ბელადები

რა გეგმა შეიმუშავა ბერიამ იმ შემთხვევისთვის, თუ ჰიტლერი მოსკოვში შევიდოდა

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 03.01, 2021 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას რომ დიდი დამსახურება აქვს საბჭოთა ქვეყნის წინაშე, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. არც ბერიას ომისდროინდელი მიღწევებია ვინმესთვის საიდუმლო, თუმცა, ალბათ, ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ უდიდესი წვლილი იმაში, რომ მოსკოვი ფაშისტებს არ დაუტოვეს, სწორედ ბერიას მიუძღვის და როდესაც საბჭოთა კავშირის დედაქალაქი საევაკუაციოდ იყო გამზადებული, ბოლო მომენტში ეს აქცია გაუქმდა. 

პუბლიცისტი ინოკენტი კრიტოვი წერს: „ომი რომ დაიწყო და ფაშისტებმა მთელი ძალებით შემოგვიტიეს, დღის წესრიგში მწვავედ დადგა მოსკოვის ტოტალური ევაკუაციის საკითხი. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ბერია მოსკოვის დატოვების სასტიკი წინააღმდეგი იყო და დარწმუნებული იყო, რომ ამის გაკეთება არა მარტო მოსახლეობისა ჯარის საბრძოლო სულს დასცემდა, ასევე სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. თუმცა, პოლიტბიუროს სხვა წევრები სხვაგვარად ფიქრობდნენ და ამის არგუმენტად ნაპოლეონის პერიოდი მოჰყავდათ, როდესაც დაცარიელებულ და ალმოდებულ მოსკოვში ფრანგები შევიდნენ, მაგრამ საბოლოო გამარჯვება მაინც რუსებს დარჩათ. სხვათა შორის, მოსკოვის დატოვების მომხრე იყო თავად ჟუკოვიც. მას მიაჩნდა, რომ ასეთი რამ სტრატეგიულად იყო გამართლებული. მომავალ „გამარჯვების მარშალს“ მიაჩნდა, რომ მოსკოვის დატოვებით „წითელ არმიას“ ძალების მოსაკრებად ამოსუნთქვის საშუალება მიეცემოდა.
ჟუკოვის მოძულე მარშალი, კონსტანტინე როკოსოვსკი თავის მემუარებში (ეს ნაწილი ტაბუირებული იყო და მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩაამატეს წიგნში) ამ მომენტზე წერს: „მაშინ ჟუკოვს თავდაცვის მინისტრის მოადგილისა და გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა ეკავა და მხოლოდ არმიის გენერალი იყო. სტალინის კაბინეტში მსჯელობა მოსკოვის დატოვება-არდატოვებაზე მიმდინარეობდა და ჟუკოვი დედაქალაქის დატოვების მომხრე იყო. მან თქვა: „წითელ არმიას“ ამოსუნთქვის საშუალება უნდა მიეცესო. ჟუკოვს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, როდესაც მას ბერიამ გააწყვეტინა. ასეთი რამ კი დაუშვებელი იყო და ამის გაკეთების უფლება მხოლოდ სტალინს ჰქონდა. მოკლედ, ბერია წამოდგა და მკაცრად თქვა:
– მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ არმიის გენერალი ჟუკოვი მწარედ ცდება, როდესაც მოსკოვიდან გაქცევისკენ მოგვიწოდებს. ასეთ შემთხვევაში „წითელი არმია“ არა თუ ვერ ამოისუნთქებს, არამედ ისეთ დარტყმას მივიღებთ, რომ საერთოდ სუნთქვას ვერ შევძლებთ და ყველას კატეგორიულად მოგიწოდებთ, ამ საკითხს ხმა კი არ უნდა მიეცეს, საერთოდ უნდა მოიხსნას განხილვიდან.
ბერია დაჯდა. კაბინეტში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ჟუკოვი სარივით გაჭიმული იდგა და დაბნეულობა ეტყობოდა. ყველანი სტალინის სიტყვას ელოდნენ და ბელადმა ბერიას მოკლე ფრაზა უთხრა ქართულად, რისი მნიშვნელობაც, სამწუხაროდ, დღემდე არ ვიცი. შემდგომ კი რუსულად გვითხრა: როგორც ვატყობ, ეს საკითხი კარგადაა დასამუშავებელი და გარკვეული ხნით უნდა გადავდოთო.“
ლავრენტი ბერიას ვაჟის, სერგო ბერიას თქმით, სტალინს ბერიასთვის ქართულად უთქვამს: „ნუ ცხარობ, გადავდებო...“
იმ თათბირზე ეს საკითხი დასამუშავებლად გადაიდო. თუმცა, სტალინმა ბერია კაბინეტში დაიტოვა და კონფიდენციალურად დაავალა, რომ უმოკლეს დროში შეემუშავებინა „ენკავედეს“ მოქმედების გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი საბჭოთა მთავრობა მაინც დატოვებდა მოსკოვს.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას მოსკოვის დატოვების გაგონებაც არ უნდოდა, ჩვენ მაინც შევიმუშავეთ დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ მოსკოვში. ამ გეგმის სტრატეგიული მიზანი იყო ფაშისტების ფიურერის, ადოლფ ჰიტლერის ლიკვიდაცია და ჩვენ ამისთვის რამდენიმე ვარიანტი გვქონდა შემუშავებული. ხოლო ის, რომ თუკი მოსკოვს დავთმობდით, ჰიტლერი ჩამოვიდოდა და წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს ჩაატარებდა, ნათელი იყო. ამიტომ, უაღრესად საიდუმლო ვითარებაში დავნაღმეთ მავზოლეუმი, მისი ტრიბუნა და პერიმეტრი იმგვარად, რომ პარადის შემთხვევაში არა მხოლოდ ჰიტლერი და მისი თანმხლები პირები აიწეოდნენ ჰაერში (მათგან სველი ადგილიც არ დარჩებოდა), არამედ პარადის მონაწილე ჯარისკაცთა უმეტესობა დაიღუპებოდა. გარდა ამისა, ჰიტლერის მოკვლა იგეგმებოდა ცირკში. ცირკი კი იმიტომ შევიტანეთ გეგმაში, რომ ჰიტლერი თავად ამბობდა: მოსკოვში რომ ჩავალ, ცირკს ვეწვევი და რუსი კლოუნების ყურებით მაინც დავაფასო, რადგან კლოუნობის მეტი არაფერი შეუძლიათო. ერთი სიტყვით, ჰიტლერს ცირკშიც საშინელი სიკვდილი ელოდა. გარდა ამისა, ჩამოყალიბებული იყო სპეციალური საბრძოლო ჯგუფები, რომლებსაც ფარული ომი უნდა გაემართათ ოკუპანტებთან, სიცოცხლე გაემწარებინათ მათთვის და ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცათ. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე დარჩა და კარგად მახსოვს, ბერიას თვალებზე ცრემლიც კი შევნიშნე, როდესაც სტალინმა გამოაცხადა – მოსკოვს არ ჩავაბარებთო.“
ალბათ, დაუჯერებელიცაა ატირებული ბერიას ხილვა, მაგრამ გამორიცხულიც არაა – რატომაც არა, ბერიამ კარგად უწყოდა, რომ მოსკოვის დაკარგვა წაგების ტოლფასი იყო. ეს კი საქართველოზეც აისახებოდა და ლავრენტი ბერიას საქართველო ნამდვილად უყვარდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი