მედიცინა

რა იწვევს ღამე ფეხის გაკავებას და განასკვას და რა არის გამოსავალი

№2

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 20.01, 2022 წელი

ფეხის გაკავება
დაკოპირებულია

ღამის კრუნჩხვა – ფეხის გაკავება უსიამოვნო, უეცარი მოვლენაა, რომელსაც თან ახლავს კანჭის კუნთების მიდამოს ძლიერი ტკივილი.

კუნთის სპაზმის განვითარების მიზეზი ბევრია. ღამით ფეხის გაკავება შესაძლოა, იყოს ერთჯერადი ან ჰქონდეს ქრონიკული ხასიათი. პირველ შემთხვევაში კუნთის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დროს უხერხულმა პოზამ, გადაციებამ ან ძლიერმა დაღლილობამ. პერიოდული კრუნჩხვები ხშირად დაავადების დაწყებაზე მიუთითებს.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება, იყოს ფეხის დახურული ტრავმა, ვარიკოზი, ნევროლოგიური დაავადებები, ანთებითი პროცესები, ასევე, თან ახლავს შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიას.

ღამით ფეხის გაკავება შეიძლება ორგანიზმში მაგნიუმის უკმარისობამ გამოიწვიოს. დეფიციტი შესაძლოა, განვითარდეს ორსულობის, ხანგრძლივი სტრესის, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის მიღების ან ცილოვანი დიეტის დროს.

საჭიროა რაციონის გამდიდრება ქონდრით, ოხრახუშით, კამით, რეჰანით. 100 გრამი მწვანილი შეიცავს დაახლოებით 700 მილიგრამ მაგნიუმს, რაც ორმაგი დღეღამური დოზაა. მაგნიუმით მდიდარია ავოკადო, ლობიო, ბარდა. 100 გრამ შავ შოკოლადში 200 მილიგრამი მაგნიუმია. მაგნიუმის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმს დაეხმაროს კალციუმის ათვისებაში, ამიტომ ამ უკმარისობის შევსება საჭიროა ერთდროულად კალციუმის პრეპარატების მიღებით. მაგნიუმი ასევე მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აქვეითებს არტერიულ წნევას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან კენჭების გამოყოფას.

როცა ფეხი გიკავდებათ რეკომენდებულია დადგეთ იმ ფეხის ქუსლზე, რომელშიც აღინიშნება ტკივილი. ხელებით დაიმასაჟეთ დაჭიმული კუნთი. თუ კრუნჩხვის გავლის შემდეგ კუნთში ტკივილი დარჩა, საჭიროა ელასტიური ბინტით ფეხის შეხვევა ტერფიდან მუხლამდე.

კვების რაციონის შერჩევის, კალციუმისა და მაგნიუმის შემცველი პრეპარატების მიღების გარდა, დაგეხმარებათ დილის ვარჯიში, კონტრასტული აბაზანები, მასაჟი, ძილის დროს შალის წინდების ჩაცმა. თუ თქვენი სამუშაო დღე დაკავშირებულია ფეხზე დგომასთან, ღამის კრუნჩხვა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დასაწყისის მომასწავლებელია. ფეხების მომატებული დაღლილობისას და ღამის კრუნჩხვისას, ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ხარისხს, ქალბატონებმა მაქსიმალურად უნდა შეზღუდონ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ტარება.

რაც შეეხება ფეხის განასკვას ძილის დროს, ამ ჩივილის მიზეზი სისხლის თვისებების ცვლილებების გარდა (მისი სიბლანტის მომატება), შესაძლოა, იყოს გადაჭარბებული (ან ზომიერიც) კუნთოვანი გადაღლა.

ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის გადაცივება, მაგალითად, ცივ წყალში ბანაობა ან გარემოს დაბალი ტემპერატურა. კუნთოვანი სპაზმი შესაძლოა, განვითარდეს უხერხულ პოზაში დიდხანს ყოფნის დროსაც.

ფეხის ქსოვილებში ნერვკუნთოვანი აგზნებადობის მომატებას კალციუმის იონების ნაკლებობაც იწვევს. თავდაპირველად ვითარდება კუნთოვანი სისუსტე, დაღლილობა. დროთა განმავლობაში ეს სიმპტომები გადაიზრდება კუნთოვან ტოკვაში, ფეხის კრუნჩხვასა და ტერფის სპაზმში. ვარიკოზული დაავადებისთვის დამახასიათებელია კრუნჩხვების განვითარება ღამით, ძილის დროს. ზოგჯერ ფეხის კუნთების სპონტანური კრუნჩხვები ორგანიზმის რომელიმე ფარული დაავადების მანიშნებელია.

კრუნჩხვის პროვოცირება შესაძლოა, ბრტყელტერფიანობამაც მოახდინოს. ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ფეხის კუნთების კრუნჩხვები, წესისამებრ, გაივლის.

კრუნჩხვის მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი ნივთიერების, მაგალითად ნიკოტინისა და კოფეინის ჭარბი გამოყენებაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

29 აპრილი - 5 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი