ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 29.09
კითხვა: ისეთი D ვიტამინი არსებობს, რომელიც სისხლს არ ასქელებს და ვისაც ქოლესტერინი მაღალი აქვს მდგომარეობას არ გაურთულებს?
პასუხი: D ვიტამინი პირდაპირ გავლენას არ ახდენს სისხლის შედედებაზე. მხოლოდ დანიშნულების გარეშე და ჭარბი დოზით ხანგრძლივად მიღება გამოიწვევს არასასურველ გვერდით რეაქციებს. რაც უფრო დაბალია ორგანიზმში D ვიტამინის კონცენტრაცია, მით მეტია ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენის შანსი. ასე რომ, თუკი არის შესაბამისი ჩვენება, D ვიტამინი ექიმმა უნდა დაგინიშნოთ.
კითხვა: მაინტერესებს დიაბეტური კეტოაციდოზი მკურნალობას როგორ ექვემდებარება? გუშინ უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს პაციენტი. რომელ სპეციალისტს შეუძლია ამ დიაგნოზის პაციენტის მკურნალობა?
პასუხი: კეტოაციდოზის სტადიიდან გამომდინარე (სამი სტადიაა) პაციენტი თავსდება თერაპიულ-ენდოკრინოლოგიურ ან რეანიმაციულ განყოფილებაში. გამოვლენილი კლინიკური ნიშნების შესაბამისად, პაციენტის მდგომარეობას მონიტორინგს უწევს ექიმი ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, რეანიმატოლოგი.
კითხვა: ძალიან მაწუხებს მხრის ტკივილი, გადავიღე რენტგენი და აღმომაჩნდა ძვლოვანი წანაზარდი, ოსტეოფიტი. რომელ სპეციალისტს უნდა მივმართოთ, ან მკურნალობის რა ფორმაა საჭირო?
პასუხი: ოსტეოფიტების მკურნალობის ორი გზაა: კონსერვატიული (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები, ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ) და ქირურგიული – როცა ტკივილის მართვა მედიკამენტებით არ ხერხდება და მოძრაობა იზღუდება. მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის მიმართეთ ორთოპედ-ტრავმატოლოგს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან