მამა სერაფიმეს ნაამბობი სახალისო ისტორიები
ავტორი: „თბილისელები“ 16:28 06.03

ერთმა მორწმუნემ, რაც ტაძარში დაიწყო სიარული, წვერიც მოუშვა. ამან მის ოჯახში აურზაური გამოიწვია. განსაკუთრებით დედა ბრაზობდა და შვილს ემუქრებოდა, აი, მივალ მამაოსთან და მოვთხოვ, წვერი გაიპარსოს. ნახავ, თუ არ დამიჯერებსო.
და აი, ერთ დღესაც ეს ქალბატონი მოდის და მეუბნება, თუ როგორ ვერ იტანს წვერს:
– არ შემიძლია ამის ატანა, არ მიყვარს და არ მინდა!
– დალოცვილო, – ვუთხარი ბოლოს, – რომ ვერ იტან და არ გიყვარს, არც ამოგდის ეგ წვერი და ვისაც გვიყვარს და ვიტანთ, ამოგვდის და გვაცალე, ვატაროთ-მეთქი.
ეს რომ მითხრა მამაომ, – ამბობდა, თურმე, სახლში მისული ქალი, ვერაფერი მოვიფიქრე, რა მეპასუხაო.
* * *
ერთხელ, წესის აგებისას შევამჩნიე, რომ მიცვალებულს კუბოში არც მეტი, არც ნაკლები, შიშველი ქალებით დასურათებული კარტების შეკვრა უდევს. ალბათ, გახსოვთ, მსგავსი სურათები რომ დაჰქონდათ გადამყიდველებს და ჩუმად ყიდდნენ. ასეთ საკითხებში ჯერაც „გაუნათლებელ“ ქართველებზე.
– რა არის ეს, ქალბატონო? – გაკვირვებულმა ვკითხე იქვე მდგომ ქვრივს, – ამის ტარება ცოცხალი ადამიანისთვის არის ცოდვა და თქვენ მიცვალებულს ატანთ?
– გთხოვთ, მამაო, ნება მოგვეცით, ჩავაყოლოთ, – გაინაზა ქვრივი, – სულ თან დაჰქონდა, უყვარდა საწყალს...
– და თქვენ არ უყვარდით? – მივუტრიალდი, – და რა ვქნათ, ჩაგაყოლოთ?
ქალს ფერმა გადაჰკრა და მერე კარტიც ამოიღო, სიგარეტიც და ანთებული ფარანიც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან