღანური ჰეროინი ოკეანის გაღმა გაჰქონდათ. ამ ვაჭრობიდან 2 პროცენტი საველე მეთაურებს სუფთად გვრჩებოდა და ეს ისეთი კოლოსალური თანხა იყო, რომ მილიარდს „ეთამაშებოდა“. თანხა შვეიცარიის ბანკში, ანონიმურ ანგარიშზე გვერიცხებოდა.

საბჭოთა კავშირმა რომ ავღანეთი დატოვა, მეგონა, უკან გამიწვევდნენ და საგანგებოდ ვემზადებოდი, მაგრამ კურიერმა ხელმძღვანელობის ბრძანება გადმომცა, რომ მუშაობა გამეგრძელებინა. თან ისიც მაცნობა, რომ ორი საბრძოლო ორდენით ვიყავი დაჯილდოებული და პოდპოლკოვნიკის ჩინი მქონდა მონიჭებული. შემდგომი სამი წლის განმავლობაში სამოქალაქო ომში ვიყავი ჩართული. პარალელურად კი, ნარკოტრაფიკითაც ინტენსიურად დაკავებული. ხოლო საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და კვლავ არ გამიწვიეს უკან, მორიგმა კურიერმა უკვე რუსეთის სახელით მაცნობა, რომ მუშაობა გამეგრძელებინა და უკვე ამერიკელი ოკუპანტების წინააღმდეგ იმავე შემართებით მებრძოლა, როგორც ამას „წითლების“ წინააღმდეგ ვახორციელებდი. ერთი სიტყვით, ყველაფერი თავდაყირა დადგა. ავღანური მოძრაობა საბჭოთა და ამერიკული იარაღით მათვე (ვგულისხმობ ამერიკელებს) ვებრძოდით. მე უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩემი ცოცხლად დაჭერისთვის ან ლიკვიდაციისთვის შეერთებული შტატების მთავრობა 5 მილიონ ამერიკულ დოლარს იხდიდა. ყველაზე ძვირად ჩვენი ბელადის, უსამა ბინ-ლადენის თავი იყო შეფასებული. ამ კაცს მე ორჯერ შევხვდი და გულწრფელად ვამბობ, რომ მან ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი სიტყვით, დაუსრულებელ ომში ვიყავი ჩართული. ბუჩქებში არ დავმალულვარ, მაგრამ ფრთხილად ვმოქმედებდი და ამაში მე სპეცსკოლებში გავლილი წვრთნები და იქ მიღებული ცოდნა მშველოდა. ერთ დღეს, როდესაც ამერიკელ „ზღვის ლომებს“ კუდით ქვა ვასრულინეთ და ბაზაზე დავბრუნდით, ჩემი პაკისტანელი ძმადნაფიცის კურიერი მეახლა. ხელზე მემთხვია და მოწიწებით მითხრა:

– ბატონო რეზვან-შაჰ, ახმადმა (ჩემს პაკისტანელ ძმადნაფიცს ასე ერქვა) ძღვენი გამოგიგზავნათ და მოგართვით.

– ალბათ, ამერიკული ოფიცრის ძვირფასი იარაღი, – ვთქვი მე.

– არა, ჩემო ბატონო. ამჯერად ახმადმა, ძვირფასი, სურნელოვანი ყვავილი გიბოძათ, – მომახსენა კურიერმა.

– ყვავილი? – გავიმეორე მე.

– დიახ, ბატონო. ნება მიბოძეთ, მოგართვათ.

– მომართვი, აბა, ვნახოთ რა ყვავილია, – ვთქვი მე და კარვიდან მიმავალ კურიერს გავხედე.

ძღვენს ფეხმორთხმული ველოდებოდი. ხუთიოდე წუთის შემდეგ კი კურიერმა კარავში აღმოსავლურად შეფუთული ქალი შემოიყვანა. მოწიწებით თავი დამიკრა და სანამ გავიდოდა, მითხრა:

– ჩემო ბატონო, ეს სურნელოვანი ყვავილი ერთი საუდელი ნავთობმოვაჭრის ჰარამხანიდან წამოიყვანა და თქვენი ძმობის ნიშნად მოგიძღვნათ.

– მადლობა გადაეცი ჩემს ძმას, ახმადს, – ვუთხარი კურიერს. შემდგომ ერთი ამერიკელი ოფიცრისთვის ჩამორთმეული, ოქროსვადიანი ხმალი მივაწოდე და დავამატე, – აი, ეს ალაფი მიართვი ახმადს!

ავღანეთში, თანაც საველე პირობებში ქალი უიშვიათესი გამონაკლისი იყო და ახმადის საჩუქარმა უზომოდ გამახარა. წამოვდექი. „საჩუქარს“ მივუახლოვდი, თავსაბურავი გადავხადე და რომ შევხედე, ადგილზე გავქვავდი – ჩემ წინ იულია იდგა, რომელიც 15 წლის წინ დავკარგე... მანაც მიცნო, ირონიულად ჩაეცინა და მითხრა:

– რას მიბრძანებთ, ჩემო ბატონო?

– იულინკა, თვალებს არ ვუჯერებ! შენ ხარ თუ ეს ყველაფერი სიზმარია?

– ეს ყველაფერი ცხადი კოშმარია და მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია, აბა, რას ვიფიქრებდი, თუ სამშობლოს მოღალატესთან მქონდა საქმე და მტერი მიყვარდა?

ბევრი რომ არ გავაგრძელო, იულინკა მომიყვა, რომ მას უთხრეს, თითქოს მე საზღვარგარეთ პრაქტიკაზე გამგზავნეს (ეს მაშინ, როდესაც სპეცსკოლაში ვსწავლობდი), მე კი გავიქეცი და სამშობლოს მოღალატე გავხდი. შემდგომ იულია ისევე გადაიბირეს, როგორც მე და სხვა სპეცსკოლაში გაამწესეს. ისე „დააბოლეს“, რომ ახლო აღმოსავლეთში გაუშვეს სამუშაოდ და ერთ-ერთი ნავთობმაგნატის ჰარამხანაში მოხვდა. იგივე უთქვამთ ჩემი მშობლებისთვის და ჩემმა დედ-მამამ ვერ გაუძლო ამ სირცხვილს, ჯერ დაავადდნენ, შემდგომ კი გაურკვეველი ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ყოველგვარი შემთხვევითობა რომ გამოერიცხათ, ჩემს მშობლებს სიკვდილში ისინი დაეხმარნენ. იგივე უთქვამთ იულიას მშობლებისთვის (ჩვენ ეს უკვე მოგვიანებით შევიტყვეთ) და სანამ იულია სპეცდავალებას ასრულებდა, მისი მშობლებიც გარდაიცვალნენ. ალბათ, მათაც დაეხმარნენ ამქვეყნიდან წასვლაში.

– ახმადთან როგორ მოხვდი? – ვკითხე იულიას.

– ჩემს პატრონს ახმადის ვალი ჰქონდა და ფულთან ერთად ხუთი ქალიც უფეშქაშა. ახმადმა ოთხი თვითონ დაიტოვა. მე კი შენთან გამომგზავნა.

იულინკას მონათხრობი იმდენად ამაზრზენი და სულისშემძვრელი იყო, რომ ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა, მაგრამ თავი მოვთოკე. იულიას მოვეხვიე და ვუთხარი:

– მე შენ ძალიან მიყვარხარ! ძველი ცხოვრება დავივიწყოთ და ახალი დავიწყოთ.

– როგორ? – ირონიით მითხრა იულიამ.

– ეგ მე ვიცი. მთავარია, შენ არ მითხრა უარი. ახლა კი დაისვენე. აქ არავინ შეგაწუხებს, – ვუთხარი იულიას. ლოყაზე ვაკოცე და კარავიდან გავედი.

ერთი კვირის შემდეგ ერთ-ერთი ჩემი ნარკოტრაფიკის კომპანიონმა (ის ამერიკელი იყო), პაკისტანის გავლით, მე და იულია ჯერ ინდოეთში ჩაგვიყვანა, შემდგომ კი შეერთებულ შტატებში და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ამ ქვეყნის მოქალაქეობა სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ მივიღეთ.

რეზვან-შაჰი ავღანეთიდან ისევე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. მე ლიკვიდირებულად გამომაცხადეს და ამით დასრულდა საველე მეთაურის გმირული ავღანური ეპოპეა. თუმცა, ეს ისტორია ამით არ დასრულებულა. უკვე ამერიკულ ყაიდაზე გადაწყობილები და ახალი პასპორტებით აღჭურვილები, მე და იულინკა ამერიკის ერთ-ერთ პერიფერიულ, პატარა დაბის კოხტა სახლში დავსახლდით და მრავალშვილიანები გავხდით, რადგან ჩემმა უსაყვარლესმა მეუღლემ მიყოლებით ოთხი შვილი გამიჩინა. შვეიცარიის ბანკში არსებული უზარმაზარი თანხები კი ჩემს ახალ სამშობლოში უკლებლივ გადავიტანე, ისე, რომ ერთი ცენტიც კი არავის ჩამოუჭრია. ამ ისტორიას მაშინ დაესვა საბოლოო წერტილი, როდესაც რუსეთის უშიშროების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ვარლამ რომანოვი, იგივე ძია ვანია, მოსკოვის ახალ, ფეშენებელურ უბანში, მოსკოვის პერიფერიაში, თავის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში სასტიკად ჩაცხრილეს.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი