რომანი და დეტექტივი

დაყაჩაღება

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 26.11, 2022 წელი

დაყაჩაღება
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #45(1141)

ბანკის შენობის დათვალიერება კრიმინალისტებმა მხოლოდ შემდგომი დღის მეორე ნახევარში დაასრულეს. დასკვნა კი მხოლოდ საღამოს იყო მზად. აკაკი პაიჭაძე მთელი ღამე ეცნობოდა მოკვლევის შედეგებს და ჯუმბერ კოხრეიძის დაკითხვა კი მხოლოდ საღამოს გახდა შესაძლებელი. მოკვლევის მასალებში ეწერა, რომ ბანკის შიგნით განთავსებული ვიდეოკამერები გათიშული იყო, ბანკის მცირე საცავში კი – ექვსი ინდივიდუალური სეიფი გატეხილი. თუმცა, წინასწარი ვარაუდით, იქიდან არაფერი იყო დაკარგული, რადგან ფულიც და ძვირფასეულობაც ადგილზე დახვდათ. პაიჭაძეს ეს ამბები საკმაოდ საეჭვოდ ეჩვენებოდა. თუმცა, ვერ ხვდებოდა, რაში დასჭირდა ბრალდებულს ასეთი ქმედებები, განსაკუთრებით პირადი სეიფების გატეხვა მაშინ, როდესაც მილიონ ევროზე იყო ლაპარაკი, რასაც კოხრეიძე ითხოვდა. გამომძიებელმა კოხრეიძეს ჰკითხა:

– ბანკის ვიდეოკამერები თქვენ გათიშეთ?

– დიახ, – უპასუხა ყოფილმა სამხედრომ.

– რა მიზნით?

– შენობაში ძალიან ცხელოდა. ოფლში ვიწურებოდი და მოსაწმენდად დროგამოშვებით ნიღაბს ვიხსნიდი. ანუ, ვიდეოკამერას რომ არ დავეფიქსირებინე, გავთიშე.

– პირადი სეიფებიც თქვენ გატეხეთ?

– დიახ, – არ დააყოვნა პასუხი კოხრეიძემ.

– მიზანი?

– ერთ მომენტში გავიფიქრე, ესენი აქედან ფულით არ გამიშვებენ და ფულზე უარს ვიტყვი და მხოლოდ უვნებლად გაშვებას მოვითხოვ-მეთქი. ხოლო ხელცარიელი რომ არ გამოვსულიყავი, ინდივიდუალური სეიფები გავტეხე.

– სავარაუდოდ, ექვსივე სეიფის შიგთავსი ხელუხლებელია და რატომ? ან დანარჩენი სეიფებიც რატომ არ გატეხეთ?

– სეიფებს რომ ვტეხავდი, ტელეფონმა დარეკა და თქვენმა კოლეგამ მითხრა: ფულიც მოვიტანეთ და მანქანაც მოვიდაო. აი, მაშინ გავიფიქრე, ხაფანგს მიწყობენ, აქედან ცოცხალს აღარ გამიშვებენ და დავნებდები-მეთქი. ამის მერე რაღა აზრი ჰქონდა ან რაიმეს აღებას და მით უმეტეს, სეიფების გატეხვას?

პაიჭაძეს ჩაეცინა და კოხრეიძეს უთხრა:

– ამ ეტაპზე მეტი კითხვები არ მაქვს და შეგიძლიათ, საკანში დაბრუნდეთ.

ყოფილი სამხედრო გამოემშვიდობა გამომძიებელს და ოთახიდან ბადრაგის თანხლებით გავიდა. პაიჭაძემ კი თანაშემწე იხმო და უთხრა:

– მომიტანე ყველა მძევლის სია, ყველა მძევლის დაკითხვის ოქმი, ასევე, ბანკში ყოფნის პერიოდში რამდენი გამომავალი და შემავალი მობილური ტელეფონის ზარი განხორციელდა, ანუ ყველა შემავალ-გამომავალი ზარების ამონაბეჭდი იმ დღის დილიდან მოყოლებული შუაღამემდე, რომლებიც ბანკის პერიმეტრის ანძაზეა დაფიქსირებული და კიდევ, ყველა სიმბარათის მფლობელის ზუსტი მონაცემები, და ბოლოს, მომიტანე ყველა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერი სხვადასხვა შენობიდან, საიდანაც ბანკთან შეკრებილი ხალხი ფიქსირდება, ანუ ის ადამიანები, ვინც ასევე, დილის 10 საათიდან მთელი დღე იქ იმყოფებოდნენ. დაადგინე, ასევე, ყველა გატეხილი პირადი სეიფის მფლობელის ვინაობა და სხვა მონაცემები. ეს ყველაფერი მჭირდება და რაც შეიძლება, ჩქარა მომაწოდეთ. ბოლო ვადაა ხვალ ეს დრო, ანუ, ხვალ საღამოს შვიდი საათისთვის. გასაგებია, გივი?

24 წლის გივი ბერიძე საკმაოდ საზრიანი ახალგაზრდა იყო. პაიჭაძემ ჯერ საგულდაგულოდ გამოსცადა ის და მხოლოდ ამის მერე მიიღო სამუშაოდ. ბერიძე ზუსტად და ენერგიულად ასრულებდა პაიჭაძის ყველა დავალებას და გამოცდილი გამომძიებელი დარწმუნებული იყო, რომ გივისგან შესანიშნავი პროფესიონალი დადგებოდა.

– გასაგებია, ბატონო აკაკი. მძევლების დაკითხვის ოქმებსა და მათ ყველა მონაცემს ახლავე მოგართმევთ. დანარჩენს კი – ოცდაოთხი საათის განმავლობაში, – თქვა ბერიძემ და კაბინეტიდან გავიდა.

პაიჭაძე დაკითხვის ოქმების შესწავლას შეუდგა და დილის 6 საათი იყო, როდესაც ბოლო ოქმი ჩაათავა. გამომძიებელი ტახტზე წამოწვა, თვალები დახუჭა და დაიძინა.

***

გივი ბერიძემ ჩვეული გულმოდგინებით შეასრულა დავალება და იმდენი მასალა მოიტანა, რომ გამომძიებლის უზარმაზარი მაგიდა ფურცლებით გაივსო. პაიჭაძე მიჩვეული იყო ასეთ დატვირთვებს, მაგრამ მაინც საკმაო დრო მოანდომა ყველაფრის ნახვასა და გაანალიზებას, რათა არ შემცდარიყო და გამოძიება ჩიხში არ შეეყვანა. მას ამ ყველაფრისთვის ხუთი დღე დასჭირდა. ამ ხნის განმავლობაში კოხრეიძე არ დაუკითხავს და ამისთვის საფუძვლიანად ემზადებოდა. ზარების ამონაბეჭდებში პაიჭაძემ საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა, თუმცა ყველაზე შრომატევადი სწორედ ეს სამუშაო იყო. სასურველი შედეგი ვერც ვიდეოჩანაწერებმა მოიტანეს, რასაც ასევე საკმაო დრო დასჭირდა. სამაგიეროდ გატეხილი სეიფების ამბავი იყო ძალიან საინტერესო. ერთ-ერთი სეიფი ოთარ ბუღაძეს ეკუთვნოდა. ბუღაძე ენერგეტიკის სექტორის მაღალჩინოსანი იყო და სამსახურებრივი გულგრილობის გამო ხუთწლიან სასჯელს იხდიდა. მის უწყებაში 20 მილიონი დოლარი გაიფლანგა. გამოძიება თავდაპირველად ბუღაძეს ადებდა ხელს, თუმცა, ერთ-ერთი განყოფილების უფროსმა თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც დაწვრილებით ყვებოდა, თუ როგორი სქემით იპარავდა ფულს, მაგრამ თანხის ადგილსამყოფელი არ გაუმხელია. ამ წერილის გამო ბუღაძეს მუხლი შეუცვალეს და მხოლოდ 5 წლით „გასროკეს“. გაფლანგული ფული კი ვერსად აღმოაჩინეს. ბუღაძე პატიმრობის მეოთხე წელიწადს ამთავრებდა და ციხიდან ერთი წლის მერე უნდა გამოსულიყო. მის გატეხილ ინდივიდუალურ სეიფში მხოლოდ ერთი ბრილიანტის თვალი და ასგრამიანი ოქროს ნაჭერი იყო 10 ათას დოლართან ერთად. ანუ იქ ისეთი განსაკუთრებული არაფერი იყო, რომ ბანკში შეჭრის საქმესთან რაიმე განსაკუთრებული კავშირი ჰქონოდა. პაიჭაძე იმან დააეჭვა, რომ ბუღაძის სეიფიც გატეხილი იყო და შესაძლოა, ეს სულაც არ ყოილიყო შემთხვევითობა. ერთი სიტყვით, გამომძიებელს ამასთან დაკავშირებით საკუთარი ვერსია გაუჩნდა და მისი შემოწმება გადაწყვიტა. ამისთვის კი ოთარ ბუღაძის დაკითხვა იყო საჭირო და უშიშროების შენობაში ის გლდანის ციხიდან მოაყვანინა. პაიჭაზე ამ მომენტისთვის საგანგებოდ მოემზადა და პირისპირ მჯდომ ოთარ ბუღაძეს ჰკითხა:

– ბატონო ოთარ, თქვენთან ერთადერთი შეკითხვა მაქვს და შემპირდით, რომ გული არ გაგისკდებათ.

– გული რაზე უნდა გამისკდეს, – მხრები აიჩეჩა ბუღაძემ.

– მაშინ ყურადღებით მომისმინეთ და გამაგრდით, – თქვა პაიჭაძემ.

– გისმენთ, ბატონო, ბრძანეთ, – თქვა ბუღაძემ და უცოდველი გამომეტყველება მიიღო.

– ბატონო ოთარ, ათი ათასი დოლარის, ოქროს ასგრამიანი ნაჭრისა და ბრილიანტის ბეჭდის გარდა კიდევ რა გქონდათ შენახული ბანკის ინდივიდუალურ სეიფში, რომელშიც ერთი კვირის წინ მძევლები აიყვანეს?

ბუღაძეს სახე დაეღრიჯა. გაშავდა და მოწვეტით დაეცა იატაკზე. გამომძიებელი წინასწარ იყო მომზადებული და ოთახში ექიმი შემოყვანა, რომელმაც ოთარ ბუღაძე ძლივს მოიყვანა გონზე.

– ხომ არ გადავამეტე. რა სჭირს, ექიმო? – იკითხა პაიჭაძემ, რომელმაც „ათიანში გაარტყა“.

– ინფარქტი არაა, მაგრამ გულის ძლიერი შეტევაა და საავადმყოფოშია გადასაყვანი, – თქვა ექიმმა და ბუღაძე, ბადრაგის თანხლებით, კარდიოლოგიურ კლინიკაში წაიყვანეს.

კაბინეტში დარჩენილმა პაიჭაძემ კი გივი ბერიძეს უთხრა:

– როგორც ჩანს, სწორია ჩემი ვერსია და ბანკის შეჭრის საქმე სულ სხვა განზომილებისაა, ვიდრე მილიონი ევროს მოთხოვნა.

– თუ სწორად მივხვდი, ბატონო აკაკი, ჯუმბერ კოხრეიძემ სპექტაკლი დადგა და სინამდვილეში ბანკში იმიტომ შეიჭრა, რომ ბუღაძის სეიფი გაეტეხა და იქიდან რაღაც აეღო, – თქვა ბერიძემ.

– სწორედ მასეა, – დაუდასტურა პაიჭაძემ.

– მაინც, რა უნდა აეღო?

– უკვე აიღო და თანამზრახველსაც გაატანა. მაგრამ ამის დამტკიცება თითქმის შეუძლებელია. მით უმეტეს, იმიტომ, რომ ეს არც ოთარ ბუღაძეს აწყობს. რა აიღოო, რომ მეკითხები, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს საბანკო ბარათი ან მსგავსი რამ, რითაც დიდი თანხის გამოტანაა შესაძლებელი.

– ბუღაძეს რატომ არ უნდა აწყობდეს გამჟღავნება?

– იმიტომ, გივი, რომ ამ ფულს სისხლის სუნი უდის. შენ არ გეცოდინება ბუღაძის საქმე. ამ ხუთი წლის წინ ელიოზ რიჟამაძემ თავი მოიკლა და სიკვდილის წინ წერილი დატოვა, სადაც ეწერა, რომ 2 მილიონი დოლარი მოჰპარა სახელმწიფოს სხვადასხვა მაქინაციით. ამ საქმის მთავარი ფიგურანტი ოთარ ბუღაძე იყო და ამ წერილმა კი მას ბრალდება მოუხსნა. ყველაფერი რიჟამაძეს დაბრალდა. ამ ნაძირალამ კი მხოლოდ 5 წელი მიიღო და ციხიდან მომავალ წელს გამოუშვებენ. ჩემი ღრმა რწმენით, რიჟამაძე ბუღაძის შეკვეთით მოკლეს და თვითმკვლელობა გაითამაშეს. მანამდე კი მას წერილის დაწერა აიძულეს. ამ დროს ბუღაძე ეჭვმიტანილის სტატუსით იჯდა ციხეში და როგორც ხდება ხოლმე, იქიდან გასცა ბრძანება. ვერ ნახე, რა დაემართა? ჩემმა სიტყვებმა ლამის გული გაუხეთქა.

– კოხრეიძემ საიდან იცოდა სეიფისა და შიგთავსის შესახებ? – იკითხა ბერიძემ.

– ეგ არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მას ბანკში მძევლებს შორის ჰყავდა თანამზრახველი და ბარათიც, თუ სხვა, რაც იყო, მას გამოატანა. ხვდები, ხომ, რასაც ვამბობ?

– დიახ, რა თქმა უნდა, ბატონო აკაკი, – თქვა ბერიძემ და დააყოლა, – მძევლები უნდა დავამუშაოთ.

– კი მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ კოხრეიძის თანამზრახველი, ყოფილი მძევალი უკვე აქედან შორს იქნება და ალბათ, სამუდამოდ წავიდა ქვეყნიდან. თუ გინდა, გადაამოწმე.

გივი ბერიძემ სასაზღვრო უწყებაში დარეკა, 26 ადამიანის სია გაუგზავნა მათ და სთხოვა, გაერკვიათ ამ სიიდან ვინმე ხომ არ გაემგზავრა ქვეყნიდანო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ერთ საათში პასუხიც მოვიდა და გაირკვა, რომ ბანკში შეჭრის მეორე დღეს იმ სიიდან ერთადერთი ადამიანი, 28 წლის ნატო გავაშელი გაფრინდა თურქეთში. პაიჭაძეს გულიანად გაეცინა და თანაშემწეს უთხრა:

– წაიღო გავაშელმა 2 მილიონი დოლარი და უყარე კაკალი. კოხრეიძე კი, მაქსიმუმ, 5 წელი გააჩერონ ციხეში. ბოლოს გამოვა, საზღვარგარეთ გაემგზავრება და იმ ფულს შეირგებს.

– ესე იგი, ეს ფული დაკარგულია? – იკითხა ბერიძემ.

– სახელმწიფოსთვის – კი. ხოლო ვინც ამ ფულს გამოიტანს, შეირგებს კიდეც.

– ბუღაძეს ვერ ვათქმევინებთ, რა იდო სეიფში?

– გამორიცხულია. მაშინ გამოვა, რომ მკვლელობის შეკვეთასაც აღიარებს და ეს უვადო პატიმრობაა. ამიტომ გამორიცხულია. არც კოხრეიძე იტყვის სეიფიდან ბარათი ავიღეო. ამის გამო დადგა ამხელა სპექტაკლი და მზადაა, 5 წელი ციხეში გაატაროს, რომ შემდეგ ცხოვრებით დატკბეს. ასე რომ, ჩემო გივი, ამ კუთხით ვერაფერს გავხდებით ამ საქმეში.

– საინტერესოა, საიდან შეიტყო კოხრეიძემ, სად და რა ედო სეიფში ბუღაძეს?

– ეგ მეც ძალიან მაინტერესებს, მაგრამ არ მგონია, გავიგოთ. კოხრეიძე ამას არ იტყვის და სხვისი რა გითხრა.

საქმე კი ის იყო, რომ ნატო გავაშელი ელიოზ რიჟამაძის უკანონო შვილი იყო. მაგრამ მამა მას პატრონობდა და სწორედ მამისგან შეიტყო ნატომ იმ საბანკო ბარათის არსებობა, რომელზედაც 2 მილიონი დოლარი იდო და ეს ფული ორ ადამიანზე უნდა გაყოფილიყო. თუმცა, ბუღაძემ რიჟამაძე ციხიდან მოაკვლევინა და ბარათი ბანკის პირად სეიფში გადამალა. ნატოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ბარათის ადგილსამყოფელის დასადგენად მერე კი თავისი დეიდაშვილის ყოფილი ქმარი დაითანხმა ბანკში შეჭრაზე და მათ ეს ოპერაცია გაჩარხეს.

თურქეთში გამგზავრებულმა ნატომ ახალი, სხვა გვარზე გაკეთებული საბუთებით აიღო ბილეთი და გემით ავსტრალიამდე იმგზავრა. სიდნეის პორტში მას, ასევე, სხვა საბუთებით ჩასული დეიდაშვილი და მისი შვილები დახვდნენ, რომლებიც იქ საბერძნეთიდან სამი დღით ადრე ჩავიდნენ.

– აბა, როგორაა საქმე? – ჰკითხა ჯუმბერ კოხრეიძის ყოფილმა ცოლმა დეიდაშვილს.

– ჯუბომ უმაღლესად შეასრულა და 2 მილიონი ჩვენია! – თქვა ნატომ.

– ჯუბო? – თქვა ყოფილმა ცოლმა.

– ხუთწლიანი სროკი აქვს, მაგრამ ერთ წელიწადში გამოვა. გამომძიებელთან შეთანხმებული ვარ და როგორც კი ჯუბოს გამოიყვანს, მილიონს ჩავახუტებ, – თქვა ნატომ და დაამატა, – მოგენატრა, ხომ, ყოფილი ქმარი. ორი წელია, ითმენ და ერთიც გაუძელი.

– სხვა რა გზაა, – ხელები გაშალა ქალმა.

დასასრული


მსგავსი სიახლეები

დაყაჩაღება
დაყაჩაღება

20:00 19.11, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი