რომანი და დეტექტივი

ალისფერი კვალი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 31.07

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #27-28(1124)

ამ დროს გაისმა ზარის წკრიალი. შერლოკ ჰოლმსი ადგა და თავისი სავარძელი კართან მისწია. გავიგონეთ ვესტიბიულისკენ მიმავალი მოსამსახურე ქალის ნაბიჯის ხმა, მერე გარეთა კარის ურდულმა ხმამაღლა გაიჩხაკუნა.

– აქ ცხოვრობს დოქტორი უოტსონი? – იკითხა მკაფიო, მაგრამ საკმაოდ უხეშმა ხმამ. მოსამსახურის ხმა არ გაგვიგონია, მაგრამ გავიგონეთ, როგორ გაიჭრიალა კარმა შემოსასვლელში და ვიღაც კიბეზე ამოვიდა.

– შემობრძანდით! – დავიძახე მე.

კარში კოჭლი, დაღმეჭილი მოხუცი დედაკაცი გამოჩნდა. ეტყობოდა, კაშკაშა შუქმა თვალი მოსჭრა, და რამდენჯერმე თავის დაკვრის შემდეგ შეჩერდა, უსიცოცხლო თვალები დაახამხამა და თან აცახცახებული თითებით ჯიბის ქექვა დაიწყო. ჩემს მეგობარს გადავხედე და მის სახეზე ისეთი სასოწარკვეთილება ამოვიკითხე, რომ თავის შეკავება გამიჭირდა. კუდიანმა ბებრუცუნამ, როგორც იქნა, ამოიღო საღამოს გაზეთი და ჩვენი განცხადება გვიჩვენა.

– საქორწინო ბეჭედი გიპოვიათ ბრიქსტონროუდზე, იგი ჩემს ასულს, სალის ეკუთვნის, რომელიც ამ ერთი წლის წინ გათხოვდა, მისი ქმარი კი გემზე მიმტანად მსახურობს. იმის გაფიქრებაც კი მაშინებს, რას იტყვის, შინ რომ მოვიდეს და სალი უბეჭდოდ დაინახოს. ისედაც ავი ზნისაა და რომ დათვრება, მაშინ ხომ პირდაპირ უბედურებას გადავეყრებით.

– თქვენი გვარი?

– სოიერი, მისი გვარი კი დენისია, რადგანაც ტომ დენისზეა გათხოვილი.

– აი, თქვენი ბეჭედი, მისის სოიერ, – შევაწყვეტინე ჰოლმსის ნიშნის თანახმად, – ძალიან მოხარული ვარ, რომ საშუალება მეძლევა, დაკარგული ნივთი თავის კანონიერ მფლობელს დავუბრუნო.

დედაბერმა ლოცვა-კურთხევის ბუტბუტით ჩაიდო ბეჭედი ჯიბეში და კუსკუსით ჩაიარა კიბე. როგორც კი დედაბერი წავიდა, შერლოკ ჰოლმსი წამოვარდა.

– გავყვები, დავზვერავ, – თქვა აჩქარებით, – უთუოდ იმ კაცის თანამზრახველია და მასთან მიმიყვანს. მელოდეთ!

ჰოლმსი სახლიდან დაახლოებით ცხრა საათზე გავიდა. წარმოდგენა არ მქონდა, როდის დაბრუნდებოდა. მოთმინებით ვიჯექი და ჩიბუხს ვაბოლებდი. როგორც კი ჰოლმსი შემოვიდა, სახეზე შევატყვე, მარცხი განეცადა. მის სახეზე სიცილი და წყენა ებრძოდა ერთმანეთს და ბოლოს მხიარულად გადაიხარხარა.

– არ მოვერიდებოდი ჩემი მარცხის აღიარებას. იმ წყეულმა დედაბერმა ერთი უბანი რომ გაიარა, კოჭლობას უმატა. ბოლოს გაჩერდა და იქვე გაჩერებულ კებს დაუძახა. ახლოს ვიდექი და გავიგონე, შემეძლო გულდამშვიდებით ვყოფილიყავი, ისე ხმამაღლა დაუყვირა, რომ ქუჩის მეორე მხარეს გაიგონებდა კაცი: „წადით დუნკან-სტრიტზე ¹13-ში, ჰუნდსდიშში“. უკან ავეკიდე. დავინახე, როგორ გაჩერდა კები ¹13 სახლთან. კებმენი გადმოხტა, კარი გააღო და დაელოდა. მაგრამ არავინ გადმოსულა. როცა ახლოს მივედი, იგი გაშმაგებით დაეძებდა ვიღაცას ცარიელ კებში და თან პირიდან ლანძღვა-გინებას აფრქვევდა. დედაბრის კვალი კი არ ჩანდა.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აკანკალებული სუსტი დედაბერი კებიდან ისე გადმოხტა, რომ ვერც თქვენ და ვერც კებმენმა ვერ შენიშნეთ?

– ეშმაკმა დალახვროს! – მკვახედ თქვა ჰოლმსმა, – რომელი დედაბერი. ეს გახლდათ ახალგაზრდა კაცი, შეუდარებელი მსახიობი. რა თქმა უნდა, მან შენიშნა, რომ უთვალთვალებენ და ხელიდან დაგვისხლტა. კაცი, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, არც ისე მარტოხელაა, როგორც მეგონა. ჰყავს მეგობრები, რომლებიც მზად არიან, მისი გულისთვის წყალში გადაეშვან. ახლა ყველა ძაფი ხელში მიჭირავს და დახლართული გორგალი გახსნილია, – თქვა დაიმედებულმა ჰოლმსმა, – რა თქმა უნდა, ზოგიერთი წვრილმანი კიდევ არის ჩასამატებელი, მაგრამ ჩემთვის ყველა ძირითადი ფაქტი ისევე ნათელია, თითქოს ყველაფერი საკუთარი თვალით მენახოს. ამას ახლავე დავამტკიცებ. ლესტრეიდ, აბების წამოღება მოახერხეთ?

– აქ მაქვს, – მიუგო ლესტრეიდმა და პატარა თეთრი კოლოფი ამოიღო, სრულიად შემთხვევით გამომყვა, რადგან არანაირ მნიშვნელობას არ ვაძლევ.

– მიბოძეთ აქ! – უთხრა ჰოლმსმა, – აბა, ექიმო, მითხარით, ეს ჩვეულებრივი აბებია?

პატარა, მრგვალი, თითქმის გამჭვირვალე აბები გახლდათ.

– ისე მსუბუქი და გამჭვირვალეა, რომ, ჩემი აზრით, კარგად უნდა გაიხსნას წყალში, – შევნიშნე მე.

– სავსებით სწორია, – მიპასუხა ჰოლმსმა.

– ახლა კი, გეთაყვა, ჩადით დაბლა და ამომიყვანეთ საცოდავი ტერიერი. ბინის დიასახლისმა ჯერ კიდევ გუშინ მთხოვა, დააძინე, რომ სატანჯველს თავი დააღწიოსო.

ჩავედი და ტერიერი ამოვიყვანე. ძლივსღა სუნთქავდა და მისი ჩამქრალი თვალები მოწმობდა, რომ აღსასრულის დღე მოახლოებოდა. ტერიერი ხალიჩაზე დავსვი და თავქვეშ ბალიში დავუდე.

– ახლა ერთ-ერთ აბს ორ ნაწილად გავყოფ, – თქვა ჰოლმსმა, ჯაყვა ამოიღო და აბი გაჭრა, – ერთ ნახევარს უკან ჩავდებთ, კოლოფში, შემდგომი ექსპერიმენტისთვის, მეორეს კი – თასში, რომელშიც ერთი ჩაის კოვზი წყალი ასხია. ხომ ხედავ, ჩვენი მეგობარი ექიმი მართალია, აბი ადვილად გაიხსნა.

– მე მაინც არ მესმის, რა საერთო უნდა ჰქონდეს ამას მისტერ ჯოზეფ სტანგერსონის სიკვდილთან? – მხრები აიჩეჩა ლესტრეიდმა.

– მოთმინება, ჩემო მეგობარო, მოთმინება! ახლა დავუმატებ ცოტაოდენ რძეს, რომ მიქსტურა უფრო გემრიელი გამოვიდეს, მივცემ ჩვენს ტერიერს და დავინახავთ, რომ დიდი სიამოვნებით ალოკავს.

ძაღლმა ისე ამოსვლიპა, წვეთი არ დაუტოვებია. შერლოკ ჰოლმსის სერიოზულმა გამომეტყველებამ ჩვენზე ისე იმოქმედა, რომ ყველანი ხმაამოუღებლივ ვისხედით, შევცქეროდით ცხოველს და რაღაც განსაცვიფრებელ ეფექტს ველოდით. მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. ტერიერი ისევ ისე იწვა ბალიშზე და ღრმად სუნთქავდა,

აბი არ მოქმედებდა. ჰოლმსს სახეზე ღრმა წყენისა და იმედგაცრუების გამომეტყველება გამოესახა.

– ეს არ შეიძლება, დამთხვევა იყოს, – შესძახა ბოლოს ჰოლმსმა, ზეზე წამოვარდა და გააფთრებით მოჰყვა ოთახში წინ და უკან სიარულს, – არ შეიძლება, დავიჯეროთ, რომ ეს უბრალო დამთხვევა იყო. არ შეიძლება, რომ ჩემი მსჯელობის მთელი ჯაჭვი მცდარი აღმოჩნდეს! ეს შეუძლებელია! და მაინც, ამ უბადრუკ ძაღლს არაფერი მოუვიდა!.. ა-ა! მესმის! მესმის!

საზეიმო შეძახილით მივარდა კოლოფს, მეორე აბიც ორად გაყო, წყალში გახსნა, დაუმატა რძე და ძაღლს დაუდგა. როგორც კი უბედურმა ცხოველმა მიქსტურა მოლოკა, კიდურებში კრუნჩხვამ დაუარა, – ძაღლი უსიცოცხლოდ დაეგდო, თითქოს მეხი დაეცაო.

შერლოკ ჰოლმსმა ღრმად ამოისუნთქა და შუბლიდან ოფლი მოიწმინდა.

– ამ კოლოფში შენახული ორი აბიდან ერთი შეიცავდა სასიკვდილო შხამს, მეორე კი სრულიად უვნებელია. ეს ადრეც უნდა მცოდნოდა, ვიდრე კოლოფს ვნახავდი.

მისტერ გრეგსონმა მოთმინება დაკარგა.

– თქვენი ლაპარაკიდან ჩანს, რომ რაღაც მეტი იცით ჩვენზე, მაგრამ დადგა დრო, როცა უფლება გვაქვს, პირდაპირ გკითხოთ: რა იცით ამ საქმის? შეგიძლიათ მკვლელის დასახელება?

– უნდა გამოგიტყდეთ, რომ გრეგსონი მართალია, სერ, – შენიშნა ლესტრეიდმა, – დღეს ჩემი თანდასწრებით არაერთხელ თქვით, რომ გაქვთ ყველა საჭირო მონაცემი. ალბათ, აღარ ისურვებთ დაფარვას და გაგვანდობთ.

ჰოლმსი ყოყმანობდა. ბოლთას სცემდა ოთახში, თავი დაბლა დაეხარა და წარბები შეეკრა.

– საჭიროა დიდი სიფრთხილე, რადგან საქმე გვაქვს მოხერხებულ და თავზე ხელაღებულ ადამიანთან, რომელსაც, როგორც დავრწმუნდი, ეხმარება მეორე, მისებრ ჭკვიანი კაცი. თუ ოდნავაც კი ეჭვი აიღო, სახელს გამოიცვლის, ლონდონის ოთხმილიონიან მოსახლეობას შეერევა და თვალთაგან დაგვეკარგება. მე ახლა რამდენიმე დღით მივემგზავრები. კები უკვე გამოვიძახე. კებმენი დამეხმარება ჩემოდნების ჩატანაში.

გამაკვირვა ამ კაცმა. ისე ლაპარაკობდა, თითქოს მართლა სამგზავროდ ემზადებაო. ჩემთან რომ მუსაიფობდა, გამგზავრებაზე კრინტიც არ დაუძრავს. ოთახში პატარა ჩემოდანი იდო. ღვედი ამოიღო და მოჭერას შეუდგა. გულმოდგინედ ფუსფუსებდა ჩემოდანთან, როდესაც კებმენი შემოვიდა.

– ერთი მომეშველეთ, მოუჭირეთ ეს, კებმენ! – უთხრა კებმენს ჰოლმსმა ისე, რომ მუხლმოყრილს თავიც არ აუწევია.

კებმენი ცოტა პირქუში, უნდო სახით მივიდა და ხელი გაუწოდა, რომ მიშველებოდა. იმავე წამს ცივად გაიჟღარუნა ლითონმა და შერლოკ ჰოლმსი ისევ ზეზე წამოვარდა.

– ჯენტლმენებო, – შეჰყვირა და მოელვარე თვალები მოგვაპყრო, – ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ მისტერ ჯეფერსონ ჰოუპი, ენოქ დრებერისა და ჯოზეფ სტანგერსონის მკვლელი.

ყველაფერი ერთ წამში მოხდა. სამუდამოდ დამრჩა ხსოვნაში ის საზეიმო გამომეტყველება, ჰოლმსის სახეზე რომ აღბეჭდილიყო. შემდეგ კებმენი არაადამიანური ღრიალით დაუსხლტა ხელიდან ჰოლმსს და ფანჯრისკენ გაშმაგებით გაექანა. ჩარჩო ჩაამტვრია, მინები დაამსხვრია, მაგრამ ვიდრე გადახტებოდა, გრეგსონი, ლესტრეიდი და ჰოლმსი მწევარი ძაღლებივით დაესხნენ თავს, უკანვე ჩამოათრიეს და ოთახში საშინელი ბრძოლა დაიწყო. ისეთი ღონიერი და ისეთი მძვინვარე იყო, რომ პანტაპუნტით გვისროდა ოთხივეს აქეთ-იქით. სახე და ხელები მინის ნამსხვრევებისგან საშინლად დასერილ-დასისხლიანებული ჰქონდა და ჭრილობები ასუსტებდა მისი წინააღმდეგობის უნარს. ლესტრეიდმა მოახერხა და ხელები ყელში წაუჭირა, ჰოუპმა იკადრა და დაიჯერა, რომ წინააღმდეგობის გაწევა უსარგებლო საქმე იყო. მაგრამ ბრძოლა დამთავრებულად მხოლოდ მაშინ ჩავთვალეთ, როცა ხელ-ფეხი შევუკარით და იატაკიდან მძიმე ხვნეშით წამოვდექით.

პატიმრის გააფთრებული წინააღმდეგობა, ეტყობა, ჩვენდამი განსაკუთრებული სიძულვილით არ იყო გამოწვეული. როცა დარწმუნდა, უძლური ვარო, ჰოუპმა თავაზიანად გაიღიმა და იმედი გამოთქვა, ჩემი მიზეზით, ალბათ, არავინ დაზიანებულაო.

– ალბათ პოლიციის განყოფილებაში წამიყვანთ, – უთხრა ჰოლმსს, – ჩემი კები დაბლა დგას, ხოლო თუ ფეხებს გამიხსნით, თვითონვე ჩავალ ძირს. ჩემი აწევა, ცოტა არ იყოს, გაგიჭირდებათ.

დასასრული შემდეგ ნომერში

თარგმნა

ნინო წულუკიძემ


მსგავსი სიახლეები

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №32

8-14 აგვისტო

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 8 - 14 აგვისტო