რომანი და დეტექტივი

დაყაჩაღება

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.11, 2022 წელი

დაყაჩაღება
დაკოპირებულია

– ერთი საათი დაგრჩათ და ჩემს მოთხოვნებს თუ არ დააკმაყოფილებთ, აქაურობას ჰაერში ავწევ, ყველა დავიხოცებით და პასუხისმგებლობა მხოლოდ თქვენ დაგეკისრებათ! – აღელვებული, თითქმის ისტერიკული ხმით წარმოთქვა ბანკში შეჭრილმა, ნიღბიანმა მამაკაცმა, რომელიც უკვე ცხრა საათის განმავლობაში იმყოფებოდა შენობაში და დროგამოშვებით სატელეფონო კავშირზე გადიოდა პოლკოვნიკ ჯოჯუასთან.

– დამშვიდდი, მეგობარი და ყველაფერი კარგად იქნება. თქვენს მოთხოვნებს აუცილებლად შევასრულებთ. უბრალოდ, უფრო მეტი დრო გვჭირდება. ყველა რესურსს მოვიძიებთ და თქვენც კმაყოფილი დარჩებით და ჩვენც. მანამდე კი თხოვნა გვაქვს თქვენთან და იქნებ დანარჩენი ქალებიც გაათავისუფლოთ, რომ შემდგომი გართულებები არ იყოს? – მშვიდად და დამაჯერებელი ტონით უთხრა ალექსანდრე ჯოჯუამ ბანკში შეჭრილ მამაკაცს.

– ხუთი ადამიანი ხომ გავათავისუფლე და მეტი რა გინდათ? – ნერვიულად თქვა ბანკში შეჭრილმა.

ჯოჯუამ კი დაუყვავა:

– მხოლოდ ქალები გამოუშვი, მეგობარო. ყველა მათგანს პატარა შვილები ჰყავს. ისინი აქ არიან. ძალიან განიცდიან და უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან. ჩვენ არ ვიცით, ვინ ხართ, გყავთ თუ არა ცოლ-შვილი, მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მანდ რომ თქვენი ცოლი იყოს და გარეთ თქვენ და თქვენი შვილები ელოდებოდნენ.

პაუზის შემდეგ ბანკში შეჭრილმა ჯოჯუას მიუგო.

– კარგი, თანახმა ვარ. აქ კიდევ შვიდი ქალია და ყველას გამოვუშვებ. ერთ საათსაც დაგიმატებთ, მაგრამ, თუკი ორ საათში ყველა მოთხოვნას არ შემისრულებთ, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ვაფეთქებ აქაურობას.

– მეგობარო, კიდევ, მაქსიმუმ, სამი საათი მოგვეცი და წამსაც არ გადავაცილებთ. თუ მოგატყუებთ, მაშინ მართლა ჩვენ დაგვედება ეს უმძიმესი ცოდვა. ამას კი ნამდვილად არ ვიზამთ და ყველაფერს შეგისრულებთ. პრინციპში, ფული უკვე აქ გვაქვს და შეგვიძლია, შემოგიგზავნოთ. ჩვენი მთავარი პრობლემა თვითმფრინავია და ამან გაგვჭედა, – უთხრა ჯოჯუამ ბანკში შეჭრილს.

– იყოს, კიდევ სამი საათი, მაგრამ იცოდეთ, რომ როგორც კი შუაღამეს ერთი წამიც გადასცდება და გადამაგდებთ, ფეიერვერკს მოგიწყობთ! – დაემუქრა ჯოჯუას ბანკში შეჭრილი.

– გადაგდება რომ გვინდოდეს, ფულსაც არ მოგიტანდით. აი, მანქანაც მოიყვანეს და მხოლოდ თვითმფრინავის საკითხიღა დაგვრჩა, – თქვა ჯოჯუამ.

– რა, თვითმფრინავები არ გყავთ? ვის ატყუებთ! – აენთო ბანკში შეჭრილი. ჯოჯუა კი დაუტკბა:

– თვითმფრინავების მეტი რა გვყავს, მეგობარო, მაგრამ პრობლემა რუსეთში გადაფრენაა. რუსები თანახმანი არიან, მიგიღონ, მაგრამ სანქციების გამო ჩვენ იქ გაფრენის უფლება არ გვაქვს და ამ საკითხს ევროკავშირთან ვაგვარებთ, რომ გამონაკლისი დაუშვან. რუსეთის გარდა ნებისმიერ სახელმწიფოში გაგიშვებთ, მაგრამ პირდაპირ გეუბნები, დაგაპატიმრებენ და უკან გამოგიშვებენ, – თქვა ჯოჯუამ.

– არა, მხოლოდ რუსეთი. იცოდეთ, შუაღამეს არ გადააცილოთ, თორემ ყველაფერს ავაფეთქებ და ევროკავშირის ბრალი იქნება! – თქვა ბანკში შეჭრილმა და დაამატა, – ფული მანქანაში ჩადეთ. ქალებს კი ვუშვებ. მიიღეთ!

საღამოს ათი საათი იყო დაწყებული, როდესაც ბანკში შეჭრილმა მამაკაცმა დანარჩენი შვიდი ქალიც გაათავისუფლა და თოთხმეტი კაცი დაიტოვა.

შეიარაღებული თავდამსხმელი ბანკში ზუსტად შუადღეს შეიჭრა და მძევლად 26 ადამიანი აიყვანა. ზურგზე მას სამხედრო ჩანთა ჰქონდა. შეიჭრა თუ არა, პისტოლეტიდან ორჯერ გაისროლა ჰაერში და იქ მყოფ თანამშრომლებსა და ბანკის კლიენტებს იატაკზე დაწოლა უბრძანა. შემდეგ სახეზე სამხედრო ნიღაბი ჩამოიფარა. ჩანთიდან თორმეტი ცალი პლასტიკური ასაფეთქებელი ამოიღო და შენობას შიგნიდან მთელს პერიმეტრზე მიაკრა. მერე ჯავშანჟილეტი მოირგო, რომელზეც ოთხი ასაფეთქებელი იყო დამაგრებული. პისტოლეტი კაბურაში ჩააბრუნა. ერთ ხელში „ლიმონკა“ მოიმარჯვა, მეორეში კი დისტანციური ასაფეთქებლების პულტი და პოლიციისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების გამოჩენას სკამზე ჩამომჯდარი დაელოდა. შემთხვევის ადგილზე პირველები „ტელევიზიონშჩიკები“ მივიდნენ. მათ ფეხდაფეხ მიჰყვნენ ძალოვნები და მოლაპარაკებებიც დაიწყო. ბანკში შეჭრილი მამაკაცი 5 მილიონ ევროს, სამხედრო „ჰამერსა“ და რუსეთში გადასაფრენად თვითმფრინავს ითხოვდა. ძალოვნებმა სულ რაღაც 40 წუთში დაადგინეს თავდამსხმელის ვინაობა. მისი იდენტიფიცირება ვიდეოკამერების საშუალებით მოხერხდა, რომლებიც ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დამონტაჟებული. თავდამსხმელი 35 წლის ყოფილი სამხედრო ჯუმბერ კოხრეიძე იყო. მას ორი შვილი ჰყავდა და ცოლს ერთი წლის წინ გაშორდა. კოხრეიძის ყოფილი ცოლი და შვილები საბერძნეთში იმყოფებოდნენ სამუშაოდ, სადაც ორი წლის წინ გაემგზავრნენ და ჯუმბერი მარტო დარჩა, ის კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა. მისი არსებობის წყარო სოციალური შემწეობა და შვილების მიერ საბერძნეთიდან გადმორიცხული მცირე თანხები იყო, რასაც ისინი დედისგან მალულად უგზავნიდნენ. ჯუმბერ კოხრეიძეს კი მუდმივი სამუშაო არ გააჩნდა. ის ხან დაქირავებული მუშა იყო, ხან რომელიმე საოჯახო ნივთს ყიდდა და ამგვარად გაჰქონდა თავი. სანამ ძალოვანები დროს წელავდნენ, მათ კოხრეიძის დოსიე შეისწავლეს, მის ყოფილ თანამშრომლებს ესაუბრნენ და დაასკვნეს, რომ ჯუმბერი სამხედრო სპეციალისტი იყო და კარგად ესმოდა ეს საქმე. ასევე, იმ აზრამდე მივიდნენ, რომ მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ის „სპასობნი“ იყო, თავიც გაეწირა და მძევლებიც. ამგვარად, კოხრეიძე განსაკუთრებულად საშიშ ადამიანად მიიჩნიეს და მის უმტკივნეულოდ განეიტრალებაზე დაიწყეს ზრუნვა, რაც ძალიან რთული საქმე იყო. მას რომ მილიონ ევროს არავინ მისცემდა და რუსეთში არ გაუშვებდა, თავიდანვე გადაწყვეტილი იყო. ამიტომ ძალოვანებმა, ერთი მხრივ, თავდამსხმელის მოქანცვის ტაქტიკა აირჩიეს, მეორე მხრივ კი, ამ საქმის სპეციალისტებმა ბანკის ძველი საჰაერო მილის გაწმენდა დაიწყეს, რომელიც ალაგ-ალაგ კაუჩუკის ნაჭრებით იყო ამოვსებული. მიუხედავად იმისა, რომ ძველი საჰაერო მილის სიგრძე, სულ რაღაც 12 მეტრი იყო, მისი გაწმენდა დიდ სირთულეს წარმოადგენდა, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს სამუშაო, ფაქტობრივად, უხმაუროდ უნდა განხორციელებულიყო. ოპერაციის ბოლო სტადიაზე კი, როდესაც უკანასკნელ და მილიდან ყველაზე მასიურ კაუჩუკს გამოაძრობდნენ, სნაიპერს კოხრეიძე ფეთქებადი ტყვიით თავში დამიზნებით უნდა გაენეიტრალებინა. ამის პარალელურად კი, ბანკში უნდა შევარდნილიყო ერთი „სპეცნაზელი“, რომელსაც ასაფეთქებელი პულტი უნდა დაებლოკა, ანუ თავდამსხმელისთვის პულტზე თითის დაჭერის საშუალება არ მიეცა. ასეთი დახვეწილი მოქმედება უდიდეს სიზუსტესა და სინქრონულობას მოითხოვდა. ოპერაციის წარმატებით დასრულების შეფარდება კი 25/75-ზე იყო ძალოვნების საწინააღმდეგო და მათ ძალიან უნდა გამართლებოდათ. გამოთვლების მიხედვით, მილის კაუჩუკის ნაჭრებისგან გაწმენდა ღამის პირველი საათისთვის დასრულდებოდა და წარმატებული კულმინაციისთვის ძალოვანებს 2 საათი დარჩებოდათ. ამ დროის განმავლობაში ალექსანდრე ჯოჯუას კოხრეიძე შუშის ვიტრინასთან რაც შეიძლება, ახლოს უნდა მიეტყუებინა, რომ დამბლოკველ სპეცრაზმელს იქ შევარდნისა და პულტის დაბლოკვის მეტი შანსი ჰქონოდა. თანაც, თავდამსხმელი მძევლებს უფრო მეტად მოსცილებოდა და აფეთქების შემთხვევაში შედარებით ნაკლები ზარალი ყოფილიყო. მართალია, დამბლოკველი სპეცრაზმელი შესაბამისი ჯავშანტანსაცმლით იყო აღჭურვილი, მაგრამ აფეთქების შემთხვევაში მისი გადარჩენის შანსი ნული იყო. დამბლოკველი, ფაქტობრივად, სიკვდილზე მიდიოდა.

ათი საათი რომ შესრულდა, ალექსანდრე ჯოჯუას აცნობეს, რომ სნაიპერი უკვე გაწმენდილ საჰაერო მილში, პოზიციაზე იმყოფებოდა. მზად იყო ბანკში შესავარდნად დამბლოკველიც. ჯოჯუას მოსალოდნელი უბედურება გააზრებული ჰქონდა და ცივი ოფლი ასხამდა. ამიტომ, რამდენიმე წუთი დასჭირდა დასამშვიდებლად. ბოლოს მობილური ტელეფონი აიღო და ბანკის იმ ტელეფონზე დარეკა, რომელიც ყველაზე ახლოს იდგა ვიტრინასთან. პოლკოვნიკს კოხრეიძისთვის უნდა ეთქვა: ყველაფერი მზადაა და ფრთხილად გამოდიო... თუმცა თავდამსხმელმა ზარს არ უპასუხა. მან ძლიერი ფანარი აანთო ბანკის შენობაში და ნიღაბმოხსნილი დაენახვა გარეთ მდგომ ძალოვნებს, შემდეგ ასაფეთქებელი პულტი „ლიმონკა“ და პისტოლეტი ვიტრინასთან დაყარა, ხელები მაღლა ასწია, იატაკზე დაწვა, ხელები კეფაზე დაიწყო და დაიყვირა, გნებდებითო.

ამ ქმედების მიუხედავად, სპეცრაზმელები ფეხაკრეფით შევიდნენ ბანკში. კოხრეიძეს ჯავშანჟილეტი ფრთხილად გახადეს და გაიტანეს. თავდამსხმელს ხელბორკილები დაადეს და დაბურულმინებიანი მანქანით უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. გათავისუფლებული 14 მძევალი კი ბანკის შენობიდან პირდაპირ დასაკითხად წაიყვანეს. შემდეგ გამნაღმველებმა დაიწყეს თავიანთი საქმე და შენობის შიგნით, პერიმეტრზე მიმაგრებული პლასტიკური ნაღმები მოხსნეს. გამომძიებლებმა კი ექსპერტ-კრიმინალისტებთან ერთად ბანკის შენობის ყოველი კუთხე-კუნჭულის დათვალიერება დაიწყეს.

***

ბანკში შეჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე, რამდენიმე უმძიმესი მუხლით, ჯერ კიდევ ჯუმბერ კოხრეიძის დაკავებამდე აღიძრა. თუმცა, მალევე ამ მუხლების გადაკვალიფიცირება მოხდა და ყოფილ სამხედროს შედარებით მსუბუქი ბრალდება მიუყენეს. საქმე კი ის იყო, რომ თექვსმეტივე პლასტიკური ნაღმი და ყუმბარა მხოლოდ მულაჟს წარმოადგენდა და არავისთვის არანაირი ზიანის მიყენება არ შეეძლო. პისტოლეტი კი უბრალო „დრაბავიკი“ იყო და საბრძოლო დანიშნულება არ გააჩნდა. ძალოვნები გაოგნებულები, ოდნავ დაბნეულებიც კი იყვნენ. ჯუმბერ კოხრეიძე აცხადებდა: ვინმეს სიცოცხლის ხელყოფა აზრადაც არ მომსვლია. ამას ჩემი მულაჟებიც ადასტურებს და ფულის გამოძალვა, ფაქტობრივად, თაღლითური მეთოდით მინდოდაო. ხოლო როდესაც კოხრეიძეს ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტე დანებებაო, მან თქვა:

– ძალიან დავიღალე, გადაადილებაც მიჭირდა. მთავარი კი ის იყო, რომ მოულოდნელმა შიშმა შემიპყრო. რატომღაც ვიფიქრე, ცეცხლს გახსნიან და მე ხომ მომკლავენ, მაგრამ შეიძლება, უდანაშაულო ადამიანებიც დაიღუპონ. თანაც, თავიანთი ოჯახის წევრების, მათ შორის, შვილების, ბავშვების თვალწინ. ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ ეს უღირსი საქციელი იყო და ჩაბარება გადავწყვიტე. გაჭირვებას რა ვუთხარი, თორემ ბანკში შევვარდებოდი და ციხეში წავიდოდი?

– თანამზრახველი ხომ არ გყავდათ? – ჰკითხა კოხრეიძეს გამომძიებელმა.

– არა, ბატონო. მარტო ვმოქმედებდი. ისიც მეყოფა, რომ ასეთ საქმეზე წავედი და სხვას რატომ ვუბიძგებდი ამისკენ? ჩემს ხასიათში არ ზის ვინმეს ხიფათში გაბმა. პირიქით, მთელი ცხოვრება სხვებს ვეფარებოდი მკერდით და ვიცავდი. ასე რომ, მარტო ვიყავი, მაგრამ „აძინოკი ვოლკობა“ არ გამომივიდა, – სინანულით თქვა კოხრეიძემ. მწარედ ჩაეცინა და თავი ჩაღუნა.

ჯუმბერ კოხრეიძის პირველი დაკითხვა სამ საათს გაგრძელდა. ყოფილი სამხედრო ბანკში შეჭრის ფაქტს ფულის გამოძალვის მიზნით აღიარებდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა და ფაქტობრივად, საქმის გაგზავნა შეიძლებოდა სასამართლოში. გამომძიებელ აკაკი პაიჭაძეს რამდენიმე დეტალის დაზუსტება უნდოდა და ბანკში ჩატარებული მოკვლევის შედეგებს ელოდა. ამიტომ, დაპატიმრებული კოხრეიძე უშიშროების იზოლატორის ერთადგილიან საკანში გაამწესა და უთხრა:

– დღეს დაკითხვა დასრულებულია, ხვალ გამოგიძახებთ.

– ნახვამდის, ბატონო გამომძიებელო, – თქვა კოხრეიძემ და ბადრაგის თანხლებით საკნისკენ გაემართა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი