მედიცინა

რა იწვევს თითების დეფორმაციას

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 11.04

თითების დეფორმაცია
დაკოპირებულია

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ჯანმრთელობას და მისი ცხოვრების წესს.

სახსრების ფორმის ცვლილებები უმალვე იჩენს თავს ორი მიზეზის – სახსრების თვალსაჩინო ცვლილებებისა და ტკივილის გამო, რაც თითქმის ყოველთვის ახლავს სახსრის დეფორმაციას.

„სახსრის დეფორმაცია“ გულისხმობს სახსრის ჩვეული ფორმის ცვლილებას, რაც უკავშირდება სახსარში შემავალი ძვლების ცდომას ამოვარდნილობისას, პათოლოგიური ქსოვილოვანი წანაზარდების აღმოცენებას, სხვადასხვა კრისტალური ნივთიერების ჩალაგებას სახსრის სტრუქტურებში.

სახსრების დეფორმაციის უმთავრესი მიზეზებია სახსრების ტრავმული, ანთებითი ან დისტროფიული ცვლილებები. თავად დეფორმაცია კი სახსრის ირგვლივ ქსოვილებში, ძვალსა და ხრტილში ცვლის პროცესების რთული დარღვევების შედეგია. აქ გროვდება დასახელებული სტრუქტურებისთვის უჩვეულო ნივთიერებები. სახსრების ანთებით პროცესებს თან ახლავს შეშუპება, სახსრის მოცულობის ზრდა, რასაც ემატება ძლიერი ტკივილი და სიწითლე. ხშირად სახსრების დეფორმაციას მოჰყვება სახსრის ანკილოზი – თანამოსახსრე ძვლების ერთმანეთთან შეზრდა, სახსრის ქვეამოვარდნილობა, იოგოვანი და კუნთოვანი აპარატის დაზიანება.

დეფორმირდება მტევნის, ტერფის, მუხლის სახსრები და ეს ცვლილებები დაკავშირებულია რევმატოიდულ ართრიტთან, ოსტეოართროზთან, პოდაგრასთან, სახსრების ვალგუსურ და ვარუსულ დეფორმაციასა და სხვა პათოლოგიებთან. სახსრის დეფორმაცია იშვიათად შეიძლება თანდაყოლილიც იყოს.

ხშირად პაციენტები შეცდომით პოდაგრად თვლიან ტერფის პირველი თითის დეფორმაციას და ამ დროს აღმოცენებულ სასახსრე ჩანთის ანთებას – ბურსიტს. მისი მიზეზია დიდი თითის ან ტერფის პირველი ძვლის მდებარეობის ხშირი ანომალია, ეგრეთ წოდებული, ვალგუსური დეფორმაცია. ასეთი ბურსიტის მაპროვოცირებელი ფაქტორებია ტერფის ჭარბი გადახრა შიგნითა მხარეს, მჭიდრო, წვრილცხვირიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. ეს იწვევს ტერფზე დატვირთვის არათანაბარ განაწილებას – უფრო მეტად იტვირთება ტერფის წინა ნაწილი, რაც მისი დეფორმაციით სრულდება. ტერფის პირველი თითის დეფორმაცია იშვიათად შეიძლება, ტრავმული იყოს. სასახსრე ზედაპირების არასწორ ურთიერთობას ხშირად მოჰყვება ოსტეოართროზი, ხრტილის ეროზირება, ეგზოსტოზების ანუ ძვლოვანი წანაზარდების წარმოქმნა, რაც ზღუდავს ან შეუძლებელს ხდის სახსრის მოძრაობას.

ვითარდება სინოვიტი ანუ სასახსრე გარსის ანთება, რაც სახსრის შეშუპებას იწვევს. თუ ამ დროს ტერფი განიცდის ვიწრო ფეხსაცმლის ზეწოლას, ყალიბდება დამატებითი ჩანთა, რომელიც შეიძლება, იყოს მტკივნეული, არ გამოირიცხება, მისმა ზომამ მოიმატოს და ანთებაც განვითარდეს.

სახსრის ან სახსრების დეფორმაცია არის სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი გამოვლინება, ანუ სიმპტომი და არა თავად დაავადება. შესაბამისად, უნდა ვუმკურნალოთ დეფორმაციის გამომწვევ დაავადებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი