ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 02.01, 2022 წელი
კითხვა: ქირურგიული ჩარევის გარდა არსებობს თუ არა რაიმე საშუალება ლაქტაციის შემდეგ მოშვებული მკერდის აღსადგენად? მაგალითად, რაიმე ვიტამინი ან პროცედურა.
პასუხი: შეასრულეთ ვარჯიშები ჰანტელებით, რაც ხელს უწყობს მკერდის კუნთების გაძლიერებას. თუმცა, რეალური შედეგის მიღება მხოლოდ პლასტიკური ქირურგიით არის შესაძლებელი.
კითხვა: შეიძლება, ქოლესტერინი იყოს მაღალი და სისხლი სქელი არ იყოს?
პასუხი: ჰიპერქოლესტერინემია და ჰიპერკოაგულაცია ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პათოლოგიაა. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ჰიპერქოლესტერინემიის დროს შესაძლოა, დაინიშნოს, ეგრეთ წოდებული, სისხლის გამათხელებლები. ჰიპერქოლესტერინემია ხელს უწყობს სისხლძარღვებში ქოლესტერინული ფოლაქების წარმოქმნას. ფოლაქები, გარდა იმის რომ ავიწროებენ სისხლძარღვის სანათურს, აქვთ უფრო სახიფათო პოტენციალიც – მათი ზედაპირი მიდრეკილია დაზიანებისკენ და თუ ეს მოხდა, ადგილობრივად წარმოიქმნება თრომბი, რომელიც მთლიანად ან მნიშვნელოვნად ამცირებს კონკრეტული ორგანოსთვის სისხლის მიწოდებას. სწორედ ამ დროს ხდება ინფარქტი, ინსულტი. შესაბამისად, ამ პათოლოგიების პირველადი ან მეორეული პრევენციისთვის ინიშნება, ეგრეთ წოდებული, სისხლის გამათხელებლები მაშინაც კი, როდესაც ჰიპერკოაგულაცია არ აღინიშნება.
კითხვა: რა იწვევს თავის კანის ტკივილს? ხელის შეხების დროს და ისედაც მტკივა ხოლმე. ცხიმიანი თმა არ მაქვს. რამე საშიში ხომ არ არის და როგორ მოვიქცე?
პასუხი: თმის ძირების ტკივილის მიზეზი შეიძლება, იყოს ვარცხნილობა (გადაჭიმული, მოჭერილი თმა), კანის სიმშრალე ან ცხიმიანობა, ენდოკრინული დარღვევები, სისხლძარღვოვანი დაავადებები – როცა თმის ბოლქვის ნორმალური სისხლმომარაგება ირღვევა, თავის კანისა და თმიანი საფარველის ინფექციები, ასევე, ზოგიერთი კოსმეტიკური საშუალება, ამიტომ გირჩევთ კონკრეტული მიზეზის დასადგენად ტრიქოლოგს მიმართოთ. ტრიქოლოგი არის ექიმი, რომელიც ახდენს თმისა და თავის კანის დაავადებათა კვალიფიციურ დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და პროფილაქტიკას.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





