მთვრალი ვახტანგ გორგასალი
ავტორი: „თბილისელები“ 23:02 03.02
პოლკოვნიკ გივი დოლიძის მონათხრობიდან: „შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე რომ დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. თბილისი კი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად „გამოაცხადა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ფეხარეულ მთვრალებს, მილიციის მორიგე პატრული იჭერდა. ხშირად ამ „ბადეში“ ძალიან ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ და შემდეგ მათ უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე, რაზეც მხოლოდ ეღიმებოდათ. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იყო. ვანუა რომ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც სიურპრიზს ველოდი. ერთხელ, ჩვეულებრივად, სამსახურში მოვედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.
– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო? – ვკითხე ვანუას, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?
– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მომიგო ვანუამ და თაბახის ფურცელზე დაწერილი „პროტოკოლები“ დამიდო.
ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და კინაღამ რქები ამომივიდა. „პროტოკოლი“ დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ეს „პროტოკოლი“ კი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო და ეწერა:
სახელი და გვარი: ვახტანგ გორგასალი.
დაკავების ადგილი: ჭრელი აბანოს მიმდებარე ტერიტორია. დაკავების მიზეზი: მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ...“
მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი: მიდი, გორგასალი ამომიყვანე-მეთქი. ცოტა ხანში ვანუამ ახალგამოღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა...“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





