ბელადები

რატომ ააშენებინა ლავრენტი ბერიამ მთაწმინდაზე საიდუმლო ბუნკერი

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 10.10, 2021 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა კავშირის მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი იყო, მას არასოდეს ავიწყდებოდა თავისი ნამდვილი სამშობლო და საქართველოსთვის იმაზე მეტს აკეთებდა, ვიდრე ეს ნებადართული იყო. ისტორიკოსი ავრორა რონინსონი: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ ასაკში მიაღწია უდიდეს კარიერულ წინსვლას და ეს მხოლოდ და მხოლოდ ამ ადამიანის განსაკუთრებული ნიჭის წყალობით მოხდა. ბერიაზე მრავალი ინსინუაცია წამიკითხავს და მომისმენია და მავანთაგან განსხვავებით, არასოდეს მჯეროდა ამ ტყუილების. მას მერე კი, როდესაც ისტორიულ კვლევებს მოვკიდე ხელი და ჩემთვის ადრე დახშული არქივების კარი გაიღო, უკვე აბსოლუტურად დავრწმუნდი, თუ რა ბინძური ანტიბერიული კამპანია იყო გაჩაღებული ამ გენიალური, ნამდვილად პატრიოტი ქართველი ადამიანის წინააღმდეგ. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, როდესაც მართალ ადამიანს ცილს სწამებ, მაგრამ ასმაგად საწყენია და გულდასაწყვეტი, რომ ტალახს შენი თანამემამულე გესვრის, ზოგადად, იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისთვისაც არაერთხელ გაგიწირავს თავი. ბერიას პატრიოტიზმზე ბევრი მისი საქმე მეტყველებს. ერთ-ერთი ასეთი საქმეთაგანია ქართველების ეროვნული სიმდიდრის დაცვის გრანდიოზული ოპერაცია...“

პროფესორი რონინსონი გულისხმობს 1939 წელს საქართველოს კუთვნილი განძის გადარჩენის ღონისძიებას, რომელიც ბერიას ძალისხმევით განხორციელდა. მოგვითხრობს სერგო ბერია (ლავრენტი ბერიას ვაჟი): „მამა 1938 წლის დეკემბერში ჯერ საკავშირო „ენკავედეს“ უფროსის (ეჟოვის) მოადგილე გახდა, შემდეგ კი უფროსის პოსტი დაიკავა. ამის გამო მთელი ოჯახი მოსკოვში გადავსახლდით. მამას საქართველოს დატოვება არ უნდოდა. ამბობდა, ძალიან ბევრი საქმე დამრჩა გასაკეთებელიო, მაგრამ ის სტალინს მოსკოვში სჭირდებოდა და უარის თქმა გამორიცხული იყო.

ასე იყო თუ ისე, მამა მაშინვე მუშაობაში „გადაეშვა“. სამუშაო კი „ენკავედეში“ დაძაბული და ამასთან, ძალიან ბევრი იყო. ზოგჯერ ისე გადაებმებოდა ხოლმე დღეები, მამა სულ სამსახურში იყო და სახლში ვერ მოდიოდა. მუშაობდა და მუშაობდა, თუმცა, წამითაც არ ავიწყდებოდა საქართველო და თითქმის ყოველდღე ურეკავდა თავის შემცვლელ კანდიდ ჩარკვიანს და მისგან დაწვრილებით ანგარიშს იღებდა საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. მამას ისეთი პოსტი ეკავა, რომ უახლესი საერთაშორისო ამბების საქმის კურსში იყო. მას არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ უახლოეს პერიოდში ფაშისტური გერმანია თავს დაგვესხმებოდა და ძალიან მძიმე ომი მოგვიწევდა. ერთ დღეს (ეს უკვე წლების მერე შევიტყვე) მამა თბილისში გაფრინდა და კანდიდ ჩარკვიანს პირისპირ ესაუბრა. ამის მერე კი მთაწმინდაზე უზარმაზარი საიდუმლო ბუნკერის მშენებლობა დაიწყო. იმ წლებში მთაწმინდა ნაკლებად დასახლებული ადგილი იყო. პერიმეტრი სამხედროებს ჰქონდათ გადაკეტილი და გვირაბმშენებლობის უმაღლესი დონის სპეციალისტები მუშაობაში დღეს და ღამეს ასწორებდნენ. 1939 წლის სექტემბრისთვის მშენებლობა დასრულდა.“

მთაწმინდის ფერდობზე უზარმაზარ საიდუმლო ბუნკერ-გამოქვაბულში, ბერიას განკარგულებით, შეზიდეს ყველაფერი ძვირფასი, რაც კი იმ პერიოდში საქართველოს ჰქონდა. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი სამუზეუმო ექსპონატები, ძვირფასი ქვები და ლითონები თუ სხვა რამ. ამ ბუნკერის შესასვლელი ისე ოსტატურად იყო შენიღბული, რომ მისი მიგნება შეუძლებელი იყო. ასეთი ნაბიჯი კი ბერიამ იმიტომ გადადგა, რომ ფაშისტების სავარაუდო შემოსვლის შემთხვევაში მათ ეს სიმდიდრე ხელში არ ჩავარდნოდათ. ამ ბუნკერის მშენებლობაზე ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა, რომელიც მოსკოვიდან „მოიხსნა“, მაგრამ, როგორც თავად ბერია ამბობდა: „ჩიტი ბდღვნად ნამდვილად ღირდა“. ბერიას, რა თქმა უნდა, შეეძლო, ეს სიმდიდრე ურალს იქით გაეზიდა, სადაც ბევრად უფრო შორს იქნებოდა ფაშისტებისგან. თუმცა წინდახედულმა ბერიამ ივარაუდა, რომ შესაძლოა, ამ სიმდიდრის უკან დაბრუნება ვეღარ მოხერხებულიყო და მისი ამ ფორმით თბილისში დატოვება ამჯობინა. ომის შემდეგ, განძი „ენკავედეს“ სპეციალურმა კომისიამ უკლებლივ კუთვნილ ადგილებს დაუბრუნა. შემდგომ კი ბუნკერის შესასვლელი მცირე მუხტებით ისე ააფეთქეს, რომ ჩახერგეს და იქ შესვლა შეუძლებელი გახდა. სავარაუდოდ, იმ ადგილზე დღესდღეობით ტყეა და უკვე ისეა ბუნებრივად შენიღბული, რომ მისი მიგნება ურთულესი საქმეა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №19

6-12 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი