ნაყინი პატრიარქისთვის
ავტორი: „თბილისელები“ 22:00 16.04
მამა შალვა (კეკელია) ყვება:
საპატრიარქოში პატრიარქთან მორიგე ვიყავი. დედებიც იქ იყვნენ. ისინი პატრიარქს ემსახურებოდნენ, უვლიდნენ, მასთან ერთად ლოცულობდნენ. მათი წასვლის დრო რომ მოვიდა და კელიიდან გამოვიდნენ, გამაფრთხილეს: უწმიდესმა ნაყინი თუ გთხოვა, არ მიუტანო, დიაბეტის გამო ცუდად რომ არ გახდესო და წავიდნენ. და მართლაც, პატრიარქმა მთხოვა, ნაყინი მომიტანეო. მე ეზოში ჩავედი, იქ კარგა ხანს გავჩერდი და გვიან დავბრუნდი. იმედი მქონდა, რომ პატრიარქს ეძინებოდა, მაგრამ მე მელოდებოდა. მომიწია ტყუილის თქმა – ნაყინი ვერ ვიშოვე-მეთქი. მას არაფერი უთქვამს და დაიძინა. მე კი მთელი ღამე ვლოცულობდი. ღმერთს შენდობას ვთხოვდი ამ ტყუილის გამო. რამდენიმე დღის მერე ისევ მომიწია მორიგეობა. დედები რომ წავიდნენ, უწმიდესი გამოვიდა 50-ლარიანი მომცა და მითხრა: ამის ნაყინი მომიტანეო. მაშინ ნაყინი 50 თეთრი ღირდა... წავედი და ყველაზე ძვირიანი ნაყინები მოვუტანე, რომ ცოტა შეხვედროდა. უწმიდესმა მეც დამპატიჟა და ჩქარ-ჩქარა ვჭამდი, რომ მას ცოტა ეჭამა. პატრიარქი გაკვირვებული მიყურებდა. ნახევარი ნაყინიც კი არ უჭამია. რაც დარჩა, მაცივარში დავმალეთ და დაიძინა. დილით კი შაქარმა აუწია და დედებმა მკითხეს, ხომ არაფერი აჭამეო. უწმიდესმა მანიშნა, არ თქვაო და ხმა არ ამომიღია. მოიყვანეს ექიმები. არც მათთვის მითქვამს ნაყინის ამბავი და როდესაც გერმანიაში წაყვანაზე მიდგა საქმე, მხოლოდ მაშინ ვთქვი სიმართლე... დედები ძალიან გაბრაზდნენ და იქიდან გამომაგდეს. პატრიარქს კი შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარეს... ძალიან დიდი, ხალასი ადამიანი იყო უწმიდესი. ბავშვივით წმიდა და ღმერთმა აცხონოს!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





