მკვდრებთან სჯობია...
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 12.03

1888 წლის 14 დეკემბერს დაიბადა ფილოსოფოსი, კულტურის ისტორიკოსი, რუსთველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ფილოსოფიის ისტორიის მეცნიერული სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი შალვა ნუცუბიძე. (1888-1969).
ცნობილია, რომ შალვა ნუცუბიძე მეტად ენამოსწრებული კაცი გახლდათ და მასთან კამათს ყველა ერიდებოდა. ერთხელ, თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს რექტორმა ნიკო კეცხოველმა, ასევე, გამოჩენილმა ქართველმა მამულიშვილმა, რომელთანაც შალვა ნუცუბიძეს დიდი მეგობრობა აკავშირებდა, მას რაღაცაზე უსაყვედურა. მალევე, მეგობრების საუბარი კამათში გადაიზარდა. თავისი ფიცხი ხასიათით ცნობილი კეცხოველი შალვასთან კამათმა წყობიდან გამოიყვანა და მთელი ხმით განაგრძო მასთან დავა. უცებ, ნუცუბიძემ მეგობარს ზურგი შეაქცია და ფანჯდრიდან უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო ყურება, იქით, სადაც დაკრძალული არიან ივანე ჯავახიშვილი და სხვა დიდი ქართველები. მისმა ასეთმა ქცევამ ნიკო კიდევ უფრო გააბრაზა და შალვას ჰკითხა: ,,რაო, რას გეუბნებიან?“ – „ეჰ, მაგისთანა ცოცხლებთან ყოფნას, ისევ ჩვენნაირ მკვდრებთან ყოფნა გერჩიოსო“ – უპასუხა შალვა ნუცუბიძემ ნიკო კეცხოველს, რაზეც ორივეს სიცილი წასკდა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან