ბელადები

რა სპეცოპერაცია ჩაატარა ბერიამ სტალინისა და ეჟოვისგან დამოუკიდებლად

№51

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 27.12, 2020 წელი

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

არავის შეუძლია უარყოს, რომ ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ საბჭოთა კავშირში (ძირითადად, რუსეთში) ქვეყნისთვის საჭირო ყველაზე მეტი უდიდესი პროექტი განახორციელა (რა თქმა უნდა, სტალინის შემდეგ). ამასთან, ლავრენტი პავლეს ძე იყო ის ადამიანი, ვინც რამდენიმე გრანდიოზული პროექტი იმის გამო ჩაშალა, რომ ისინი ბერიამ საქართველოსთვის არასასიკეთოდ მიიჩნია. ერთ-ერთი ასეთი ჩაშლილი პროექტი იყო ტრანსკავკასიური გვირაბის გაჭრა, რომელიც მოგვიანებით მაინც განხორციელდა და ის „როკის გვირაბის“ სახელითაა ცნობილი... 

ისტორიის დოქტორი ვსევოლოდ კაზანცევი წერს: „სისასტიკისა და შურისმაძიებლობის მიუხედავად, ლავრენტი ბერიას ვერ დავუკარგავთ, რომ ის იყო ერთი მხრივ, განათლებული ადამიანი, მეორე მხრივ კი – თავისი სამშობლოს დიდი პატრიოტი. სამშობლოდ, ერთადერთ მშობლიურ კერად, მას საქართველო მიაჩნდა და მის სასიკეთოდ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ბევრ სიკეთეს აკეთებდა... ზოგჯერ ეს სიკეთე მავანისთვის ტრაგიკულად მთავრდებოდა და ტრაგედიის ავტორიც ბერია იყო. თუმცა ხშირად დამნაშავე თავად „დაზარალებული“ იყო. ლავრენტი პავლეს ძე კი ამას აკეთებდა უმაღლესი ინტერესებისთვის და ამ ინტერესს საქართველო ერქვა...“

ბერიას ვაჟი, სერგო ლავრენტის ძე ბერია იხსენებდა: „მე არ ვიტყვი, რომ მამაჩემს სისხლი არ დაუღვრია, მაგრამ ეს დაღვრილი სისხლი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარეობდა და გამართლებული იყო. მეტიც, ეს სისხლი რომ არ დაღვრილიყო, მაშინ ქართველი ერი უნდა დაზარალებულიყო. მამაჩემი კი ყოველთვის ცდილობდა ასეთი მსხვერპლის თავიდან აცილებას და უმეტეს შემთხვევაში გამოსდიოდა კიდეც. ჩემი სიტყვების ნათელი მაგალითია, ეგრეთ წოდებული, „როკის გვირაბის“ ისტორია, რომელსაც დღესდღეობით (ლაპარაკია 1994 წელზე) ზოგიერთი ოსი დეპუტატი „რუტენის გვირაბს“ უწოდებს და სავსებით სერიოზულად მოითხოვს, რომ ამ გვირაბის ორივე თავში რუტენ გაგლოევის ბიუსტი დაიდგას, ხოლო თავად რუტენ გაგლოევი კი ბერიას რეპრესიების მსხვერპლად გამოცხადდეს და მისი რეაბილიტაცია მოხდეს, რასაც რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ჩემი აზრით, სრულიად სამართლიანადაც“.
ანდრეი (რუტენ) ნესტორის ძე გაგლოევი საკმაოდ კარგი ინჟინერი იყო და ჰესებს აშენებდა. ის საქართველოში, ჯავის რაიონის სოფელ ვანელში დაიბადა 1888 წელს. წარმომავლობით გლეხი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო. თუმცა, ქართველებს ვერ იტანდა და პირველივე ხელსაყრელი შემთხვევისას ცდილობდა, საქართველოსთვის ზიანი მოეტანა. 1920 წელს გაგლოევი მოსკოვში იმყოფებოდა და იმდენი მოახერხა, რომ ლენინს კავკასიონში გვირაბის გაჭრის თაობაზე პროექტი წარუდგინა, რომელიც რუსეთს უმოკლესი გზით დააკავშირებდა საქართველოსთან. ლენინმა კი, რომელიც სულ მალე საქართველოს დაპყრობას აპირებდა, გაგლოევს მოცდა ურჩია. მისი პროექტი საკავშირო საპროექტო უწყებას გადასცეს და ინჟინერს „ილიჩმა“ (ლენინმა) უთხრა, რომ აუცილებლად გამოიძახებდა. შემდგომი მოვლენები კი ასე განვითარდა – საკავშირო „ჩეკამ“ ნაციონალისტ-მავნებელთა ჯგუფი დააპატიმრა. მათ შორის იყო რუტენ გაგლოევიც და მას „გულაგში“ მუშაობა მიესაჯა. თუმცა, გაგლოევმა გაქცევა მოახერხა. ის ჯერ ესტონეთში ჩავიდა, შემდგომ კი – პოლონეთში და იქ განაგრძობდა საქმიანობას – რამდენიმე ქვეყნის დაზვერვაზე მუშაობდა. პარალელურად კი, მეამბოხეთა ჯგუფების ფორმირებაში იღებდა მონაწილეობას. გაგლოევის მოვალეობა იყო საბჭოეთში დივერსიული აქტების განხორციელება, კერძოდ კი, საქართველოში...

1933 წელს საკავშირო თავდაცვითი გეგმის ფორმირება ხდებოდა. სტალინს სპეციალურმა საბჭომ წარუდგინა პროექტი. მასში ჩართული იყო გვირაბის გაჭრის გეგმაც, რომელიც რუტენ გაგლოევის მიერ იყო შემუშავებული. ბერია, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკების პირველი პირები, აქტიურად მონაწილეობდა ამ პროექტის შემუშავებაში და სწორედ მისი (ბერიას) ძალისხმევით ამოიღეს გვირაბის გაჭრის გეგმა ამ პროექტიდან...

სერგო ბერია იხსენებდა: „მამაჩემი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა ამ გვირაბის მშენებლობას. მართალია, მამა ამის შესახებ ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, მაგრამ მიაჩნდა, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გვირაბი მავნებლობა იქნებოდა საქართველოსთვის. მამამ ისიც კარგად იცოდა, რომ ამ იდეის ავტორი, ციხიდან გაქცეული გაგლოევი ხალხის მტერი იყო. ამიტომ, მამამ, ერთი მხრივ, ძალიან კომპეტენტურ მეცნიერებს დააწერინა დასკვნა, რომ ამ გვირაბის გაჭრა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევდა, მეორე მხრივ, კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტს, სერგო გოგლიძეს საიდუმლოდ დაავალა გაგლოევის მოხელთება.“
ბერიას ნაბიჯი, რომელიც გაგლოევის მოსახელთებლად გადაიდგა, უდიდეს რისკს შეიცავდა თავად ბერიასთვის. საქმე კი ის იყო, რომ ბერიამ საქართველოს უშიშროებას, საკავშიროსგან დამოუკიდებლად, და რაც მთავარია, მასთან შეუთანხმებლად ჩაატარებინა ოპერაცია საზღვარგარეთ. ქართველმა მზვერავებმა იმდენი მოახერხეს, რომ გაგლოევი პოლონეთიდან საქართველოში დივერსიისთვის გამოგზავნეს. აქ კი რუტენ გაგლოევს ერთხანს უთვალთვალებდნენ და სამხილებს აგროვებდნენ, შემდგომ კი ის დააპატიმრეს, გაასამართლეს და 1937 წლის 11 ოქტომბერს დახვრიტეს კიდეც... ბერიამ ყოველივე ეს ისე შეასრულა, რომ არც სტალინი ჩააყენა საქმის კურსში და არც ნიკოლაი ეჟოვი, რომელიც საკავშირო უშიშროების ხელმძღვანელი იყო... ამგვარად, ეს მავნებლური პროექტი, ბერიას წყალობით, თითქმის 40 წლით გადაიდო. თუმცა 1975 წელს მაინც დაიწყო მისი მშენებლობა და გვირაბი 1986 წელს გაიხსნა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი