რომანი და დეტექტივი

ხაზინის ოქრო

№50

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.12, 2020 წელი

ხაზინის ოქრო
დაკოპირებულია

გაგრძელება. (დასაწყისი იხ. „თბილისელების“ #49 (1040) ნომერში).

– ზურაბ სიდამონიძეზე რას იტყვით? – თქვა ლადო ჩხეიძემ, გია ცეცაძემ კი ჰკითხა:
– ბანკის დაცვის უფროსზე?
– ჰო, – დაუდასტურა ჩხეიძემ.
– ვფიქრობ, სიდამონიძე მსხვერპლია. ის აიძულეს, რომ საცავი გაეღო და ალბათ, მისგან სველი ადგილიც არაა დარჩენილი და გააქრეს, – თქვა ცეცაძემ და ჩაფიქრდა. ცოტა ხნის მერე კი დაამატა, – თუმცა, არსებობს მცირე შანსი, რომ სიდამონიძეც საქმეში იყოს და თუ მართლა ასეა ჩახლართული ეს ამბავი, მაშინ ბევრად უფრო რთულად ყოფილა საქმე და დანაშაულის გახსნის შანსი თითქმის არ არსებობს.
– ამაზე მეც ვიფიქრე და თუ ეს ასეა, მაშინ მთავარი ორგანიზატორი, სწორედ, სიდამონიძეა, – თქვა ჩხეიძემ.
– მინისტრს შეატყობინე შენი ეჭვები? – დაინტერესდა ცეცაძე.
– არა, თავი გააქნია ჩხეიძემ.
– რატომ? – ჩაეცინა ცეცაძეს და თავადვე უპასუხა, – იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობ, ეს დანაშაული მთავრობის მაღალჩინოსნების ხელშეწყობითაა ჩადენილი. „ვლასტი“ იცვლება, მიდიან და ოქროს მარაგიც თან მიაქვთ?
– როგორც ყოველთვის, თითქმის ერთნაირ დასკვნამდე მივდივართ, – თქვა პოლკოვნიკმა. გენერალმა კი უთხრა:
– რატომ თითქმის?
– იმიტომ, ბატონო გენერალო, რომ შესაძლოა, დეტალებში იყოს განსხვავება, თორემ ძირითადად ერთსა და იმავე აზრზე ვართ, – მიუგო ჩხეიძემ.
– ჰო და მაშინ, ჩემო კარგო, მოწმეების მოშორების პროცესი უნდა გაგრძელდეს და კვალის ბოლომდე წაშლას შეეცდებიან, – თქვა ცეცაძემ და თადარიგის გენერალს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ პოლკოვნიკის მობილურმა დარეკა. ჩხეიძემ ცეცაძეს ხელით ანიშნა, გაჩუმდიო და უპასუხა:
– გისმენთ, ბატონო ლევან.
ცეცაძე მიხვდა, რომ ჩხეიძეს შინაგან საქმეთა მინისტრი ურეკავდა და გაჩუმდა. ჩხეიძემ კი ნახევარი წუთის შემდეგ ტელეფონი გათიშა და ცეცაძეს უთხრა:
– წინასწარმეტყველი ხარ, ავთანდილოვიჩ. მინისტრმა დამირეკა და მითხრა, რომ საავადმყოფოს პალატაში ბადრი გამყრელიძე მოკლეს. სასწრაფოდ იქ მისვლა მიბრძანა.
– რა და როგორ, არ უთვქამს? – იკითხა ცეცაძემ და როდესაც ჩხეიძემ უარის ნიშნად თავი გააქნია, დაამატა, – „გააიასნე“ ყველაფერი და როგორც კი მოიცლი, მოდი. თრილერი უფრო მძაფრდება და გული მიგრძნობს, რომ მწვავე ენდშპილი გველოდება.

◼️ ◼️ ◼️

პოლკოვნიკი ლადო ჩხეიძე რომ საავადმყოფოში მივიდა, შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე იქ იყო. გენერალმა გვერდზე გაიხმო ჩხეიძე და უთხრა:
– ლადო, ძვირფასო, შენი იმედი მაქვს. ჩვენს თავს რაღაც დიდი უბედურება ხდება და თუ ყველაფერი დროზე არ გავარკვიეთ და ბოროტმოქმედები არ შევიპყარით, იმაზე მეტს დაგვაბრალებენ, რაც უკვე თქვეს ჩვენზე უსამართლოდ.
– ძალებს არ ვზოგავთ, ბატონო ლევან და ყოველმხრივ შევეცდებით, რომ დანაშაული, რაც შეიძლება, მალე გავხსნათ, – მიუგო მინისტრს ჩხეიძემ. გენერალმა კი თავი გააქნია და უთხრა:
– მიდი, ლადო, მიდი. თუმცა ეტყობა, რომ ძალიან სასტიკი და გაიძვერა დამნაშავეები მოქმედებდნენ და მათი გამოაშკარავება იოლი საქმე არ იქნება.
ბადრი გამყრელიძე ორი გასროლით თავში იყო მოკლული იმავე იარაღიდან, საიდანაც მას ექვსი ტყვია ესროლეს ჯავშანჟილეტში და რომლითაც ავტოფარეხის დარაჯი მოკლეს. გამოყენებული იყო მაყუჩი და პოლიციის რიგითმა, რომელიც გამყრელიძის პალატასთან მორიგეობდა, ლადოს უთხრა:
– გრძელთმიანი, ქერა ექთანი გოგონა შევიდა პალატაში და მალევე გამოვიდა იქიდან. გამყრელიძესთან მალევე შევედი, რომ მეკითხა, – ხომ არაფერი უნდოდა და თავში ორჯერ ნასროლი, მოკლული დამხვდა.
– ექთანი გოგონა გეცნოთ? – იკითხა ლადომ.
– არა, ბატონო ლადო, – თავი გააქნია მორიგე მცველმა.
– შეგიძლიათ, მისი გარეგნობა ამიწეროთ? – უთხრა ჩხეიძემ.
– მაღალი, კარგი აღნაგობის გოგონაა. სახეზე კი ვერ გეტყვით როგორია. სათვალე და პირბადე ეკეთა, თავზე კი ქუდი ეხურა. მხოლოდ ქერა, გრძელი თმა ჰქონდა, – მიუგო მორიგემ. ჩხეიძემ კი ჰკითხა.:
– შესვლის წინ დაელაპარაკე მას?
– თვითონ მითხრა, ნემსი უნდა გავუკეთოო, – თქვა მორიგემ.
– როგორი ხმა ჰქონდა? – დაინტერესდა პოლკოვნიკი.
მორიგემ მხრები აიჩეჩა და მიუგო.
– ჩვეულებრივი, ქალის ხმა ჰქონდა, არც ბოხი, არც ძალიან ნაზი.
– როგორ ფიქრობთ, გადაცმული მამაკაცი ხომ არ იქნებოდა? – ჰკითხა მორიგეს ჩხეიძემ.
– არ მგონია, ბატონო ლადო. ნამდვილად ქალი იყო, – თქვა მორიგემ. შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა, თუმცა, ვინ იცის, შეიძლება, გადაცმული კაციც კი იყო.
– ესე იგი, ბოლომდე დარწმუნებული არ ხარ, – არ მოეშვა მორიგეს ჩხეიძე.
მორიგე კვლავ ჩაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ უკვე დამაჯერებლად თქვა:
– ქალი იყო, ბატონო ლადო, ნამდვილად ქალი და ამას წყალი არ გაუვა. უბრალოდ, კარგად იყო შენიღბული და მის სახეს ამიტომ ვერ ვიხსენებ.
მეორე მორიგის დაკითხვამ საერთოდ ვერაფერი მისცა პოლკოვნიკს. ჩხეიძეს მან მორცხვად უთხრა:
– ბოდიში, ბატონო ლადო, მაგრამ კუჭი მაქვს საშინლად აშლილი და როდესაც ეს მკვლელობა მოხდა, ტუალეტში ვიყავი და არაფერი დამინახავსო.
დიდი შედეგი ვერც ვიდეოჩანაწერების ნახვამ მოიტანა. სხვადასხვა ფირზე ჩანდა, თუ როგორ გავიდა კლინიკის ეზოდან კარგად შენიღბული მკვლელი ქალი. თუმცა მისი სახის იდენტიფიცირება ვერ განხორციელდა. ქუჩაში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებზე კი ქალი არ ჩანდა და აშკარა იყო, რომ მან ოსტატურად აუარა გვერდი მათ. ეს კი იმაზე მეტყველებდა, რომ მოქმედებდა მაღალი კლასის პროფესიონალი და მისი მოხელთება ძალიან რთული საქმე იყო.
პოლკოვნიკმა რომ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა, ღამის თერთმეტი საათი სრულდებოდა და გია ცეცაძესთან აპირებდა საკონსულტაციოდ წასვლას. მანქანა დაძრა, რომ მას გენერალმა დაურეკა და თავისთან კაბინეტში იხმო. ჩხეიძემ მანქანა მიაბრუნა და ოციოდე წუთის შემდეგ უკვე ლევან გელაშვილის პირისპირ იჯდა და მოკვლევის შედეგებს აცნობდა. ლადო ჩხეიძეს, როგორც მას ეს სჩვეოდა, მინისტრისთვის თავისი ვარაუდი, დასკვნა არ მოუხსენებია და მას მხოლოდ ფაქტები გადმოულაგა. თუმცა, როგორც კი მინისტრი ჰკითხავდა, თუ რას ფიქრობდა ბადრი გამყრელიძის მკვლელობაზე, პოლკოვნიკს უნდა ეთქვა – გამყრელიძე თანამონაწილეებმა თავიდან მოიშორესო. მინისტრმა კი, როდესაც პოლკოვნიკის მონათხრობი მოისმინა, თავად უთხრა:
– ძალიან ჩახლართული საქმეა, კარგად ორგანიზებული დამნაშავეები მოქმედებენ და ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ბადრი გამყრელიძე მოკლეს, რომ ბოროტმოქმედები არ ამოეცნო, – გენერალმა პაუზა გააკეთა. სიგარეტი გააბოლა და დაამატა, – ჰო, ძალიან გართულდა საქმე, ძალიან. თითქმის ყველა ხელჩასაჭიდი დავკარგეთ და ჩვენი წარმატების შანსები შემცირდა.
მინისტრის სიტყვებმა ჩხეიძე შეაცბუნა, თუმცა არ შეიმჩნია და უთხრა:
– მართალს ბრძანებთ, ბატონო ლევან, მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერს ვიღონებთ დანაშაულის გახსნისთვის.
– შენი იმედი მაქვს, ლადო, შენი იმედი, – თქვა მინისტრმა.
– შეიძლება, წავიდე? – იკითხა ჩხეიძემ და როდესაც თანხმობა მიიღო, მინისტრს გამოემშვიდობა და სასწრაფოდ გაემართა თადარიგის გენერალ გია ცეცაძესთან.

◼️ ◼️ ◼️

ლადო ჩხეიძე რომ გია ცეცაძესთან მივიდა, ღამის პირველის ნახევარი იყო. კარი კოკა რუსაძემ გააღო და ახალმოსულს უთხრა:
– სად ხარ, სიყვარულოვიჩ, მე და „ჟორა“ მოუთმენლად გელოდებით.
– გენერლების მოცდენა დასჯადი საქმეა, – თქვა ჩხეიძემ. „ჯაზიკას“ გადაეხვია და დაამატა, – აკი გენერალი რუსაძე „ზაპოიშიაო“?
– სასწრაფოდ მომიწია პახმელიიდან გამოსვლა, – თქვა რუსაძემ. პოლკოვნიკი წინ გაატარა და თავად კი უკან მიჰყვა.
სასტუმრო ოთახში, რბილ სავარძელში ცეცაძე იყო მოკალათებული. ახალმოსულს სავარძელზე მიუთითა და უთხრა:
– ჯერ შენი ამბავი თქვი. შემდეგ კი ჩვენ გეტყვით.
პოლკოვნიკმა გენერლებს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და ბოლოს თქვა:
– მინისტრმა ბადრი გამყრელიძე ცალსახად მსხვერპლად გამოიყვანა და არა დანაშაულის თანამონაწილედ. ფაქტობრივად, მან გამოძიებას ასეთი მიმართულება მისცა და სხვა ვერსიებზე ჩემთვის არც კი უკითხავს.
– მისცა და მისცა, დაიკიდე, – ხელი ჩაიქნია ცეცაძემ და რუსაძეს უთხრა:
– მიდი „ჯაზიკ“, მოუყევი პოლკოვნიკს ახალი ამბავი.
კოკა რუსაძემ გრძელი ფეხები მოკეცა, სავარძლიდან წამოიწია და ჩხეიძეს უთხრა:
– ჩემი ძველი მეზობელია ჯიმი პაპასკირი, პლატოელი. მისი მეუღლე კლარა ზურაბ სიდამონიძის ოჯახში სახლს ალაგებს. იმ დღეს კლარა დასალაგებლად იყო სიდამონიძესთან და არ დაბრუნებულა. ჯიმი დღეს დამიკავშირდა. ჩემთან მოვიდა და შემეხვეწა, – კლარა დამაბრუნებინეო.
– დამაბრუნებინეო? – გაიმეორა ჩხეიძემ.
– ჰო. ჯიმი „ალკაშია“ და „ზაპოები“ აქვს. მას ჰგონია, რომ კლარა სიდამონიძის საყვარელია, მასთან ერთად გაიპარა და მთხოვა, მომაძებნინე და დამაბუნებინეო. ის დღეები ჯიმი „პიანკაში“ იყო და ცოლის მოსაკითხად არ ეცალა. დღეს კი სიდამონიძეს სახლში მიაკითხა, მაგრამ აბა, ვინ გაუღებდა? მეზობელს უთქვამს, ოთხი დღეა არ გამოჩენილაო. სხვა მეზობელს კი დაუმატებია, – ოთხი დღის წინ მას პოლიცია ეძებდაო. „პიანკისგან“ ტვინდაბინდულმა ჯიმიმ კი თავისებურად „მოხარშა“ ეს ინფორმაციები. იფიქრა, ცოლი გამეპარა საყვარელთან ერთადო და მე მომაკითხა დასახმარებლად, – თქვა თადარიგის გენერალმა კოკა რუსაძემ და ჩხეიძეს მიაპყრო მზერა.
– რა ხნისაა ეგ კლარა? – იკითხა პოლკოვნიკმა. რუსაძეს კი გაეცინა და უთხრა:
– კლარა ორმოცდათხუთმეტისაა. ჯიმიმ სამოცს მიუკაკუნა. ასე რომ, სიყვარულობანა-გაპარვის ამბავი ყოვლად გამორიცხულია. თუ კლარას სახლიდან წამოსვლის მერე, ვგულისხმობ სიდამონიძის სახლიდან, არაფერი შემთხვევია, მაშინ ქალი არ წამოსულა იქიდან და იქვე მოუღეს ბოლო.
– შენი აზრით, კლარამ ის ნახა ან მოისმინა, რაც მას არ უნდა ენახა და მოესმინა? – ჰკითხა ჩხეიძემ რუსაძეს.
– სავარაუდოდ, თუმცა, ეს ვერსია გადასამოწმებელია. იქნებ კლარა არც კი მისულა სიდამონიძესთან და საკუთარი სახლიდან გამოსვლის შემდეგ შეემთხვა რაიმე? ან, სულაც, მობეზრდა ჯიმისთან ცხოვრება და სადმე წავიდა? – თქვა კოკა რუსაძემ და სიგარეტი გააბოლა.

– მოკლედ, ძალიან ჩახლართული საქმეა და სერიოზულზე სერიოზული მუშაობა მოგიწევს. ჩვენ, როგორც ყოველთვის, შენ გვერდით ვართ და დაგეხმარებით, – უთხრა ცეცაძემ ჩხეიძეს და კოკა რუსაძეს მიუბრუნდა:
– დროებით მაინც წვეთი ალკოჰოლი არ უნდა დალიო და გვერდში დაგვიდგე.
– რაზეა ბაზარი, ავთანდილოვიჩ, – ხელები ასწია გენერალმა რუსაძემ და დააყოლა, – რძე არ მევასება და მხოლოდ წყალს დავლევ. თანაც გამოზომილად, რომ „პა პრივიჩკე“ არ დავთვრე.
– „ჯაზიკ“, შაყირის გარეშე. მართლა არ უნდა დალიო, თორემ საქმეს გააფუჭებ.
– არა, არ დავლევ. ნუ გეშინიათ, – ხელები ასწირა რუსაძემ და დაამატა, – სამოქმედო გეგმა უნდა შევადგინოთ და ვიმოქმედოთ.
გია ცეცაძემ კედლის საათს შეხედა, სავარძლიდან წამოდგა და თქვა:
– ორი სრულდება. რაღაცებს გამოვიტან სამზარეულოდან, თან ვივახშმოთ და თან „ვიბაზროთ“.
მასპინძელ გენერალს სტუმარი გენერალი გაჰყა მოსახმარებლად. პოლკოვნიკი კი უფრო ღრმად ჩაეფლო სავარძელში და ფიქრებს მიეცა.

◼️ ◼️ ◼️

სახელმწიფო ბანკიდან ოქროს მთელი მარაგის დაკარგვიდან ერთი კვირის თავზე ცნობილმა ჟურნალისტმა ნორა ციკოლიამ შინაგან საქმეთა მინისტრს დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. გენერალმა ლევან გელაშვილმა კი მას შინაურულად უთხრა:
– ნორიკო, ძვირფასო, ნამდვილად არ მცალია და სხვა დროს, ოდნავ მოგვიანებით იყოს. ხომ იცი, რომ უარს არასოდეს გეუბნები ინტერვიუზე, მაგრამ ახლა წამი დროც არ მაქვს და შენ რომ არ დაგერეკა, ზარს არც კი ვუპასუხებდი.
– ბატონო ლევან, ინტერვიუზე არ გირეკავთ და სხვა საქმეზე მინდა დაგელაპარაკოთ, – მიუგო მინისტრს ჟურნალისტმა.
– რაიმე პრობლემა გაქვს, ნორიკო? – ისევ შინაურულად მიმართა მინისტრმა.
– მე არა, პრობლემები თქვენ გაქვთ, – თქვა ციკოლიამ.
– მე? – შეიცხადა გენერალმა.
– დიახ, თქვენ. ექსკლუზივი ჩამივარდა ხელში, ბატონო ლევან და თქვენთან საუბრის გარეშე არ მინდა ამ ინფორმაციის გამჟღავნება, – თქვა ჟურნალისტმა.
– ნორიკო, აბა, „დამინამიოკე“ შენი ექსკლუზივი, – თქვა გენერალმა და ციკოლიამ მას უთხრა:
– ეს ისაა, რასაც ერთი კვირაა არ ამბობთ და ქვეყნის სტრატეგიული საკითხია, – თქვა ციკოლიამ.
– კარგი, ნორიკო, გამოვნახავ ათიოდე წუთს შენთვის. ერთ საათში ჩემს კაბინეტში გელოდები ორთაჭალაში, მაგრამ ყოველგვარი კამერების გარეშე, – თქვა მინისტრმა და მობილური რომ გათიშა, სახეწამოჭარხლებულმა დაიღმუვლა, – „ჩათლაშკა“, ნაბოზარი ძუკნა...
ნორა ციკოლიამ ზუსტად დათქმულ დროს შეაბიჯა მინისტრის კაბინეტში. გელაშვილი მას ოთახის შუაგულში შეეგება და გალანტურად ეამბორა ხელზე. შემდეგ დასასვენებელ ოთახში შეიყვანა. დაბალ მაგიდასთან, სავარძელში დასვა, ფუჟერები საუცხოო, ძვირად ღირებული კონიაკით აავსო, ერთი სტუმარს მიაწოდა და მიუჭახუნა. უთხრა, გაგიმარჯოსო და შესვა. ციკოლიამ კი კონიაკით სავსე ჭიქა მაგიდაზე დადგა და მასპინძელს უთხრა:
– დღეგრძელობისთვის მადლობა, ბატონო გენერალო, მაგრამ თუკი სმას შევუდგებით, თქვენ მიერ ნაწყალობევ ათ წუთში ვერ ჩავეტევით.
– ნორიკო, ძვირფასო, ჩვენ შორის ეგეთები მოსულა? ათი წუთი პირობითად გითხარი. რამდენიც საჭიროა, იმდენი ვილაპარაკოთ. „ჩაარტყი“ და მითხარი, რამ შეგაწუხა, – უთხრა გენერალმა ჟურნალისტს და გაუღიმა.

დასასრული შემდეგ ნომერში.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

📖 ხაზინის ოქრო - თავი I

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი