მედიცინა

ექიმის რჩევები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 04.04, 2021 წელი

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: მაინტერესებს, რამდენ ხანს გამოჩნდება დინამიკურ ანალიზზე „სამხარაულში“ მეტადონი და სუბოქსინი, ხშირად არ ვიღებდი.

პასუხი: სისხლისა და თმის ანალიზში ნარკოტიკის აღმოჩენა შესაძლებელია მისი მიღებიდან 4 თვის განმავლობაში, თუმცა დინამიკური ტესტი ტარდება შარდზე – ერთი კვირის განმავლობაში ტესტს იღებენ 3-ჯერ; გარკვეული შუალედებით და არცერთში არ უნდა გამოჩნდეს ნარკოტიკული ნივთიერება. თქვენ მიერ მითითებული პრეპარატების მიღებიდან, საიმედოობისთვის, 9 დღე მაინც უნდა იყოს გასული. ყველაზე დიდხანს შარდში ჩანს მარიხუანა – დაახლოებით, 4 კვირამდე, ხოლო თუ ადამიანი ხშირად მოიხმარს – 4 თვემდეც კი.

კითხვა: მარჯვენა ფერდქვეშ მაქვს ტკივილი; მაწუხებს გულძმარვა, მუცლის შებერილობა, დილაობით კი ენაზე თეთრი ნადები მაქვს, პირის ღრუში კი – სუნი. რის ბრალი შეიძლება იყოს? გამოვიკვლიე და მითხრეს, არც ნაღვლის ბუშტის ანთება გაქვს და არც კენჭებიო.

პასუხი: ნაღვლის ბუშტის გამოკვლევა არ არის საკმარისი, კუჭ-ნაწლავის პრობლემების დროს გასტროენტეროლოგს უნდა მიმართოთ, რადგან, შესაძლოა, ასეთი ჩივილების მიზეზი სულ სხვა იყოს, მაგალითად, გასტრიტი, წყლულოვანი პათოლოგია, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის რაიმე პათოლოგია.

კითხვა: შარშან, დეკემბერში დიარეა დამეწყო და ერთი თვის განმავლობაში გამიგრძელდა. გამოკვლევები რომ გავიკეთე, ყველაფერი ნორმის ფარგლებში მქონდა. წელსაც იგივე განმეორდა. რა შეიძლება, იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს როგორც ვირუსული ინფექციით, ასევე რომელიმე ტიპის საკვებით, ან საკვებთა კომბინაციით, რომელსაც წელიწადის იმ დროს იღებთ.

კითხვა: გამოიყენება თუ არა ლორაფენი, როგორც საძილე საშუალება და ახასიათებს თუ არა მიჩვევა? მირჩიეს, ძილის წინ ნახევარი ან 1 აბი დავლიო.

პასუხი: ლორაფენის მიღების ჩვენებაა: სხვადასხვა წარმოშობის შიშები, განსაკუთრებით ორგანული ნევროზების ფონზე (სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები), ძილის დარღვევები, რომელიც გამოწვეულია გამოხატული შფოთვის მდგომარეობით. ხანგრძლივად გამოყენებამ, ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინებისა, შეიძლება, გამოიწვიოს წამლისმიერი დამოკიდებულება და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში – მოხსნის სინდრომის განვითარება (შეუძლოდ ყოფნა, ფსიქომოტორული აგზნება, მომატებული გაღიზიანებადობა, გამოხატული შფოთვა, უძილობა და ცუდი განწყობა).

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი მაია ნუცუბიძე

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა