რომანი და დეტექტივი

ყინულის დედოფალი

№11

ავტორი: არდაშელ თაქთირიძე 16:00 21.03

ყინულის დედოფალი
დაკოპირებულია

ღამის 11 საათი იქნებოდა, გამომძიებელმა მერაბ გერსამიას რომ დაურეკა. უნდოდა, დაეკითხა. აინტერესებდა, აღიარებდა თუ არა წინა ღამით თბილისში ჩამოსვლას. ზარი გავიდა, მაგრამ ტელეფონზე არავინ უპასუხა. რამდენჯერმე კიდევ დარეკა. ბოლოს ზარიც აღარ გავიდა. უკვე თითქმის დარწმუნდა მამის დანაშაულში, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადისგან შეტყობინება შემოვიდა, მერაბ გერსამია უნახავთ თავისი ბინის კართან მკვდარი.

სასწრაფოდ მოსკოვის პროსპექტზე, გერსამიების მისამართზე წავიდა. სადარბაზოსთან მერაბის კარის მეზობელი დახვდა. სახლში გვიან დაბრუნებულს უნახავს მერაბი თავის კართან ჩაკეცილი. ეგონა, შვილის გარდაცვალების გამო გულის შეტევით გახდა ცუდად. სასწრაფო გამოიძახა, სასწრაფომ კი პოლიციას დაუძახა.

პირველ სართულზე, ორი ბინის საერთო აივანი ლიფტისა და კიბის უჯრედისგან რკინის კარით იყო გამოყოფილი. კარი შეამოწმა, საკეტის ენა ჰქონდა ამოღებული. კარის მეზობელი მთელი დღე ნათესავთან ყოფილა სტუმრად. სასწრაფოს ექიმმა მიცვალებულის ყელის არეში მოზრდილ სისხლჩაქცევაზე მიაქცევინა ყურადღება. ასეთი კვალი ბევრი უნახავს, კაცი უკნიდან მაჯის მარწუხით იყო დამხრჩვალი. აივანი მოათვალიერა. ბინის კარში შერჭობილი გასაღები მოხვდა თვალში. სანაგვე კოლექტორთან ბნელი ადგილი შენიშნა. სავარაუდოდ, თავდამსხმელი მსხვერპლს იქ ელოდებოდა და კარს რომ აღებდა, მოულოდნელად მაშინ დაესხა თავს. მეზობლები დაჰკითხა, არავის არაფერი გაუგია. სავარაუდოდ მკვლელობა 10 საათისთვის მოხდა, როცა ტელევიზორი ყველა ბინაში ხმამაღალზეა ჩართული.

***

– ჰოდა, მეორე დილით, ნაცემი ძაღლივით ავითრიე წელი და განყოფილებაში მივედი. ჩემს მაგიდასთან დაჯდომა და აზრის მოკრება ვერ მოვასწარი, რომ ქალი შემოვარდა წივილ-კივილით: მიშველეთ, ქმარი მოკვლას მიპირებსო! გვეხვეწებოდა. წყალი დავუსხი, დალია, ცოტა დაწყნარდა, გამოვკითხე, იაგოს ცოლი აღმოჩნდა.

– ვისი, ტო, ხვიჩიასი?

– ხვიჩიასი არა, „ოტელოში” რომ იაგოა, იმისი!

– ვა, დეზდემონა?

– თუ არ გინდა, სულ არ მოგიყვები!

– კარგი, რა, ვალერ, ხომ იცი „გაზეთჩიკების“ ამბავი, სულ პოლიტიკა გველანდება. მიდი, გააგრძელე!

– აბა, არ მისმენ, და!

– არდაშელი ხომ გისმენს, მაინც მაგან არ უნდა დაწეროს?!

– იდიოტები ხართ ორივე! მოკლედ, ანამარიას მწვრთნელის, იაგო ცქვიტინიძის ცოლი აღმოჩნდა – დალი.

– ჩემმა ქმარმა გაიგო, მერაბ გერსამიასთან რომ ვღალატობდი. წუხელ მერაბი დაახრჩო და ახლა მე მიპირებს მოკვლას, სახლიდან გამოვექეცი, მაგრამ არ მეშვება, შეტყობინება გამომიგზავნა, შემხვდიო!

ქალს შეტყობინება გავაგზავნინე, ქმარს წერდა, რომ კახეთის გზატკეცილზე რესტორან „კახელებში“ შეხვდებოდა. კოხტა, პატარა რესტორანია, პატარა დარბაზით და ცხაურებიანი ტიხრებით. ყოველი შემთხვევისთვის პისტოლეტი ჯიბეში ჩავიდე, ქალს ჩამწერი ტანზე დავამაგრებინე, იქნებ მკვლელობაზე რამე წამოსცდეს და ფაქტი ხელში დავიჭირო-მეთქი, ჩავისვი მანქანაში და რესტორნისკენ წავედით.

რესტორანში რომ შევედით, ქალი გამოსაჩენ ადგილზე დავსვი, მე ტიხრის მეორე მხარეს ქალისკენ ზურგით დავჯექი ისე, რომ ვერც ქმარი დამინახავდა და ვერც შემთხვევითი ნაცნობი ჩამიშლიდა ოპერაციას.

ქმარი ერთ საათში მოვიდა. ცოლის პირისპირ დაჯდა. სრულიად დაწყნარებული იყო, არავითარი აგრესია არ გამოუხატავს. პირიქით, ცოლს ეხვეწებოდა, ყველაფერს გაპატიებ, ოღონდ სახლში წამოდი და ოჯახს ნუ დავანგრევთო.

***

იაგო ცქვიტინიძე მშობლებთან ერთად მე-8 ლეგიონის დასახლებაში ცხოვრობდა. იმ არეულ 90-იან წლებში ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. იქ შეიყვანეს იაგო ფიგურულ სრიალზე. 90-იანების ბოლოს საქართველოში დაბრუნდნენ. მშობლები თავიანთ ბინაში შევიდნენ, იაგომ ცოლი მოიყვანა და გვერდით კორპუსში იყიდა ბინა. მალე სამგორის რაიონში ყინულის დარბაზი გაიხსნა და იქ მოეწყო ფიგურული სრიალის მწვრთნელად. რადგან დარბაზი მწვრთნელების ნაკლებობას განიცდიდა, გოგონებს, ბიჭებს, ერთეულებს თუ წყვილებს, ყველას იაგო წვრთნიდა. დიდი შედეგები არ ჰქონდა, მაგრამ ამ ბოლო დროს ანამარიასა და ოთარის წყვილმა სერიოზული მიღწევები აჩვენა, არადა, ანამარია გაგდებული ჰყავდა, მამამისის ხათრით დატოვა და წყვილებში გადაიყვანა. მისმა საციგურაო სკოლამ მალე გაითქვა სახელი. ტალანტების ასარჩევად ლეგენდარული უნგრელი მოციგურავე ჟუჟა ალმაშიც კი ჩამოვიდა, მაგრამ ანამარიას ნომერი ჩაუვარდა და ყინულზე სამჯერ წაიქცა.

თავის აღსაზრდელებს გადაყოლილმა ოჯახს ყურადღება მოაკლო. შეამჩნია, რომ ცოლი მის მიმართ გაცივდა, მაგრამ დაჯერება არ უნდოდა, მათ ხომ სიყვარულით შექმნეს ოჯახი. თუმცა, ჩუმად ჩანთა მაინც შეუმოწმა. ჩანთაში ქალის კოსმეტიკის გარდა მამაკაცის ახალთახალი ტყავის ხელთათმანები აღმოაჩინა. დაწყნარდა. ხელთათმანები ხომ მისთვის იყო განკუთვნილი, ახალი წლის მისალოცად. მაგრამ ახალმა წელმა გაიარა, ცოლს კი ხელთათმანები არ უჩუქებია. ყველაფერს მაშინ მიხვდა, ყინულის დარბაზში ანამარიას მამა რომ მივიდა იმ ხელთათმანებში გამოწკეპილი.

***

– ჰოდა, ბიჭო, მისმენ? ის კაციც, მწვრთნელი, იაგო ცქვიტინიძე, თავის სადარბაზოში ნახეს მკვდარი. მივედი და რას ვხედავ, ზუსტად იგივე ხელწერა. უკნიდან მიპარვით იყო მკლავის მარწუხით დამხრჩვალი. ცოლს შიშმა გადაუარა, მიხვდა, რომ მისი ქმარი არავის მომკვლელი არ იყო, დაქალებმაც ურჩიეს და სახლში გვიან დაბრუნდა, მაგრამ სადარბაზოში, თავისი ბინის კართან გადააწყდა ქმრის გვამს.

– ბიჭო, ვალერ, შენ გარშემო რაღაც, ძალიან ბევრი გვამია, შენ ხომ არ ხოცავ მაგ საცოდავებს?

– როგორ შეგიძლია ასეთ რამეზე ხუმრობა, ღმერთი არ გწამს? არდაშელ, შენ მაინც მომისმინე, ეს იდიოტია!

– ყურადღებით გისმენ, ვალერ!

– მოკლედ, დასაკითხი მარტო ის პატარა ბიჭი დამრჩა, არასრულწლოვანი მეწყვილე, ოთარ კიკალეიშვილი, მაგრამ თბილისიდან გაქცეული აღმოჩნდა. თბილისში მამიდასთან უცხოვრია. მოსამართლეს მისი მამიდის ბინის ჩხრეკის ოქმი გამოვაწერინე და ბინა გავჩხრიკე. მის ოთახში ოთხივე კედელზე მისი და ანამარიას სურათები იყო გაკრული. ანამარია და ოთარი ვარჯიშზე, ანამარია და ოთარი ქუჩაში, ანამარია მობილურით, ანამარია ნაყინით ხელში, ანამარია, ანამარია, ანამარია... გოგონა, ბედნიერი, გაბრწყინებული სახით. საწოლზე ციგურები ეწყო, პატარა ზომის, გოგონასი უნდა ყოფილიყო. ხელში ავიღე, დავათვალიერე. მარცხენა ციგურის პირი უხეში ქლიბით იყო ნახეხი. აი, თურმე რატომ წაიქცა ილეთის შესრულებისას. ბიჭს გურიაში, მშობლების სახლში მივაგენი. დავუჯექი, დაველაპარაკე. ავუხსენი, რომ მტერი არ ვიყავი და მესმოდა უკიდურესობაში ჩავარდნილი შეყვარებული ბიჭის რეაქცია, რომ მეც არ ვიცი, მის მდგომარეობაში რას მოვიმოქმედებდი. მომენდო, ყველაფერი დაწვრილებით მომიყვა.

***

ოთარ კიკალეიშვილი ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჯუმათში დაიბადა. აქვე შეიყვანეს სოფლის სკოლაში. მეშვიდე კლასში გაუთხოვარმა მამიდამ წამოიყვანა თბილისში, მესამე მასივში და სკოლაშიც იქვე შეიყვანა. იმ წელს გაიხსნა სამგორის რაიონში ყინულის დარბაზი და ოთარიც ჩაეწერა ფიგურული სრიალის წრეზე. თავიდან ერთეულებში ჩაწერეს. ილეთებს კარგად ასრულებდა, მაგრამ ნახტომი არ უვარგოდა. მწვრთენლმა სწორად შეაფასა მისი შესაძლებლობა. დაინახა, რომ ბიჭი წელსზევით იყო განვითარებული. განიერი მხრები და ძლიერი მკერდი მოწმობდა, რომ მისთვის სიმძიმის აწევა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. ამიტომ ადგა და ოთარი წყვილებში გადაიყვანა. აქ კი ბიჭმა გაინავარდა. 40-45 კილოგრამ წონის მეწყვილეს ხელში ბურთივით ატრიალებდა, ჰაერში აისროდა, იჭერდა. თავიდან ერთ უღიმღამო გოგონასთან ერთად გამოდიოდა, სპორტისთვის თავის დანებებაც უნდოდა, მაგრამ გოგონა რომ შეუცვალეს და ანამარიასთან დააწყვილეს, ყველაფერი შეიცვალა. სათნო, პატარა, დამფრთხალი ჩიტი, თავიდან დიდი, ცისფერი თვალებით შეჰყურებდა და არაფერს ამბობდა. მერე შეეჩვია, ხმა ამოიღო, აჭიკჭიკდა, ყველაფერს უყვებოდა, სულ კუდში დასდევდა. ყოველდღე 4-5 საათს ვარჯიშობდნენ. წყვილს ყველაფერი გამოსდიოდა, ურთულეს ნომრებს ასრულებდნენ. ნელ-ნელა ოთარის სიზმრებშიც შემოვიდა ანამარია, მთლად დაიპყრო მისი გული. ერთ დღესაც ბიჭმა სიყვარული გაუმხილა. გოგონა აღფრთოვანდა, მთელი არსებით სიყვარულში გადაეშვა. სიყვარულს დაჰყავდა ვარჯიშებზე, სიყვარული ასრულებინებდა ურთულეს ნომრებს. იმ დღესაც, სიყვარულით გავიდა ყინულის მოედანზე, მაგრამ...

ოთარი ქუჩაში გამოვარდნილ გოგონას გაეკიდა, მაგრამ შორს მამამისის მანქანა დაინახა და შედგა. მანქანა მოშორებით იდგა, მაგრამ თვალი შეასწრო, გოგონას მამამ სახეში სილა რომ გაარტყა და მუჯლუგუნით მანქანაში შეტენა.

მეორე დღეს ანამარია ვარჯიშზე არ მივიდა. ბიჭს ეუცნაურა, მობილურზე დაურეკა, ყურმილი არ აიღო. გულმა რეჩხი უყო, მამამისმა ხომ არ დასაჯა და სახლში ჩაკეტაო?! მის სახლთან მივიდა, პირველ სართულზე, ზარი დარეკა, კარზე დააბრახუნა, კარს ყური მიადო, ჩამიჩუმი არ ისმოდა. ქუჩის მხრიდან მოუარა, შეღებული ფანჯარა შენიშნა. ფანჯარას მიაწვა, გაიღო. აიწია და გადაძვრა. ბინა მოათვალიერა. სახლში არავინ იყო. დარბაზში რომ დაბრუნდა, ყველა ქუჩაში დახვდა გამოსული. იქ გაიგო ანამარიას თვითმკვლელობის ამბავი. ახალგაზრდის აფორიაქებულმა გონებამ ერთმანეთთან ვერ შეათავსა ბედნიერი, სიცოცხლით სავსე ანამარია და თვითმკვლელობა. მიხვდა, რომ გოგონას სიკვდილში მამამისის ხელი ერია. მის სახლთან მივიდა, აივანზე შევიდა, ნაგვის კოლექტორთან ჩაიმალა. ასე ელოდა საათ-ნახევარი. მამა რომ შევიდა, გასაღები ამოიღო და კარში შეარჭო, მაშინ ეძგერა უკნიდან. მარჯვენა ხელი ყელთან გადაუყარა და მარცხენა ხელით მარჯვენას მაჯა მოქაჩა. კაცს ბევრი წინააღმდეგობა არ გაუწევია, მოულოდნელობის ეფექტმა იმოქმედა.

იქიდან ყინულის დარბაზში მივიდა. უცნაური იყო გოგონას სამჯერ ყინულზე წაქცევა. ანამარიას კარადის საკეტი გატეხა, ციგურები გამოიღო და სახლში წაიღო. დააკვირდა, მარცხენა ციგურის ზედაპირი უხეში ქლიბით იყო ნახეხი. ვის შეიძლება თავში მოსვლოდა ასეთი მზაკვრობა? გაახსენდა ანამარიას მონაყოლი: „ერთ დღეს ვარჯიშიდან სახლში რომ მივედი, ჩვენი მწვრთნელის ცოლი მამაჩემთან დამხვდაო“. აი, თურმე, ვის უნდოდა ანამარიას მარცხი და ამით მამამისის გამწარება. აი, ვისი ბრალია ანამარიას სიკვდილი! შეყვარებული ბიჭის გონებაში კიდევ ერთხელ იფეთქა შურისძიების სურვილმა. მწვრთნელსაც სახლთან ჩაუსაფრდა და იგივე მეთოდით მოახრჩო.

***

– აბა, რას ფიქრობთ ამ საქმეზე?

– ყველაფერი ნათელია, მამამ შვილი დაახრჩო, მერე ლიანდაგზე დააწვინა და კვალის ასარევად ქუთაისში წავიდა.

– არდაშელ, შენ რას ფიქრობ?

– რა ვიცი, იგივეს!

– აი, რას ნიშნავს განწყობის თეორია. თქვენ ფაქტები მოისმინეთ და რაც ვერ მოისმინეთ, თქვენი ფანტაზიით დაამატეთ და მიიღეთ მცდარი სურათი. თავიდან გამოძიებაც ამ გზით წავიდა, მაგრამ ბოლომდე არ მჯეროდა შვილის მკვლელობის ამბავი. აბა, ახლა განვიხილოთ მეორე შესაძლო ვერსია: გამწარებულმა მამამ გოგონას სილა სტკიცა და მანქანაში შეტენა. მანქანა დაძრა, მაგრამ მალე მოეგო გონს, სამგორის მეტროსთან მანქანა გააჩერა და ეცადა გოგონას დაწყნარებას, მაგრამ ანამარია ისე იყო ნაწყენი და განერვიულებული, რომ მანქანიდან გადაუხტა და გაიქცა. მამა-შვილს შორის ხშირად მომხდარა მსგავსი ინციდენტი. ამიტომ მამას ცუდი არაფერი უფიქრია, დაჯდა მანქანაში და წავიდა ქუთაისში.

– მერე, ცხიმის ლაქები?

– ანალიზმა აჩვენა, რომ გოგონას პალტოზე იოგურტის წვეთები იყო შესხმული. მამის ქუდზე კი – გლიცერინის ლაქა. ორგანიზაციებში საჩვენებელ თითს გლიცერინით ისველებენ, რომ საბუთები იოლად გადაფურცლონ.

– გოგონა თვითმკვლელობამდე მივიდა?

– არავინ იცის, გვამზე ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ მატარებლის დაჯახებისას, გოგონა ფეხზე იდგა. მე მაინც მგონია, რომ თავს არ მოიკლავდა, განერვიულებულმა მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო.

– ციგურები ხომ მწვრთნელმა გაქლიბა?

– აქაც განწყობის თეორია. რადგან მისი ცოლი მამამისთან დადიოდა, ესე იგი, აუცილებლად მას უნდა გაექლიბა ციგურები? არ ერჩივნა, ანამარიას გაემარჯვა და თვითონ სახელი გაეთქვა? მაშინ, როცა გოგონას ნებისმიერ მეტოქეს შეეძლო იგივე მოემოქმედებინა. სხვათა შორის, ციგურებზე მწვრთნელის თითების ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, აღმოჩნდა ანამარიას მეტოქე გოგონას თაყვანისმცემლის თითების ანაბეჭდი, თუმცა ეს ქცევა სისხლის სამართლის დანაშაულად არ ჩაითვალა.

– გამოდის, ოთარმა ორი კაცი უმიზეზოდ დაახრჩო?

– კი, ასეა, ცხოვრების გამოცდას 16 წლის შეყვარებული ბიჭის თოთო ფსიქიკამ ვერ გაუძლო და გააკათა ის, რაც გააკეთა.

– კარგი, მაგრამ 16 წლის ბავშვმა როგორ დაახრჩო ორი ზრდასრული სპორტსმენი?

– თავიდან მეც გამოვრიცხე ოთარის მონაწილეობა, მაგრამ მერე დავინტერესდი და წავიკითხე, რომ სპორტის ამ სახეობაში წყვილებში ბიჭებს ხელებში არაადამიანური ძალა აქვთ. წარმოიდგინეთ, ყოველდღე, 4-5 საათი 40-45 კილოგრამი წონის მეწყვილეს ხელში ატრიალებენ. თან ბიჭი ჩასაფრებული იყო და მოულოდნელობის ეფექტიც უნდა გავითვალისწინოთ.

– ბიჭი ჩასვეს ციხეში?

– კი, 10 წელი მიუსაჯეს. ისე, ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ორი დღის წინ შემხვდა ოთარი. დაკაცებული, სასჯელი მოუხდია, დაოჯახებულა, გოგონა შესძენია ანამარია. ფიგურულ სრიალზე დადის, ნამდვილი ყინულის დედოფალიაო, ამაყობდა ოთარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი