ბელადები

როგორ გეგმავდა ბერია ძირძველი ქართული შავიზღვისპირეთის დაბრუნებას

№47

ავტორი: ნიკა ლაშაური 16:06 23.11, 2020 წელი

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია რომ ძალიან მოხერხებული და საქმიანი ადამიანი იყო, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ხშირად ის ამ თვისებებს პლუს განუსაზღვრელ ძალაუფლებას (განსაკუთრებით სტალინის გარდაცვალების შემდეგ) თავისი სამშობლოს ინტერესებს ახმარდა და საქართველოს საკეთილდღეოდ იყენებდა... ისტორიის დოქტორი ანტონ ფესენკოვიჩი წერს: „ლავრენტი ბერიამ საქართველოსთვის ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა და ეს ჩამორჩენილი, პერიფერიული ქვეყანა საბჭოეთში მოწინავედ გადააქცია. თუმცა, თავად ბერია მიიჩნევდა, რომ ეს ზღვაში წვეთი იყო და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას აპირებდა. ლავრენტი პავლეს ძეს განზრახული ჰქონდა, რომ საქართველოს შავიზღვისპირეთი მნიშვნელოვნად გაეფართოებინა და ეს ტერიტორია ტუაფსემდე გაეზარდა.“ სერგო ბერია იხსენებდა: „მამა ნამდვილი ქართველი პატრიოტი იყო და თავის სამშობლოზე დიდად შესტკიოდა გული. ჯერ კიდევ საქართველოს მეთაურობისას დაიწყო გრანდიოზული პროექტი, რომლის მიზანი იყო რესპუბლიკის აყვავება და რვა წელიწადში საქართველო საბჭოთა კავშირის ნომერ პირველ ქვეყნად გადააქცია. გაიზარდა საქართველოს ბიუჯეტი და ის ერთადერთი რესპუბლიკა იყო მთელ კავშირში, რომელსაც საკუთარი სავალუტო ანგარიში ჰქონდა. სხვა დანარჩენ რესპუბლიკებს კი (თვით რუსეთსა და უკრაინას) ვალუტის მოსაპოვებლად ცენტრის ნებართვა და გადარიცხვა სჭირდებოდათ. საქართველო კი თავისი შეხედულებისამებრ ხარჯავდა საკუთარ სავალუტო სახსრებს, რაც (ვალუტა) საკმაოდ ბევრიც იყო საქართველოს ბანკში. ვალუტას კი, ძირითადად, ქართული ჩაის, ციტრუსების, მინერალური წყლის, მარგანეცისა და ქვანახშირის ექსპორტით შოულობდა. მამა სტალინთან ჯერ კიდევ არ იყო კარგად დაახლოებული, როდესაც მას კრემლში შეხვდა, კარგა ხანს ესაუბრა და დაარწმუნა იმაში, რომ ბევრად უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რესპუბლიკას საკუთარი სავალუტო ანგარიში ჰქონოდა და სავაჭრო კავშირ-ურთიერთობებს უშუალოდ დაამყარებდა თავის პარტნიორებთან. ასე უფრო მჭიდრო და სწრაფი ურთიერთობები გაიშლებოდა და ასეთი ვარიანტი ბევრად მომგებიანი იქნებოდა. სტალინი დათანხმდა ამას და მამა მხოლოდ იმ პროცენტს რიცხავდა საკავშირო ბიუჯეტში მანეთებითა და ვალუტით, რაც კვოტებით იყო დადგენილი...“
სტალინის თანხმობის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბერიამ ბელადს წინ დაუდო გამზადებული საჯაშუშო სქემა, რომლის მიხედვით, საქართველოს მხრიდან ყველა დამოუკიდებელი კავშირ-ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან, ვაჭრობასთან ერთად, სადაზვერვო საქმიანობასაც მოიცავდა. ეს კი მომავალი დიდი ომის წინ სასიცოცხლოდ აუცილებელი რამ იყო. ამგვარად, მთელი დასავლეთ და აღმოსავლეთევროპული საბჭოთა სადაზვერვო რეზიდენტურა ქართველი ეროვნების, კარგად მომზადებული მზვერავებით იყო სავსე და რომ იტყვიან, „პარადი იქ ქართველებს მიჰყავდათ“... სერგო ბერია: „მამას ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში ჰქონდა მომზადებული ძალიან ეშმაკური გეგმა საქართველოსთვის შავიზღვისპირეთის ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე. ამ გეგმის მიხედვით, საბჭოთა კავშირისთვის ეკონომიკურად ბევრად უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუკი საქართველოს შავიზღვისპირეთი ლესელიძიდან ტუაფსემდე გადაიჭიმებოდა. ამ გეგმის მიხედვით, ტუაფსემდე უნდა გადატანილიყო სასაათო სარტყელიც და იქ და მთელ ტერიტორიაზე მოსკოვის დროიდან თბილისის დროზე უნდა გადასულიყვნენ, ანუ ერთი საათით წინ.“
ლავრენტი ბერიას ყველაფერი ამ გეგმაში ეკონომიკური კუთხით ჰქონდა გაწერილი და დამტკიცებული. მთავარი კი, რა თქმა უნდა, ამ ტერიტორიის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება იყო. მაგრამ ესეც არ იყო საბოლოო ვარიანტი. ამ გეგმაში თეთრზე შავით ეწერა, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში გრანდიოზული მშენებლობები უნდა განხორციელებულიყო. განსაზღვრული იყო საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ძირითადად, საზღვაო პროდუქტების გადამამუშავებელი წარმოების ჩამოყალიბება. ბერია გეგმავდა, რომ მთელი ამ გრანდიოზული სამუშაოების 80 პროცენტს ქართველები შეასრულებდნენ. ეს კი ამ ძირძველ ქართულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის დაბრუნებას ნიშნავდა. ბერიას ყველაფერი ეს დოკუმენტურად ჰქონდა გაწერილი და მინისტრთა საბჭოში შეტანილი. ეს გეგმა დამტკიცდებოდა კიდეც, მაგრამ ბერია მოკლეს, მინისტრთა საბჭოდან კი ეს დოკუმენტი გააქრეს და რა თქმა უნდა, ყვეკლაფერი ძველებურად დარჩა. მეტიც, ანასტას მიქოიანმა ნაწილობრივ ისარგებლა ამ იდეით. მან ნიკიტა ხრუშჩოვს ათასობით სომეხი ეროვნების ადამიანი ჩაასახლებინა შავიზღვისპირეთში, რომლებიც იქ გამრავლდნენ. ამგვარად, ძირძველი ქართული, ისტორიული ტერიტორიის ტუაფსემდე (ნიკოფსიამდე) ქართველებით დასახლება არ განხორციელდა. ბერიას კი ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ულტრანაციონალიზმის იარლიყთან ერთად რუსეთისთვის ტერიტორიის ჩამოჭრის ბრალდება წაუყენეს და არავის უთქვამს, რომ სინამდვილეში ეს ტერიტორია ძირძველი ქართული მიწა იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი