რომანი და დეტექტივი

დიასახლისის ამბოხი

№30

ავტორი: ნია დვალი 20:00 05.08

დიასახლისის ამბოხი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #28-29(1125)

გულში ეჭვი უწრიალებდა: აშკარად საყვარელი ჰყავს და მარიკამ ეს გაიგო, აბა, როგორ უნდა დაეთანხმებინა ვაჟა, რომ თეონასთან გაეშვა?! მაია სმენად იქცა. ერთიანად დაძაბული იყო, უნდოდა და თან, არც უნდოდა, მოესმინა – სიმართლე ისეთი რამაა, მის მოსასმენად მზად უნდა იყო. რომც გაეგო მაიას, ვაჟა ღალატობდა, რა უნდა მოემოქმედა? სად წავიდოდა ან თავს რით ირჩენდა?! მშობლებთან ერთად ცხოვრების პერსპექტივა ზარავდა – იმიტომ არა, რომ ისინი არ უყვარდა, უბრალოდ, რცხვენოდა, რისი, თავადაც არ იცოდა, იქნებ იმის, რომ რუხი თაგუნია იყო, სახლში შეყუჟული და იმით ხარობდა, რომ გაბედა და ქმარს უთხრა, დამხმარე ქალი მჭირდებაო, მაშინ, როდესაც მისი მშობლები ცხოვრებას გემოს ატანდნენ, ახლაც კი, როდესაც 60-ს გადააბიჯეს?!

– კი მაგრამ, მე ვის ვგავარ? – კინაღამ ხმამაღლა თქვა მაიამ: ვის და ბებიაჩემს!

დედამისის დედა, მართლაც, გასაოცარი ქალი იყო, სათნო და კეთილი, მზე და მთვარე ამოსდიოდა მაიაზე. თითქოს რა უნდა ყოფილიყო გასაკვირი, თუ ბებიას შვილიშვილი უყვარდა, მაგრამ საქმეც ის იყო, რომ ნინა მაიას ხორციელი ბებია არ ყოფილა. მაიას დედა – ქეთევანი – ნინას მულისშვილი იყო. ნინასა და მის არაჩვეულებრივ ქმარს, ბათუს, შვილები არ ჰყავდათ და ისე მოხდა, რომ პატარა ქეთევანს დედა, ნამდვილი დედა, ვინც ის გააჩინა, მშობლებთან ტოვებდა ხოლმე. მისი მშობლები კი ვაჟის, ანუ ბათუს სახლში ცხოვრობდნენ. პატარა ქეთევანი ბათუსა და ნინას შეეჩვია და მშობლებს სახლში აღარ წაჰყვა. საბოლოოდ, ქეთევანი ნინამ და ბათუმ იშვილეს, გვარიც ბიძამ მისცა და ასე იქცა ქეთევან წულაძე ქეთევან ლაშხად. ნინას ქეთევანიც ღვიძლი შვილივით უყვარდა და მისი შვილი მაიაც. სწორედ ბებია ნინასგან ისწავლა მაიამ სხვებისთვის თავის შეწირვა და საკუთარი თავის ბოლოში დაყენება და, თუმცა ახლა თავისი ეს თვისება აშკარად არ მოსწონდა, ნინა ბებია ისევე უყვარდა. ის იყო, ალბათ, ერთადერთი ადამიანი, ვინც მაიას ენატრებოდა ხოლმე და მისი გახსენება ძალას ჰმატებდა... მაიას ცრემლიც კი მოადგა:

– რამდენი ხანია, მის საფლავზე არ მივსულვარ, – გაიფიქრა დანანებით და ამ ფიქრებიდან ბიძინას ხმამ გამოაფხიზლა:

– არ გეშინია, რომ გაიგოს? – ეკითხებოდა ვაჟას. მაიამ ყურები ცქვიტა.

– როგორ?! – უპასუხა ვაჟამ, ან შენ რამ გაგახსენა?

– მე სულ მახსოვს ეს ამბავი, იმიტომ რომ ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა.

– ჰოდა, შეირგე.

ბიძინამ არაფერი უპასუხა.

კარგა ხანს მათი ხმა არ ისმოდა და მაია ვერაფრით ხვდებოდა, რა შუაში იყო მასთან ბიძინა.

– დღეს შემრცხვა, მაია რომ დავინახე, – თქვა პაუზის შემდეგ ბიძინამ.

– ეგეთები როდის მერე დაიწყე? – გაიცინა ვაჟამ.

– წლების ამბავია, ალბათ...

– დაბერდი, ესე იგი, – ისევ გაიცინა ვაჟამ.

– ჰო, რა, – ჩაილაპარაკა ბიძინამ.

– დარჩი ჩვენთან ამაღამ, – შესთავაზა ვაჟამ: მაგრამ არაა, ჯობია, წახვიდე, რამე არ წამოგცდეს, – მაიას მოეჩვენა, რომ ვაჟა უაზროდ იცინოდა.

– მირჩევნია, წავიდე.

– როგორც გინდა.

მაიას ეჭვის ჭია შეუჩნდა, ვერ ხვდებოდა, რაზე ლაპარაკობდნენ ვაჟა და ბიძინა. გონებაც ეფანტებოდა, ვინაიდან ეშინოდა, არ შეემჩნიათ. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა: ისეც ხდება, რომ კრიტიკულ წამებში ადამიანი თავის იმ ფარულ უნარებს გამოამჟღავნებს ხოლმე, რომელიც განგებამ აჩუქა, მაიას ეს შესაძლებლობა არასდროს გამოუყენებია, მაგრამ ოდესმე ხომ უნდა გამოეყენებინა?! ამიტომ სამზარეულოში შუქი აანთო და ვერანდაზე გავიდა.

– შენ ხომ გეძინა? – ვაჟას მოულოდნელობისგან კინაღამ ჭიქა გაუვარდა ხელიდან.

– მეძინა და გავიღვიძე, – მაია ბიძინას მზერით მიხვდა, რომ შილიფად ეცვა. მართლაც, საღამურზე ატლასის ხალათი მოისხა და ისე გამოვიდა, იმიტომ რომ მიზნად ფარული ოჯახური მიყურადება ჰქონდა დასახული. ვერანდის ავანსცენაზე გასვლა სიტუაციურად გადაწყვიტა.

უკვე ვთქვით, რომ მაიამ რუხი თაგუნიას როლი აირჩია, ეს ხასიათის თვისება უფრო იყო, თორემ ფიზიკურად მაია მართლაც კარგი ქალი დადგა, ხოლო შილიფი, ძილისთვის განკუთვნილი ჩაცმულობა მის ქალურ ღირსებებს წარმოაჩენდა, რაც დღისით უსახური თაგუნას როლისთვის განკუთვნილი ტანსაცმლით იმალებოდა. დამავიწყდა მეთქვა, რომ მაია ისეთ ტანსაცმელს არჩევდა, რაც მის გარეგნობას აუარესებდა.

ის იმდენად მოულოდნელად გამოჩნდა, რომ ვაჟამაც შეათვალიერა საკუთარი ცოლი. მაია მათ წინ მცირე ზომის სოფაზე დასკუპდა:

– მეც დამისხით. ქალები რომ ჭორაობენ ვიცი, მაგრამ მამაკაცებიც თუ ჭორაობდნენ, არ ვიცოდი.

– მე წავალ, – ბიძინა წამოდგა.

– არა და არა! მერე ვაჟა მეტყვის, რომ ჩემ გამო მიდიხარ, მე გაგაქციე და მეჩხუბება. დარჩი. თან, უკვე გაგიშალე საწოლი კაბინეტში, აბაზანაში ახალ პირსახოცსა და ხალათს დაგიდებ. მეწყინება, იცოდე. მე წავალ, შევიბრუნებ ძილს. თქვენ გააგრძელეთ, – მაიამ ერთი ჭიქა ვისკი გადაჰკრა, ადგა და გავიდა.

კართან მისული მოულოდნელად შემოტრიალდა და ბიძინას უტიფრად მიაშტერდა:

– ჩემს სიცოცხლეში არ გაპატიებ, თუ ამაღამ არ დარჩები და წყალში ჩამიყრი მასპინძლობას, მომეცი პირობა, თორემ წმინდა პორფილეს ხატზე დაგაფიცებინებ, – მაიამ გადაიკისკისა და ვერანდა თეატრალურად დატოვა.

ეს სითამამე უფრო ვისკის მიეწერებოდა, მაგრამ, რაკი შემსრულებელი მაია იყო, ჩავთვალოთ, რომ პიროვნულ ზრდაში დიდი ნახტომი გამოუვიდა.

მაია საძინებელში შევიდა და იგრძნო, როგორ გაეღვარა მთელ სხეულში სითბო – ეს ნამდვილად ვისკი იყო:

– რა კარგი ყოფილა, ხომ არ დამელია ხოლმე? – თქვა ხმამაღლა, მაგრამ, რომ დაწვა, თავბრუ დაესხა, ამიტომ ისევ წამოჯდა და ფანჯარა გააღო. გაახსენდა, რომ მარიკასთვის არც კი დაურეკავს. მეტიც, არც გახსენებია ამ საღამოს.

– ხომ კარგად ვარ, ნეტავ? ისე, მართალია, ამდენი რომ მირეკოს ვინმემ, მეც გადავირეოდი.

ღამის სიგრილემ მაია კიდევ უფრო მოადუნა, სამაგიეროდ, თავბრუსხვევამ გაუარა და ისევ დაწვა. დაწვა და დაეძინა. არ ახსოვს, რამდენ ხანს ეძინა, მაგრამ, რომ გაიღვიძა, ვაჟა მის გვერდით ხვრინავდა. მაია მიხვდა, რომ ვერ დაიძინებდა, ამიტომ ჩუმად ადგა.

– კარგია, რომ კაბინეტში ლოგინი გავშალე, – და კაბინეტში შებოდიალდა ისე, რომ შუქი არც აუნთია. გადასაფარებელი აწია, ის იყო, უნდა დაწოლილიყო, რომ გველნაკბენივით წამოხტა. ბიძინასაც გაეღვიძა და ორივეს სიცილი აუტყდა.

– დამავიწყდა, რომ მე თვითონ შემოგთავაზე დარჩენა, ბოდიში, – მაია ვერ ჩერდებოდა.

– ვაჟამ არ გაიღვიძოს, – სთხოვა ბიძინამ.

– და რომ გაიღვიძოს რა? – კიდევ უფრო ჩაბჟირდა მაია, მაგრამ სიცილი უცებ მოსხიპა, – ახლა მოვრთავ კივილს და ვიტყვი, რომ აქ შემომიტყუე, თუ არ მომიყვები, რაზე ელაპარაკებოდი ვაჟას. მე ყველაფერი გავიგონე.

სიბნელეში სახის გამომეტყველება არ ჩანდა, მაგრამ მაიამ აშკარად დაინახა, როგორ გაფითრდა ბიძინა.

– მაინცდამაინც ახლა უნდა მოგიყვე?

– აბა, როდის? დილით, საუზმეზე? – შეუტია მაიამ.

– კარგი, ოღონდ ჩუმად და აქედან გავიდეთ, – შესთავაზა დიასახლისს.

– ნწუ, აქ დავრჩებით, უფრო ინტიმურიცაა გულახდილობისთვის.

– ხომ გესმის, რომ უხერხულია, – გააპროტესტა ბიძინამ.

– უხერხული ის იყო, რაც შენ და ვაჟამ ჩაიდინეთ, – მაია ბლეფზე წავიდა, აი, ქალურ ინტუიციას რომ უწოდებენ, აშკარად ის წაეხმარა.

– იცი?! – მაიამ ახლაც დაინახა სიბნელეში, კინაღამ რომ წამოუცვივდა თვალები ბიძინას.

– რა თქმა უნდა, – მოიტყუა მაიამ და გაწითლდა, მაგრამ ბიძინას ეს არ დაუნახავს, იმიტომ რომ ვერც სიბნელეში ხედავდა და არც ქალური ინტუიცია ჰქონდა.

– დილით რომ მოგიყვე?! – სცადა კიდევ ერთხელ.

– არა, ახლა! – უთხრა მაიამ, ბიძინას ფეხები მისწია და დივანზე მოკალათდა.

– რას აკეთებ? – დაფეთდა ბიძინა.

– ბიძინა, შენ ვაჟიშვილი ხარ თუ პარიზში გეი გახდი? – მაია ისევ კინაღამ ჩაბჟირდა: ნუ გეშინია, ხელს არ გახლებ, როგორიც შემოხვედი ამ კაბინეტში, ისეთივე გახვალ.

მაიას ნათქვამზე ბიძინასაც გაეცინა: აი, ახლა ისეთი ხარ, როგორიც დაგიმახსოვრე.

– ნუ მოდუნდი, მომიყევი, – გაახსენდა მაიას.

– მოდი, დილით იყოს, გთხოვ.

– რომ გადამაგდო და სანამ გავიღვიძებ, წახვიდე? – დააზუსტა მაიამ.

– სიტყვას გაძლევ. ხვალ სადმე გავიდეთ, ცოტა ფრანგულად გავისაუბროთ.

მაიას თავისი ფრანგული გაახსენდა და ამოიოხრა: ენას ვეღარ ვატრიალებ, – და მოიწყინა.

– არ მჯერა. ცოტა პრაქტიკა და ყველაფერი გაგახსენდება, – ბიძინამ წინადადება ვერ დაასრულა, რომ კარის გაღების ხმა გაისმა. ორივე მიხვდა, რომ ვაჟა საპირფარეშოში მიდიოდა.

– დამმალე, – უთხრა მაიამ ბიძინას.

– სად? ჩემი სახლი კი არ არის!

მაიამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა და ფარდის უკან შეიმალა. არც ერთი თითქმის არ სუნთქავდა, სანამ ვაჟა ისევ საძინებელში არ შევიდა.

– როგორ ვერ მიხვდა, რომ ცოლი არ იწვა ლოგინში? – თავისთვის გაიკვირვა ბიძინამ.

– ხედავ, ვერც მიხვდა, – მაიამ თითქოს მისი ფიქრი გააგრძელა, ოღონდ ხმამაღლა: კარგი, წავალ. სიტყვა სიტყვაა, იცოდე. ძილი ნებისა.

ბიძინას ხმა აღარ ამოუღია, თუმცა მაიამ იცოდა, რომ თავი დაუქნია. ვერანდაზე გავიდა: აისი გუშინდელივით ეპარებოდა ზეცას. არ ეძინებოდა, ამიტომ ვისკის ბოთლს გახედა და ამჯერად ნახევარი ჭიქა დალია. სასიამოვნო სითბო ისევ ჩაეღვარა სისხლძარღვებში და მოადუნა. საძინებელში შევიდა და ჩაეძინა.

***

დილით რომ გაეღვიძა, არც ვაჟა იყო და არც ბიძინა, რა თქმა უნდა, არც მარიკა, ამიტომ მაშინვე შვილს დაურეკა.

– გაგახსენდა შვილი?! – მარიკას საყვედურნარევი ხმა ჰქონდა.

– შენ არ მითხარი, ნუ მაწუხებო? ჰოდა, არ შეგაწუხე. სად ხარ? – ჰკითხა მაიამ.

– რაღაც საქმე გვქონდა და გავედით მე და თეო, – უხალისოდ უპასუხა მარიკამ.

– ხომ გაქვს გასაღები? მე შეიძლება, არ ვიყო სახლში. – უთხრა მაიამ.

– სად მიდიხარ?

– საქმე მაქვს, – მაიას გაეღიმა: აბა, წავედი, მიყვარხარ, გკოცნი, – შვილს ტელეფონი გაუთიშა და სახლს გადახედა.

– არაა, მე ამის დამლაგებელი არ ვარ და დედამისის ნომერი აკრიფა: ქეთევან, როგორ გიკითხო?.. მე – გადასარევად. შენი ნელი გამოუშვი, რა, დედა, ჩემთან.

ეტყობა, ქალბატონი ქეთევანი შვილის თხოვნამ გააოგნა.

– რა ვიცი, აბა, ასე გადავწყვიტე. შენ ხომ ენდობი ნელის, ჰოდა, დავუტოვებ გასაღებს და შენ გამოგიტანოს, თუ მე ვერ მოვუსწარი. სად მივდივარ და საქმეზე... რამდენ ხანში მოვა? ძალიან კარგი. გკოცნი, – დედამისისაც გაუთიშა ტელეფონი და აბაზანაში შევიდა. წუხანდელი პროცედურა გაიმეორა და საუზმეც მოიმზადა, თუმცა უკვე სამხრისკენ იხრებოდა მზე.

მაიამ მიირთვა და ვერანდაზე გავიდა.

– თურმე, რამდენი თავისუფალი დრო მქონია, მე კი მეგონა, რომ დრო არ მყოფნიდა, თურმე, მე არ ვყოფნიდი საქმეებს.

წუხანდელი ამბავი გაახსენდა და გაეღიმა, თითქოს არაფერი, მაგრამ მაიას რუხი ცხოვრების ფონზე წუხანდელი ამბავი ნამდვილი თავგადასავალი იყო. ზემოდან დაინახა, რომ ნელი მოდიოდა, ამიტომ სახლში შევიდა და კარი გაუღო.

– ქალბატონო ნელი, როგორ ხართ? უნდა მომეხმაროთ დღეს. სტუმრები გვყავდნენ და სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, – და მაია მიხვდა, რომ ნელისაც კი ებოდიშებოდა და, საერთოდაც, ყველასა და ყველაფერს ებოდიშებოდა, თორემ, აბა, მაიას რომ დაელაგებინა, ნელი ხომ დამატებითი შემოსავლის გარეშე დარჩებოდა?! ამიტომ საუბარი უცებ მოსხიპა. ნელის აჩვენა, რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, თავად კი საძინებელში ჩაიკეტა. რაკი უკვე ნაჭამიც იყო და დასვენებულიც, ვაჟას ნათქვამიც გაახსენდა და მარიკას ორაზროვანი შემოთავაზებაც.

– დღეს გავარკვევ ყველაფერს, – ჩაილაპარაკა და ისევ დედამისს დაურეკა: დედა, შენს სტილისტთან უნდა ჩამწერო, თან, ერთ საათში.

– შენ როდის იყო, სტილისტთან დადიოდი?! – გაიკვირვა დედამისმა.

– არ დავდიოდი? კაი, აწი ვივლი, მჭირდება, დე, ჩამწერე, რა, გთხოვ, – შეეხვეწა დედას.

– რა თქმა უნდა, ამას ვეღირსე, როგორც იქნა, – მაიამ იგრძნო, როგორ გაუხარდა დედამისს შვილის თხოვნა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო