მედიცინა

ექიმის რჩევები

№13

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 07.04

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემს სამი წლის გოგონას აქვს თეთრი, ცოტა სუნიანი გამონადენი. რა შეიძლება, იყოს მიზეზი და რისი ანალიზი გავაკეთო? ჰიგიენას ყოველთვის ვიცავთ.

პასუხი: სასქესო ორგანოდან პათოლოგიური გამონადენის მიზეზის დასადგენად აუცილებელია ბავშვთა გინეკოლოგთან ვიზიტი. პარალელურად, გაითვალისწინეთ, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს საკუთარი საპონი, ღრუბელი, პირსახოცი. ბავშვის თეთრეული და ტანსაცმელი საერთო სარეცხთან ერთად არ გარეცხოთ. მით უმეტეს, დაუშვებელია მათი რეცხვა უფროსების საცვლებთან ერთად. ჩასაბანად მხოლოდ გამდინარე წყალი გამოიყენეთ. ჩაბანა ხდება მუცლის ქვემო ნაწილიდან, წინიდან უკანა ტანისკენ. საპირისპირო მიმართულებით ჩაბანისას ადვილად ხდება განავლოვანი მასებით საშოს ინფიცირება. ერთი წლიდან სქესობრივ მომწიფებამდე (მენსტრუაციის დაწყებამდე) ინტიმური ჰიგიენისთვის შეიძლება, გამოიყენოთ მხოლოდ ბავშვის ან სპეციალური ჰიგიენური საპონი, რომელიც გოგონებისთვის არის განკუთვნილი. ბოლოს კარგად შეამშრალეთ.

კითხვა: ჩემს 10 წლის ბიჭს ზურგზე ორ ადგილას, ეგრეთ წოდებული, ფერიჭამია აქვს, რომელიც კანით არის დაფარული. თითს რომ გადავუსვამ იგრძნობა, მაგრამ ამოსვლის საშუალება არ აქვს. რამე პროცედურა სჭირდება? თუ დავანებო თავი და დროთა განმავლობაში თავისით ამოვა?

პასუხი: შესაძლოა, კანის ვირუსული დაავადება – კონტაგიოზური მოლუსკია, ხშირად გვხვდება ბავშვებში. მოშორება ხდება ექიმი-სპეციალისტის მიერ ქირურგიული პინცეტით ან ელექტროკოაგულაციით და შემდეგ ეს ადგილი იოდის სპირტხსნარით უნდა დამუშავდეს. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დერმატოლოგთან ვიზიტია აუცილებელი.

კითხვა: კეფაზე კანქვეშ მაქვს სულ პატარა, მრგვალი ბურთულასავით, რომელიც ძვალივითაა და არ მოძრაობს, არც იზრდება და არც მტკივა. რა შეიძლება იყოს? აუცილებელია ექიმთან მისვლა?

პასუხი: შესაძლოა, წარმონაქმნი ათერომაა – ცხიმის გამომყოფი ჯირკვლების სადინარების დახშობის შედეგად განვითარებული. დიაგნოზის დაზუსტებისთვის მიმართეთ ქირურგს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი